კოპენჰაგენი (დან. København) — დანიის დედაქალაქი და ასევე მუნიციპალიტეტის სახელი, რომელშიც იგი მდებარეობს. 1,116,979 მცხოვრებით კოპენჰაგენი დანიის უდიდესი ქალაქია.

ქალაქი
კოპენჰაგენი
København
დროშა გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
კოორდინატები 55°40′30″ ჩ. გ. 12°34′32″ ა. გ. / 55.67500° ჩ. გ. 12.57556° ა. გ. / 55.67500; 12.57556
ქალაქის მერი Sophie Hæstorp Andersen[1]
დაარსდა 1167
პირველი ხსენება მე-11 საუკუნე
ფართობი მუნიციპალიტეტი 88.25 კმ²
რეგიონი 2673 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
ოფიციალური ენა დანიური ენა
მოსახლეობა 1,153,615 ადამიანი
მუნიციპ. 509,861 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 3
საფოსტო ინდექსი 1000
ოფიციალური საიტი www3.kk.dk
კოპენჰაგენი — დანია
კოპენჰაგენი

კოპენჰაგენი დანიის ეროვნული პარლამენტის, მთავრობისა და მონარქიის ბინაა.

 
კოპენჰაგენის სატელიტური ფოტო

კოპენჰაგენის კლიმატი ოკეანურია. მთელი წლის განმავლობაში ატლანტიკური დაბალი წნევა გავლენას ახდენს ქალაქის ატმოსფეროზე, რის გამოც ის არასტაბილური ამინდებით ხასიათდება. გარდა ივლისისა და სექტემბრისა ნალექი ზომიერადაა, ეს თვეები კი კოპენჰაგენში განსაკუთრებული ნალექით გამოირჩევა. შედარებით უფრო ცივ თვეებში, მარტსა და დეკემბერში, ხშირია თოვლიანი და წვიმიანი ამინდები, რა დროსაც ტემპერატურა 0 ან უფრო დაბალ გრადუსზე ეცემა. ამ თვეებში ასევე ხშირია თოვლის ქარბუქი.

კოპენჰაგენში წლის ყველაზე მზიანი თვე ივნისია. ამ დროს დღის განმავლობაში საშუალოდ 18 საათი მზეა. მიუხედავად ნალექისა, ყველაზე ცხელ თვედ ივლისი მიიჩნევა, როდესაც დაფიქსირდა საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 22 °C-ა. ამის პარალელურად, ნოემბრის თვეში მზე საშუალოდ 8 საათს ანათებს, დეკემბრიდან თებერვლამდე კი ეს დრო 7 საათამდე მცირდება. თებერვალი განსაკუთრებით მშრალი თვეა. განსაკუთრებული ამინდის პირობებში ზამთარში შეიძლება 50 სმ სიმაღლის თოვლი მოვიდეს სულ რაღაც 24 საათში, ზაფხულის ტემპერატურამ კი შესაძლოა 33 °C-საც მიაღწიოს.

მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სეზონურად განსხვავდება დღე-ღამისა და მზის სინათლის დროც. ზაფხულობით მზე დილის 04:26 საათზე ამოდის და 21:58 საათზე ჩადის, რაც 17 საათსა და 32 წუთს უდრის. ზამთარში კი მზე 08:37 საათზე ამოდის და ჩადის 15:38 საათზე, რაც 7 საათის ტოლია.

წლიური ამინდი — კოპენჰაგენი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 2 (36) 2 (36) 5 (41) 10 (50) 15 (59) 19 (66) 20 (68) 20 (68) 17 (63) 12 (54) 7 (45) 4 (39) 11,1 (52)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) -2 (28) -2 (28) -1 (30) 2 (36) 7 (45) 11 (52) 13 (55) 13 (55) 10 (50) 7 (45) 3 (37) -1 (30) 5 (41)
ნალექი მმ (დუიმი) 36 (1.4) 24 (0.9) 34 (1.3) 35 (1.4) 40 (1.6) 45 (1.8) 57 (2.2) 55 (2.2) 53 (2.1) 47 (1.9) 52 (2) 47 (1.9) 525 (20,7)
წყარო: World Weather Information Service[2] 2009-11-30

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ქალაქის თანამედროვე დანიური სახელწოდება თავდაპირველი სახელის Kjøbmandehavn დამახინჯებული ფორმაა (ყრუ 'j' მოგვიანებით ამოგდებულ იქნა) და შედგება kjøb („იყიდო“) + mand („კაცი“) = „კაცი რომლისგანაც ყიდულობ“ ან „ვაჭარი“ და შედეგად „ვაჭართა ყურე“; København გამოითქმის [købm̩ˈhawˀn]. ქალაქის საერთაშორისო გამოთქმა მისი გერმანული ფორმიდან Kopenhagen მომდინარეობს.

XII-XVIII საუკუნეები

რედაქტირება
 
ჰანზას კავშირის მიერ კოპენჰაგენის დაპყრობა, 1368 წელი.

კოპენჰაგენის ტერიტორიები თავდაპირველად ვიკინგებმა აითვისეს, რომლებმაც აქ მეთევზეთა პატარა სოფელი დააარსეს, სახელად ჰაფნი. უკვე XII საუკუნიდან ამ სოფლის პოლიტიკური მნიშვნელობა ერთობ გაიზარდა მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. 1167 წელს სოფელში ეპისკოპოსი აბსალონი გამაგრდა, რასაც აქ დიდი მშენებლობების წამოწყება მოჰყვა. სწორედ ეს წელი ითვლება კოპენჰაგენის დაარსების თარიღად. კოპენჰაგენი მალევე გადაიქცა დიდ ქალაქად, რასაც მისი სავაჭრო მნიშვნელობაც უწყობდა. მისი ასეთი ხელსაყრელი მდებარეობის გამო ქალაქი არაერთხელ გახდა მტრის შემოსევის მსხვერპლი. 1254 წელს იგი დანიის სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა, რასაც მოჰყვა მისი პოლიტიკური მნიშვნელობის ზრდაც. ამის გამო მისი აღება რამდენჯერმე სცადა ჰანზას კავშირმა. საბოლოოდ, 1368 წელს ჰანზელებმა კოპენჰაგენი ცოტა ხნით დაიკავეს, რა დროსაც მეფე ვალდემარ IV ქალაქიდან გაიქცა, თუმცა მალევე დაიბრუნა.

უკვე მარგრეტე I-ის მმართველობის პერიოდში კოპენჰაგენი ხდება კალმარის უნიის და შესაბამისად მთელი სკანდინავიის დედაქალაქი, რასაც მოჰყვა მისი სავაჭრო-ეკონომიკურ-პოლიტიკური როლის ზრდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. 1523 წელს კარლმარის უნია დაიშალა, თუმცა იგი კვლავ დარჩა დანია-ნორვეგიის უნიის დედაქალაქად და ევროპის ერთ-ერთ მსხვილ საპორტო-სავაჭრო ქალაქად.

ჩრდილოეთის ომის პირობებში 1658-1659 წლებში კოპენჰაგენს შვედეთის მეფე კარლ X გუსტავმა შემოარტყა ალყა, თუმცა ქალაქი არ დაცემულა.

XIX საუკუნე

რედაქტირება
 
1807 წელს ინგლისელთა დაბომბვის მიერ გამოწვეული კოპენჰაგენის ხანძარი

XIX საუკუნის დასაწყისში დანია ნაპოლეონს მიემხრო, რამაც იგი დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირა. 1801 წელს ადმირალი პარკერი შეეცადა კოპენჰაგენის აღებას, თუმცა იგი კოპენჰაგენის საზღვაო ბრძოლაში დაამარცხეს დანიელებმა.

მიუხედავად მარცხისა, ბრიტანეთი არ ნებდებოდა და ცდილობდა ჩრდილოეთში ნაპოლეონის მოკავშირე გაენადგურებინა. ამის გამო, დანიურ საზღვაო ძალებზე კონტროლის მოსაპოვებლად 1807 წელს ინგლისელებმა კოპენჰაგენი დაბომბეს, რამაც ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა და მრავალი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტერორისტული აქტი უშუალოდ შეეხო მშვიდობიან მოსახლეობას. ასევე ეს იყო ევროპის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქის ასაღებად კონგერვული რაკეტები გამოიყენეს.

1850 წლამდე კოპენჰაგენში ნებისმიერს შეეძლო ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, რამაც ქალაქს ცუდი შედეგები მოუტანა. საოცარმა ურბანულმა მატებამ დედაქალაქში ცუდი სანიტარული პირობები შექმნა, რამეთუ ყველა ახალ სახლს არ ჰქონდა საჭირო საკანალიზაციო სისტემა. 1870 წლისთვის კოპენჰაგენის ცენტრალურ უბნებში 140,000 ადამიანი ცხოვრობდა (დღეისათვის მხოლოდ 25,000 ცხოვრობს), რასაც მთავრობის მხრიდან მოჰყვა გარკვეული რეფორმები, რათა პრობლემა აღმოფხვრილიყო. ამის შემდეგ წახალისდა ქალაქის გარეთ, ტბების გარშემო სახლების შენება, რის გამოც ცენტრალური უბნები შედარებით დაიცალა.

XX საუკუნე

რედაქტირება
 
გესტაპოს მიერ კოპენჰაგენის დაბომბვა, 1945 წლის 21 მარტი.

1901 წლიდან კოპენჰაგენის მოსახლეობის ზრდა კვლავ განახლდა. ამ პერიოდში ქალაქს ფრედერიკსბურგიც მიუერთდა, რამაც მას დამატებით 40,000 მოსახლე შესძინა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კოპენჰაგენი, ისევე როგორც მთელი დანია, ნაცისტებმა დაიპყრეს. დაბომბვის შიშით მეფე კრისტიან X-მ თავიდანვე უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. ამრიგად, 1940 წლის 9 აპრილიდან 1945 წლის 4 მაისამდე კოპენჰაგენში გერმანელთა ჯარი იყო განლაგებული. ოკუპაციის პერიოდში მეფე თავად დადიოდა ქუჩაში ხალხის დასაცავად და გასამხნევებლად. 1943 წლის აგვისტოში, როდესაც კოლაბორაციონალური მთავრობა დაემხო, კოპენჰაგენის პორტში პორტუგალიური გემები ჩაძირეს. ოკუპაციის დასრულების შემდეგ ქალაქში აღმავლობის პერიოდი დაიწყო. სამოცდაათიან წლებში ე.წ. „ხუთი თითის გეგმით“ ქალაქში აშენდა რკინიგზა, რომელიც ახლობელ ქალაქებს უკავშირდებოდა.

 
დანიელები აღნიშნავენ ოკუპაციისაგან გათავისუფლებას. 1945 წლის 5 მაისი.

1962 წელს კოპენჰაგენი ევროპის პირველი ქალაქი გახდა, სადაც მის ისტორიულ ცენტრში აიკრძალა ტრანსპორტის გადაადგილება და მხოლოდ ფეხით მოსიარულეები დაიშვებიან.

XXI საუკუნე

რედაქტირება

2001 წლის ზაფხულიდან შესაძლებელი გახდა კოპენჰაგენიდან შვედეთში, კერძოდ კი ქალაქ მალმეში ერესუნის ხიდით გადასვლა. ეს ხიდი იძლევა დანია-შვედეთს შორის არსებული სრუტის ავტომობილით გადალახვის საშუალებას. იგი ჯერ კიდევ 2000 წელს გახსნეს შვედეთის მეფე კარლ XVI-მ და დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ. ამის შედეგად კოპენჰაგენი გახდა დიდი მეტროპოლიტი, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. ამჟამად ხიდზე დღეში საშუალოდ 19,000 მანქანა გადაადგილდება.

2025 წლისთვის კოპენჰაგენი იქნება მსოფლიოში პირველი ნულოვანი ემისიის მქონე დედაქალაქი.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მუზეუმები: ჩრდილოეთის სიძველეთა, ეთნოგრაფიული და ტორვალდსენის მუზეუმი, (განთავსებული ბერძნულ-ეგვიპტური სტილის შენობაში, სადაც თავად ტორვალდსენის ნაწარმოებების გარდა, მისივე შეგროვებული სიძველეთა ნიმუშების კოლექცია დაცული).

აღსანიშნავია ე.წ. უფლისწულთა სასახლეში განთავსებული მონეტებისა და მედლების, აგრეთვე ძველ გრავიურათა კოლექცია.საინტერესოა მოლტკეს ფერწერული გალერეა.

მთავარი თეატრებია: სამეფო (ეროვნული დრამისა და ოპერის), ასევე სახალზო თეატრი Nörregade-ზე და დაგმარ-თეატრი.

თავად კოპენჰაგენის სიმბოლოდ და მის მთავარ ღირსშესანიშნაობად ქალთევზის ძეგლი მიიჩნევა, რომელიც ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარზე დაყრდნობითაა შექმნილი.

საზოგადოება

რედაქტირება

დემოგრაფიის ევოლუცია

რედაქტირება

ვინაიდან კოპენჰაგენის ზუსტი პერიმეტრი განსაზღვრული არაა, მისი მაცხოვრებლების რაოდენობაც არაზუსტია. ჩვეულებისამებრ, დანიის სტატისტიკოსები მოსახლეობის აღწერისას კოპენჰაგენის მაცხოვრებლებად მხოლოდ მის ურბანულ ნაწილში მცხოვრებ პირებს მოიაზრებენ. ამგვარ აღწერებზე დაყრდნობით კოპენჰაგენის მოსახლეობა 1,1 მილიონზე მეტს შეადგენს (2009 წლის აღწერით 1 167 569 მოსახლე). დანიელი სტატისტიკოსები ზუსტად არასოდეს ასახელებენ კოპენჰაგენის მასშტაბებს, თუმცა ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში შედის კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტი, ამასთან ფრედერიკსბორგისა და როსკილეს მუნიციპალიტეტების 5 რაიონი. 2008 წლის აღწერისას კოპენჰაგენის მოსახლეობაში მიათვალეს ისეთი მეზობელი ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობებიც, როგორებიცაა რედოვრი, ვალენსბეკი, ჰეიე-ტაასტრუპი, ვიდოვრი, ჰერლევი, გოსტრუპი, გლადსაქსი და ა.შ. ამის გამო კოპენჰაგენის მოსახლეობას მიემატა 504 481 მოსახლეც, რომლებიც ამ ადგილებში ცხოვრობენ. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით კოპენჰაგენში დანიის მთელი მოსახლეობის 33,5% ცხოვრობს, მისი ფართობი კი დაახლოებით 88,25 კმ²-ა.

 
ღვთისმშობლის სახელობის კოპენჰაგენის საკათედრო ტაძარი

ეთნიკური ჯგუფები და უცხოელი უმცირესობები

რედაქტირება

2015 წლის მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ კოპენჰაგენის მოსახლეობის 76,6% დანიელია, დანარჩენი კი ემიგრანტი, რაც დაახლოებით 103 443 იმიგრანტს გულისხმობს. 2009 წლიდან 2015 წლამდე დედაქალაქში იმიგრანტთა რაოდენობა 20 000-ით გაიზარდა.

2015 წლის მონაცემებით დედაქალაქში იმიგრანტთა რაოდენობა მათი ეროვნებების მიხედვით ასე ყალიბდება: 5456 პაკისტანელი, 4629 პოლონელი, 4188 გერმანელი, 4177 თურქი, 3931 შვედი, 3652 ნორვეგიელი, 3173 ამერიკელი, 3117 ბრიტანელი, 2876 სომალელი, 2829 ჩინელი, 2825 იტალიელი და 2498 ინდოელი.

კოპენჰაგენის მოსახლეობის უმეტესობა დანიის ლუთერანული ეკლესიის მიმდევარია. 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის 77,8% ლუთერანი იყო, დანარჩენი კი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი. ეს პროცენტი ყოველწლიურად სტაბილურად მცირდება. დღეისათვის კოპენჰაგენში ლუთერანიზმის შემდეგ ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგია ისლამია.

ბიბლიოთეკა და არქივი

რედაქტირება
 
დანიის სამეფო ბიბლიოთეკის ახალი შენობა

კოპენჰაგენში მდებარე დანიის სამეფო ბიბლიოთეკა ქვეყნის ეროვნულ ბიბლიოთეკადაა მიჩნეული და ასევე გამოიყენება კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკად. აღსანიშნავია, რომ მთელს სკანდინავიაში ეს უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომელიც ინახავს 1482 წლის შემდეგ დანიაში დაბეჭდილი წიგნების თითქმის სრულ კოლექციას. ეს ბიბლიოთეკა 1652 წელს დააარსა მეფე ფრედერიკ III-მ. ამჟამად მას ოთხი ფილიალი აქვს, მისი უკანასკნელი და ამჟამად მთავარი ფილიალი კი 1999 წელს გაიხსნა, რომელსაც „შავი მარგალიტი“ ეწოდა იმის გამო, რომ ძირითადად შავი მარმარილოს ფილებითაა გაფორმებული.

ასევე კოპენჰაგენში მდებარეობს დანიის ეროვნული სამეფო არქივი. არქივში დაცული დოკუმენტები იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების დაცვაში შედის. აქ დაცულია დანიის თითქმის ყველა ისტორიული დოკუმენტი, აღწერები და ასე შემდეგ. ასევე ცნობები დანიის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიისა და დანიის აზიურ კომპანიაზე. გარდა ამისა, არქივი მნიშვნელოვან ცნობებს ინახავს XV საუკუნეში ბალტიის ზღვაში მცურავ ყველა გემზე.

უნივერსიტეტები

რედაქტირება
 
კოპენჰაგენის უნივერსიტეტი

კოპენჰაგენში მდებარეობს დანიის უძველესი და უდიდესი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, რომელიც 1479 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი მოიცავს მეცნიერების, მედიცინის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების, თეოლოგიისა და ჰუმანიტატული მეცნიერებების ფაკულტეტებს. იგი ასევე არის უნვერსიტეტების საერთაშორისო ალიანსის (IARU) წევრი, რაც მოიაზრებს კვლევით თანამშომლობას ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა: ოქსფორდი, კემბრიჯი, იელი და ბერკლი. 2014 წლისთვის უნივერსიტეტში დარეგისტრირებული იყო 40 882 სტუდენტი. ასევე მას ექვემდებარება კოპენჰაგენის ობსერვატორია.

დანიის დედაქალაქში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საუნივერსიტეტო ცენტრებს წარმოადგენენ: კოპენჰაგენის ბიზნესის სკოლა, რომელშიც 20 819 სტუდენტი სწავლობს, დედაქალაქის უნივერსიტეტი, სადაც 10,000-მდე სტუდენტია ჩარიცხული და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს უკანასკნელი კოპენჰაგენის გარეუბანში და შედის ევროპის 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის.

ასევე კოპენჰაგენში მდებარეობს 1754 წელს დაარსებული ისტორიული სამხატვრო აკადემია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს არქიტექტურის, დიზაინისა და კულტურული მემკვიდრეობების რესტავრაციას შარლოტენბორგის სასახლეში. ასევე ცნობილია დანიის მუსიკალური აკადემია.

კოპენჰაგენის გარეუბანში მდებარეობს დანიის ეროვნული კოსმოსური ცენტრიც, სადაც ტარდება ასტროფიზიკის, მზის ფიზიკის, გეოლოგიისა და კოსმოსური ტექნოლოგიების კვლევები. აქვე მდებარეობს მეცნიერებათა და წერილთა დანიის სამეფო აკადემია.

მუსიკა და გართობა

რედაქტირება
 
კოპენჰაგენის ოპერა

ქალაქის სიმფონიურ ორკესტრებს შორის უმთავრესია 1448 წელს დაარსებული დანიის სამეფო ორკესტრი. ასევე აღსანიშნავია კოპენჰაგენის ფილარმონიული და დანიის ეროვნული სიმფონიური ორკესტრები.

დედაქალაქში ყოველწლიურად ტარდება ჯაზის ფესტივალი, რომელიც როგორც წესი, ზაფხულობით იმართება. ფესტივალი 1960 წელს დააარსეს ისეთმა ცნობილმა ამერიკელმა ჯაზის მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: ბენ ვესტერი, ტედ ჯონსი, რიჩარდ ბონი, ერნი უილკინსი, კენი დრიუ, ედ თიგპენი, ბობ როკუელი და ლინკ ვრეი.

დასვენების მსურველებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს სტრეგეტის საფეხმავლო ქუჩა კოპენჰაგენის ცენტრში. ამ ქუჩაზე საღამოობით შესაძლებელია მუსიკოსების, ილუზიონისტების, ქუჩის მხატვრებისა და სხვა მრავალი გასართობის ნახვა.

 
ნიკრედიტ ბანკის სათავო ოფისი კოპენჰაგენშიი

1964, 2001 და 2014 წლებში კოპენჰაგენმა უმასპინძლა ევროპის უდიდეს მუსიკალურ ღონისძიება ევროვიზიას.

ეკონომიკა

რედაქტირება

კოპენჰაგენი არის არა მხოლოდ დანიის, არამედ სკანდინავიის რეგიონის ბიზნესისა და მეცნიერების ცენტრი. 2000-იანი წლების დასაწყისში მას დედაქალაქებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა მთლიან შიდა პროდუქტში ერთ სულ მოსახლეზე. იგი დანიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქალაქია. 2006 წელს ჩატარებული კვლევით კოპენჰაგენმა მეცხრე ადგილი დაიკავა მსოფლიოს უმდიდრეს ქალაქებს შორის. გარდა ამისა, კოპენჰაგენი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქალაქად მიიჩნევა. ამასთან, ამ ქალაქშია განთავსებული რამდენიმე მსოფლიო დონის ორგანიზაციის სათავო ოფისი, მაგალითად Microsoft-ის. ასევე კოპენჰაგენშია კონტეინერების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, Maersk-ის შტაბ-ბინა. ასევე კოპენჰაგენში ან მის სიახლოვესაა ისეთი ფარმაცევტული კომპანიების სათავო ოფისები, როგორებიცაა: Bavary Nordic, Novo Nordisk და Fering Pharmaceuticals.

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ველობილიკი კოპენჰაგენში

კოპენჰაგენს აქვს მაგისტრალებისა და საზოგადოებრივი გზების დიდი ქსელი, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ შვედეთთანაც აკავშირებს. როგორც მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში, კოპენჰაგენშიც უამრავი შუქნიშანია.

პიკის საათებში შუქნიშნები ხშირად იწვევს დედაქალაქის ცენტრში რამდენიმეკილომეტრიანი საცობის წარმოქმნას. ამის გამო ქალაქს აქვს უამრავი ველობილიკი, რომლებიც კოპენჰაგენელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის გამო კოპენჰაგენი მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ველოსიპედისტების ქალაქი“, რადგან მისი მოსახლეობის საშუალოდ 35% ყოველდღიურად ველოსიპედით გადაადგილდება.

2001 წელს, ერესუნდის ხიდის გახსნის შემდეგ, კოპენჰაგენისა და მალმეს საავტომობილო და სარკინიგზო ხაზები გაერთიანდა. ამან გააუმჯობესა მათი კომერციული ურთიერთობები, ასევე ორ სახელმწიფოს შორის კომერციული ტრანსპორტირებები.

 
კოპენჰაგენის პორტი

2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერესუნდის ხიდი გაიხსნა, კოპენჰაგენისა და მალმეს პორტები გაერთიანდა და შეიქმნა კოპენჰაგენ-მალმეს პორტი. 2002 წლისთვის პორტში შესული მგზავრების რაოდენობა 175 000-მდე იყო, რაც 2012 წლისთვის 840 000-მდე გაიზარდა. ამის შემდეგ კოპენჰაგენის პორტში ყოველწლიურად 372 საკრუიზო გემი შედის. ამის გამო იგი მთელს სკანდინავიაში საკრუიზო გემების მთავარი პორტია.

კოპენჰაგენის საკრუიზო ქსელი ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა კოპენჰაგენის პორტსა და 45 პროფესიონალ მომწოდებელს შორის პარტნიორობის გაფორმებით, რაც მიმართული იყო დედაქალაქის გაძლიერებისა და განვითარებისკენ, რათა იგი სკანდინავიის მთავარ საპორტო ქალაქად ექციათ. 2008 წლიდან, ზედიზედ ოთხჯერ მიენიჭა კოპენჰაგენ-მალმეს პორტს ევროპის საუკეთესო საკრუიზო პორტის წოდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რედაქტირება
 
კოპენჰაგენის მეტროს ესკალატორი

კოპენჰაგენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ემყარება S-tog-ის საგარეუბნო სარკინიგზო ქსელს, რომელიც მოიცავს ავტობუსებსა და მეტროს.

S-tog-ის ქსელი ქმნის სატრანსპორტო ქსელის საფუძველს, რომელიც უმეტესწილად ვრცელდება კოპენჰაგენის მეტროპოლიტენის არეალსა და მის ცენტრალურ სადგურზე. ბოლო წლებში კოპენჰაგენის მეტრო აკავშირებს არა მხოლოდ მის უბნებს, არამედ თავად დედაქალაქს ქალაქ ელსინორსა და მალმესთან.

დედაქალაქში მოქმედებს მეტროს ოთხი ხაზი: M1, M2, M3 და M4, რომლებშიც ავტომატურად მართვადი მატარებლები მძღოლების გარეშე ფუნქციონირებენ. აღსანიშნავია, რომ მეტრო 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაში გარდა მეტროსა და ავტობუსისა, შედის რამდენიმე გადაზიდვის ხაზიც, რომელსაც Movia-ს კომპანია ფლობს.

