მიხეილ გედევანიშვილი

მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი (გედევანოვი) (დ. 31 ოქტომბერი, 1862, დაბა მანგლისი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, — გ. 29 ნოემბერი, 1922, თბილისი) — ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე.

მიხეილ გედავანიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკ ალექსანდრე გედევანიშვილის და მელანია მიხაილოვას ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1889). 1890-1893 წლებში იყო ზანგეზურის მაზრის ექიმი. იქ გახსნა აფთიაქი, შეისწავლა და თავის ნაშრომებში აღწერა ეს მხარე. 1893-1895 წლებში მოღვაწეობდა თიანეთის მაზრის ექიმად და პარალელურად ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. შემდეგ წლებში პარიზში მუშაობდა ნევროპათოლოგ ჟ. დეჟერინთან და ფსიქიატრ ა. ჟოფრუასთან; იმავდროულად, სალ-პეტრიერის კლინიკაში ეუფლებოდა ფიზიოთერაპიასა და რენტგენოლოგიას.

1896 წელს გედევანიშვილმა თბილისში, საკუთარ სახლში, მოაწყო კერძო კლინიკა საქართველოში პირველი რენტგენო- და ელექტროთერაპიული კაბინეტით. მის კლინიკაში ბევრი იმდროინდელი ცნობილი ექიმი მუშაობდა. 1898 წლიდან განაგებდა თბილისის „სულით ავადმყოფთა თავშესაფარს“. საქართველოში პირველმა აღწერა (1897) აკრომეგალია, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია და სხვა დაავადებები. აქვეყნებდა სამეცნიერო შრომებს კავკასიის ექიმთა საზოგადოების სამედიცინო კრებულში. 1900 წლიდან იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი. 1914 წელს საკუთარი ხარჯით გამოსცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებული ჰენრიკ ჰრინევსკის ილუსტრაციებით (I ტ.). გარდაიცვალა 1922 წელს. დაკრძალულია ვერის ძველ სასაფლაოზე.

ცოლად ჰყავდა (1895 წლიდან) ანასტასია გედევანიშვილი. მათი შვილები იყვნენ: დიმიტრი და შალვა გედევანიშვილები. მიხეილ გედევანიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალა და მისი კლინიკის ზოგიერთი სამედიცინო აღჭურვილობა დაცულია თბილისში, გედევანიშვილების მემორიალურ მუზეუმში (ლ. ქიაჩელის ქ. №20).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება