პეტრე მელიქიშვილი
პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი (დ. 11 ივლისი [ ძვ. სტ. 29 ივნისი], 1850, თბილისი — გ. 23 მარტი, 1927, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი რექტორი (1918-1919) და ორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1919-1927), სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927) და ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი.[3][4]
პეტრე მელიქიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 ივნისი (11 ივლისი), 1850[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 23 მარტი, 1927 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი |
ოდესის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ოდესის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | ალექსანდრე ვერიგო |
განთქმული მოსწავლეები |
ივანე ნიკურაძე შალვა ცინცაძე |
სამეცნიერო ხარისხი | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია (1899)[2] |
სამეცნიერო სფერო | [ქიმია]] |
არაორგანულ ქიმიაში პეტრე მელიქიშვილის ინტერესის სფერო არაორგანული პეროქსიდებისა და ზემჟავების სინთეზი და თვისებები იყო, ორგანულ ქიმიაში ― გლიციდური მჟავებისა და აკრილის მჟავების ქიმია. იკვლევდა მეტეორიტების შემადგენლობებსა და სოფლის მეურნეობის საკითხებსაც.[5] პეტრე მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა ახალი კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა, ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი.
ოჯახი
რედაქტირებაპეტრე მელიქიშვილის წინაპრები XVI საუკუნეში აჭარიდან ახალციხეში გადასახლდნენ. მშობლები XIX საუკუნის ორმოციან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ვასილ ბებუთოვის ქუჩის №36 (ამჟამად ლადო ასათიანის ქუჩა №44) სახლში დასახლდნენ.
მამა გრიგოლ მელიქიშვილი საზოგადო მოღვაწე იყო და აქტიურად მონაწილეობდა თბილისში პირველი კერძო ქართული სტამბის დაარსებისთვის. სწორედ მან შეიტანა სტამბის ამხანაგობაში უფროსი ვაჟის წილი ფული და სტამბის მოწყობილობების ჩამოსატანად და ქართული შრიფტის ჩამოსასხმელად ვენაშიც გაგზავნა.[6] პეტრე მელიქიშვილის უფროსი ძმა სტეფანე მელიქიშვილი გაზეთ „დროების“ პირველი რედაქტორი და გამომცემელი იყო. უმცროსი ძმა იოსებიც გამომცემელი, ხოლო და, სერგეი მესხის მეუღლე, ეკატერინე მელიქიშვილი-მესხი - მწერალი, მთარგმნელი და ფემინისტი იყო. მელიქიშვილების ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართველი ინტელიგენციის მოწინავეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.[7]
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებაპეტრე მელიქიშვილი 1850 წლის 11 ივლისს თბილისში დაიბადა. წერა-კითხვა დიდედამ ასწავლა. ათი წლის ასაკში გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც მას ნიკოლოზ ღოღობერიძეც ასწავლიდა. პეტრე მელიქიშვილმა გიმნაზია 1868 წელს წარჩინებით დაამთავრა და ბესარიონ ღოღობერიძის გავლენით საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აირჩია. პეტრე მელიქიშვილმა მოსკოვის ან პეტერბურგის უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ცუდი ჯანმრთელობის გამო ექიმებმა რუსეთში სწავლის გაგრძელება დაუშალეს. 1869 წელს იგი უკრაინაში გაემგზავრა და ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე ჩაირიცხა. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბოლო კურსზე სწავლობდა ვასილ პეტრიაშვილიც (შემდგომში ოდესის უნივერსიტეტის რექტორი), რომელსაც პეტრე მელიქიშვილი მალევე დაუმეგობრდა.[7]
1872 წელს პეტრე მელიქიშვილმა უნივერსიტეტი ორი წლით ადრე (ექსტერნის წესით) წარჩინებით დაამთავრა და საპროფესოროდ მოსამზადებლად ოდესის უნივერსიტეტში დარჩა. ამავე წელს თბილისში ჩავიდა, სადაც ქალთა კერძო გიმნაზიაში ერთი წლით ბოტანიკას ასწავლიდა.[6]
1873 წელს პეტრე მელიქიშვილი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა. 2 წლის მანძილზე იგი ტიუბინგენსა და კარლსრუეში ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვილიცენუსის ქიმიურ ლაბორატორიებსა და იქ მიმდინარე სამუშაოებს ეცნობოდა. 1876 წელს, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ იგი ოდესის უნივერსიტეტის ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტად მუშაობდა.[2]
1877 წელს პეტრე მელიქიშვილმა სამეცნიერო მუშაობა დაიწყო ორგანულ ქიმიაში. იგი გლიცერინიდან მონოქლორძმარმჟავისა და ბიოქლორპროპანის მიღებაზე მუშაობდა. 1878 წელს ოდესის უნივერსიტეტში სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა და ინტენსიური მუშაობა დაიწყო უჯერი მჟავების ნაწარმებზე. 1879-1880 წლებში აკრილის მჟავასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექვსი ნაშრომი გამოაქვეყნა.[7]
1881 წელს პეტრე მელიქიშვილმა სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაცია „აკრილის მჟავათა ნაწარმის შესახებ“ დაიცვა, რის შემდეგაც პარიზში გაემგზავრა, სადაც ფრანგი ქიმიკოსის, მარსელინ ბერთლოს ლექციებს ისმენდა. საფრანგეთიდან პეტრე მელიქიშვილი მიუნხენში გაემგზავრა, სადაც გერმანელი ქიმიკოსის, ადოლფ ბაიაერის ლაბორატორიაში მუშაობდა.[2]
1884 წელს პეტრე მელიქიშვილი ოდესაში დაბრუნდა. იმავე წელს იგი უნივერსიტეტის აგრონომიული ქიმიის კათედრის დოცენტად დანიშნეს.[2] 1885 წელს მელიქიშვილმა ნაშრომი „იზომერულ კროტონმჟავას ნაწარმთა შესახებ“ დაიცვა და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იმავე წელს იგი წმინდა ქიმიის კათედრის ექსტრაორდინარულ პროფესორად, ხოლო 1889 წელს კათედრის პროფესორად აირჩიეს. ამ პერიოდში პეტრე მელიქიშვილი აკრილის მჟავის ჰომოლოგიური რიგის სინთეზსა და მათ ნაწარმზე მუშაობდა.[7]
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირება1885-1917 წლებში პეტრე მელიქიშვილი ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის აგრონიმიული ქიმიის კათედრის პროფესორი იყო.
პეტრე მელიქიშვილი დიდ ინტერესს იჩენდა ქალთა ემანსიპაციისადმი. მან თავისი და უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში გაგზავნა და აქტიურ საქმიანობას ეწეოდა, რათა ქართველ ქალებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლება მიეღოთ. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა ოდესის ქალთა უმაღლესი კურსების ჩამოყალიბებაში. 1906 წელს ქალთა კურსებზე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გაიხსნა. იმავე წლის ოქტომბერში ფაკულტეტის დეკანად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს.[7]
1923 წელს პეტრე მელიქიშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა. 4 წლის შემდეგ იგი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.
პეტრე მელიქიშვილს 85 სამეცნიერო ნაშრომი ეკუთვნის. იგი ძირითადად ორი: ორგანული ქიმიისა და არაორგანული ქიმიის მიმართულებით მუშაობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ინტენსიურად მუშაობდა სოფლის მეურნეობის საკითხებზე. პეტრე მელიქიშვილმა პირველი ორი ნაშრომი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1872 წელს გამოაქვეყნა. ამ პერიოდში ოდესის უნივერსიტეტში წამყვანი იყო აზო და აზოქსიშენაერთების კვლევა და პეტრე მელიქიშვილიც ძირითადად ამ შენაერთებზე მუშაობდა.[8] 1875 წელს ფიზიკური ქიმიის დარგში ორი ნაშრომი გამოაქვეყნა.
პეტრე მელიქიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას, რომელიც შემდეგში მისმა მოწაფეებმა: ნინო ციციშვილმა და რუსუდან ნიკოლაძემ განავითარეს.
მეტეორიტები და აგროქიმია
რედაქტირება1890-იან წლებში პეტრე მელიქიშვილი მეტეორიტების ბუნებით დაინტერესდა. იგი სხვადასხვა ადგილას ჩამოცვენილ, მათ შორის: ცმეტის, ზაბროდის, მიგეის, ვაკულოვისა და სხვ. მეტეორიტებს იკვლევდა. მეტეორიტების ქიმიური გამოკვლევის შემდეგ დაასკვნა, რომ ისინი ისეთივე ქიმიურ ელემენტებს შეიცავენ, როგორც დედამიწა. მიგეის მეტეორიტი სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასში ნახშირი, გოგირდი, ფოსფორი და ორგანული ნაერთები, კერძოდ, უმაღლესი ნახშირწყალბადები შედიოდა.
პეტრე მელიქიშვილი შეისწავლიდა სასარგებლო წიაღისეულსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც. მისი კვლევის სფეროში შედიოდა: ღვინო, ყველი, ჩაი და სხვ. ღვინისა და ხორბლის ქიმიური ანალიზის შედეგად მან დაასკვნა, თუ რა გავლენას ახდენს ამ პროდუქტების ხარისხზე კლიმატის პირობები და დრო. მ. როზენბლატთან ერთად პეტრე მელიქიშვილმა ჩაქვის ჩაის შესახებ გამოკვლევით დაადგინა, რომ დასავლეთ საქართველოში სუბტროპიკული კლიმატი და ნიადაგი ჩაის პლანტაციის გაშენებისთვის იყო შესაფერისი.[7]
პეტრე მელიქიშვილს ეკუთვნის გამოკვლევები: „თურქესტანის ხორბლის ქიმიური შედგენილობა“, „ოდესის მაზრის ღვინოები“, „სამხრეთ რუსეთის ხორბლის გამოკვლევა“, „წებოვანას ცვლა“, „ხერსონის გუბერნიის ღვინოები“, „რუსული ცხვრის ყველის ქიმიური შედგენილობა“, „ჩაქვის ჩაის ანალიზი“, „ჩილეს გვარჯილა, როგორც მცენარეთა სასუქი“, „ფილოქსერამედეგი ნიადაგი“ და ა.შ., რომლებიც რუსეთის იმპერიის სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდებოდა. რუსეთის ცხვრის ყველის ქიმიური ანალიზის შედეგად პეტრე მელიქიშვილმა დაამტკიცა, რომ ველის ცხვრისგან მიღებული ყველი უფრო ცხიმიანია, ვიდრე მთის ცხვრის ყველი. მანვე პირველმა ახსნა ვაზის მდგრადობაზე ქვიშის გავლენა ფილოქსერიით დაავადების დროს.[8]
1896 წელს პეტრე მელიქიშვილმა გამოაქვეყნა გამოკვლევა ბუნებრივი სოდის შესახებ, რომელშიც მისი წარმოქმნის საკითხი განიხილა. მან პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბუნებრივი სოდის წარმოქმნისთვის ნიადაგის ბუნებასა და მასში არსებულ კოლოიდური სისტემების წარმომქმნელ ნივთიერებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც შემდეგში ექსპერიმენტებით დაადასტურა.[8] პეტრე მელიქიშვილმა შეისწავლა ახტალის ტალახიც და დაასკვნა, რომ ის 2%-მდე წყალში ხსნად ელექტროლიტებს შეიცავდა.
არაორგანული ქიმია
რედაქტირება1897 წელს პეტრე მელიქიშვილმა არაორგანული ქიმიის სფეროში დაიწყო მუშაობა და ამ დარგში 20-ზე მეტი ნაშრომი დაწერა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ეს გამოკვლევები სათაურით „ზეჟანგები და ზემჟავები“ გამოაქვეყნა. ამ გამოკვლევებისთვის პეტრე მელიქიშვილი ლევ პისარჟევსკისთან ერთად ლომონოსოვის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. დიმიტრი მენდელეევის შეფასებით, მათმა ნაშრომებმა „ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა სრულყო“.[7]
ორგანული ქიმია
რედაქტირებაპეტრე მელიქიშვილი იყო პირველი, რომელმაც ორგანულ ნაერთთა ახალი კლასი მიიღო და მათ გლიციდმჟავები უწოდა. მელიქიშვილმა თავის მოსწავლე ლევ პისარჟევსკისთან ერთად მიიღო ზოგიერთი ელემენტის (ურანი, ნიობიუმი, ტანტალი, ვოლფრამი, ბორი,მოლიბდენი, ტიტანი, ვანადიუმი) ზემჟავები. მელიქიშვილი იყო პირველი, ვინც ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი მიიღო.
პეტრე მელიქიშვილი მუშაობდა გლიცერინის მჟავაზე. მასზე HCl-ის მოქმედების შედეგად ჰიდროქსილის ჯგუფი ქლორით ჩაანაცვლა და დიქლორპროპიონი და მონოქლორრძემჟავები მიიღო. ეს ნაშრომები ოქსიმჟავების ბუნებას შეეხებოდა, რომელიც მაშინ ნაკლებად იყო შესწავლილი. შემდეგში პეტრე მელიქიშვილმა უჯერი მჟავების (პირველ რიგში ერთფუძიანი უჯერი მჟავების პირველი ჰომოლოგი აკრილის მჟავა) შესწავლა დაიწყო. მან პირველმა შეიტანა შესწორება უილიამ ჰენრის წესში.[8]
მჟავების ქიმიური თვისებების შესწავლის შემდეგ პეტრე მელიქიშვილმა გლიცერინიდმჟავების აღნაგობა დაამტკიცა. მან გლიციდმჟავაზე წყლის მოქმედებით გლიცერინის მჟავა მიიღო. მანვე დაამტკიცა, რომ გლიციდმჟავა ეთილენის ჟანგს შეიცავს. პეტრე მელიქიშვილმა სადოქტორო დისერტაცია სწორედ „იზომერული კროტონმჟავების შესახებ“ დაიცვა, რომელშიც ფართოდ მიმოიხილა ჰომოლოგების სინთეზი და მათი თვისებები.[8]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რედაქტირებაივანე ჯავახიშვილის წინადადებით, 1918 წლის 13 იანვარს პეტრე მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს.[2][9] რექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს მას ხელფასი არ აუღია.[2] პეტრე მელიქიშვილი კითხულობდა ლექციებს და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ლაბორატორიებიც მოაწყო. 1918 წელს ქიმიის კათედრა დააარსა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში, შემდეგ კი იგი ორ კათედრად, არაორგანული ქიმიისა (ხელმძღვანელი იასონ მოსეშვილი) და ორგანული ქიმიის კათედრებად გაყო, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.[7]
1919 წელს პეტრე მელიქიშვილმა და სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა ანდრია რაზმაძემ იკამათეს. პეტრე მელიქიშვილმა პროფესორთა საბჭოს რექტორის პოზიციიდან და პროფესორის მოვალეობებისგან გათავისუფლების თხოვნით მიმართა,[5] თუმცა ორგანული ქიმიის კათედრაზე გააგრძელა მუშაობა და უნივერსიტეტის ახლად ჩამოყალიბებულ სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
რედაქტირებაპეტრე მელიქიშვილი მარტოხელა ადამიანი იყო. პოლიტიკურ საქმიანობას გაურბოდა, მათ შორის, ადმინისტრაციულ თანამდებობებსაც.
პეტრე მელიქიშვილი 1927 წლის 23 მარტს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანეში. პეტრე მელიქიშვილი პირველი პროფესორი იყო, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს. ერთი წლის შემდეგ პანთეონში იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ძეგლი დაიდგა.[2][10]
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დაწესებულია პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს მისი სახელობის სტიპენდია, აუდიტორია და კაბინეტ-ბიბლიოთეკა. პირველი რექტორის სამუშაო მაგიდა და პირადი ნივთები უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება.[5] პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდის ორიგინალი ფოტოები ოდესის საოლქო არქივშია დაცული. ელექტრონული ვარიანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება.
თბილისში მდებარეობს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა. ქიმიკოსის სახელს ატარებს ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი.
ორგანიზაციები და ასოციაციები
რედაქტირება- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დამფუძნებელი, რექტორი (1918-1919)
- სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1927-)
- ქიმიის ქართული სამეცნიერო სკოლა, დამფუძნებელი
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება- მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია (1899)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ჩვენი ღვინის ქიმიური შედგენილობა“. ტფილისი: სამხედრო სამინისტროს სტამბა. 1920.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი, ი. (1975). პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
- ტორაძე, მ. (2015). პეტრე მელიქიშვილი: უნივერსიტეტის პირველი რექტორი. პუბლიცისტური ნარკევები, 2. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- მენაღარიშვილი, ა. (12 აპრილი, 1968). უნივერსიტეტის პირველი რექტორი, სოფლის მეურნეობის დიდი მოამაგე. თბილისის უნივერსიტეტი. №13(284).
- ფირცხალავა, ნ. (12 აპრილი, 1968). დიდი ქართველი მეცნიერი პ. გ. მელიქიშვილი. თბილისის უნივერსიტეტი. №13(284).
- შალამბერიძე, მ. (1923). პეტრე მელიქიშვილი (1873-1923). ტფილისი.
- წულაძე, ე. (1953). ორი ქიმიკოსი. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პეტრე მელიქიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პეტრე მელიქიშვილიდაარქივებული 2018-05-15 საიტზე Wayback Machine. — თსუ
- პეტრე მელიქიშვილი. burusi.wordpress.com. 30.10.2009. წვდომის თარიღი: 3 ოქტომბერი, 2021.
- პეტრე მელიქიშვილის კოლექცია
- ვიდეომასალა
- პირველი რექტორი - პეტრე მელიქიშვილი. რეჟ: ბესიკ გაფრინდაშვილი. პირველი არხი. 8 თებერვალი, 2020. წვდომის თარიღი: 3 ოქტომბერი, 2021.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 გაიპარაშვილი, ზ. (რედ.). (2020). უნივერსიტეტი (მეხუთე გამოცემა). თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-922-2. გვ. 44-46.
- ↑ Меликов Пётр Григорьевич, статья в Большой советской энциклопедии
- ↑ Меликишвили (Меликов) Петр Григорьевич на сайте Архивов РАН
- ↑ 5.0 5.1 5.2 ტორაძე, მ. (2015). პეტრე მელიქიშვილი: უნივერსიტეტის პირველი რექტორი. პუბლიცისტური ნარკევები, 2. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გვ. 29-31.
- ↑ 6.0 6.1 შალამბერიძე, მ. (1923). პეტრე მელიქიშვილი (1873-1923). ტფილისი. გვ. XI-XII.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 გვერდწითელი, ი. (1975). პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 3-14.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 გვერდწითელი, ი. (1975). პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 15-30.
- ↑ ჯორბენაძე, ს. (1988). თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 40
- ↑ გაიპარაშვილი, ზ. (2005). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი დაარქივებული 2021-10-03 საიტზე Wayback Machine. . თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“. გვ. 2.