გრიგოლ კილაძე
გრიგოლ ბართლომეს ძე კილაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1902, ბათუმი — გ. 3 აპრილი, 1962, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პროფესორი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).
ბიოგრაფია
რედაქტირებასაშუალო განათლება მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც ანდრია ყარაშვილის ხელმძღვანელობით დაეუფლა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას. მისი შემოქმედებითი გზა დაიწყო 1922 წელს, როცა დაარსდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი თვითონ იყო. ამავე პერიოდში (1925 წ.) ახალგაზრდა კომპოზიტორმა შექმნა თავისი პირველი სიმფონია „ქართული სუიტა“.
1931 წელს გრიგოლ კილაძემ დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და შეუდგა პედაგოგობას, 1941 წლიდან პროფესორია. პარალელურად მუშაობს რუსთაველის თეატრში — განაგებს მუსიკალურ ნაწილს. სხვადასხვა დროს იყო კონსერვატორიის დირექტორი, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და სხვა.
კომპოზიტორის კალამს ეკუთვნის სიმფონიური პოემა „განდეგილი“ (1941 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია), ორი სიმფონია, ოპერები: „ბახტრიონი“, „ლადო კეცხოველი“, ბალეტი „სინათლე“, რომლისთვისაც მისი ავტორი მეორედ გახდა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გრ. კილაძე ცნობილია, აგრეთვე, როგორც შესანიშნავი დირიჟორი. წლების მანძილზე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი. მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმისათვის: „არსენა“, „ფრთოსანი მღებავი“, „უკანასკნელი მასკარადი“ და სხვა.
დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 219, თბ., 1994