ასფალტი (ბერძ. άσφαλτος – მთის ფისი) — რუხი ფერის ფისისებური მასა, რომლითაც გზების, ქუჩების, მოედნების ზედაპირს ფარავენ.[1] განასხვავებენ ბუნებრივსა და ხელოვნურ ასფალტს. ბუნებრივი ასფალტი ნავთობისაგან წარმოიქმნება. მსუბუქი ფრაქციების აორთქლებისა და ჰიპერგენეზისის ზეგავლენით მძიმე ფრაქციების დაჟანგვის შედეგად ნავთობი ჯერ სქელ, ძალიან ბლანტ მალთად იქცევა, მერე კი — მყარ, ადვილდნობად ასფალტად. შემდგომი ცვლილებებისას წამროიქმნება ასფალტიტი. ზოგჯერ ასფალტის დიდი „ნავთობის ტბები“ ზედაპირზე ქმნის მეტნაკლებად სქელ ქერქს (მაგ., ასფალტის ტბა კუნძულ ტრინიდადზე). ასფალტი დიდი რაოდენობითაა იმ ნავთობიან ქანებში, რომლებიც განლაგებულია დედამიწის ზედაპირის ახლოს ან ზედაპირზე გამოდის. ასფალტი ქვის, დოლომიტისა და სხვა ქანებში ავსებს ბზარებსა და ღრუებს. საქართველოში ცნობილია ნატანების, ელდარისა და შირაქის ასფალტის საბადოები, გაგრის ასფალტოვანი ქანები და სხვ. საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი საბადოებია: ვენესუელაში, საფრანგეთში, იორდანიაში, კანადაში, ისრაელში.

აგებენ ასფალტს
ასფალტდამგები

ხელოვნური ასფალტი ბიტუმისა და დაქუცმაცებული მინერალური შემვსების (უმთავრესად კირქვის) ნარევია. ბუნებრივი ასფალტისგან განსხვავებით, ხელოვნური ასფალტი შეიცავს პარაფინისა და ნავთობის ზეთებს. ქვიშასთან, ხრეშთან, ღორღთან შერეულ ხელოვნურ ასფალტს ფართოდ იყენებენ იატაკისა და ტროტუარის დასაგებად, გზის საფრად და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება