კრისტიან X
კრისტიან X (დან. Christian 10., ისლ. Kristján 10.; დ. 26 თებერვალი, 1870 — გ. 20 აპრილი, 1947) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. მეფე ფრედერიკ VIII-ისა და დედოფალ ლუიზა შვედის უფროსი ვაჟი, ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ის ძმა. დანიის მეფე 1912-47 წლებში და ისლანდიის მეფე 1918-44 წლებში.
კრისტიან X | |
---|---|
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 14 მაისი, 1912 |
მმართ. დასასრული: | 20 აპრილი, 1947 |
წინამორბედი: | ფრედერიკ VIII |
მემკვიდრე: | ფრედერიკ IX |
ისლანდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1 დეკემბერი, 1918 |
მმართ. დასასრული: | 17 ივნისი, 1944 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 თებერვალი, 1870 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 20 აპრილი, 1947, (76 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი |
შვილები: |
ფრედერიკ IX, დანიის მეფე კნუდი |
დინასტია: | გლიუქსბურგები |
მამა: | ფრედერიკ VIII, დანიის მეფე |
დედა: | ლუიზა შვედი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
მისი მმართველობის პერიოდში დანიამ გადაიტანა ორივე მსოფლიო ომი, რა დროსაც საბოლოოდ დაკარგა ისლანდია და შლეზვიგ-ჰოლშტაინი. ამ პერიოდში დანიაში საბოლოოდ დამყარდა კონსტიტუციური მმართველობა და იგი ნომინალურ მმართველად იქცა. გერმანული ოკუპაციის პერიოდში, იგი ღირსებისა და ეროვნულობის სიმბოლოდ იქცა, რადგან მეფე ყოველდღე მონაწილეობდა კოპენჰაგენის დაცვაში. მის მიერ გამოჩენილი სიმტკიცის გამო ორივე მსოფლიო ომში, იგი დანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონარქი გახდა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებაკრისტიანი დაიბადა 1870 წლის 26 თებერვალს შარლოტენლუნის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის კრონპრინც ფრედერიკისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა შვედის უფროსი ვაჟი და მაშასადამე ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე მამის შემდეგ. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია დანიის მეფე კრისტიან IX (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) და დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი, ხოლო დედის მხრიდან შვედეთის მეფე კარლ XV და დედოფალი ლუიზა ნიდერლანდელი ერგებოდნენ. 1870 წლის 31 დეკემბერს იგი კრისტიანსბორგის სასახლის სამლოცველოში ლუთერანად მონათლეს, ცერემონია კი ზელანდის ეპისკოპოსმა ჰანს ლასენ მარტინსენმა შეასრულა.
1889 წლიდან დაიწყო სამხედრო განათლების მიღება. ამის შემდეგ, ტრადიციულად იგი დრაკონის მე-5-ე პოლკში მსახურობდა ოფიცრად.
ქორწინება
რედაქტირება1898 წლის 26 აპრილს, საფრანგეთის ქალაქ კანში კრისტიანმა ცოლად შეირთო გერმანელი პრინცესა ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი, რომელიც იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ ფრანც III-ისა და მისი ცოლის, დიდ მთავარ ანასტასია მიხაილოვნა რომანოვას ასული. მათ საკმაოდ მყარი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც სულ ორი ვაჟი გააჩინეს:
- ფრედერიკი (1899-1972), შემდგომში დანიის მეფე, ცოლად შეირთო ინგრიდ შვედი, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა, მათ შორის საბერძნეთის დედოფალი მარია ანა და დანიის დედოფალი მარგრეტე II;
- კნუდი (1900-1976), დანიის პრინცი, ცოლად შეირთო კაროლინა მატილდა დანიელი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
წყვილი ამალიენბორგის სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც მანამდე მეფე კრისტიან VIII-ის რეზიდენცია იყო. ამას გარდა, საქორწინო საჩუქრად მეფემ მათ კოპენჰაგენის ჩრდილოეთით მდებარე სორგენფრის სასახლე აჩუქათ, რომელიც შემდგომში მათ საზაფხულო რეზიდენციად იქცა. მათ რეზიდენციებს, 1914 წელს თავად კრისტიანის მიერ აშენებული კლიტგარდენის ვილაც დაემატა ქალაქ სკაგენში.
კრონპრინცი
რედაქტირება1906 წლის 29 იანვარს, მისი ბაბუა, მეფე კრისტიან IX გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი 62 წლის მამა, მეფე ფრედერიკ VIII ავიდა, ხოლო კრისტიანი დანიის კრონპრინცად, ანუ პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა.
