ცისანა ტატიშვილი (დ. 30 დეკემბერი, 1937, თბილისი, — გ. 23 სექტემბერი, 2017) — ქართველი საოპერო პრიმადონა (ლირიკო-დრამატული სოპრანო), საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახალხო არტისტი (1979).

ცისანა ტატიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ცისანა ტატიშვილი
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1937
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა საქართველოს დროშა ქართველი
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 2017 (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა ლირიკული, დრამატული სოპრანო
აქტიური 1963-2001

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გულიკო ქართველიშვილის კლასი). ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გახდა. გასტროლებს მართავდა ევროპის მრავალ ქალაქში. ასეთებია: ვილნიუსი, რიგა, კიშინოვი, კიევი, ოდესა, მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბერლინი (დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), ბონი, მიუნხენი, კელნი, ზაარბრიუკენი, ბაზელი, ათენი, ლისაბონი, ლონდონი, პრაღა, ვენა, ბუსეტო. ასევე, თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი.

ხმა და პარტიები

რედაქტირება

აქვს სრული დიაპაზონის, მოქნილი, ტექნიკურად სრულყოფილი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარიას თეატრის, ბერლინის კომიშე ოპერისა და დოიჩე ოპრის სცენებზე. მღეროდა ერევნის, ბაქოს, ვილნიუსის, რიგის, კიშინიოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბონის, კელნის, ზაარბრიუკენის, მიუნხენის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის სახელმწიფო ოპერის, ვენის თეატრების სცენებზე.

ცისანა ტატიშვილი პარტიები: ეთერი, მარო (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), თამარი (ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ლიზა (პეტრე ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ლეონორა, აიდა, ამნერისი, დეზდემონა, ამელია (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“), ტოსკა (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), სანტუცა (პიეტრო მასკანის „სოფლის პატიოსნება“) ელიზავეტა, ებოლი (ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“), რენატა, (სერგეი პროკოფიევის, „ცეცხლოვანი ანგელოზი“), სენტა, ჰერტრუდა (რიხარდ ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“, „ლოენგრინი“), ჯუზეპე ვერდი „რეკვიემი“, ლაურეტა (ჯაკომო პუჩინი „ჯანის კიკი“), სალომეა (რიხარდ შტრაუსის „სალომეა“) და სხვა.

ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეს შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ცისანა ტატიშვილი არის შოთა რუსთაველისა (1987) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (1979) სახელმწიფო პრემიების, ასევე ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2012), ღირსების ორდენოსანი (2010), საქართველოსა (1973) და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე (2012). ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობითი ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მოკლე მუსიკალური ლექსიკონი, ა., თამარაშვილი (1999 წ.) გამომცემლობა „დეგი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება