სტალინისტური არქიტექტურა

(გადამისამართდა გვერდიდან სოციალისტური კლასიციზმი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სტალინისტური არქიტექტურა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სტალინისტური არქიტექტურა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.


სტალინისტური არქიტექტურა (ასევე სოციალისტური კლასიციზმი ან სტალინის ამპირი, რუს. Сталинский ампир) — ტერმინი, რომელიც საბჭოთა კავშირის არქიტექტურას დაერქვა დაწყებული 1933 წელს ბორის იოფანის საბჭოების სასახლის პროექტის ოფიციალური დამტკიცებიდან, 1955 წლამდე, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა დაგმო გასული ათწლეულების გადაჭარბებულობა და დაშალა საბჭოთა კავშირის არქიტექტურის აკადემია.

მახასიათებლები

 
სანატორიუმი სარატოვში, ტიპური პროვინციული სტალინისტური შენობა.

სტალინისტური არქიტექტურა, როგორც ასეთი, არ არის არქიტექტურული სტილი თვითმყოფადი ფორმებით. უფრო ზუსტად ეს ტერმინი აღწერს არქიტექტურას, რომლის მეშვეობით სახელმწიფო მასებზე იდეოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა, იყენებდა რა ამგვარ კონსტრუქციებს სახელმწიფოს ძლიერების გამოხატვის საშუალებად. პარადული მონუმენტალიზმის, პატრიოტული ხელოვნების დეკორაციებისა და ტრადიციული მოტივების კომბინაცია გახდა ზოგადად არქიტექტურაში საბჭოთა წვლილის ყველაზე მკაფიო ნიმუშები.

ქვეყნის რაციონალიზაციის საბჭოურ პოლიტიკაში ყველა ქალაქი შენდებოდა განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით. ყოველი მათგანი იყოფოდა რაიონებად, რომელთაც ამ გეგმის ნაწილი გამოეყოფოდა გეოგრაფიული რელიეფის შესაბამისად. ამგვარი პროექტები კომპლექსურად მთელი რაიონებისთვის იქმნებოდა, რაც შესამჩნევად გარდაქმნიდა ქალაქის არქიტექტურულ იერს.

გეგმის ყოველი დეტალი სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების დამტკიცებას საჭიროებდა. ამგვარი პროექტები მრავალ ინსტანციაში განხილვას მოითხოვდა და შესაბამისად დამტკიცებამდე მრავალჯერ იცვლებოდა. ეს პროცესი დიდ გავლენას ახდენდა თავად არქიტექტორებზეც, რომელთა უმრავლესობა ამ პერიოდს აღწერს არა იმით, თუ ფაქტობრივად რა შენდებოდა, არამედ იმით, თუ რა დეტალების ჩამატების უფლება არ ჰქონდათ მათ საკუთარ პროექტებში. მაგალითად, არტ-ნუვოს (მოდერნი) ყვავილოვანი მოტივები ბურჟუაზიულად მიიჩნეოდა და არასდროს დაიშვებოდა.

სახელმწიფოს ურთიერთობა არქიტექტორებთან ამ პერიოდის განმსაზღვრელი ქვაკუთხედი გახდა. ერთი და იგივე შენობები ჯერ ფორმალისტურ მკრეხელობად ცხადდებოდა, მოგვიანებით კი სახელმწიფოს უმაღლეს ჯილდოს იღებდა.[1] ორიგინალური სტილი, როგორიც იყო ივან ფომინის სანქტ-პეტერბურგის ნეოკლასიკური აღორძინება და ალექსეი დუშკინისა და ვლადიმირ შუკოს არტ-დეკოს ადაპტაცია გვერდიგვერდ თანაარსებობდა მკრთალ იმიტაციებსა და ეკლექტიკასთან, რაც ამ ეპოქის სიმბოლო გახდა.

ტექნიკა

შენობათა უმრავლესობა, სველი ბათქაშის მდიდრული ზედაპირის შიგნით, მარტივი აგურის წყობით იყო ნაგები. გამონაკლისს წარმოადგენდა ანდრეი ბუროვის საშუალო ზომის ბეტონის ფილების სახლები და დიდი ზომის ნაგებობები, როგორიცაა ე.წ. „შვიდი დობილი“ (მოსკოვის სტალინისდროინდელი ცათამბჯენები), რომლებიც სიდიდის გამო მოითხოვდა ბეტონის გამოყენებას. აგურის წყობა ბუნებრივად მოითხოვდა ვიწრო ფანჯრებს, რაც შედეგად კედლების დიდ ფართობს ტოვებდა დეკორაციებისთვის. ხოლო გადახურვა ძირითადად ხის კარკასზე ლითონის ფირფიტებით ხორციელდებოდა.

1948 წლისთვის მშენებლობის ტექნოლოგია გაუმჯობესდა, სულ მცირე მოსკოვში, მისაწვდომი ხდება უფრო სწრაფი და იაფი პროცესები. ბინები ასევე უფრო უსაფრთხო ხდება ხის ჭერებისა და ტიხრების გაუქმების გამო. 1948-55 წლების სტანდარტიზებული შენობები უკვე ბინების ხარისხით აღარ ჩამოუვარდებოდა სტალინისტურ კლასკურ ნიმუშებს და უძრავი ქონების ბაზარზე დღეს ამ სახელით მოიხსენიება, თუმცა ისინი სტალინისტური არქიტექტურის შემადგენელ ნაწილს აღარ წარმოადგენს. იდეოლოგიურად ეს შენობები მასიურ ბინათმშენებლობას მიეკუთვნება და გარდამავალი საფეხური იყო ხრუშოვკების პერიოდამდე.

წინაპირობა (1900–1931)

 
„სახლი სანაპიროზე“, იოფანის 1931 წლის პროექტი. ბინები სტალინის ელიტისთვის, მაგრამ ჯერ არა სტალინისტური.

1917 წლამდე რუსული არქიტექტურული სცენა იყოფოდა ე.წ. რუსკი მოდერნად (არტ-ნუვოს ადგილობრივი მიმართულება, განსაკუთრებით ძლიერი მოსკოვში) და ნეოკლასიკური აღორძინება (ძლიერი სანქტ-პეტერბურგში). ნეოკლასიკური სკოლის აღზრდილი არქიტექტორები იყვნენ ალექსეი შჩუსევი, ივან ჟოლტოვსკი, ივან ფომინი, ვლადიმირ შუკო და ალექსანდრე ტამანიანი.[2] რევოლუციის დროისთვის ისინი უკვე დამკვიდრებული პროფესიონალები იყვნენ ორმოცი წლის ასაკში, საკუთარი პრაქტიკით, სკოლებითა და მიმდევრებით. სწორედ ისინი გახდნენ სტალინისტური არქიტექტურის მამები და მათ ეკუთვნის ამ პერიოდის საუკეთესო ნიმუშები.

კიდევ ერთი სკოლა, რომელიც რევოლუციის შემდეგ აღმოცენდა, ცნობილია როგორც კონსტრუქტივიზმი. კონსტრუქტივისტთა უმრავლესობა ახალგაზრდა პროფესიონალები იყვნენ, რომლებმაც 1917 წლამდე ცოტა ხნით ადრე დაიმკვიდრეს სახელი, ან ამ პერიოდში მიიღეს განათლება (მაგ. კონსტანტინ მელნიკოვი) ან საერთოდ არ მიუღიათ ფორმალური განათლება. ისინი საკუთარ თავს თანამედროვე ხელოვანთა აქტიურ ჯგუფს უკავშირებდნენ, რომლებიც გამოცდილების უკმარისობის კომპენსაციას საზოგადოებრივი აქტივიზმით ცდილობდნენ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ომისშემდგომი აღმშენებლობის დაწყებით მათთვის აქტივიზმმა შედეგი გამოიღო არქიტექტურული შეკვეთების სახით. თუმცა გამოცდილების მიღებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდა და ამ პერიოდის მრავალი კონსტრუქტივისტული ნაგებობა გაკრიტიკებულ იქნა არარაციონალური დაგეგმვის, გადახარჯვისა და მდარე შენების ხარისხის გამო.[3]

1920-იან წლებში მცირე ხნით არქიტექტურული პროფესია ძველებურად ფუნქციონირებდა — კერძო ფირმებით, საერთაშორისო კონკურსებით, ტენდერებითა და პენ-ომებით პროფესიულ ჟურნალებში. გაიზარდა კეთილგანწყობა უცხოელი არქიტექტორების მიმართ (განსაკუთრებით ამ პერიოდის ბოლოსთვის), როდესაც დიდმა დეპრესიამ მათ სამუშაო შეუკვეცა საკუთარ ქვეყნებში. მათ შორის იყვნენ ერნსტ მეი, ალბერტ კანი, ლე კორბუზიე, ბრუნო ტავტი და მარტ შტამი.[4] ზღვარი ტრადიციონალისტებსა და კონსტრუქტივისტებს შორის მკაფიოდ არ იყო გავლებული. ჟოლტოვსკიმ და შჩუსევმა საკუთარ პროექტებში უმცროს პარტნიორებად მოდერნისტები დაიქირავეს და ამავე დროს შემოიტანეს კონსტრუქტივისტული სიახლეები საკუთარ პროექტებში.[5]

ქალაქგეგმარება ცალკე ვითარდებოდა. საბინაო კრიზისი დიდ ქალაქებში და ინდუსტრიალიზაცია მოშორებულ რეგიონებში მოითხოვდა მასიურ საბინაო მშენებლობას, ახალი ტერიტორიების ათვისებასა და ძველი ქალაქების რეკონსტრუქციას. თეორეტიკოსებმა შეიმუშავეს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება, რომელიც გაცხოველებული პოლიტიზებული დებატების საგანი გახდა, თუმცა მცირე პრაქტიკული შედეგით; სახელმწიფოს ჩარევა გარდაუვალი იყო.

დასაწყისი (1931–1933)

 
მოსკოვის ტექსტილის ინსტიტუტი, კონსტრუქტივისტული შენობა დასრულდა 1938 წ.
 
სტალინიზმი კონსტრუქტივისტის მიერ. ილია გოლოსოვი, 1941 წ.
ეს სექცია ეყრდნობა დმიტრი ხმელნიცკის ნაშრომს „სტალინი და არქიტექტურა“ ([1]).

სტალინის პირადი გემოვნება არქიტექტურაში და მის ამ პროცესში ჩარევის მასშტაბი უმეტესწილად ზეპირ, ანეგდოტურ გადმოცემას ემყარება და ამგვარად გაურკვეველია. ფაქტები, ან მათი მინიშნება სახალხო საბჭოთა დოკუმენტებში ძირითადად 1931–1933 წლების საბჭოების სასახლის პროექტის კონკურსის ირგვლივ ტრიალებს:

  • თებერვალი 1931: წამყვანი საბჭოთა არქიტექტორები მოიწვიეს საბჭოების სასახლის საკონკურსო პროექტების შესაქმნელად.
  • ივნისი 1931: პარტიის პლენუმი ამტკიცებს სამ მეგაპროექტს: მოსკოვის რეკონსტრუქცია, მოსკოვის არხი და მოსკოვის მეტრო.
  • ივლისი 1931: არქიტექტორებმა წარმოადგინეს 15 კონცეფცია პირველი კონკურსისთვის და გამოცხადდა მეორე, საერთაშორისო კონკურსი.
  • თებერვალი 1932: მეორე კონკურსის პრემია მიენიჭა სამ ნიმუშს (იოფანი, ჟოლტოვსკი და ჰექტორ ჰამილტონი). ყველა მოდერნისტული პროექტი უკუგდებულ იქნა.
  • მარტი 1932: 12 არქიტექტორი მოიწვიეს მესამე კონკურსზე.
  • აპრილი 1932: პარტიამ კანონგარეშე გამოაცხადა ყველა დამოუკიდებელი ხელოვანთა ასოციაცია. ვიქტორ ვესნინი დაინიშნა სსრკ არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელად.
  • ივლისი 1932: 5 არქიტექტორი მოიწვიეს მეოთხე კონკურსზე.
  • აგვისტო 1932: სტალინი (სოჭიდან) სწერს მიმართვას ვოროშილოვს, მოლოტოვსა და კაგანოვიჩს. ის აღწერს საკონკურსო ნამუშევრების საკუთარ ხედვას, ირჩევს იოფანის გეგმას და შეაქვს საკუთარი ცვლილებები მასში. ეს მიმართვა, პირველად დაიბეჭდა 2001 წელს და სტალინის ამ პროცესში პირად ჩარევაზე ყველა ირიბი მოსაზრების ძირითადი წყაროა.
  • თებერვალი 1933: მეოთხე კონკურსი დაიხურა გამარჯვებულის გამოცხადების გარეშე.
  • მაისი 1933: იოფანის გეგმამ სახალხო აღიარება დაიმსახურა.
  • სექტემბერი 1933: მოსკოვის ყველა არქიტექტორი განაწილდა 20 მოსსოვეტის საპროექტოში, რომელთა უმრავლესობას ტრადიციონალისტი არქიტექტორები ხელმძღვანელობდნენ (შჩუსევი, ჟოლკოვსკი). ამ თანამდებობებზე ასევე მოწვეული იყვნენ კონსტრუქტივისტები: ილია გოლოსოვი, პანტელეიმონ გოლოსოვი, ნიკოლაი კოლი, კონსტანტინ მელნიკოვი, ვიქტორ ვესნინი, ლოისეი გინზბერგი და ნიკოლაი ლადოვსკი. ამან განაპირობა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 1955 წლამდე გასტანს.

სტალინმა იოფანი აირჩია ერთი პროექტისთვის, თუმცა ქვეყნის მშენებლობაში ყველა დანარჩენი კონკურენტი არქიტექტორიც დაასაქმა. დმიტრი ხმელნიცკის სიტყვებით „შედარება ნაცისტურ არქიტექტურასთან გარკვეულწილად აქტუალურია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. სტალინს არასდროს აურჩევია ერთი არქიტექტორი, ან ერთი სტილი, როგორც ჰიტლერმა აირჩია შპეერი. ვერცერთი ელიტური ჯგუფი ვერ გაიმარჯვებდა … ვერც კონსტრუქტივისტები და ვერ ტრადიციონალისტები… სტალინმა შექმნა საკუთარი 'შპეერი' ყველაფრისგან რაზეც ხელი მიუწვდებოდა“.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ დამოუკიდებელ ჯგუფთა დაშლამდე, სტალინის მეგაპროექტებმა ათასობით პროფესიული სამსახური შექმნა. შედეგად, ერთ დროს ხმამაღალი ახალგაზრდობა რეალურ პროექტებში დასაქმდა და გამაღიზიანებელი პოლემიკისთვის ვეღარ მოიცალა, მათი უფროსების მსგავსად. ერთბაშად ყველას უამრავი საქმე გაუჩნდა.

ომამდე (1933-41)

ადრეული სტალინიზმი (1933-35)

 
პროპაგანდისტული ქანდაკება გოვოროვის შენობის წინ.

ამ პერიოდის პირველი წლები აღინიშნა ცალკე მდგომი შენობების პროექტებით. მოსკოვის უზარმაზარი სივრცეების აღმშენებლობა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა ვინემ ისტორიული უბნების დანგრევა. ამ პერიოდის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსკოვის შენობა დგას ერთსადაიმავე მოედანზე, სამივე აგებული 1931-35 წლებში, თუმცა თითოეული პროექტი დამოუკიდებლად დამუშავდა და ნაკლები ყურადღება დაეთმო ადგილის საერთო ანსამბლს. სამივე შენობამ განვითარების საკუთარი ვექტორი განაპირობა მომდევნო ორი ათწლეულისთვის.

  • მოხოვაიას ქუჩის შენობა ჟოლტოვსკის პროექტით, ფანტაზია იტალიური რენესანსის მოტივებით, დასაბამი გახდა ომის შემდგომი ექსტერიერის ფუფუნების (სტალინის იმპერიული სტილი). თუმცა მისი ზომა ეხამება მიმდებარე მე-19 საუკუნის შენობებს.
  • სასტუმრო მოსკოვის შჩუსევის პროექტი, პირქუში და მძიმე, ყველაფერს მის ირგვლივ ჯუჯად წარმოაჩენს. განვითარების ეს მიმართულება მოსკოვისთვის ჩვეული არ ყოფილა, თუმცა მსგავსი ბუმბერაზი ნაგებობები ბაქოსა და კიევშიც გაჩნდა. მოსკოვის ბალკონების რომაული ვიწრო თაღები 1930-იან წლებში მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ომის შემდეგ ისინი უმეტესწილად სამხრეთულ ქალაქებში ჭარბობს, ამასობაში თითქმის სრულიად გაქრა მოსკოვის პროექტებში.
  • და ბოლოს, არკადი ლანგმანის გოსპლანის შენობა (ამჟამად სახ. დუმა): მოკრძალებული, თუმცა არა პირქუში ნაგებობა მკვეთრი ვერტიკალური დეტალურობით. ეს სტილი, ამერიკული არტ-დეკოს გონებამახვილი ინტერპრეტაცია, მოითხოვდა ძვირადღირებულ ქვისა და ლითონის მოპირკეთებას და ამგვარად მცირე გავრცელება ჰპოვა — საბჭოების სახლი ლენინგრადში (დანგრეული 1941 წელს) და ტვერსკაიას ქუჩა მოსკოვში.

1932-38 წლებში აღმოცენდა განვითარების განკერძოებული მიმართულება, სახელწოდებით „ადრეული სტალინიზმი“ ან „პოსტკონსტრუქტივიზმი“.[6] მისი საფუძვლები შეიძლება მოიძებნოს გამარტივებულ არტ-დეკოში (შუკოსა და იოფანის მეშვეობით), და თვითმყოფად კონსტრუქტივიზმში, რომელიც თანდათან ნეოკლასიციზმში გადადის (ილია გოლოსოვი, ვლადიმირ ვლადიმიროვი). ეს შენობები ინარჩუნებს კონსტრუქტივიზმის მარტივ სწორკუთხა ფორმებსა და ვრცელ მინის ზედაპირებს, მაგრამ ასევე შეიცავს ორნამენტულ ბალკონებს, პორტიკოებსა და სვეტებს. 1938 წლისთვის ის მოდიდან გადადის და ომის დასრულებამდე აღარ წარმოჩენილა.

მოსკოვის გენგეგმა (1935)

ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტების განხორციელება სტილებისა და ზომების შეუსაბამობის საშიშროებას წარმოადგენდა. 1935 წლის ივლისში სახელმწიფო კომისიამ შეაფასა მიმდინარე პროექტების შედეგები და საბოლოოდ გამოსცა განკარგულება მოსკოვის გენერალური გეგმის შესახებ. ეს გეგმა მკაფიოდ ასახავდა სტალინის ურბანული განვითარების ხედვას:

  • ახალი განაშენიანება მთელი არქიტექტურული ანსამბლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, და არა ცალკეული შენობებით.
  • ქალაქის კვარტლის ზომა უნდა გაიზარდოს მიმდინარე 1.5-2-დან 9-15 ჰა-მდე.
  • ახალი განაშენიანების სიმჭიდროვე არ უნდა აღემატებოდეს 400 ადამიანს ჰა-ზე.
  • შენობები უნდა იყოს არანაკლებ 6 სართულის; 7-10-14 სართული პირველი კატეგორიის ქუჩებში.
  • სანაპიროები პირველი კატეგორიის ქუჩებია, რომელთა ზონირება ხდება პირველი კატეგორიის ბინებისა და დაწესებულებებისთვის.

ამ წესებმა ეფექტურად აკრძალა იაფფასიანი მასიური მშენებლობა ძველ ქალაქში და პირველი კატეგორიის ქუჩებზე, და ასევე ერთ ოჯახიანი სახლები. ეკონომიური განაშენიანება გრძელდებოდა გარეუბნებში, თუმცა ძირითადი დაფინანსება მოდიოდა ახალ, ძვირადღირებულ „ანსამბლის“ პროექტებზე, რომლებშიც ძირითადი აქცენტი ფასადებზე და გრანდიოზულობაზე კეთდებოდა.

სრულიად საკავშირი სასოფლო-სამეურნეო გამოფენა (1939)

 
ამჟამად კოსმოსის პავილიონი, 1939 წელს აგებული და 1959 წელს გადაკეთებული. სტალინის ქანდაკება რაკეტამ შეცვალა.

