ვასილ ბებუთოვი
ვასილ იოსების ძე ბებუთოვი (ბებუთაშვილი) (დ. 1789 ან 1791, თბილისი ― გ. 1858, იქვე) — ინფანტერიის გენერალი. იოსებ ბებუთაშვილის ვაჟი.
ბიოგრაფია
რედაქტირებააღიზარდა პეტერბურგის I კადეტთა კორპუსში. 1809-1811 წლებში მსახურობდა საქართველოს მთავარმართებელთან. მონაწილეობდა 1812 სამამულო ომში. 1817 წელს თან ახლდა ა. ერმოლოვს სპარსეთში ელჩობისას. 1825 წელს იმერეთის მმართველად დანიშნეს. 1828 გენერალ ი. პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ახალციხის აღებაში, რის შემდეგ ახალციხის მმართველად დაინიშნა. 1843 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით სარდლობდა დაღესტნის ჯარებს. 1847-1853 წლებში ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს უფროსი და თავმჯდომარე იყო. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. მისი მეთაურობით რუსეთის ჯარებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს ოსმალებზე ბაშკადიკლარის (1853 წლის 19 ნოემბერი) და ქურუქ-დარის (1854 წლის 24 ივლისი) ბრძოლებში. 1857 წელს ბებუთოვი სამსახურიდან გადადგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 262.