ქობულეთი
ქობულეთი — ქალაქი და კურორტი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 10 მ, ბათუმიდან 32 კმ, თბილისიდან 329 კმ.
ქალაქი | |
---|---|
ქობულეთი | |
ქობულეთის სანაპირო | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°48′40″ ჩ. გ. 41°46′31″ ა. გ. / 41.81111° ჩ. გ. 41.77528° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჩურუქსუ |
ამჟამინდელი სტატუსი | 1944 |
ფართობი | 15 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 16 546 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 1103 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 93,3 % სომხები 2,6 % რუსები 1,7 % ბოშები 0,8 % ბერძნები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 426 |
საფოსტო ინდექსი | 6200 |
ოფიციალური საიტი | https://kobuleti.gov.ge/ |
ისტორია
რედაქტირებაXIII საუკუნემდე ქობულეთი ეკუთვნოდა ქობულიძეების საგვარეულოს. აქედან უნდა მომდინარეობდეს მისი სახელწოდება.[1] ქობულეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის სამთავროში ტყვეთა ყველაზე დიდი ბაზრობის ადგილს. აქ ტყვეთა შესასყიდად რიზედან, გონიოდან და ტრაპიზონიდან მოდიოდნენ თურქი ვაჭრები. ქობულეთის ბაზარი ისე ცნობილი იყო, რომ იქ არა მხოლოდ გურია-სამეგრელოდან, არამედ აფხაზეთიდან და ქართლ-კახეთიდანაც მიჰყავდათ ტყვეები. დონ ქრისტოფორო დე კასტელი წერს:[2]
„ქობულეთი. ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან კონსტანტინეპოლისაკენ ქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათი ბავშვების სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია! აქ შვილი მამას და დედას ყიდის, რაც ფაქტია: მამები და დედები თავიანთ შვილებს ყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს. ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე, გურიის პროვინციაში: მატუტა ჩესნერია დედას ყიდის. ჩვენებმა მას კითხეს: ასეთ დიდ ცოდვას რატომ სჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა კი არ არის, პირიქით, დიდი შემბრალებლობააო. პირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის თურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. აქ რომ ყოფილიყო, თავისი ლაპარაკით ამიმხედრებდა საქონელს, ოჯახსა და შვილებს, ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო.“
|
XVII საუკუნის შუა წლებში ქობულეთი და მისი შემოგარენი გურიელებმა უბოძეს თავდგირიძეებს, რომლებიც მას XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე ფლობდნენ.[3] ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ ქვემო გურია და ქობულეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. ოსმალეთის ბატონობის დროს ქალაქს ეწოდა თურქული სახელი ჩურუქ-სუ (Çürüksu). შეიქმნა ჩურუქ-სუს კაზა, რომელიც ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა.
1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთი იქცა ელიტურ კურორტად. ზღვისპირა ზოლი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს განკარგულებით გადაეცა საუკეთესო მთავარსარდლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსულ-თურქული კამპანიის დროს. მაღალჩინოსნებმა დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გაშენება მდიდრული აგარაკებით. ქობულეთის გამაჯანსაღებელმა კლიმატმა სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი. მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები იბეჭდებოდა გაზეთ „კავკაზის“ ფურცლებზე, სადაც ექიმები პანტიუხოვი და პერედელსკი წერდნენ ქობულეთის გამაჯანსაღებელი ჰავის შესახებ. ისინი იხსენიებენ ქობულეთს, როგორც „სმეკალოვკას“ (ასე ერქვა რუსული დიდგვაროვნების დასახლებას). ისინი იშველიებენ ექიმ პრეობრაჟენსკის და პროფესორ შერბაკოვის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ქობულეთის ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვებზე, ნერვულ სისტემაზე და სასუნთქ ორგანოებზე. 1890-იან წლებში ქობულეთს იყენებდა ბათუმის ოლქისა და ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა სარეკრეაციო და სამკურნალო დანიშნულებით ზღვაზე საბანაოდ.[4] 1886 წელს ქობულეთში გაიხსნა სასწავლებელი.[5]
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატების აგარაკები წითელი კომისრების მფლობელობაში გადავიდა. 1923 წელს ქობულეთმა მიიღო კურორტის სტატუსი. 1944 წელს კი ქობულეთმა ქალაქის სტატუსი მიიღო.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1882[6] | 504 | ||
1908[7] | 440 | ||
1926[8] | 1 904 | ||
1939 | 6 133 | ||
1959 | 12 598 | ||
1970 | 18 051 | ||
1979 | 18 283 | ||
1989 | 20 637 | -- | -- |
2002 | 18 556 | -- | -- |
2014 | 16 546 | -- | -- |
2024 | 17 372 | -- | -- |
ეკონომიკა
რედაქტირებაქობულეთში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ს-2. ქალაქში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ბამბის საქსოვი ფაბრიკა, საკონსერვო და ტუნგის ქარხნები, მეღორეობის ფერმა.
ქალაქში არის ჩაის, საკონსერვო და სხვა მცირე საწარმოები, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია, 3 მართლმადიდებლური ეკლესია, 2 მეჩეთი, 4 პარკი და 15 სასტუმრო. ქალაქში გამოვლენილია სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 140 000 ლ/დ.[9]
ტურიზმი
რედაქტირებაქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,4 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,8 °C, ივლისის 22,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -16 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 41 °C. ნალექები 2510 მმ წელიწადში.
სამკურნალო ფაქტორებია: ზღვის ჰავა, ზღვაში ბანაობა, ქვიშიანი პლაჟი. სამედიცინო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, სისხლნაკლებობა, რაქიტი.
ქობულეთი საბჭოთა კავშირში საკავშირო მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა, რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთს ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებაქალაქში დაიბადნენ:
- ზურაბ ნოღაიდელი — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.
- ჯანო ანანიძე — ფეხბურთელი, მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
- ნინო ქათამაძე — ქართველი მომღერალი.
- რევაზ ჩელებაძე — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი.
- ირაკლი თურმანიძე — ქართველი ძალოსანი. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი +105 კგ. წონით კატეგორიაში.
- გიორგი თხილაიშვილი — ქართველი მორაგბე.
2007 წლიდან დაწესდა „საპატიო ქობულეთელის“ წოდების მინიჭება. წოდება მიენიჭებათ იმ პიროვნებებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნის (კუთხის) სხვადასხვა სფეროების (მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ა. შ.) განვითარებაში. 2007 წელს აღნიშნული ტიტული მიენიჭა ნინო ჯავახიშვილს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 543.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ დონ ქრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბილისი, 1977 წ. გვ.147
- ↑ სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N219 1894 წ.
- ↑ გოგოლიშვილი ო., განათლების ისტორიიდან აჭარაში // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბილისი, 2020, № 1, გვ. 284.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 216
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Cities & towns of Georgia.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.