1936 წელს ყოველწლიურმა სასოფლო-სამეურნეო გამოფენამ გადაინაცვლა ტრიალ ველზე მოსკოვის ჩრდილოეთით. 1939 წლის 1 აგვისტოსთვის 250 პავილიონი აშენდა 1,36 კვ. კილომეტრზე. ვერა მუხინას 1937 წლის მუშისა და გლეხის ქანდაკება, ერთ დროს პარიზის ექსპოს საბჭოთა პრიზიორი, აღიმართა გამოფენის შესასვლელ კარიბჭესთან. პავილიონები იქმნებოდა საბჭოთა რესპუბლიკებისა და რეგიონების ეროვნულ სტილში; გამოფენაზე გასეირნება ამ უზარმაზარი სახელმწიფოს მრავალფეროვნების ეფექტურ ვიზუალურ შედეგს ქმნიდა. ვლადიმირ შუკოს ცენტრალური პავილიონი ნაწილობრივ ემყარეობდა ჟოლტოვსკის არ განხორციელებულ 1932 წლის საბჭოების სასახლის გეგმას.[7] „ეროვნული“ შენობებისგან განსხვავებით, ცენტრალურმა პავილიონმა დღემდე ვერ მოაღწია (ცენტრალური კარიბჭე და მთავარი პავილიონები არდგენილ იქნა ადრეულ 1950-იანებში).

გადარჩენილი 1939 წლის პავილიონები არის სტალინის მონუმენტური პროპაგანდის ბოლო და ერთადერთი ნიშანი მათი თავდაპირველი გარემოთი. ამგვარ პროპაგანდისტულ ნიმუშებს მხოლოდ დროებითი დანიშნულება ჰქონდა და ისინი ან დესტალინიზაციას ემსხვერპლა 1956 წელს და ან კიდევ თავად დაიმსხვრა მცირე ხანში.

ომის შემდეგ (1944–1950)

 
ლომების სახლი, მოსკოვის უმაღლესი ჩინოვნიკებისთვის.

ომისშემდგომი არქიტექტურა, ხშირად გაიგივებული უნიფორმულ სტილთან, დაიყო სულ მცირე ოთხ განვითარების ვექტორად:

  • მაღალი კლასის საცხოვრებელი და საოფისე მშენებლობა ახლადაღმოცენებულ გამარჯვებულთა თაობისთვის — ომისშემდგომი ელიტისთვის.
  • ასევე ძლევამოსილი ინფრასტრუქტურის პროექტები (მეტრო ლენინგრადსა და მოსკოვში, ვოლგა-დონის არხი).
  • ომით დანგრეული კიევის, სმოლენსკის, სტალინგრადის, ვორონეჟისა და ასობით მცირე ქალაქის აღდგენა.
  • ასევე ახალი, იაფი ტექნოლოგიების შემუშავება საბინაო კრიზისის დასაძლევად, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დადგა 1948 წელს და ოფიციალური სახ. პოლიტიკა გახდა 1951 წლიდან.
  • ახალი ქალაქების მშენებლობა, განსაკუთრებით ციმბირში: ნოვოსიბირსკი, კემეროვო, ძერჟინსკი და სხვ.

საბინაო მშენებლობა ომისშემდგომ ქალაქებში მკაფიოდ კლასობრივ ხასიათს ატარებდა მდგმურთა რანგის შესაბამისად. ფუფუნების დაფარვის არავითარი მცდელობა არ კეთდებოდა; ზოგჯერ ეს ბუნებრივ ხასიათს ატარებდა, ზოგჯერ კი ზედმიწევნით გაზვიადებული იყო. სტალინთან ახლომდგომ ხელქვეითთა ქალაქგარე რეზიდენციები ყველაზე მაღალი კატეგორიის იყო; ისევე როგორც ივან ჟოლტოვსკის 1945 წელს აგებული „ლომების სახლი“[8], ფეშენებელური რეზიდენციები წითელი არმიის მარშლებისთვის. 1947 წლის მარშალთა ბინები ლევ რუდნევის პროეტით, იმავე კვარტალში, მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება და ასევე უმაღლესი კლასის საცხოვრებელ ბინებს შეიცავს, თუმცა ნაკლებად ექსტრავაგანტური ფასადი აქვს. სტალინის ხელქვეითთა იერარქიას ყველა დონისთვის საკუთარი ტიპის ნაგებობა შეესაბამებოდა. მაღალი კლასის ნაგებობები ადვილად გამოირჩევა ცნობადი დეტალებით, როგორიცაა ფანჯრებს შორის სივრცე, დუპლექსები და ერკერები. ზოგჯერ მდგმურთა შესაბამისი რანგი და საქმიანობა აღინიშნებოდა ორნამენტებსა და მემორიალურ დაფებზე. თუმცა ეს დამახასიათებელი იყო უფრო მოსკოვისთვის. მცირე ქალაქებში სოციალური ელიტა ერთ ან ორ კლასში ერთიანდებოდა; სანქტ-პეტერბურგში კი რევოლუციამდელი ფეშენებელური საცხოვრებელი ფართიც საკმარისად იყო.

მიწის ქვეშ (1938-58)

 
სადგური ვედეენხა, გაიხსნა 1958 წელს, „ექსცესების“ გარეშე. მწვანე ზეთის საღებავმა შეცვალა ფავორსკის მოზაიკა.

მოსკოვის მეტროს მშენებლობის პირველი სტადია (1931-35) განვითარდა როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი დამატებითი კვანძის საჭიროება. არსებობდა უამრავი პროპაგანდა მის მშენებლობაზე, თუმცა თვით მეტრო არ იყო გაიგივებული პროპაგანდის საშუალებად. სხვა პროექტებისგან განსხვავებით მოსკოვის მეტროსთვის სტალინის მეტრო არასდროს დაურქმევიათ.[9] ძველი არქიტექტორები[10] მეტროს დაკვეთებისთვის არ იცლიდნენ და შესაბამისად გზას ახალგაზრდებს უთმობდნენ. თუმცა დამოკიდებულება შეიცვალა მშენებლობის მეორე სტადიის დაწყებისას 1935 წელს. ამ დროიდან მეტრო უკვე პოლიტიკური განცხადება გახდა და მეტი დაფინანსებაც მოიზიდა.[11] მეორე ეტაპზე შეიქმნა სტალინისტური სტილის ისეთი გამორჩეული ნიმუშები, როგორიცაა: მაიაკოვსკაია (1938), ელექტროზავოდსკაია და პარტიზანსკაია (1944). 1944 წლის სადგურები გახდა პირველი მუდმივი პატრიოტული ომის მემორიალები.

ომის შემდეგ არქიტექტორები უკვე რიგში ჩადგნენ მეტროს სადგურების პროექტების კონკურსებში. პირველი ომისშემდგომი ხაზის მშენებლობას 6 წელი დასჭირდა (კოლცევაიას ხაზის უმეტესი წილი). ეს სადგურები გამარჯვებას მიეძღვნა. კომინტერნი[12] და მსოფლიო რევოლუცია მეორე პლანზე გადავიდა, პირველ პლანზე გამარჯვებული, ნაციონალისტური სტალინიზმი გამოვიდა. ლეონიდ პოლიაკოვის სადგური ოქტიაბრსკაია აიგო კლასიცისტური ტაძრის იერზე, ბრწყინვალე თეთრ-ლურჯი საკურთხევლით რკინის ჭიშკარს მიღმა — სრული განდგომა ომამდელი ათეიზმისგან. ამ საკურთხევლის სანახავად მგზავრს უნდა გაევლო თაბაშირის დევიზების, ბრინჯაოს სასანთლეებისა და სამხედრო გამოსახულებათა გრძელი რიგი. სადგური „პარკ კულტური“ წმინდა გოთური შანდლებით იყო მორთული, კიდევ ერთი გადახვევა. მეტროსტროის ამ მიზნისთვის საკუთარი მარმარილოს ქარხანა და სახელოსნო ჰქონდა, სადაც გამოიჩარხა 150 მონოლითური მარმარილოს სვეტი კოლცევაიას ამ მცირე მონაკვეთისთვის. მეორე მონაკვეთი მიეძღვნა გმირულ შრომას (გამონაკლისს წარმოადგენს შჩუშევის სადგური კომსომოლსკაია).[13]

1953 წლის 4 აპრილს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 1935 წელს აგებული მონაკვეთი ალექსანდროვსკი სადიდან, კალინინსკაიას გავლით კიევსკაიამდე სამუდამოდ დაიხურა და შეცვალა ახალმა უფრო ღრმად გაჭრილმა ხაზმა. ამ ძვირადღირებული ჩანაცვლების ოფიციალური განმარტება არ არსებობს. სავარაუდოდ ეს მონაკვეთი დაბომბვის თავშესაფრად გადაკეთდა. ერთ-ერთი სადგური, არბატსკაია (2) ლეონიდ პოლიაკოვის პროექტით, იქცა სისტემის ყველაზე გრძელ სადგურად, 250 მეტრით 160-ის ნაცვლად, და შესაძლოა ყველა ექსტრავაგანტულად.

სტალინისტური „კანონი“ ოფიციალურად დაგმობილ იქნა როდესაც ორი დამატებითი მონაკვეთი ლუჟინსკისა და ვედეენხა-სკენ მშენებლობის პროცესში იყო. ეს სადგურები, დასრულდა რა 1957 და 58 წლებში, თუმცა „გაწმენდილი“ სახით, მაგრამ მაინც სტალინისტურ მიმართულებას ეკუთვნის. თარიღი 1958 წლის 1 მაისი, როდესაც ბოლო ამ სადგურთაგან გაიხსნა, გახდა ყველა გვიანდელი სტალინისტური მშენებლობის დასასრული.

შვიდი დობილი (1947–1955)

სტალინის 1946 წლის იდეა, მოსკოვის პანორამა ცათამბჯენებით მოეფინა, იყო საფუძველი 1947 წლის იანვრის განკარგულებისა, რომლითაც დაიწყო ექვსწლიანი სახალხო კამპანია. ოფიციალური საფუძვლის ჩაყრის ცერემინიისთვის (სექტემბერი, 1947), მონიშნული იყო ადგილი რვა ცათამბჯენისთვის (ერთი, ზარიადნოე, არ აშენდა). ჩამოყალიბდა რვა საპროექტო ჯგუფი, რომელთაც ხელმძღვანელობდა მთავარ არქიტექტორთა ახალი თაობა (37-62 წლის ასაკის). გუნდის საქმიანობას თვალყურს პირადად სტალინი ადევნებდა.

ყველა წამყვანი არქიტექტორი წინასწარი პროექტებისთვის 1949 წლის აპრილში სტალინის პრემიით დაჯილდოვდა. ცვლილებები და ჩასწორებები ხორციელდებოდა თითქმის მშენებლობის დასრულებამდე. ყოველი შენობა ზემდგრადი ფოლადის კარკასით იგებოდა, ბეტონის ჭერებით და აგურის ტიხრებით, ბეტონის ბლოკების საფუძველზე.

ცათამბჯენის პროექტები მოითხოვდა მრავალ ახალ მასალას (განსაკუთრებით კერამიკულს) და ტექნოლოგიას. ამ პრობლემათა გადაჭრამ მოგვიანებით ხელი შეუწყო ბინათმშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თუმცა მან შესამჩნევად შეანელა სხვა სახის მშენებლობები პერიოდში, როდესაც მთელი ქვეყანა ნანგრევებში იყო მოქცეული.

მსგავსი ცათამბჯენები აიგო ვარშავასა და რიგაში; კიევის კოშკი აგებულ იქნა გვირგვინისა და ქიმის გარეშე. დობილი ცათამბჯენების ცადატყორცნილი ქიმები შემდგომში მრავალჯერ განმეორდა შედარებით მცირე შენობებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 8-12 სართულიანი კოშკები ედგმებოდა 4-5 სართულის სიმარლის ომისშემდგომი რეგიონული ცენტრების ნაგებობებს. სრულიად რუსეთის საგამოფენო ცენტრის ცენტრალური პავილიონი, ხელახლა გახსნილი 1954 წელს, 90 მეტრი სიმაღლისაა, აქვს კათედრალის მსგვასი მთავარი დარბაზი, 35 მეტრი სიმაღლისა და 25 მეტრი სიგანის სტალინისტური ქანდაკება და მიურალები.

1949 წლის სტალინის პრემია

 
ზემლიანოი ვალის 46-48, სუკ-ის თანამშრომელთა ბინები ევგენი რიბიცკის პროექტით, 1949
 
ბოლშაია კალუჟსკაიას 7, ივან ჟოლტოვსკი, 1949, სტილის ხელმისაწყვდომობის მცდელობა

სტალინის პრემიამ 1949 წლისთვის (გამოცხადდა 1950 წლის მარტში) გამოააშკარავა სტალინისტური არქიტექტურის მკაფიო, თანამედროვე მიმართულება — ექსტრავაგანტური, ძვირი შენობები კვლავაც განდიდებული იყო, მაგრამ ასევე უპირატესი იყო სტალინისტური სტილის ხელმისაწვდომობისთვის მცდელობა. ის ასევე ხაზს უსვამდე იმ დროის კლასების ფენებად დაყოფას შესაბამისი საცხოვრებელი ფართის განაწილების მიზნით.

პრემია სამმა მოსკოვის შენობამ მიიღო:

  • ზემლიანოი ვალ 46-48, ევგენი რუბიცკის ნაგებობა გამოირჩევა ექსტერიერის ფუფუნებით, 1949 წლის სტანდარტებითაც კი. ერკერებთან ერთად მას ამშვენებს სახურავის ობელიკები, პორტიკოები და კომპლექსური კარნიზები. უფრო მეტი ფუფუნება იმალება ინტერიერში. შენობა აიგო უშიშროების სამსახურის უმაღლესი ჩინოვნიკებისთვის, 200 კვ.მ. ბინებით და ორი დონის დაცული შიდა ეზოთი. მუშებად გერმანელი ტყვეები გამოიყენეს. ელექტრო და სანიტარული გაყვანილობისთვის და მოპირკეთებისთვის გერმანული მასალები ჩამოიტანეს.[14] 1949 წელს მას ქებას ასხამდნენ, 1952 წელს აკრიტიკებდნენ, ხოლო 1955 წელს ხრუშჩოვმა იგი პირადად „ექსცესიულობის მწვერვალად“ შერაცხა.
  • სადოვო-ტრიუმფალნაიას 4, როზენფელდისა და სურის შენობა მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩება პირველს. კედლები, ღრმად შეჭრილი ერკერებითა და ჰორიზონტალური კარნიზებით მოპირკეთებულია გრანიტითა და ტერაკოტით. საერთო იერი იმდენად მძიმეა, რომ ფუფუნებას ისევე ეფექტურად განასახიერებს როგორც რიბიცკის ნამუშევარი. შესანიშნავია მოსამსახურეთათვის მეორადი კიბის დიზაინერული გადაწყვეტა.
  • ბოლშაია კალუჟსკაიას 7, ჟოლტოვსკიმ ერთ-ერთმა პირველა სცადა ხარჯების შემცირება ხარისხისა და ქვის წყობის ტექნოლოგიის სტალინისტური სტანდარტების შენარჩუნებით. ოროთახიანი ბინები მცირეა სტალინისტური სტანდარტისთვის, თუმცა უხვი სათავოებითა და ჭკვიანური განლაგებით მასში ნაკლები შანსი იყო ერთოჯახიანი ბინის მრავალოჯახიან კომუნალკად გადაკეთებისთვის. მისი ბრტყელი ფასადი შემოსილია მოკრძალებული დეკორაციებით ჟოლტოვკისეული ფლორენციული წყობით; ქანდაკებებისა და ობელისკების გარეშე, და ასევე არავითარი ერკერები. ეს იყო საბჭოთა არქიტექტურაში მომავალი მიმართულების უტყუარი ნიშანი.

რეგიონული ვარიაციები

 
საბჭოთა საელჩო (1952), ჰელსინკი.

ეროვნულ რესპუბლიკებს უფლება ჰქონდათ საკუთარი სტალინისტური სტილები განევითარებინათ, მეტნაკლები თავისუფლებით. როდესაც ადგილობრივი ძალები არასაკმარისი იყო, იგზავნებოდა რუსი არქიტექტორები (შჩუშევმა დააპროექტა ტაშკენტის აღმოსავლური იერის თეატრი). ალექსანდრე ტამანიანი, ერევნის მთავარი არქიტექტორი, იყო მთავარ განმხორციელებელი სტალინისტური არქიტექტურის სომხური ნაირსახეობის.

სტალინისტური არქიტექტურა ერთი პერიოდი მთელ ომისშემდგომ აღმოსავლეთის ბლოკში გავრცელდა. ლევ რუდნევის ვარშავის კულტურის სასახლე, საბჭოთა ხალხის საჩუქარი პოლონეთს, სავარაუდოდ ამგვარი სტილის ექსპორტის ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია. ზოგიერთი მათგანი დაცული ძეგლი გახდა, მათ შორის სტალინალეე ბერლინში, ძირითადად დაპროექტებული ყოფილი მოდერნისტების ჰერმან ჰენსელმანისა და რიხარდ პაულიკის მიერ. ახალი ქალაქები მსგავსად ნოვა ჰუტასი პოლონეთში, ზტალინვაროსის უნგრეთში და სტალინშტადტი გდრ-ში კლასიცისტური სტალინიზმის ესტეთიკის დანერგვის ადრეული მცდელობები იყო. დამთრგუნველი სიდიადის ცენტრალური შენობების ნიმუშებია კასა სკანტეიი რუმინეთში და ლარგოს კომპლექსი სოფიაში, ბულგარეთი.

ყველა ეს პროექტი სტალინის ეპოქას ეკუთვნოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მისი გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. პარლამენტის უზარმაზარი შენობა ბუქარესტში 1984 წელს დასრულდა და ამ სტილის ყველაზე გვიანდელი ნიმუშია. აღმოსავლეთ აზიაში მოიძებნება რამდენიმე ნიმუში ჩრდ. კორეაში და ჩინეთში, მაგ. შანხაის საგამოფენო ცენტრი, თავდაპრიველად აგებული როგორც ჩინეთ-საბჭოთა მეგობრობის სასახლე. სტალინისტური სტილი გამოყენებული იყო საბჭოთა საელჩოებში საზღვარგარეთ, მათ შორის აღსანიშნავია საელჩო ჰელსინკიში, ფინეთი. ე. ს. გრებენშიკოვის პროექტის შენობას გარკვეული მსგავსება აქვს ლონდონის ბაკინგემის სასახლესთან. ამას უკავშირებენ, იმ ფაქტს, რომ იმხანად საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვს ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ძლიერ მოსწონდა.

დაქვეითება (1948–1955)

გადასვლას სტალინისტური არქიტექტურიდან სტანდარტულ მზა ბეტონის ბლოკებით ნაგებ კოლოფებზე ხშირად ხრუშჩოვის მმართველობას უკავშირებენ, კერძოდ კი 1955 წლის ნოემბრის[15] განკარგულებას ექსცესების ლიკვიდაციის შესახებ. ხრუშჩოვი ნამდვილად იყო ჩართული ხარჯების შემცირების კამპანიაში, თუმცა ის 1948 წელს დაიწყო, როდესაც სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გადახვევა მასმშენებლობაზე აშკარაა ეკონომიურ სტალინისტურ შენობებში ჟოლტოვსკის ბოლშაია კალუჟსკაიას 7-ის მსგავსად. თუმცა ქვის წყობაზე დაყრდნობით, ამგვარი შენობები მხოლოდ მცირედ ეკონომიას იძლეოდა. 1948-55 წლებში სხვადასხვა არქიტექტურული ბიუროები უზარმაზარ კვლევებს აწარმოებდნენ, რათა ახალი ტექნოლოგიებისთვის მიეკვლიათ და გამოეცადათ.

კარკასისა და ფილების ცდა (1948–1952)

 
ლაგუტენკო-პოსხინის კვარტალი, მოსკოვი, 1948-52. ქვით წყობას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში მზა ბეტონის ფილებითაა ნაგები და ბეტონის პანელების მოპირკეთება აქვს.

