კალმარის უნია (დან., ნორვ., შვედ. Kalmarunionen) — დანიელ მეფეთა უზენაესობით დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის სამეფოების გაერთიანებების სერია პირად უნიად 1397-1523 წლებში. ეს ქვეყნები სუვერენიტეტზე უარს ამბობდნენ, მაგრამ, თავისუფლებას ინარჩუნებდნენ. ინტერესთა დაცილებამ (განსაკუთრეულად, დანიის ბატონობით შვედეთის უკმაყოფილებამ) 1523 წელს უნია საბოლოოდ დაშალა.

კალმარის უნია XVI საუკუნის დამდეგს

კავშირის შეკვრა

რედაქტირება

უნია სკანდინავიაში გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის საპირწონედ შეიქმნა XIV საუკუნეში. ამ დროისათვის თავისუფალ ქალაქებსა და ჰანზას სკანდინავიაში ვაჭრობა უკვე მონოპოლიზებული ჰქონდათ. 1364 წელს შვედეთის უკანასკნელი მეფე — ფოლკუნგების დინასტიიდანმაგნუს ერიქსონი, რომელიც 1319 წლიდან ნორვეგიის მეფეც იყო, განდევნეს და გერმანიის ჰერცოგი ალბრეხტ მაკლენბურგელი აირჩიეს. სამეფო კარის უკმაყოფილო ნაწილმა მეფე ვოლდემარ ატერდაგის ქალიშვილი — მაგნუს ერიქსონის ვაჟისა და თანამმართველის, ჰოკონის ქვრივი — დედოფალი დანიისა მარგარიტა იწვია, რათა ტახტზე აეყვანათ უასაკო ვაჟ ოლაფთან ერთად.

1380 წელს დანია და მასზე ეკონომიკურად დამოკიდებული ნორვეგია მარგარიტა დანიელის მმართველობით პირად უნიაში გაერთიანდნენ. 1387 წელს მარგარიტას ვაჟი ოლაფი გარდაიცვალა; და მარგარიტა „შვედეთის სრულუფლებიან მთავრინად და კანონიერ მბრძანებლად“ იქნა გამოცხადებული. 1389 წელს შვედეთის მეფე ალბრეხტს გაერთიანებულმა შვედურ-დანიურმა ლაშქარმა სძლია და იმხანად დანია-შვედეთის საზღვართან მდებარე კალმარის ციხესიმაგრეში უნიის შექმნაზე მოაწერინა ხელის. შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის მეფე გახდა დედოფალ მარგარიტას მცირეწლოვანი ვაჟი ერიკ პომერანელი.

კონფლიქტი

რედაქტირება

მარგარიტას მმართველობისას სამეფო ხელისუფლება სულ უფრო ძლიერდებოდა, რაც გვირგვინოსანსა და არისტოკრატიას შორის სულ უფრო მეტ ბზარს აჩენდა, თუმცა, ამან ერიკის (1412—1439 წწ.) მმართველობისასღა იჩინა თავი ღია ამბოხების სახით. მარგარიტა ალბრეხტთან კონფლიქტმა მიიყვანა შეთანხმებამდე, რითიც ჰანზის კავშირი სკანდინავიაში დომინანტად აღიარა. ერიკი კი პირიქით, ლუბეკისა და ჰანზისგან ცდილობდა გათავისუფლებას, რამაც ომი გამოიწვია. ომებმა შლეზვიგ-ჰოლშტეინში, მაკლენბურგსა და პომერანიაში შვედეთის მოსახლეობისთვის ბეგარა გაზარდა და დააზიანა შვედეთიდან რკინის ექსპორტი, რამაც ენგელბრექტ ენგელბრექტსონის მეთაურობით დალარნში აჯანყება გამოიწვია. 1435 წელს იგი მმართველად აირჩიეს, მაგრამ, მალევე მოაკვდინეს. ბრძოლა სამეფო კარის ლიდერმა კარლ კნუტსონ ბუნდემ გააგრძელა, რომელიც 1438 წელს რიქსდაგმა ქვეყნის მმართველად აირჩია. ერიკი გადააყენეს როგორც უნიის მეფე და მისი ადგილი მისმა ძმისწულმა ქრისტოფერ ბავარიელმა დაიკავა. ქრისტოფერი უშვილო გამოდგა და მისი გარდაცვალების შემდეგ 1448 წელს ხელისუფლების ვაკუუმი შეიქმნა. შვედეთმა ახალ მეფედ კარლ კნუტსონი უნიის შვედეთის გვირგვინქვეშ აღორძინების მიზნით აირჩია. მომდევნო წელს კარლი ნორვეგიის მეფედ აირჩიეს, მაგრამ დანიის ახალი მეფე ქრისტიან I ოლდენბურგელი გახდა. მომდევნო 70 წელი შვედეთსა და დანიას შორის უნიაში პირველობისათვის ძიძგილაობაში გაილია.

შვედეთის რეგენტის სტენ სტურეს გარდაცვალების შემდეგ 1503 წელს შინაომში ქრისტიან II დანიელი ჩაერია. 1517 წელს თავის შვედ მომხრეებზე დაყრდნობით მან უნიის აღდგენა სცადა. ორი უშედეგო (1517-1518 წწ) მცდელობის შემდეგ 1520 მან ტბა ოსუნდენზე ბრძოლა მოიგო, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა მისი მოწინააღმდეგე სტენ სტურე; ქრისტიან დანიელმა სტოკჰოლმი დაიკავა. 1520 წელს აერიდა რა სტოკჰოლმში მომდევნო სისხლისღვრას გუსტავ ეიქსონ ვაზა სმოლანდის ტყეებში ახალ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, შედეგად, შვედებმა 1521 წელს დანიელები ისევ განდევნეს. 1523 წელს სტრენგნესში გუსტავ ერიქსონი შვედეთის მეფედ აირჩიეს, რამაც საბოლოოდ დაშალა უნია.

საბოლოო დაშლა

რედაქტირება

კალმარის უნიის ნარჩენებმა 1536 წლამდე იარსება, როდესაც დანიამ ნორვეგია საკუთარ პროვინციად გამოაცხადა და დანიურ-ნორვეგიულ უნიას ჩაეყარა საფუძველი დანიის შესამჩნევი უპირატესობით. ნორვეგია საკუთარ კანონებსა და ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტს ინარჩუნებდა, მაგრამ, მისი კუთვნილი ტერიტორიები — ისლანდია, გრენლანდია და ფარერის კუნძულები დანიის მმართველობას დაექვემდებარა. 1814 წელს დანია იძულებული შეიქმნა, ნორვეგია შვედეთის მეფისთვის გადაეცა. ამ მოვლენებმა XIX საუკუნის შუა ხანებში კალმარის უნიის ერთიან მონარქიად აღდგენის (ფინეთის გამოკლებით) მსურველთა მოძრაობა გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება