ეკონომიკური განვითარება

ეკონომიკური განვითარებაეკონომიკის სრულყოფა, მისი ახალ თვისებრიობაში გადასვლა. ეკონომიკის, სამრეწველო ძალების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ცხოვრების დონისა და ცხოვრების ხარისხობრივი და კაპიტალის ხარისხობრივი და სტრუქტურული დადებითი ცვლილებების გაფართოება.

ცნება ეკონომიკური განვითარება პრაქტიკაში ხშირად გაიგივებულია ცნებასთან „ეკონომიკური ზრდა“, რაც ნიშნავს ეკონომიკური მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას. ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის სიღრმისეული კავშირი არსებობს. ეკონომიური ზრდა განვითარების ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია, ხოლო, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარება ქმნის ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდის განუსაზღვრელ პირობებს. თუმცა ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია ეკონომიკური განვითარების გარეშეც, მაგ., მაშინ, როდესაც წარმოების ფაქტორები ექსტენსიურად იზრდება. ეკონომიკური განვითარების არსებობაც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის გარეშე, მ. შ. ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც. ეკონომიკური განვითარება ნებისმიერი ეკონომიკური წყობისა და ნებისმიერი განვითარების დონის მქონე ქვეყნების თანმხლები მოვლენაა. მნიშვნელოვნად განსხვავებულია მხოლოდ მისი მიზნები და ამოცანები. ეკონომიკურ განვითარებას, საბოლოო ანგარიშით, უნდა მოჰყვეს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით, არამედ მოსახლეობის ფენებს შორის შემოსავლების თანდათან გათანაბრებით.

ეკონომიკური განვითარების რაოდენობრივი გაზომვის მიზნით ერთმანეთისაგან განასხვავებენ ეკნომიკური განვითარების ეკონომიკურ (მთლიანი შიდა პროდუქტი, სიღარიბის დონე, ჯინის კოეფიციენტი და სხვ.), სოციალურ (ადამიანის განვითარების ინდექსი, საშუალო და უმაღლესი განათლების დონის ხარისხი, დასაქმების დონე, გაზეთების რაოდენობა, ელექტროენერგიისა და სხვათა მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობის საერთო კოეფიციენტი, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე და სხვ.) და თვისებრივი ცვლილებების (საკუთრების ფორმების ცვლილება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოთა რესტრუქტურიზაცია, საწარმოთა პრივატიზება, საწარმოთა რეკონსტრუქცია-გადაიარაღება, ინსტიტუციური ცვლილებები, ინოვაციებზე გაწეული ინვესტიციების ხვედრითი წილი ინვესტიციების საერთო რაოდენობაში, მეცნიერულ განვითარებაზე გაწეული დანახარჯების ხვედრითი წილი მთლიან ეროვნულ პროდუქტში, განათლების დონე და სხვ.) გამომხატველ მაჩვენებლებს.

ლიტერატურა

რედაქტირება