მეფობა
რედაქტირებატახტზე ასვლა
რედაქტირება1912 წლის 14 მაისს, ფრედერიკ VIII გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი წლების მანძილზე ძალიან ავადმყოფობდა, რის გამოც ექიმებმა სამხრეთ ევროპაში მოგზაურობა ურჩიეს, ნიციდან უკან მიმავალი მეფე კი გზად ჰამბურგში გარდაიცვალა. როცა მამის დაღუპვის შესახებ შეიტყო, კრისტიანი კოპენჰაგენში იყო. ამის შემდეგ იგი დანიის მეფე გახდა კრისტიან X-ის სახელით.
1920 წლის აღდგომის კრიზისი
რედაქტირებაXX საუკუნის დანიური მონარქიის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა 1920 წლის აღდგომის კრიზისი იყო. კრიზისის მიზეზი მეფესა და მის კაბინეტს შორის განხეთქილება გახდა, რაც დანიის მიერ პრუსიასთან შლეზვიგის დაკარგვას უკავშირდებოდა. პირველ მსოფლიო ომში დანია სწორედ მისი დაბრუნების იმედით ჩაება, მაგრამ ამაოდ. ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, შლეზვიგის ძალიან პატარა, მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილი დარჩა დანიას, დანარჩენი კი მთლიანად გერმანიას მიუერთდა. ვინაიდან ომის შემდეგ გერმანია ძალიან დაკნინდა, კაბინეტმა მისთვის ომის გამოცხადება და შლეზვიგის დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მეფემ უარი თქვა ამაზე, რადგანაც შლეზვიგში გერმანული მოსახლეობა დომინირებდა და რომც მოეხდინათ მისი შემოერთება, მაინც მალე დაკარგავდნენ.
დავის გადასაჭრელად ჩრდილოეთ შლეზვიგში რეფერენდუმი ჩაატარეს, სადაც მოსახლეობის 75%-მა დანიასთან მიერთებას დაუჭირა მხარი, 25%-მა კი გერმანიასთან. ისტორიულად შლეზვიგი დანიის განუყოფელი ნაწილი იყო, რის გამოც დაიწყო სახალხო გამოსვლები მთლიანი შლეზვიგის დანიასთან მიერთების მოთხოვნებით. თუმცა, ჩრდილოეთისაგან განსხვავებული შედეგები იყო ცენტრალურ შლეზვიგში, სადაც მოსახლეობის 80% გერმანიის შემადგენლობაში დარჩენას უჭერდა მხარს. იგივე მოხდა სამხრეთ შლეზვიგშიც. ამ შედეგების მიხედვით, დანიის პრემიერ-მინისტრმა კარლ თეოდორ ზალემ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ შლეზვიგი დანიის შემადგენლობაში დარჩებოდა, დანარჩენი კი გერმანიაში.
მიუხედავად პრემიერ-მინისტრის განცხადებისა, დანიელი ნაციონალისტები ცენტრალურ შლეზვიგში მდებარე ქალაქ ფლენსბურგის მიერთებას ითხოვდნენ. მათი მოთხოვნის საფუძველზე, კრისტიან X და კარლ თეოდორი ფლენსბურგის რეორგანიზაციის განხილვას შეუდგნენ. 1901 წლიდან, დანიაში ოფიციალურად დამყარდა კონსტიტუციური მონარქია, თუმცა პრემიერ-მინისტრი თვლიდა, რომ მეფე ზედმეტად ერეოდა ქვეყნის მართვაში. მისი დამოკიდებულება კრისტიანმა დიდად გააპროტესტა და თანამდებობიდან გადადგომა უბრძანა, თუმცა მან უარი განაცხადა. მეფესთან რამდენიმედღიანი მკაცრი კამათის შემდეგ, ზალე თანამდებობიდან გადადგა.
კრისტიან X-მ მასთან ერთად მთელი დანარჩენი კაბინეტიც გაათავისუფლა და იგი დე-ფაქტო კონსერვატიული მთავრობით შეცვალა. კაბინეტის განთავისუფლებამ მასობრივი დემონსტრაციები და დანიაში თითქმის რევოლუციური ატმოსფეროს შექმნა გამოიწვია. ამ ფონზე, მეფესა და სოციალ-დემოკრატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ვინაიდან უკვე აშკარა საუბრები მიდიოდა დანიაში მონარქიის დამხობასთან დაკავშირებით, კრისტიან X-მ თანამდებობიდან მთელი თავისი მთავრობა გაათავისუფლა, არჩევნებამდე კი კომპრომისზე წავიდა და კაბინეტი აღადგინა.
ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დანიის მონარქმა სცადა პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღება პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე. ამ კრიზისის გადავლის შემდეგ, კრისტიან X-მ მკვეთრად შემცირებული უფლებები მიიღო და სახელმწიფო მეთაურის სიმბოლოდ იქცა.
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირება1940 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, ნაცისტური გერმანიის ძალები დანიაში შეიჭრნენ და გაანადგურეს დანიის როგორც საზღვაო, ისე საჰაერო ძალები. გერმანიის ელჩმა დანიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღო ბრძანება, რომ გადაეცა ნოტა დანიის ხელისუფლებისთვის, სადაც იყო მოწოდება, რომ დანიელებს არ გაეწიათ წინააღმდეგობა. იგივე მოწოდება იმავდროულად ნორვეგიის ხელისუფლებასაც გადასცეს.
დანიაში გერმანელებისთვის წინააღმდეგობა არც კი გაუწევიათ. ერთადერთი, არმიის სარდალი გამოთქვამდა მზადყოფნას საბრძოლო მოქმედებებისთვის. მეფე კრიატიან X-მ, მიუხედავად წინა დღის უტყუარი ცნობებისა, რომ გერმანიის სამხედრო აქტივობა შეინიშნებოდა, უარი თქვა მობილიზაციაზე. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დანიის ფლოტს არ მოუხდენია ერთი გასროლაც კი. მხოლოდ რამდენიმე შეტაკება მოხდა კოპენჰაგენში. დანიის შეიარაღებული ძალების დანაკარგი შეადგენდა 13 მოკლულ და 20 დაჭრილ ჯარისკაცს, ხოლო გერმანელებისა დაახლოებით 20 მოკლულს. 9 აპრილის დილის 9 საათზე დანიის სახელმწიფო რადიოსადგურმა გაავრცელა მეფე კრისტიანის მიმართვა, სადაც ის მოუწოდება თანამემამულეებს არ გაეწიათ წინააღმდეგობა და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. ერთი საათის შემდეგ კი დემობილიზაცია დაიწყო. საღამოსთვის გერმანელებმა დაიკავეს თითქმის მთელი იუტლანდიის ნახევარკუნძული და დანიის კუთვნილი კუნძულების უმრავლესობა. ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო გერმანელთათვისაც. ქვეითი დივიზიის ნაწილები, რომლებიც დანიაში უნდა გადაესხათ, გაგზავნეს ნორვეგიაში, რადგან მისი გამოყენება არ დასჭირდათ. დანიის კაპიტულაცია 1945 წლამდე გაგრძელდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კრისტიანს თავი შეაფარა მისმა ძმამ, ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-მ, საბერძნეთის მეფე გიორგიოს II-მ, ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგინია ვილჰელმინამ, იუგოსლავიის მეფე პეტრე II-მ, ჩეხოსლოვაკეთის პრეზიდენტმა ედვარდ ბენეშმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ვლადისლავ რაჩკივიჩმა. გერმანული ოკუპაციის პერიოდში, ბელგიის მეფე ლეოპოლდ III-ის მსგავსად, კრისტიან X დანიაში დარჩა და ცდილობდა ხალხში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მოწოდება აემაღლებინა.
ოკუპაციის პერიოდში, მიუხედავად სავალალო მდგომარეობისა, კრისტიან X კოპენჰაგენში ყოველდღიურ რეიდს ატარებდა, რითაც თავისი ქვეყნისა და ხალხის დაცვის დემონსტრაციას ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ბრძანებულების მიხედვით დანია გერმანიას წინააღმდეგობას არ უწევდა, მეფე და მინისტრები მაინც ცდილობდნენ ხალხში ბრძოლის სურვილის ჩანერგვას. მისივე ბრძანებით, კოპენჰაგენის ქუჩებში დანიის დროშები იყო გამოფენილი, რაც ერთგვარი დემონსტრაცია იყო იმისა, რომ დანია ბოლომდე არ ნებდებოდა. ამასთან, კრისტიან X-მ დააფინანსა დანიელი ებრაელების მშვიდობიანი ტრანსპორტირება შვედეთში, სადაც ისინი ნაცისტებისაგან დაცულნი იქნებოდნენ.
1942 წელს, ადოლფ ჰიტლერმა კრისტიან X-ს ტოლერანტობის დიპლომი გაუგზავნა და სამოცდამეთორმეტე დაბადების დღე მიულოცა. ამ ამბიდან მალევე, დანიაში მასობრივი ანტი-გერმანული გამოსვლები დაიწყო, რამაც ჰიტლერი გააღიზიანა და საპასუხოდ გერმანიიდან დანიის ელჩი გააძევა. გერმანელთა ზეწოლით, თანამდებობიდან მოხსნეს ქვეყნისათვის თავდადებული პრემიერ-მინისტრი ვილჰელმ ბული. მიუხედავად ამისა, მეფე თავის ყოველდღიურ რეიდსა და ხალხის გამხნევებას არ წყვეტდა. 1945 წლის 5 მაისს, როდესაც დანია საბოლოოდ განთავისუფლდა გერმანული ტყვეობიდან, მეფე კრისტიანი ხალხში ძალიან პოპულარული და საყვარელი მეფე გახდა.
