ვასილ პეტრიაშვილი

ქართველი ქიმიკოსი

ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი (დ. 4 მარტი [ ძვ. სტ. 20 თებერვალი], 1842, სოფ. წალასყური, ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ― გ. 8 აგვისტო [ ძვ. სტ. 26 ივლისი], 1908, კარლსბადი, ახლანდელი კარლოვი-ვარი) — ქართველი ქიმიკოსი.

ვასილ პეტრიაშვილი
დაბ. თარიღი 20 თებერვალი (4 მარტი), 1845
დაბ. ადგილი წალასყური, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 26 ივლისი (8 აგვისტო), 1908 (63 წლის)
გარდ. ადგილი კარლოვი-ვარი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
დასაფლავებულია ვაკის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო აკადემია და ოდესის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვასილ პეტრიაშვილმა 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. იმავე წელს ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა). 1870 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს იქვე, ტექნიკური ქიმიის კათედრაზე. 1874 წლიდან დოცენტია, 1879 წლიდან პროფესორი, 1905 წლიდან დეკანი. 1907 წელს ირჩევენ რექტორად. ვასილ პეტრიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის პირველი ქართველი რექტორია. სამეცნიერო საქმიანობისათვის მივლინებული იყო ბონში, პარიზში, ევროპის სხვა ქვეყნებში.

ვასილ პეტრიაშვილის ნაშრომები ორგანულ ქიმიაში მეცნიერულად მეტად მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია. მან დიდი სახელი მოიხვეჭა როგორც რუსეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. ის იყო გამოჩენილი ქიმიკოსი, რომელმაც მეცნიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. დიმიტრი მენდელეევმა, მისი დროის ახალგაზრდა ქიმიკოსთა შორის საუკეთესოდ ვასილ პეტრიაშვილი დაასახელა. სახელგანთქმული ქიმიკოსი ნ. ზელინსკი მას ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების საუკეთესო ხანის, საუკეთესო წარმომადგენლად თვლიდა. თანამედროვენი ვასილ პეტრიაშვილს ახასიათებდნენ საუკეთესო შინაგანი ბუნების ადამიანად, კარგ ორგანიზატორად და სტუდენტების საყვარელ პედაგოგად.

ვასილ პეტრიაშვილი დიდ ყურადღებას იჩენდა საქართველოსადმი და ქართულ პერიოდულ პრესაში, სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ, სამეურნეო თუ სამეცნიერო საკითხებზე. ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში, ტექნიკური ტერმინებით ამდიდრებდა ქართულ ენას. რუსეთის იმპერიაში პირველი, მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული წიგნი მეღვინეობაზე ვასილ პეტრიაშვილმა ქართულ ენაზე დაწერა და დაბეჭდა. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან – აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო ნიკოლაძესთან, სერგეი მესხთან და სხვებთან. სწავლაში ხელს უწყობდა და ეხმარებოდა საქართველოს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, იყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი, იყო მასწავლებელი და უახლოესი მეგობარი პეტრე მელიქიშვილისა.

გარდაიცვალა 1908 წელს კარლსბადში (ახლანდელი კარლოვი-ვარი). ქართველი თერგდალეულებისათვის, როგორც ყველა ქართველისათვის, ეს დიდი მწუხარება იყო. აკაკიმ ლექსით აღნიშნა ვასილ პეტრიაშვილის გარდაცვალება („ჩუმი მოღვაწე, ნამდვილ ქართველი. სიკვდილით ქართველთ გულის მომწყვდელი“).

ცნობილი მეცნიერი და მოღვაწე ოდესაში დროებით დაკრძალეს, შემდეგ თბილისში, ვერის სასაფლაოზე გადმოასვენეს, მოგვიანებით კი ვაკის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 46.
  • ვ. კაკაბაძე, ნ. ციციშვილი, ვ. კოკოჩაშვილი, კ. მოდებაძე, დ. აგლაძე, რ. ნიკოლაძე, ხ. ღლონტი, დ. ჯორჯიკია, ა. სვანაძე., ვასილ პეტრიაშვილი., თბ., 1950.
  • წულაძე ე., ორი ქიმიკოსი., თბ., 1957;
  • იმნაძე დ., ვასილ პეტრიაშვილი., თბ., 1944.
  • რამაზ გახოკიძე, დიდი ქართველი მეცნიერ-მამულიშვილი., თსუ.,საქართველოს ქიმიკოთა ჟურნალი, 2008.8(4).
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი. საქართველოს ლომონოსოვი. გაზ. საქართველოს რესპუბლიკა.2018. 18 აპრილი. N79.