დობილი ქალაქები

რედაქტირება

კოპენჰაგენს სულ შვიდი დობილი ქალაქი ჰყავს:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schaldemose, Anne Prytz (2005). Copenhagen, People and Places. Gyldendal A/S. ISBN 978-87-02-02751-8.
  • Booth, Michael (1 January 2003). Time Out Copenhagen. Penguin Group USA. ISBN 978-0-14-100839-4.
  • Brebbia, C. A. (1 May 2013). Sustainable Development and Planning VI. WIT Press. ISBN 978-1-84564-714-8.
  • Cardarelli, François (19 March 2008). Materials Handbook: A Concise Desktop Reference. Springer. ISBN 978-1-84628-669-8.
  • Cervero, Robert (1 October 1998). The Transit Metropolis: A Global Inquiry. Island Press. ISBN 978-1-59726-931-5.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Copenhagen" . Encyclopædia Britannica. 7 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Christopher, Paul J. (31 July 2006). Greatest Cities in the World You Should Visit. Encouragement Press, LLC. ISBN 978-1-933766-01-0.
  • Cowie, Leonard W. (1 September 1990). Lord Nelson, 1758–1805: A Bibliography. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-313-28082-5.
  • Cunningham, Antonia (2 April 2013). DK Eyewitness Top 10 Travel Guide: Copenhagen. Dorling Kindersley Limited. ISBN 978-1-4093-2964-0.
  • Davies, Elwyn (1944). Denmark. Naval Intelligence Division.
  • Fountain, Jane; Korf, Dirk J. (1 January 2007). Drugs in Society: European Perspectives. Radcliffe Publishing. ISBN 978-1-84619-093-3.
  • Harding, Paul (2009). Scandinavian Europe. Lonely Planet. ISBN 978-1-74104-928-2.
  • Hinde, Wendy (1973). George Canning. Collins.
  • Jason, Heda; Segal, Dimitri (1 January 1977). Patterns in Oral Literature. Walter de Gruyter. ISBN 978-3-11-081002-8.
  • Kjaer, Michael; Krogsgaard, Michael; Magnusson, Peter; Lars Engebretsen, Harald Roos, Timo Takala, Savio L-Y. Woo (15 April 2008). Textbook of Sports Medicine: Basic Science and Clinical Aspects of Sports Injury and Physical Activity. John Wiley & Sons. ISBN 978-1-4051-4057-7.
  • Lauring, Kåre (2003). Byen brænder – den store brand i København 1728 (in Danish). Copenhagen: Gyldendal. ISBN 87-02-01895-0.
  • Nelson, Viscount Horatio Nelson (2005). Nelson, the New Letters. Boydell Press. ISBN 978-1-84383-130-3.
  • O'Brien, Sally (2005). Copenaghen. Ediz. Inglese. Lonely Planet. ISBN 978-1-74104-035-7.
  • Phillips, Ron (January 2011). Arts Entrepreneurship and Economic Development: Can Every City be "Austintatious"?. Now Publishers Inc. ISBN 978-1-60198-412-8.
  • Pocock, Tom (1994). Horatio Nelson. Pimlico. ISBN 978-0-7126-6123-2.
  • Raabyemagle, Hanne (1998). "Harsdorff shows the way". In Raabyemagle, H.; Smidt, C. (eds.). Classicism in Copenhagen. Denmark: Gyldendal. ISBN 87-00-34356-0.
  • Schaldemose, Anne Prytz (2005). Copenhagen, People and Places. Gyldendal A/S. ISBN 978-87-02-02751-8.
  • Skaarup, Bi; Jensen, Johan R. M. (2002). Arkæologien i metroens spor — The archaeology in the tracks of the metro (in Danish and English). The Orestad Development Corporation and Copenhagen City Museum. ISBN 87-90143-15-9.
  • Smith, Digby George (1998). The Greenhill Napoleonic wars data book. Greenhill Books. ISBN 978-1-85367-276-7.
  • Woodward, Christopher (1998). Copenhagen. Manchester University Press. ISBN 978-0-7190-5193-7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Københavns Kommunes hjemmesideCopenhagen Municipality.
  2. Weather Information for Copenhagen. World Weather Information Service. ციტირების თარიღი: 30 November 2009.