სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სომხეთის სსრ (სომხ. Հայկական Խորհրդային Սոցիալիստական Հանրապետություն, Հայկական ԽՍՀ [ჰაჲკაკან ხორჰჷრდაჲინ სოციალისტაკან ჰანრაპეტუთჲუნ]) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ერევანი. შეიქმნა 1920 წლის 29 ნოემბერს. 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე შედიოდა ამიერკავკასიის სსრ-ის შემადგენლობაში, 1936 წელს კი შეუერთდა უშუალოდ სსრკ-ს. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა საქართველოს სსრ, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის სსრ, სამხრეთით ირანი, დასავლეთით თურქეთი. 1991 წლიდან სომხეთის სსრ-ის სამართალმემკვიდრეა სომხეთის რესპუბლიკა.
სომხეთის სსრ სომხ. Հայկական ԽՍՀ | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი სომხეთის სსრ ჰიმნი | |||||||||
სომხეთის სსრ-ს რუკა. | |||||||||
დედაქალაქი | ერევანი | ||||||||
ენა | სომხური, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 29 800 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 3 287 700 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
ისტორია
რედაქტირებაგასაბჭოება
რედაქტირება1828 წლიდან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე, თანამედროვე სომხეთის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ძირითადად ერევნის გუბერნიას მოიცავდა. მეფის გადადგომის შემდეგ სომხეთმა, ისევე როგორც მისმა მეზობელმა საქართველო და აზერბაიჯანი იყო ჯერ ოზაკიმის ნაწილი, შემდეგ — ამიერკავკასიის კომისარიატის, ამიერკავკასიის სეიმის, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის და ბოლოს ჩამოყალიბდა, როგორც სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა.[1]
1920 წლის 20 მაისს სევ-ქარ, აჩაჯურ, კოდ, ქრდევან, უზუნთალა და ქარვანსარა სოფლების გლეხობამ საბჭოთა მთავრობად გამოაცხადა ყაზახ-შამშადილის რაიონი. 21 მაისს რევოლუციური გლეხობა სევ-ქარში მყოფ I მილიციის პოლკის ჯარისკაცებთან ერთად დაიძრა ქალაქ დილიჟანისაკენ, და დაიკავა იგი მახლობელი სოფლებითურთ. დილიჟანში გამოცხადდა საბჭოთა მთავრობა. 23 მაისს წითლები დილიჟანიდან სოფელ ქარვანსარში მაგრდებიან. რევოლუციონერებს შეუერთდა დილიჟანის VI პოლკი თავისი ბატარეითა და VII პოლკის დიდი ნაწილი. იმავე დღეს სამთავრობო ნაწილებმა დაიწყეს ქალაქ დილიჟანის გათავისუფლება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. 24 მაისს მხარეებმა გადაწყვიტეს გაემართათ მოლაპარაკებები სოფელ ქარვანსარაში.[2]
საბჭოთა ჯარის ნაწილებმა დაიწყეს შეტევა ზანგეზურის ასაღებად. სომხეთის მთავრობამ პროტესტით მიმართა თბილისში დისლოცირებულ საბჭოთა წარმომადგენელ კიროვს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა კომისარს ჰუსეინოვს.[3]
1920 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მაგალითზე, ხელი მოეწერა რსფსრ-ს სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას. სომხეთმა გაიყვანა ჯარები ყარაბაღ-ზანგეზურიდან და ნახჭევანიდან. რუსეთმა დაიკავა ის ადგილები, რომლებსაც სადავოდ აცხადებდა.[4] 10 აგვისტოს 12 საათზე რსფსრ-სა და სომხეთს შორის შეწყდა სამხედრო მოქმედებები. მოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთის საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიები, გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელიც უნდა დაბრუნებოდა სომხეთს.[5]