ისლანდიის კრიზისი
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად დაიწყო ისლანდიის კრიზისი, რომლის შესაჩერებლადაც 1918 წელს კრისტიან X-მ შექმნა დანია-ისლანდიის უნია, რის მიხედვითაც ისლანდია უკვე არა მხოლოდ დანიის კოლონია იყო, არამედ სუვერენული სამეფო. ამის გამო, კრისტიანი ისტორიაში ერთადერთი ისლანდიის მეფე იყო. 1941 წელს, გერმანელების მიერ ისლანდიის ოკუპაციის შემდეგ, ისლანდიის პარლამენტმა დაადგინა, რომ კრისტიანმა ვერ შეასრულა თავისი, როგორც სახელმწიფო მეთაურის მოვალეობა და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველად სვენ ბიორნოსნი დაინიშნა. აქამდე სვენი ისლანდიის ელჩი იყო კოპენჰაგენში.
1944 წელს, როდესაც დანია ჯერ კიდევ გერმანული ოკუპაციის ქვეშ იყო, ისლანდიელებმა თავად ჩაატარეს რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც ყველანაირი კავშირი გაწყვიტეს დანიასთან და თავიანთი რესპუბლიკა დააარსეს. ამრიგად, ისლანდიის მეფის წოდება სამუდამოდ გაბათილდა და სვენ ბიორნსონი ისლანდიის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. ოკუპაციის პერიოდში, სვენი კრისტიანს გარანტიას აძლევდა, რომ ისლანდია დამოუკიდებლობას არ მოისურვებდა, რაც ასე არ მოხდა, რაც კრისტიანს ძალიან ეწყინა. თავისი ბიძაშვილის, შვედეთის მეფის მხარდაჭერით, კრისტიანმა თავის პირად გრძნობებს გადააბიჯა და 1944 წლის 17 ივლისს რეიკიავიკში, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე მისალოცი ბარათი გააგზავნა, რითაც ფაქტობრივად სცნო ისლანდიის დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის განთავისუფლებამ კრისტიანს ისლანდიის მეფის ტიტული წაართვა, იგი თავს გარდაცვალებამდე მაინც მის მეფედ სცნობდა.
გარდაცვალება
რედაქტირებაკრისტიან X გარდაიცვალა 1947 წლის 20 აპრილს ამალიენბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში, 76 წლის ასაკში. იგი მალევე დაკრძალეს ქალაქ როსკილეს სამეფო კათედრალში, სადაც განისვენებენ დანიის სხვა მეფე-დედოფლები. ამის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, მეფე ფრედერიკ IX ავიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bramsen, Bo (1992). Huset Glücksborg. Europas svigerfader og hans efterslægt, 2. udgave, København: Forum. ISBN 87-573-1843-6.
- Jespersen, Knud J.V. (2009). Rytterkongen. Et portræt af Christian 10.. København: Gyldendal. ISBN 978-87-02-04135-4.
- Scocozza, Benito (1997). Politikens bog om danske monarker. København: Politikens Forlag. ISBN 87-567-5772-7.
- Allerh. approb. Program for høitidelige Daabshandling i Christiansborg Slotskirke d. 31. Oct 1870 (in Danish). Copenhagen. 1870.
- JENSEN, TINA KNUDSEN. "THORSGADE KASERNE" (in Danish). Retrieved 21 March 2016.
- William Shirer, The Rise and Fall of the Third Reich (New York: Simon & Schuster, 1990), p. 663.
- "Der rider en Konge". Lyrics by Hans Hartvig Seedorff Pedersen. Published e.g. in Emilius Bangert et al., "Dansk Alsang-Bog", Copenhagen: Egmont H. Peterens Forlag, 1941.
- The Australasian (Melbourne, Vic. : 1864 – 1946). Melbourne, Vic.: National Library of Australia. 21 April 1945. p. 12 http://nla.gov.au/nla.news-article0 დაარქივებული 2020-03-11 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 21 April 2014.
- Jørgen Pedersen (2009). Riddere af Elefantordenen, 1559–2009 (in Danish). Syddansk Universitetsforlag. p. 460. ISBN 978-87-7674-434-2.