მშვიდობის კორპუსი
მშვიდობის კორპუსი (ინგლ. Peace Corps) — აშშ-ს მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო. ჩამოყალიბდა 1961 წლის 1 მარტს პრეზიდენტი ჯონ კენედის ბრძანებით და ავტორიზებულ იქნა 1961 წლის 22 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტით დაარსების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა ამავე წლის 22 სექტემბერს დაამტკიცა კანონი მშვიდობის კორპუსის შესახებ (Peace Corps Act, Public Law 87-293). ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა. მშვიდობის კორპუსის პირველი ხელმძღვანელი იყო პრეზიდენტ კენედის სიძე სარჟენტ შრაივერი[1].
ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობა სამი მიზნის განხორციელების საშუალებით: დაინტერესებული ქვეყნების მოსახლეობის დახმარება გამოცდილების მქონე მოხალისეების მიერ; ამერიკელთა ყოფა-ცხოვრების უკეთ გაგება სხვა ქვეყნების მოსახლეობის მიერ; ამერიკელების მიერ სხვა ქვეყნების მოსახლეობის თავისებურებების შესახებ ცოდნის დაგროვება.
მოხალისეები, როგორც წესი, კოლეჯის ხარისხის მქონე ამერიკის მოქალაქეები არიან, რომლებიც სამთვიანი ტრენინგის შემდეგ იწყებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანაში ორი წლის ვადით. მოხალისეები მუშაობენ მთავრობებთან, სკოლებში, არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მეწარმეებთან, ახალგაზრდების განვითარების, საზოგადოების ჯანმრთელობის, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში. სააგენტოს დაარსების შემდეგ 240,000-ზე მეტი ამერიკელი შეუერთდა მშვიდობის კორპუსს და 142-მა ქვეყანამ უმასპინძლა მათ.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში მშვიდობის კორპურსმა გადაწყვიტა საკუთარი მოხალისეების ევაკუაცია და ყველა აქტივობის დროებით შეწყვეტა[2].
დაარსების ისტორია
რედაქტირება1960 წლის 14 ოქტომბერს სენატორმა ჯონ კენედიმ შეკრებილ სტუდენტებს მიმართა - „რამდენ თქვენგანს, ვინც აპირებთ, რომ გახდეთ ექიმი, სურს გარკვეული დროის გატარება განაში? ტექნიკოსებს ან ინჟინრებს, რამდენს გსურთ იმუშაოთ საზღვარგარეთ და იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო?“ ამ მოწოდებას მათ უპახუსეს პეტიციით, რომელზეც 1,000-მა სტუდენტმა მოაწერა ხელი და გამოთქვა საზღვარგარეთ მუშაობის სურვილი. სენატორი კენედის სტუდენტებისადმი მოწოდება, ემუშავათ და ეცხოვრათ განვითარებად ქვეყნებში, მიეძღვნათ საკუთარი თავი მშვიდობისა და განვითარებისათვის, აღმოჩნდა მშვიდობის კორპუსის დაარსების საწინდარი.
კენედიმ მას შემდეგ, რაც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტად აირჩიეს, მშვიდობის კორპუსის შექმნის დაპირება მალევე შეასრულა. 1961 წლის 20 იანვარს, თავისი ინაუგურაციის ცნობილ გამოსვლაში კენედი მსოფლიოს გაჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა - „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ქოხებში და ცდილობენ მასობრივ სიდუხჭირეს დააღწიონ თავი.“
სააგენტოს დაარსებისთანავე ათასობით ამერიკელმა ახალგაზრდამ გამოთქვა მოხალისეობის სურვილი. მათგან მშვიდობის კორპუსმა ამოარჩია 750 მოხალისე, რათა ემსახურათ 13 ქვეყანაში. 1961 წლის აგვისტოში კენედიმ თეთრ სახლში უმასპინძლა მშვიდობის კორპუსის პირველ მოხალისეებს. 1961 წლის 22 სექტემბერს კი პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონგრესის საკანონმდებლო აქტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მშვიდობის კორპუსი, რომლის მიზანიც იყო მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის მხარდაჭერა[3].
მშვიდობის კორპუსი ცივი ომის დროს
რედაქტირებამშვიდობის კორპუსის შექმნა ცივ ომს უკავშირდება. პრეზიდენტი კენედის თქმით, საბჭოთა კავშირს ჰყავდა „ასობით ქალი და კაცი, მეცნიერები, ფიზიკოსები, მასწავლებლები, ინჟინრები, ექიმები და ექთნები მომზადებული იმისთვის, რომ ეცხოვრათ საზღვარგარეთ და მომსახურებოდნენ მსოფლიო კომუნიზმს.“ აშშ-ს არ ჰქონია ასეთი პროგრამა, კენედის კი სურდა, რომ ამერიკელები უფრო აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული მსოფლიო დემოკრატიის, მშვიდობის, განვითარებისა და თავისუფლების სამსახურში. შრაივერმა, როგორც სააგენტოს დირექტორმა, საზღვარგარეთ პირველი მოგზაურობის შემდეგ ინდოეთის, განასა ლიდერებისგან მიიღო მათ ქვეყნებში მოხალისეების მიღების მოწვევა. ტანგანიკა და განა იყვნენ ის ქვეყნები, რომლებმაც პირველმა მიიღეს მონაწილეობა ამ პროგრამაში.
თავდაპირველად, მშვიდობის კორპუსი წარმოადგენდა სახელმწიფო დეპარტამენტის მუდმივ ფედერალურ სააგენტოს, 1981 წელს კი მშვიდობის კორპუსი დამოუკიდებელ სააგენტოდ გადაკეთდა. 1960-იან წლებში, მშვიდობის კორპუსი საკმაოდ პოპულარული იყო კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის, თუმცა 1970-იან წლებში, ვიეტნამის ომისა და უოტერგეიტის სკანდალის გამო, ამერიკელებმა გარკვეულწილად საკუთარი მთავრობის მიმართ ნდობა დაკარგეს და მშვიდობის კორპუსის მიმართაც შემცირდა ინტერესი, შესაბამისად შემცირდა მისი დაფინანსებაც. 1980-იან წლებში, პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გადაწყვიტა, რომ გაეფართოებინა სააგენტოს ტრადიციული საქმიანობა და დაემატებინა უფრო მეტად თანამედროვე დარგები, როგორებიცაა კომპიუტერული უნარ-ჩვევები და ბიზნესთან დაკავშირებული განათლება. ამავე პერიოდში, გაიზარდა სააგენტოს მიმართ ინტერესიც და უფრო და უფრო მეტი მოხალისე შეუერთდა მას. მშვიდობის კორპუსის დაფინანსება და წევრების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიშალა საბჭოთა კავშირი და გაიხსნა აღმოსავლეთ ევროპა[4].
მშვიდობის კორპუსი 2000-დან დღემდე
რედაქტირება2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადაწყვიტა გაეზარდა სააგენტოს ზომა ტერორიზმის წინააღმდეგ ომის ფარგლებში. შედეგად, 2004 წელს კონგრესმა გაზარდა მშვიდობის კორპუსის ბიუჯეტი $30 მლნ.-ით.
2008 წელს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ფარგლებში, ბარაკ ობამამ წამოაყენა სააგენტოს ზომის გაორმაგების შესახებ წინადადება, რათა უფრო მეტ ამერიკელს შეძლებოდა საკუთარ ქვეყანას მომსახურებოდა საზღვარგარეთ. 2010 წლის მონაცემებით, მოთხოვნილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა აპლიკანტების რაოდენობაც სტაბილურად მცირდებოდა დროთა განმავლობაში, თუ 2009 წელს მათი რაოდენოდა 15,384-ს შეადგენდა, ეს რიცხვი 2013 წლისთვის 10,118-მდე შემცირდა.
2009 წელს კეისი ფრეზმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მსახურობის დროს გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, შექმნა პირველი რეაგირების ქმედება, ადვოკატირების ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო დახმარებოდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოხალისეებს. 2010 წელს გამოიცა საჯარო დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო მშვიდობის კორპუსის მოხალისეების წინააღმდეგ ჩადენილი ასობით დანაშაული.
2020 წლის 15 მარტს, პირველად მშვიდობის კორპუსის არსებობის ისტორიაში, მოხალისეები გამოწვეულ იქნენ მასპინძელი ქვეყნებიდან კორონავირუსის პანდემიის გამო.
სააპლიკაციო პროცესი
რედაქტირებამშვიდობის კორპუსში მოხალისის განაცხადის შევსებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. აპლიკანტი უნდა იყოს 18 წელზე მეტი ასაკის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, განმცხადებელმა გამგზავრებამდე 9-12 თვით ადრე უნდა შეავსოს აპლიკაცია, შემდეგ კი უნდა გაიაროს გასაუბრება. აპლიკანტს უფლება აქვს წელიწადში მხოლოდ ერთ ადგილზე შეავსოს განაცხადი, რაც ნიშნავს მშვიდობის კორპუსის ექვსი ინიციატივიდან ერთ-ერთის ამორჩევას, განმცხადებელს ასევე შეუძლია მიუთითოს ის ქვეყანა, რომელშიც სურს გამგზავრება. მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ორი წლის განმავლობაში მსახურობენ საზღვარგარეთ, თუმცა იქამდე მასპინძელ ქვეყანაში გადიან ენის სამ თვიან ტრენინგებს. მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლითა და სტიპენდიით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობს მასპიძნელი საზოგადოება, ასევე მათ აქვთ ჯანმთელობის დაზღვევა. მოხალიეობის პერიოდის დასრულების შემდეგ, თითოეული მოხალისე იღებს $10,000-ზე მეტს, რაც მათ ეხმარება სახლში დაბრუნების გარდამავალ პერიოდში.
მშვიდობის კორპუსის პროექტები
რედაქტირებასოფლის მეურნეობა - მოხალისეები მუშაობენ მცირე ფერმერულ მეურნეობებსა და ოჯახებში, რათა მათ შეძლონ სურსათის უვნებლობისა და პროდუქტიულობის გაზრდა, ადაპტირდნენ კლიმატის ცვლილებასთან და ხელი შეუწყონ გარემოს დაცვას. მოხალისეები ფერმერებს აცნობენ ისეთ ტექნიკებს, რომლებიც იცავს ნიადაგს ეროზიისგან, ამცირებს მავნე პესტიციდების გამოყენებას და ავსებს ნიადაგს. ისინი ფერმერებთან ერთად მუშაობენ ინტეგრირებულ პროექტებზე, რომლებიც აერთიანებს მებოსტნეობას, მეცხოველეობას, სატყევე მეურნეობასა და კვების განათლებას.
გარემოს დაცვა - მოხალისეები ხელმძღვანელობენ გარემოსდაცვით აქტივობებს, ისინი მუშაობენ სკოლებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, აძლიერებენ საზოგადოებას, რათა მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები ადგილობრივი გარემოს შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მოხალისეები ასევე მხარს უჭერენ ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას გარემოს დეგრადაციის შეჩერების მიზნით. საზოგადოების ეკონომიკური განვითარება - მოხალისეები მუშაობენ განვითარების ბანკებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით. ისინი ეხმარებიან მეწარმეებსა და ბიზნესის მფობელებს, რომ განავითარონ თავიანთი პროდუქტი და გაიტანონ ბაზარზე.
განათლება - აღნიშნული პროგრამა არის მშვიდობის კორპუსის ყველაზე დიდი პროექტი. მოხალისეები მუშაობენ სკოლებში და ასწავლიან მათემატიკას, მეცნიერებას ან სასაუბრო ინგლისურს. ისინი ავითარებენ ბიბლიოთეკებსა და ტექნოლოგიურ რესურსცენტრებს.
ჯანმრთელობა - ამ სფეროში მომუშავე მოხალისეები მუშაობენ თემებში, რათა ხელი შეუწყონ კვების, დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის საკითხებს, ჰიგიენას და წყლის სანიტარულ პირობებს. მოხალისეები ასევე მუშაობენ აივ/შიდსთან დაკავშირებული განათლებისა და პრევენციის პროგრამებში, სადაც ისინი დახმარებას უწევენ ამ დაავადების გამო დაობლებულ ბავშვებს და ქმნიან პროგრამებს, რომლებიც ემოციურ და ფინანსურ დახმარებას უწევს აივ/შიდსის ეპიდემიით დაზარალებულ ოჯახებს და საზოგადოებებს.
ახალგაზრდების განვითარება - მოხალისეები მუშაობენ ახალგაზრდებთან, ხელს უწყობენ მათ ჩართულობასა და აქტიურ მოქალაქეობას, მათ შორის გენდერული ცნობიერების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის შესახებ განათლების, გარემოსდაცვითი ცნობიერების, სპორტული და ფიტნეს პროგრამებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩათვლით[5].
მასპინძელი ქვეყნები
რედაქტირებააფრიკა
რედაქტირება- ბენინი (1968 - დღემდე)
- ბოტსვანა (1966 – 1997, 2003 - დღემდე)
- ეთიოპია (1962 – 1977, 1995 – 1999, 2007 - დღემდე)
- გამბია (1967 - დღემდე)
- განა (1961 - დღემდე)
- გვინეა (1963 – 1966, 1969 – 1971, 1985 - დღემდე)
- კამერუნი (1962 - დღემდე)
- კენია (1964 – 2014, 2019 - დღემდე)
- ლესოთო (1967 - დღემდე)
- ლიბერია (1962 – 1990, 2008 - დღემდე)
- მადაგასკარი (1993 – დღემდე)
- მალავი (1963 – 1976, 1978 - დღემდე)
- მალი (1971 – 2012, 2014 – 2015)
- მოზამბიკი (1998 - დღემდე)
- ნამიბია (1990 - დღემდე)
- ნიგერი (1962 – 2011)
- რუანდა (1975 – 1993, 2008 - დღემდე)
- სენეგალი (1963 - დღემდე)
- სიერა-ლეონე (1962 – 1994, 2010 - დღემდე)
- ტანზანია (1961 – 1969, 1979 - დღემდე)
- ტოგო (1962 - დღემდე)
აზია
რედაქტირება- კამბოჯა (2007 - დღემდე)
- ჩინეთი (1993 - დღემდე)
- ინდონეზია (1963 – 1965, 2010 - დღემდე)
- მონღოლეთი (1991 - დღემდე)
- მიანმარი (2016 - დღემდე)
- ნეპალი (1962 – 2004, 2012 - დღემდე)
- ფილიპინები (1961 – 1990, 1992 - დღემდე)
- შრი-ლანკა (1962 – 1964, 1967 – 1970, 1983 – 1998, 2018 - დღემდე)
- ტაილანდი (1962 - დღემდე)
ცენტრალური ამერიკა, მექსიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები
რედაქტირება- ბელიზი (1962 - დღემდე)
- გვატემალა (1963 - დღემდე)
- დომინიკელთა რესპუბლიკა (1962 - დღემდე)
- იამაიკა (1962 - დღემდე)
- კოსტა-რიკა (1963 - დღემდე)
- მექსიკა (2004 - დღემდე)
- პანამა (1963 – 1971, 1990 - დღემდე)
ლათინური ამერიკა
რედაქტირება- გაიანა (1966 – 1971, 1995 - დღემდე)
- ეკვადორი (1962 - დღემდე)
- კოლუმბია (1961 – 1981, 2010 - დღემდე)
- პერუ (1962 – 1974, 2002 - დღემდე)
აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია
რედაქტირება- ალბანეთი (1992 – 1997, 2003 - დღემდე)
- მოლდოვა (1993 - დღემდე)
- მონტენეგრო (2020)
- საქართველო (2001 - დღემდე)
- სომხეთი (1992 - დღემდე)
- უკრაინა (1992 - დღემდე)
- ყირგიზეთი (1993 - დღემდე)
- ჩრდილოეთი მაკედონია (1996 - დღემდე)
ჩრდილოეთი აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი
რედაქტირებასაქართველო და მშვიდობის კორპუსი
რედაქტირებამშვიდობის კორპუსის მოხალისეები საქართველოში 2001 წლიდან მუშაობენ და ამ დრომდე ქვეყანას 945 მოხალისე ჰყავს მიღებული. საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მუშაობენ საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და განათლების პროექტებზე. ეკონომიკური განვითარების პროექტის ფარგლებში მოხალისეები ეხმარებიან ინდივიდებსა და ორგანიზაციებს მდგრადი პროექტების შემუშავების უნარების გაძლიერებაში, რესურსების მართვასა და სხვებთან თანამშრომლობაში, რათა მიაღწიონ საკუთარ მიზნებს და სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას. განსაკუთრებული ძალისხმევა ეთმობა იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ქალებთან, ახალგაზრდებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობას. მოხალისეები ტრენინგებს უტარებენ ორგანიზაციების წევრებს და ახალგაზრდებს პროექტების დიზაინში, მართვაში, ბიუჯეტირებაში, სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ლიდერობასა და ფინანსურ განათლებაში, ეხმარებიან საგრანტო განაცხადის ჩამოყალიბებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სოციალური მეწარმეობის განვითარებაში.
რაც შეეხება განათლებას, მოხალისეები ეხმარებიან ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და საზოგადოების სხვა წევრებს წვდომა ჰქონდეთ პირად, პროფესიულ და აკადემიურ შესაძლებლობებზე ინგლისური ენის სწავლითა და კრიტიკული უნარების ჩამოყალიბების საშუალებით. ისინი ასწავლიან საჯარო სკოლებში გეოგრაფიულად შორეულ და სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად მოსახლეობაში, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეთნიკურ უმცირებობებს. მოხალისეები მასწავლებლებთან ერთად აყალიბებენ ინგლისურის სწავლების სტრატეგიებს, ქმნიან ინგლისურის, კითხვის, ფიტნენისა და ეკო კლუბებს, საზაფხულო ბანაკებს მოსწავლეებისთვის და ვორქშოპებს მასწავლებლებისთვის[6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Peace Corps[მკვდარი ბმული]
- Changing lives the world over[მკვდარი ბმული]
- sheet[მკვდარი ბმული]
- The Latest: Peace Corps evacuating volunteers
- The Founding Moment[მკვდარი ბმული]
- Peace Corps[მკვდარი ბმული]
- John F. Kennedy
- President Kennedy establishes the Peace Corps
- Digital History
- Peace Corps[მკვდარი ბმული]
- Helping All Americans Serve Their Country
- Peace Corps announces major changes to application process, T.Rees Shapiro[მკვდარი ბმული]
- Peace Corps Under Fire
- The Latest: Peace Corps evacuating volunteers
- Application Process[მკვდარი ბმული]
- Benefits[მკვდარი ბმული]
- What Volunteers Do
- Countries[მკვდარი ბმული]
- Georgia
- მშვიდობის კორპუსის ვებსაიტი