ნიკოლოზ გედევანიშვილი

ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გედევანოვი) (დ. 6 იანვარი, 1881, მცხეთა, — გ. 13 ივლისი, 1937) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1917).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკის ოჯახში. მისი და-ძმები იყვნენ გენერლები ალექსანდრე და იოსებ გედევანიშვილები, მეცნიერი გიორგი გედევანიშვილი, პუბლიცისტი ანასტასია გედევანიშვილი. ნიკოლოზ გედევანიშვილმა დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პავლეს სამხედრო სასწავლებელი (1901), შემდეგ — ნიკოლოზის საიმპერატორო სამხედრო აკადემია (1913, I თანრიგით). სამხედრო სამსახურში 1899 წლიდან ირიცხებოდა. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იყო ჩრდილოეთის ფრონტის შტაბის ოფიცერი (1914-1917), შემდეგ — მე-2 კავკასიის კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (1917 წ. სექტ.), ქართული ცხენოსანი ბრიგადის შტაბის უფროსი (1917 წ. ნოემბ.-დეკ.), 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი (1917 დეკ.-1918 ივნ.). 1918-1921 წლებში მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბში, იყო გენშტაბის განყოფილების საორგანიზაციო სექციის უფროსი, სამხედრო წარმომადგენელი აზერბაიჯანში, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში უცხოეთის ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებთან.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების (1921) შემდეგ გედევანიშვილი მსახურობდა წითელი არმიაში; იყო საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატის შტაბის უფროსი, მე-2 ცალკე კავკასიის არმიის შტაბის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო ხელმძღვანელი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული იყო 1930 და 1931 წლებში. 1937 წლის ივნისში კვლავ დააპატიმრეს, 13 ივლისს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა და იმავე დღეს დახვრიტეს. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1905) და II (1913), წმ. ანას III (1909; ხმლებით და ბაბთით, 1915), II (ხმლებით, 1915) და IV (1915), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებით და ბაბთით, 1915) ხარისხის ორდენებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება