საქართველოს კლიმატი
საქართველოს ჰავა — საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. საქართველოს ჰავის ნაირგვარობას განსაზღვრავს ერთი მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორე მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდ რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
ზოგადი ცნობები
რედაქტირებაშედარებით დაბალ განედზე მდებარეობისა და ზომიერი ღრუბლიანობის გამო, საქართველო მზისგან მნიშვნელოვან სითბოს იღებს. მზის ნათების ხანგრძლივობა 1350-2520 სთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მზისგან მიღებული ჯამური რადიაცია 115-153 კკალ/სმ² წელიწადში. საკმაოდ ცვალებადობს რადიაცული ბალანსი, რომლის მაქსიმუმი (52-53 კკალ/სმ²) ნოტიო სუბტროპიკულ ბარშია, მინიმუმი (25 კკალ/სმ²) – კავკასიონის მაღალმთიან ზონაში. საქართველოს ჰავის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს როგორც ზომიერი, ისე სუბტროპიკულ სარტყელში განვითარებული ატმოსფერული პროცესები.
ამ ზონებში ძირითადად ადგილი აქვს ზონალურ ცირკულაციას. ზოგჯერ მას არღვევს მერიდიანული ცირკულაცია, რომლის დროსაც ჩრდილოეთ განედებიდან შემოიჭრება ხოლმე ცივი ჰაერის მასები, ხოლო სამხრეთიდან — თბილი. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კავკასიონს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. ჰაერის მასები საქართველოში უმთავრესად დასავლეთიდან აღმოსავლეთიდან იჭრება.
ხშირად ამინდის ცვლილებას სამხრეთიდან შემოსული თბილი ჰაერის მასებიც იწვევს. ჰავის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერი განედების, არქტიკული და ტროპიკული როგორც ზღვის, ისე კონტინენტური ჰაერის მასებს. სუბტროპიკული პროცესები, რომელთა მეშვეობითაც შემოდის ჰაერის მასები ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაჯგუფებულია შემდეგ ტიპებად:
დასავლეთისა, აღმოსავლეთისა, ორმხრივი, ანტიციკლონური მდგომარეობა და ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებში განვითარებული ტალღური აღრევა.
ამინდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს კონვექციური პროცესები, რომლებიც წლის თბილ პერიოდში უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ჰაერის ტემპერატურა ადგილის ჰავის თავისებურების მაჩვენებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, საქართველოში იგი დიდი კონტრასტებით გამოირჩევა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ყველაზე მაღალია სოხუმში (ნავსადგური, 15 °C) ხოლო დაბალი – კავკასიონის თხემზე 5000 მ) —12.5 °C განსაკუთრებული თბილი ზამთრით გამოირჩევა კოლხეთის დაბლობი, სადაც იანვრის საშუალო ტემპერატურა 5-7 °C-ია, ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი კი 0.2-0.9. ზამთარში ხშირია ინვერსიები. ზღვისპირა ადგილებში იგი ზაფხულშიც შეინიშნება.
ცირკულაციის, რადიაციისა და ოროგრაფიული ფაქტორების ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს ტერიტორიის ტენიანობის საკმაოდ დიდ კონტრასტებს.
საქართველოს დიდი ნაწილი ატმოსფერული ნალექების სიუხვით გამოირჩევა, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-4500 მმ ფარგლებში იცვლება. ნალექების პოლუსი ჩაქვის ქედის ზღვისკენ მიქცეულ კალთაზეა – მტირალას მთის მიდამოებში (წელიწადში საშუალოდ 4500 მმ, ცალკეულ წლებში 5000 მმ-ზე მეტი). საქართველო გამოირჩევა დღე-ღამეში მოსული ნალექების სიუხვითაც (ჯურუყვეთი 352 მმ), ნალექები მთებში სიმაღლის მიხედვით ყველგან არ მატულობს, პირიქით, ზოგან კიდეც მცირდება (სვანეთი, ჯავახეთის პლატო და სხვ.) მაქსიმალური ნალექების მოსვლის ზონები დასავლეთ საქართველოში 300-500-იდან 3500 მ-მდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1200-იდან 3500 მ-მდე იცვლება.
რთული ოროგრაფიული პირობებისა და გაბატონებული ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების სირთულის გამო, ნალექების შიგაწლიური განაწილება თავისებურია: დასავლეთ საქართველოში ნალექების მაქსიმუმი ზამთარში ან შემოდგომაზეა, მინიმალური – გაზაფხულზე ან ზაფხულში, აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმუმი ზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია, მინიმალური ზამთარში.
ჰავის ოლქები და რაიონები
რედაქტირებამზის რადიაციის რეჟიმით საქართველო სუბტროპიკულ ზონაშია. ატმოსფერული ცირკულაციის ხასიათის და მასთან დაკავშირებული ამინდის პირობების მიხედვით მის ტერიტორიას ყოფენ 2 ცირკულაციურ ჰავის ოლქად და ერთ ქვეოლქად. ესენია:
1. ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქი 2. სუბტროპიკული კონტინენტური ჰავიდან ზღვის ჰავაზე გარდამავალი ოლქი (და ამ ოლქში შემავალი წინა აზიის მთიანეთის მშრალი სუბტროპიკული ჰავიდან ზომიერად ნოტიო ჰავაზე გარდამავალი ქვეოლქი).
პირველი ოლქი მოიცავს დასავლეთ საქართველოს და ხასიათდება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის მკაფიოდ გამოხატული თვისებებით. დაბალი ნაწილი ძირითადად გამოირჩევა რბილი ზამთრით, შედარებით გრილი ზაფხულით, ტემპერატურის ზომიერი ამპლიტუდით, უხვი ნალექებით და მაღალი სინოტივით. მეორე ოლქი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ახასიათებს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. აქ ზამთარი უფრი ცივია, ვიდრე პირველ ოლქში, მოდის შედარებით მცირე ნალექები. ამ ოლქის ქვეოლქი მოიცავს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ცენტრალურ სტეპურ ნაწილს. აქ ჰავა უფრო კონტინენტურია, ზაფხული — ცხელი, ზამთარი ცივი და ატმოსფერული ნალექები რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე იმავე სიმაღლეზე მდებარე საქართველოს სხვა ადგილებში. რელიეფის მნიშვნელოვანი დასერილობა ზოგად ცირკულაციას იმგვარად გარდაქმნის და მეტეოროლოგიურ ელემენტების რიცხვითი სიდიდეების ისეთ დიდ სხვადასხვაობას იწვევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებული კლიმატური რაიონები გამოიყოფა.
დასავლეთი კავკასიონი
რედაქტირებავრცელდება ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში. დაბალი განედისა და მზის სიმაღლის მეშვეობით იგი მთელი წლის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობის მზის სხივურ ენერგიას. განიცდის შავი ზღვისა და დასავლკეთიდან მონაბერი ნოტიო ქარების გავლენას. ჰავის მთავარი თავისებურებაა სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილებში 5—12 °C, ზღვის დონიდან 2500 მ ზევით უარყოფითი ხდება. 700—800 მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 1—2 °C, მაღალმთიან ზონაში —15 °C უახლოვდება. ცალკეულ სუსხიან დღეებში აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა —25 °C, —40 °C–მდე ეცემა. ივლის-აგვისტოში ტემპერატურა დასავლეთ კავკასიონზე 6—22 °C, აბსოლუტურ მაქსიმალური 20—42 °C. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა იცვლება 1800—3500 მმ ფარგლებში, გამონაკლისია ჩაკეტილი დაბალი ადგილები (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმში), სადაც ის 900—1200 მმ შეადგენს. ქარპირა კალთები გაცილებით მეტ ნალექს იღებს, ვიდრე ქარზურგა. ღრუბლიანობა და სინოტივე მაღალია, დანესტიანების კოეფიცინეტი 1.5—3.5 და მეტიცაა. თოვლი ყველგან მოდის, თოვლის საფრის სიმაღლე ზოგან 3—4 მ აღწევს. ხშირია მთა-ხეობათა ქარი, ელჭექი და სეტყვა.
აღმოსავლეთი კავკასიონი
რედაქტირებავრცელდება სუბტროპიკულ კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში. კარგად არის გამოხატული კლიმატური სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილში 8—10 °C, 3500 მ სიმაღლეზე —6 °C. ყველაზე ცივი თვეების (იანვარი, თებერვალი) ტემპერატურა —3 °C, —15 °C, აბსოლუტურ მინიმალური —26 °C, —42 °C; უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) ტემპერატურა 2—18 °C, მაქსიმალური 16—40 °C. ატმოსფერული ნალექები სიმაღლის შესაბამისად ყველგან მატულობს და ტერიტორიულად 800—1800 მმ შორის იცვლება. ღრუბლიანობა ზომიერია (50—60 %), საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 65—75 %, დანესტიანების კოეფიციენტი 1.5—2.5. თოვლის საფრის სიმაღლე საშუალოდ 25—50 სმ, ზედა ნაწილში 1.0—1.5 მ, მაქსიმალური 3 მ-ს სჭარბობს. ქარები უმთავრესად ხეობების მიმართულებით ქრის, ზედა ნაწილში ჭარბობს დასავლეთის ქარი.
კოლხეთის ბარი
რედაქტირებახასიათდება ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავით. შავი ზღვის გავლენის ყველაზე მეტად ეს რაიონი განიცდის, ამიტომ აქ არ იცის ცივი ზამთარი. ზაფხულიც შედარებით გრილია, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ამ მხარეში კავკასიონის გავლენით პირდაპირ ვერ შემოდის ჩრდილოეთ ცივი ჰაერის მასები.
საშუალო წლიური ტემპერატურა 13—15 °C, იანვრის 2—7 °C, ივლის-აგვისტოს 22—23 °C, აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა —9—27 °C, მაქსიმალური 40—43 °C. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 4200—4500 °C, რაც წლის განმავლობაში რამდენიმე მოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში — დასავლეთის ქარი, კარგად არის განვითარებული ბრიზები და ფიონები.
წელიწადში 1400—3000 მმ ნალექი მოდის. ნალექიანია უმთავრესად ზამთარი და შემოდგომა. თოვლის მდგრადი საფარი იშვიათად ჩნდება. ზღვის სიახლოვისა და ხშირი დასავლეთის ქარების გავლენით მთელი წლის განმავლობაში დიდია ღრუბლიანობა და ტენიანობა, დანესტიანების კოეფიციენტი 4,0 სჭარბობს, შეფარდებითი სინოტივე 70—80 % შეადგენს. ელჭექი და სეტყვა მთელი წლის განმავლობაში იცის.
იმერეთის მაღლობი
რედაქტირებაიმერეთის მაღლობზე ზღვის გავლენა შესუსტებულია, ჰავა შედარებით მშრალია, ზამთარი შესამჩნევად ცივი, ვიდრე კოლხეთის დაბლობზე, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ნიშნები. საშუალო წლიური ტემპერატურა 5—13.5 °C, იანვრის ტემპერატურა დაბალ ნაწილში 0—3°C, მაღალმთიან ნაწილში —5—6 °C. მეტისმეტად ცივ დღეებში ტემპერატურა —20—31 °C-მდე ეცემა. უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა 15—23 °C, მაქსიმალური 30—40 °C. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 2000—4100-ია.
ატმოსფერული ნალექები 900—1800 მმ ფარგლებში მერყეობს, დიდია ღუბლიანობა (60—65 %) და შეფარდებითი სინოტივე (75—80 %).
კარგად არის განვითარებული მთა-ხეობათა ქარები, კოლხეთის ბარის მსგავსად, ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში — დასავლეთის ქარები. აღმოსავლეთის ქარი ფიონური ხასიათისაა. ელჭექი და სეტყვა რაიონში უმთავრესად თბილ პერიოდში იცის.
შიდა ქართლის ბარი
რედაქტირებაგაბატონებულია მშრალი სუბტროპიკული ჰავა, რომელზეც გავლენას ახდენს მის გარშემო მდებარე მაღალი ქედები. წლის ცივ პერიოდში ხშირად ვითარდება ინვერსიები, ამიტომ ზამთარი უფრო ცივია, ვიდრე საქართველოს სხვა, იმავე სიმაღლეზე მდებარე ადგილებში. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 9—11 °C შორის; იანვრის ტემპერატურა —1—4 °C, აგვისტოსი 20.4—22.3 °C. აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა —26—31 °C. მაქსიმალური 35—40 °C. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-მეტ ტემპერატურათა ჯამი 3100—3900.
გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, პირველი, ჩვეულებრივ, გრილი და ნოტიოა, მეორე ზამთარში ნოტიო და ცივია, ზაფხულში — ცხელი.
წელიწადში 500—800 მმ ნალექი მოდის. ხშირია გვალვები. წლის თბილ პერიოდში აორთქლება ბევრად სჭარბობს მოსული ნალექების რაოდენობას. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. თოვლის საბურველი დიდხანს არ დევს. ელჭექიანია 30—45, სეტყვიანი 1—2 დღე წელიწადში.
ქვემო ქართლის ბარი
რედაქტირებაქვემო ქართლის ბარი – ღიაა აღმოსავლეთიდან, საიდანაც თავისუფლად იჭრება ჰაერის მასები, ხშირია მდინარე მტკვრის ხეობით დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასებიც. განსაკუთრებით მოქმედებს ამინდზე ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, მათთან არის დაკავშირებული წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. დამახასიათებელია მშრალი სუბტროპიკული ჰავა.
მზის ნათების ხანგრძლივობა მცირე ღრუბლიანობის გამო მაღალია (2500 სთ წელიწადში). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12—12 °C, იანვრის 0,2 °C, განსაკუთრებით ცხელია ივლისი და აგვისტო (23—25 °C, ზოგან მეტიც). აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა –20—25 °C, მაქსიმალური 40—41 °C. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3700—4200 °C. ეს რაიონი გამოირჩევა ჰაერის წლიური ამპლიტუდით (24—25 °C).
წელიწადში 400—600 მმ ნალექი მოდის. განსაკუთრებით მშრალი და გვალვიანია მისი სამხრეთი ნაწილი. აქ აორთქლებადობა ბევრად აღემატება მოსული ნალექების რაოდენობას. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება. ელჭექიანია საშუალოდ 35—50, სეტყვიანი 1—2 დღე წელიწადში.
ივრის ზეგანი
რედაქტირებაგაბატონებულია მშრალი კონტინენტური ჰავა. ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. ტემპერატურა 10—11 °C, იანვრის 1—3 °C, ივლის-აგვისტოსი 22—24 °C. აბსოლუტურ მინიმალური –24—32 °C, მაქსიმალური 40 °C. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3200—3800 °C-ია.
განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. გაბატონებულია დასავლეთის ქარები.
ნალექები 400—500 მმ წელიწადში. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. ელჭექიანია 20—40, სეტყვიანი 1—3 დღე წელიწადში.
შიგნით კახეთის ბარი
რედაქტირებაგაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აქ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება ჰაერის მასები თავისუფლად, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური ტემპერატურა 11—13 °C, იანვარში 0,—1 °C, თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი წლები, როცა ტემპერატურა 0 °C-ზე დაბლა ეცემა. უთბილესი თვის ტემპერატურა 21—25 °C. აბსოლუტურ მინიმალური –25—27 °C, მაქსიმალური 40 °C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500—4200 °C.
ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 800—1300 მმ ნალექი მოდის წელიწადში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5—15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს. ელჭექიანია 30—60, სეტყვიანი –2—3 დღე წელიწადში. ეს რაიონი საქართველოს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა სეტყვიან დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.
საგურამო-გომბორის საშუალმთიანეთი
რედაქტირებაგამოირჩევა ზომიერად ნოტიო ჰავით, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2—6 °C, ივლისის 15—20 °C; სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500—2600°-ია.
კარგად არის გამოხატული მთა-ხეობათა ქარი.
სიმაღლის შესაბამისად ნალექები, მართალია მატულობს, მაგრამ უმნიშვნელოდ. მთისიწნეთში 800—850 მმ ნალექი მოდის, თხემულ ზოლში 1000 მმ უახლოვდება. მიუხედავად ამისა, ჰაერი წყლის ორთქლით საკმაოდ გაჟღენთილია, საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 75—80 %, დანესტიანების კოეფიციენტი 1,5—2. ხშირია ნისლი, წლის თბილ პერიოდში იცის — ელჭექი და სეტყვა.
მთიანი აჭარა-გურია
რედაქტირებამიმართულია დასავლეთით და შავი ზღვის გავლენას განიცდის. საკმაოდ მშრალია მდინარე აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილი, რომელიც დასავლეთიდან დაცულია მაღალი ქედებით.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 2—12°C შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა (1100 მ სიმაღლემდე) 0°C, თხემურ ზოლში –8—10°C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო (10—20°C). სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500—3500°.
ზღვისკენ მიქცეულ კალთებზე მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რომელთაც მოაქვთ დიდი რაოდენობის ტენი.
ხასიათდება ტენიანი ჰავით. თერმული რეჟიმი განსაკუთრებით მაღალია დაბალ ნაწილში. ეს რაიონი უხვი ნალექებით გამოირჩევა. თოვლი შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან. მდგრადი თოვლის საბურველი 1400 მ სიმაღლემდე 1—3 დღეს ძევს, 2000 მ სიმაღლეზე –6—7 თვეს. თოვლის საბურველის მაქსიმალური სიმაღლე 4—5 მ. ელჭექი იცის წლის ყველა სეზონში, უფრო ხშირია წლის თბილ პერიოდში.
მესხეთი
რედაქტირებაქვაბულში მდებარეობს და შემოჭრილი ჰაერის ეფექტი შესუსტებულია, ჰავა – მშრალი კონტინენტური. ძლიერი ინვერსიების გამო ზამთარი ცივია, იანვრის ტემპერატურა — 2,5—9,0 °C აბსოლუტურ მინიმალური —30, —38 °C; ზაფხული ზომიერად ცხელია, ივლის-აგვისტოს ტემპერატურა 16—21 °C, მაქსიმალური 39 °C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500—3000 °C.
ნალექები უმნიშვნელოა, წელიწადში 500—700 მმ ნალექი მოდის, განსაკუთრებით გვალვიანია ზაფხული, ამ პერიოდში დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. ნალექი თოვლის სახით მოდის ოქტომბრიდან. თოვლის მდგრადი საბურველი დეკემბერში მყარდება და მარტის ბოლომდე ძლებს. ელჭექი და სეტყვა საკმაოდ ხშირია.
თრიალეთი
რედაქტირებამართალია მესხეთის ქედი ასუსტებს დასავლეთიდან ჰაერის მასების შემოჭრას, მაგრამ მათი გავლენა გარკვევით ემჩნევა ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებს. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები ტოვებს შესამჩნევ კვალს. რაც შეეხება თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებს, აქ ჰაერის გასწვრივი ნაკადები იქმნება, ნალექი მცირე მოდის, ჰავა კონტინენტურია. შედარებით თბილი ზამთარი იცის ბორჯომის ხეობაში (მაღალმთიან ნაწილში ცივა). იანვრის საშუალო ტემპერატურა —2, —11 °C, აბსოლუტურ მინიმალური შეიძლება დაეცეს —40 °C-მდე. ყველაზე თბილი თვის ტემპერატურა 9—20 °C, მაქსიმალური 37 °C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 500—2900 °C.
გამოირჩევა ზომიერი ღრუბლიანობით, მზის ნათების ხანგრძლივობითა და თოვლის საფრის სიმაღლით.
კლიმატური პირობები და რელიეფის ფორმები ხელს უწყობს სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.
ჯავახეთის მთიანეთი
რედაქტირებაგაბატონებულია კონტინენტური ჰავა, ზამთარი მეტად ცივი იცის. ჰავა გარდამავალია ზომიერად ნოტიოდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე. ყინვიანი დღეების სიხშირე, მცირე ღრუბლიანობა და განსაკუთრებით მშრალი ზამთარი დაკავშირებულია ამ რაიონისთვის დამახასიათებელ ანტიციკლონების სიხშირესთან. საშუალო წლიური ტემპერატურა 4—6 °C, იანვარი —5, -10 °C, ივლისი 15—16 °C; აბსოლუტური მინიმალური —34 °C, -41 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 30—35 °C. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1000-1800 °C.
ნალექების რაოდენობა 600—750 მმ წელიწადში. თოვლის საბურველი ჩნდება დეკემბერში და მარტამდე ძლებს. ხშირია ელჭექი და სეტყვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კორძახია მ., საქართველოს ჰავა, თბ., 1961;
- ჯავახიშვილი შ., საქართველოს სსრ კლიმატოგრაფია, თბ., 1977;
- ჯავახიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, 1981 წელი.
- ელიზბარაშვილი ე., საქართველოს ჰავა, თბ., 2017.