პრაღის სახელმწიფო ოპერა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პრაღის სახელმწიფო ოპერა (ჩეხ. Státní opera Praha) — ოპერის თეატრი პრაღაში. ის გახლავთ  ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული თეატრის ნაწილი, რომელიც დაარსდა ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ 1992 წელს. თავად თეატრი თავდაპირველად გაიხსნა 1888 წელს, როგორც ახალი გერმანული თეატრი, ხოლო 1949 წლიდან 1989 წლამდე  ცნობილი იყო როგორც სმეტანას თეატრი. ცოტა ხნის წინ მას ეწოდა პრაღის სახელმწიფო ოპერა. ამჟამად წელიწადში 300-მდე სპექტაკლი იდგმება. რეპერტუარში ასევე შედის საბალეტო დადგმები.[2][3]

პრაღის სახელმწიფო ოპერა
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი ნეორენესანსი[1]
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ქალაქი პრაღა
მისამართი Wilsonova 4, 110 00 Praha 1, Prague
კოორდინატები 50°04′49″ ჩ. გ. 14°25′58″ ა. გ. / 50.080306° ჩ. გ. 14.432806° ა. გ. / 50.080306; 14.432806
მფლობელი კულტურის სამინისტრო
დაიწყო 5 იანვარი, 1888
გაიხსნა 5 იანვარი, 1888
განახლდა 1960
ზომები და ტექნიკური დეტალები
ტევადობა 1041
არქიტექტორ(ებ)ი კომპანია Fellner & Helmer
საიტი
http://www.narodni-divadlo.cz/en/state-opera

თეატრი დაარსდა როგორც ახალი გერმანული თეატრი ( გერმ. Neues deutsches Theatre ) 1883 წელს გერმანული უმცირესობის ინიციატივით ჩეხეთის მასშტაბური ეროვნული თეატრის გახსნის შემდეგ.

შენობის დიზაინი ნეორენესანსის სტილში შეასრულა ვენის ცნობილმა არქიტექტურულმა ფირმამ Felner & Helmer-მა, რომელიც სპეციალიზებული იყო თეატრების პროექტებზე, კარლ ფონ ჰასენაუერთან ერთად. ქანდაკებები ოტო მორიც მენცელმა და ახალგაზრდა მოქანდაკე იოჰან იოზეფ ფრიდტმა დაამზადეს. ნახატები ედუარდ ვეიტმა დახატა.

 
ინტერიერი

თეატრი გაიხსნა 1888 წლის 5 იანვარს  ვაგნერის ოპერით „ნიურნბერგის ოსტატები“.ახალმა გერმანულმა თეატრმა, რომლის პირველი დირექტორი გახლდათ ანჯელო ნოიმანი, დირიჟორები: ალექსანდრე ზემლინსკი და გეორგ სელი, დიდი პოპულარობა მოიპოვა. შერჩეული იყო არა მხოლოდ ტრადიციული რეპერტუარი, არამედ იდგმებოდა თანამედროვე გერმანელი კომპოზიტორების ოპერები (ქშენეკი, ჰინდემიტი, კორნგოლდი, შრეკერი), ასევე იმ გერმანელი კომპოზიტორების ოპერები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩეხეთში, მათ შორის ჰანს კრასას შემოქმედებიდან.

 
ოპერის ჭაღი

თეატრში გამოდიოდნენ ცნობილი მსახიობები: ნელი მელბა, ენრიკო კარუზო, ლეო სლეზაკი, დირიჟორობი: გუსტავ მალერი და რიხარდ შტრაუსი, ერიხ კლეიბერი და ოტო კლემპერერი. გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ თეატრი მრავალი ექსპატრიანტი მუსიკოსის თავშესაფრად იქცა. 1938 წლის სექტემბერში თეატრი დაიხურა უსახსრობისა და პოლიტიკური ზეწოლის გამო, მაგრამ 1939 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ იგი ხელახლა გაიხსნა, როგორც Deutsches Opernhaus.

 
ოპერის შენობა ღამით

1945 წლის მაისში პრაღის განთავისუფლების შემდეგ, ჩეხ მუსიკოსთა ჯგუფმა კომპოზიტორ ალოის გაბას ხელმძღვანელობით ყოფილი გერმანული თეატრის შენობაში დააარსა 5 მაისის თეატრი (ჩეხ. Divadlo 5. května), რომელიც კონსერვატორულ-პატრიოტული ეროვნული თეატრის ავანგარდული ალტერნატივა უნდა გამხდარიყო.  იგი გაიხსნა იმავე წლის სექტემბერში ბედრჟიხ სმეტანას ოპერით „ბრანდენბურგერები ბოჰემიაში“, რასაც მოჰყვა ამავე ავტორის არატრადიციული  „გაყიდული პატარძალი“ , ოფენბახისა და პროკოფიევის ოპერები. თუმცა, კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 5 მაისის თეატრი 1948 წელს შეუერთდა ეროვნულ თეატრს, გახდა მისი ერთ-ერთი სასცენო ადგილი. 1949 წლიდან ეწოდა სმეტანას სახელობის (ჩეხ. Smetanovo divadlo) თეატრი. სმეტანას თეატრი გახდა პლატფორმა უცხოური გიგანტების— ვენის ოპერის და სხვა ცნობილი თეატრების  ფართომასშტაბიანი ტურნეებისთვის.

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, სმეტანას თეატრი კვლავ გამოეყო ეროვნულ თეატრს 1992 წელს და ეწოდა პრაღის სახელმწიფო ოპერა, რომელიც ფოკუსირებული იყო ექსკლუზიურად უცხოურ რეპერტუარზე.

ოთხი სეზონის განმავლობაში (1998–2002) პრაღის ოპერის თეატრის მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა ენახა უპრეცედენტო რაოდენობის მსოფლიო პრემიერები.[4][5]

პრაღის სახელმწიფო ოპერის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია დოკუმენტაციის ცენტრი. თეატრის საქმიანობის სისტემატური საარქივო ჩანაწერის შენარჩუნების გარდა,  ყურადღება იქნა გამახვილებული ახალი გერმანული თეატრის დაკარგული არქივების აღდგენაზე. 2004 წელს პრაღის სახელმწიფო ოპერამ გამომცემლობა „სლოვარტთან“ ერთად გამოსცა წიგნი მისი ისტორიის შესახებ „პრაღის სახელმწიფო ოპერა: თეატრის ისტორია ფოტოებსა და თარიღებში“. წიგნში განთავსებულია ტექსტები ჩეხურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე და  ასახავს ოპერის თეატრის ისტორიას ახალი გერმანული თეატრიდან დღემდე. ფართო სპექტრის ადგილობრივ და უცხოურ  წყაროებზე დაყრდნობით, პუბლიკაციამ შეკრიბა ფასდაუდებელი ლიტერატურული და ფოტო არქივი, მათ შორის პირველად გამოქვეყნებული არაერთი დოკუმენტი.[6][7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Památkový katalog NPÚ
  2. Tomáš Vrbka: Státní opera Praha. Historie divadla v obrazech a datech 1888-2003 / The Prague State Opera – Theatre History in Pictures and Dates 1888-2003 Slovart, Praha 2004, ISBN 80-239-2831-7
  3. VRBKA, Tomáš. Státní opera Praha opera 1888–2003 Historie divadla v obrazech a datech. První. vyd. Praha: Státní opera Praha ve spolupráci s nakladatelstvím Slovart, 2004. 600 s. ISBN 80-239-2831-7. S. 234. (ჩეხ.)
  4. ŠTEFANOVÁ, Veronika. Státní operu čeká rekonstrukce. Vláda už schválila předpokládanou cenu oprav [online]. Český rozhlas, 2016-02-13. Dostupné online.[მკვდარი ბმული] (ჩეხ.)
  5. Státní opera se na dva roky uzavře, rekonstrukce spolkne přes miliardu [online]. iDNES.cz, 2015-09-23. Dostupné online.[მკვდარი ბმული] (ჩეხ.)
  6. ČTK. Vláda schválila nové posouzení nabídek na opravu Státní opery [online]. Pražský deník.cz, 2016-12-05. Dostupné online.[მკვდარი ბმული] (ჩეხ.)
  7. ČTK. Státní operu povede dirigent Oliver Dohnányi [online]. Novinky.cz, 2010-05-21. Dostupné online.[მკვდარი ბმული] (ჩეხ.)