10 აგვისტოს გაფორმებული რსფსრ-სომხეთის საზავო ხელშეკრულების შემდეგ, ბოლშევიკები აქტიურად განაგრძობდნენ სომხეთის რაიონებში თავიანთ პროპაგანდისტულ მოღვაწეობას. ზოგი დაიჭირეს, ზოგიც კი სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა ურთიერთობა რსფსრ-აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მეტნაკლებად სტაბილურად მიმდინარეობდა. რაც მთავარია ადგილი არ ჰქონდა არანაირ შეტაკებებს ქვეყნებს შორის. სომხეთის რესპუბლიკაში ბოლშევიკთა მხარდაჭერა დღითიდღე იზრდებოდა. ამ ყველაფერს ის დაემატა, რომ ოსმალეთმა ქემალ ფაშას მეთაურობით დაიწყო სომხეთის საზღვრებთან ჯარების მობილიზაცია, ეს კი თავის მხრივ გახდა სომხეთში მცხოვრები ბოლშევიკებისთვის საბაბი, დაეწყოთ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთის დაპყრობის საწინააღმდეგოდ თავიანთი გეგმების შემუშავება, რომელშიც რათქმაუნდა მათი აზრით ანტანტაზე უფრო ძლიერი, საბჭოთა რესპუბლიკები — რსფსრ და აზერბაიჯანი — უნდა გამოსულიყვნენ. სომეხმა ბოლშევიკებმა დაიწყეს აჟიტირება, რომ თუ სომხეთის ამჟამინდელი მთავრობა ვერ შესძლებდა ოსმალეთის შეკავებას, რისკენაც ყველაფერი ისედაც მიდიოდა, მაშინ ისინი, როგორც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, წითელ არმიას მიმართავდნენ დასახმარებლად.[6]
10 ოქტომბერს ოსმალური გაზეთი „იკბალი“ წერდა: „დაშნაკელების ვერაგულმა განუწყვეტელმა თავდასხმებმა ჩვენს სანაპირო სოფლებზე ჩვენ გვაიძულა იარაღი აგვეღო ხელში სომხეთის წინააღმდეგ, რათა სამაგალითოდ დაისაჯოს იგი“.[7] სომხეთში ისევე, როგორც საქართველოში საზოგადოებაში მასიურად ჰქონდა ფეხი გადგმული ბოლშევიკურ მოძრაობას და საბჭოთა რეჟიმს უკვე თამამად შეეძლო „უსუსური მთავრობის უნიათო ქმედებები, რომელსაც ანტანტა ვერანაირ დახმარებას ვერ უწევდა“, მიეღო გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეების სასარგებლოდ, რათა არ გამხდარიყვნენ მორიგი გენოციდის მსხვერპლნი, როგორც უშუალოდ თითოეული სომეხი კომუნისტი, ისე ზოგადად სომხეთის თითოეული მოქალაქე.
ნოემბრის დასაწყისში ოსმელეთის ჯარებმა ყარსი აიღეს და ერევნის გუბერნიისკენ გამოემართნენ.[8] სომხეთის გასაბჭოებამდე, დაშნაკიუცუნის მმართველი პარტია დიდ ზეწოლას განიცდიდა საბჭოთა რუსეთიდან. საზოგადოებაში პრესით მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ქვეყანაში მოქმედი პარტია იყო უუნარო და გამოწვევებისთვის მოუმზადებელი. ამას საფუძველს უმაგრებდა ოსმალეთის მიერ ყარსის ოლქის ძალისმიერი აღება. შესაბამისად ჯერი ერევნის გუბერნიაზე იყო მისული. ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ და ბოლშევიკების სიჭარბემ გამოიწვია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რაც გასაბჭოებით დასრულდა.
1920 წლის 29 ნოემბერს XI წითელი არმია სომხეთში დაუბრკოლებლად შევიდა და გამოცხადდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.[9] 2 დეკემბერს საბჭოთა სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. 1921 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის დაიდო ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თურქეთს დარჩა მნიშვნელოვანი ქართული და სომხური მიწები. სომხეთის მიღმა აღმოჩნდა ძველი ქალაქი ანისი და არარატის მთა. მის საზღვრების მიღმა დარჩა აზერბაიჯანის სსრ-სთან სადავო ნახიჩევანისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონები,[10] თუმცა სომხეთს გადაეცა საქართველოს სსრ-სთან სადავო ლორე.
გასაბჭოებისთანავე ჩეკამ დაიწყო მასობრივი ტერორი ანტი-საბჭოურად მიჩნეული ელემენტების წინააღმდეგ. ბოლშევიკურმა პოლიტიკამ 1921 წელს რესპუბლიკაში თებერვლის აჯანყება გამოიწვია, რომელსაც დაშნაკები ჩაუდგნენ სათავეში. ამბოხებულებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს და ერევანიც გაათავისუფლეს,[11] თუმცა საბოლოოდ ქვეყანაში შემოსულმა XI არმიამ აჯანყება მაინც დაამარცხა და 2 აპრილს დედაქალაქიც დაიბრუნა.[12]
1922 წლის 30 იანვარ — 4 თებერვალს ჩატარდა სომხეთის საბჭოების I ყრილობა, რომლის დროსაც (3 თებერვალს) მიღებულ იქნა სომხეთის სსრ-ის პირველი კოსტიტუცია.
1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე სომხეთი საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთიანდებოდა, 1936 წელს კი სსრკ-ში ცალკე რესპუბლიკის სახით შევიდა.
სტალინის ეპოქა
რედაქტირებასახელმწიფო წყობილება
რედაქტირებასომხეთის სსრ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, რომელიც სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სომხეთის სსრ-ის ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო (ირჩევდა მოსახლეობა 5 წლის ვადით). მის კონპეტენციაში შედიოდა კანონების მიღება, სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს - რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს (მთავრობის) შექმნა და სხვა. სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს - სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: რაიონებია, ქალაქებია, ქალაქის რაიონების, დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების სახელმწიფო დეპუტატთა საბჭოები, რომლებსაც მოსახლეობა ორნახევარი წლის ვადით ირჩევდა. მართლმსაჯულებას ახორციელებდა სომხეთის სსრ უმაღლესი სასამართლო, რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სომხეთის სსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ-ის გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნულ საბჭოში სომხეთის სსრ წარმოდგენილი იყო 32 დეპუტატით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ ვიკისაწყობში.
- Armenia: big strides in an ancient land by Anton Kochinyan. (ინგლისური)
- Melkonian, Eduard: "Repressions in 1930s Soviet Armenia" in the Caucasus Analytical digest No. 22. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Richard G. Hovannisian, Republic of Armenia. 4 vols. Berkeley: University of California Press, 1971-1996.
- ↑ გაზ. „საქართველოს კომუნისტი“, №19, 9 ივლისი, 1920
- ↑ გაზ. „საქართველოს კომუნისტი“, №23, 15 ივლისი, 1920
- ↑ გაზ. „ახალი კომუნისტი“, №14, 11 აგვისტო, 1920
- ↑ გაზ. „ახალი კომუნისტი“, №15, 12 აგვისტო, 1920
- ↑ გაზ. „ახალი კომუნისტი“, №61, 7 ოქტომბერი, 1920
- ↑ გაზ. „ახალი კომუნისტი“, №75, 23 ოქტომბერი, 1920
- ↑ გაზ. „ახალი კომუნისტი“, №86, 5 ნოემბერი, 1920
- ↑ გაზ. „ახალი კომუნისტი“, №110, 3 დეკემბერი, 1920
- ↑ Matossian, Mary Kilbourne (1962). The Impact of Soviet Policies in Armenia. Leiden: E.J. Brill, გვ. 30. ISBN 0-8305-0081-2.
- ↑ Payaslian, Simon (2007). The History of Armenia. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-1-4039-7467-9. – გვ. 170.
- ↑ Chorbajian, Levon; Mutafian, Claude; Donabedian, Patrick (1994). The Caucasian Knot: The History and Geopolitics of Nagorno-Karabagh. Zed Books. ISBN 1-85649-287-7. – გვ. 133.