1947 წელს ინჟინერი ვიტალი ლაგუტენკო დაინიშნა ექსპერიმენტული ინდუსტრიული სამშენებლო ბიუროს ხელმძღვანელად, რომლის მიზანი მასიური მშენებლობისთვის ვარგისი იაფი ტექნოლოგიის შესწავლა და დაპროექტება იყო. ლაგუშენკომ ყურადღება გაამახვილა დიდი ზომის მზა ბეტონის ფილებზე. ის შეუერთდა ამომავალ არქიტექტორ მიხაილ პოსოხინს (უფრ.)[16] და აშოტ მნდოიანცს და 1948 წელს ამ გუნდმა შექმნა პირველი ბეტონის კარკასისა და ფილების შენობა დღევანდელი პოჟაევსკაიას მეტროს სადგურთან. მალევე მის გვერდით კიდევ ოთხი იდენტური შენობა აღიმართა. მსგავსი შენობები აშენდა 1949-52 წლებში მთელს ქვეყანაში. მიუხედავად წარმატებისა, ეს პროექტი ჯერ კიდევ ექსპერიმენტად რჩებოდა, რომელსაც მხარს არ უმაგრებდა ინდუსტრიული შესაძლებლობები. პოსოხინმა ასევე შექმნა სხვადასხვა ფსევდოსტალინისტური კონფიგურაციები საბინაო კორპუსებისთვის, დეკორატიული ექსცესებით; მაგრამ მათ განხორციელება არ ეწერა. ბეტონის კარკასები დაინერგა ინდუსტრიულ მშენებლობაში, თუმცა სიძვირის გამო მასიური ხასიათი ვერ მიიღო.

მოსკოვის კონფერენცია, იანვარი, 1951

უცნობია, თუ რომელმა პარტიის ლიდერმა წამოაყენა ხარჯების შემცირების კამპანია, თუმცა ამის საჭიროება ნათელი იყო. რაც ცნობილია არის ის, რომ 1951 წელს ხრუშჩოვმა, მაშინ ქალაქ მოსკოვის პარტიის ხელმძღვანელი, უმასპინძლა პრეფესიულ კონფერენციას სამშენებლო პრობლემებზე. კონფერენციაზე გამოცხადდა გადასვლა ქარხნული წესით დამზადებულ დიდი ზომის ბეტონის ფილებზე და დაიგეგმა ამ მიზნისთვის ახალი ქარხნების აშენება, მშენებლობის პროცესის დაჩქარებისა და გაიაფების მიზნით. თუმცა კვლავ გასარკვევი იყო რა ზომის უნდა ყოფილიყო ეს ფილები — მთელი სართულის სიმაღლე, თუ მცირე, ან კიდევ ორი სართულის ზომა (როგორც ლაგუტენკომ სცადა კუზმინკის პროექტში[17]). ერთი წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკვე დაკანონდა XIX პარტიულ კონგრესზე, რომელსაც სტალინიც ესწრებოდა. მთავარ საზოგადოებრივ ნაგებობებსა და ელიტარულ ბინებს ჯერ არ შეხებიან.

პეშჩანაიას მოედანი (1951–1955)

 
როზენფელდის პეშჩანაიას ქუჩის პროექტი, მოსკოვი, 1951-55. ქვით წყობა, მზა ბეტონის ფასადის დეტალებით.

განსხვავებული ცდა მიმდინარეობდა პროექტის მართვის გაუმჯობესების მხრივ, რომელშცის აქცენტი ცალკეული შენობიდან მთელი კვარტალის პროექტებზე გადაიტანეს. ეს ცდა გამოსცადეს პეშჩანაიას ქუჩაზე. მობილური ჯგუფების მშენებლობის სხვადასხვა სტადიაში მყოფი შენობათა ჯაჭვის გასწვრივ გადაადგილება კონვეიერული წესისა და ტრადიციული აგურით წყობაზე მზა ბეტონის ფილების გამოყენებით, მშენებლები ახერხებდნენ ტიპური შვიდსართულიანი ნაგებობების 5-6 თვეში დასრულებას. სველი წესით მობათქაშების ნაცვლად (რომელიც პროცესს ორი თვით აჭიანურებდა) ეს შენობები მოპირკეთებული იყო ღია აგურით გარედან და მშრალი კედლებით შიგნიდან. ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, ეს იყო ნამდვილი, და ბოლო, სტალინისტური შენობები.

დასასრული (ნოემბერი, 1955)

 
სასტუმრო უკრაინა დასრულების ჟამს, 1961.

სტალინის სიცოცხლეში ფეშენებელური იმპერია და მასიური ბინათმშენებლობა მშვიდობიანად თანაარსებობდა; ლაგუტენკოს თანადგომა არ ნიშნავდა რიბიცკისგან განდგომას. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 1954 წლის ნოემბერში, როდესაც კრიტიკოსებმა ღიად დაგმეს ექსცესიულობა და მაღლივი ნაგობობების სურვილი, ანუ სტალინის სურვილი; ეს კამპანია გაჩაღებული უნდა ყოფილიყო პირადად ხრუშჩოვის მიერ. მომდევნო წელს კამპანია უფრო მასშტაბური გახდა, შეამზადა რა საზოგადოება სტალინიზმთან ფორმალური გამოთხოვებისთვის.

ექსცესების ლიკვიდაციის განკარგულებას (4 ნოემბერი, 1955) მოჰყავს სტალინიზმის ექსცესების გარკვეული შედარებითი ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც ის პროექტების საერთო ღირებულების 33%-ს აჭარბებდა. მაგალითები ფრთხილად იქნა შერჩეული, თუმცა საფუძველს მოკლებული არ იყო. განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვნენ ალექსეი დუშკინი და ევგენი რიბიცკი სამმაგი გადახარჯვისა და უზომოდ ფუფუნებრივი საბინაო დაგეგმვისთვის; რიბიცკისა და პოლიაკოვს ჩამოერთვათ სტალინის პრემიები. ამას მოჰყვა ბრძანებულება განვითარებულიყო სტანდარტული გეგმები და შექმნილიყო მშენებლობის სტანდარტიზაციის ინსტიტუტი ყოფილი აკადემიის საფუძველზე.

სტალინისტური არქიტექტურა აგონიაში აღმოჩნდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში — ძველი პროექტების დასრულება უპირატესობას უკვე აღარ წარმოადგენდა. საწყის ფაზაში მყოფი პროექტები ძირეულად შეიცვალა, სტრუქტურულად დასრულებულთ კი მოეხსნა ყველა ექსცესი. ეს ისტორია დამთავრდა სასტუმრო უკრაინის (კიევი) 1961 წელს დასრულებით. დიდებული სტალინალეე ბერლინში, ჩასახული 1952 წელს, ასევე დასრულდა 1961 წელს, თუმცა მას არ ჰქონია ბევრი დასაკარგი: მასშტაბი და სტრუქტურა ამ შენობებისა უდავოდ სტალინისტურია, თუმცა სადა მოპირკეთება იხრება იუგენდშტილისა და პრუსიული ნეოკლასიციზმისკენ. ეს ქუჩა მოგვიანებით გაფართოვდა საერთაშორისო სტილში და მას კარლ-მარქს-ალეე დაერქვა.

მემკვიდრეობა და აღორძინება

 
გალს ტაუერი (ფრაგმენტი), მოსკოვი.

ბრეჟნევის ეპოქის ზოგიერთი ნაგებობა, მათ შორის რუსეთის თეთრი სახლი, შეიძლება მიეკუთვნოს სტალინიზმს. რუმინეთის ნეოსტალინისტურმა რეჟიმმა შექმნა უზარმაზარი გვიანდელი ნიმუში ამ სტილში პარლამენტის სასახლის სახით, რომელიც 1984 წელს დაიწყო. მისი სტილის მსგავსი შენობები ჩნდება მოსკოვში 1996 წლიდან, ამ პერიოდის უბნების შესავსებად, ან ცალკეული განაშენიანების სახით. ზოგი მათგანი წმინდა ნეოკლასიკურ ან არტ-დეკოს ხასიათს ატარებს. მცირე გამონაკლისის გარდა მათი არქიტექტურული ხარისხი და მნიშვნელობა ურბანულ განვითარებაში სადაოა. ყველაზე ნაკლებად წინააღმდეგობრივ ნიმუშთა შორისაა:

  • ტრიუმფის სასახლე მოსკოვში, ცნობილი როგორც მერვე დობილი, ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემია და მისი სილუეტი იდენტურია სხვა სტალინისტური კონსტრუქციების.
  • რომაული ეზო (Римский Двор, 2005) მიხაილ ფილოპოვის პროექტით; შესაძლოა უფრო ნეოკლასიკურ ფანტაზიად შეირაცხოს, თუმცა ემსგავსება ადრეულ სტალინისტურ ნაგებობებს.
  • გალს ტაუერი (Cистема ГАЛС, 2001) არქიტექტორთა ჯგუფის Workshop 14 პროექტი, რომელმაც შეავსო ცარიელი სივრცე იმავე პერიოდის საშუალო სიმაღლის შენობებს შორის ტვერსკაიაზე. შენობა კვარტლის კუთხეს ავსებს და თვალშისაცემი არ არის. არტ-ნუვოსა და არტ-დეკოს ნაზავის მიუხედავად, ეს შენობა მოხდენილად ჩაჯდა ტვერსკაიას ანსამბლში.
  • პრეობრაჟენსკაია ზასტავა (Преображенская Застава, 2003) — მთელი კვარტალი (308 ბინა და სავაჭრო ფართი), დაპროექტებული ადრეული 1930-იანების სტილში იოფანესეული და ვლადიმიროვის არტ-დეკოს ელემენტებით. გამორჩეული ნიმუში, რომელიც სინამდვილეში იმ პერიოდში აშენებულს ჰგავს და არა თანამედროვე მიმსგავსებას.

ლიტერატურა

  • (ინგლ.) Architecture of The Stalin Era, Alexei Tarkhanov (Collaborator), Sergei Kavtaradze (Collaborator), Mikhail Anikst (Designer), 1992, ISBN 978-08-4781-473-2
  • (ინგლ.) Architecture in the Age of Stalin: Culture Two, Vladimir Paperny (Author), John Hill (Translator), Roann Barris (Translator), 2002, ISBN 978-05-2145-119-2
  • (ინგლ.) The Edifice Complex: How the Rich and Powerful Shape the World, Deyan Sudjic, 2004, ISBN 978-15-9420-068-7

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. როგორც მოუვიდა ივან ჟოლტოვსკის და მის ბოლშაია კალუჟსკაია #7-ს 1949-50 წლებში.
  2. მიმდევრობა ამ სიაში მიჰყვება სტალინის იერარქიაში ფორმალურ ადგილს. თითოეულ მათგანს გარკვეული რანგი ჰქონდა მინიჭებული.
  3. რუს.: Школы. Архитектура и строительство школьных зданий, Госстройиздат, М., 1954, стр.12 (Schools, 1954, p.12)
  4. რუს.: რუსეთში უცხოელ არქიტექტორთა მიმოხილვა, დმიტრი ხმელნიცის მიერ www.archi.ru დაარქივებული 2007-04-06 საიტზე Wayback Machine.
  5. ჟოლტოვსკი — მოსკოვის ელექტროსადგური (MOGES-1, 1927); შჩუსევი — ნარკომზემის ბიურო, 1928–1933
  6. რუს.: Хан-Магомедов С. О. Архитектура советского авангарда. — М.: 1996.
  7. ეს და სხვა ფოტოები, რუსული კომენტარით იხილეთ გვერდზე www.bcxb.ru დაარქივებული 2006-11-18 საიტზე Wayback Machine.
  8. ლომების სახლი დააპროექტა ნიკოლაი გაიგაროვმა და მ. ძისკომ ჟოლტოვსკის სახელოსნოში, თავად ჟოლტოვსკი პროექტს ხეომძღვანელობდა
  9. რუს.: „Московскому метро 70 лет“, World Architecture Magazine, no. 14, 2005, стр. 30-52 (მოსკოვის მეტრო 70 წლისაა, გვ.30-52) WAM დაარქივებული 2010-02-18 საიტზე Wayback Machine.
  10. განსაკუთრებით ჟოლტოვსკიმ უარი განაცხადა მეტროზე ემუშავა, თუმცა კონსულტაციებს უწევდა მრავალ ახალგაზრდა მეტროს არქიტექტორს — მოსკოვის მეტრო 70 წლისაა გვ. 30
  11. კიევსკაია (1938) იყო პირველი, სადაც მოზაიკური ქვის იატაკები დაიგო. შემდეგში იგივე განმეორდა უფრო ადრინდელ სადგურებშიც, მაგ. კროპოტკინსკაია (1935) თავდაპირველად აგებულ იყო ასფალტის იატაკით.
  12. მეტროსადგურს კომინტერნი 1946 წ. დეკემბერში კალინინსკაია დაერქვა
  13. მოსკოვის მეტრო 70 წლისაა, გვ.93-101
  14. რუს: „Репрессированный дом“; შესაძლოა, ანეგდოტური წყარო, თუმცა საკმაოდ დამაჯერებელი www.moskva.kotoroy.net დაარქივებული 2007-01-03 საიტზე Wayback Machine.
  15. რუს.: Постановление ЦК КПСС и СМ СССР „Об устранении излишеств в проектировании и строительстве“, 04.11.1955.
  16. პოსოხინი (უფრ.) იყო მოსკოვის მთავარი არქიტექტორი 1961–1980 წლებში. მისი ვაჟი, მიხაილ პოსოხინი (უმც.) მართავს მოსკოვის უდიდეს მოსპროექტ-2-ს 1982 წლიდან. 1960-იანებში, ლაგუტენკო პოსოხინს მიჰყვა კარიერის კიბეზე.
  17. რუს.: „Комбинат, который открыл эпоху“, Московская перспектива, N21, 29.05.2001. ლაგუტენკოს ცდა ჩაიშალა.
  არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე.