მესოამერიკის ქრონოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან მესოამერიკული ქრონოლოგია)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მესოამერიკის ქრონოლოგია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მესოამერიკის ქრონოლოგია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

მესოამერიკის ქრონოლოგია — მესოამერიკის კოლუმბამდელ ცივილიზაციათა ისტორიის აღწერის მიღებული მეთოდიკა — ადამიანთა დასახლებების არსებობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებებიდან — გვიანდელ კოლონიალურ პერიოდამდე, რომელიც ამერიკის ესპანურ კოლონიზაციას მოჰყვა.

ისტორიკოსები და არქეოლოგები მესოამერიკის ისტორიას სამ პერიოდად ყოფენ. აღსანიშნავია, რომ მითითებული თარიღები მხოლოდ შეფასებებია, ერთი პერიოდიდან მეორეში გადასვლა არ ხდებოდა ერთდროულად და ერთი და იმავე გარემოებებში სხვადასხვა ხალხებისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ეწინააღმდეგება კიდეც ამ ევროცენტრულ შეხედულებას, რომელიც საკმაოდ ჰგავს ძველი საბერძნეთის ქრონოლოგიას.

მესოამერიკის ცივილიზაცია წარმოადგენს რთულ კომბინაციას სხვადასხვა კულტურებისა, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოიშვა. პროცესები, რომელთა შედეგადაც ჩამოყალიბდა მესოამერიკის კულტურული სისტემები, განისაზღვრებოდა არა მხოლოდ შესაბამისი საზოგადოების შინაგანი დინამიკით, არამედ გარე და ენდოგენური ფაქტორებითაც — მაგალითად, მოსახლეობის მიგრაციითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით.

წინარეკლასიკური ეპოქა

 
კაპაჩის კულტურის ჭურჭელი, ნაპოვნია აკიტლანში, კოლიმის შტატში.

წინარეკლასიკური ეპოქა გრძელდებოდა ძვ. წ. 2500 წლიდან ახ. წ. 200 წლამდე. პერიოდის დასაწყისს უკავშირებენ კერამიკული ნაკეთობების გამოჩენას რეგიონის დასავლეთში, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, როგორიცაა მატანჩენი (ნაიარიტის შტატი) და პუერტო-მარკესი (გერეროს შტატი). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეთუნეობის განვითარების ადრეულ სტადიაზე, ამ დარგზე სამხრეთ ამერიკასა და თანამედროვე მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებს შორის არსებულმა კავშირებმა იმოქმედა. კერამიკის გამოჩენა მეტყველებს ცხოვრების დასახლებულ ტიპზე, რომელიც მესოამერიკის ხალხებს ჩრდილოეთის უდაბურ რაიონებში მცხოვრები მონადირეებისა და შემგროვებლებისგან გამოარჩევს.

წინარეკლასიკურ ან ფორმაციულ ეპოქას ყოფენ სამ ფაზად: ადრინდელი (ძვ. წ. 2500-1200), შუა (ძვ. წ. 1500-600) და გვიანდელი (ძვ. წ. 600-ახ. წ. 200). პირველი ფაზის დროს მთელი რეგიონის ფარგლებში გავრცელდა მეთუნეობა, დარეგულირდა სიმინდისა და სხვა ბოსტნეული კულტურების მოყვანა, აგრეთვე დაიწყო საზოგადოების სტრატიფიკაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვა პირველი იერარქიული წარმონაქმნები ხალხებში, რომლებიც მექსიკის ყურის სანაპიროებზე იყვნენ დასახლებულნი. წინარეკლასიკური ეპოქის დასაწყისში მესოამერიკის ცივილიზაციების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა კაპაჩის კულტურა — მისი კერამიკული ნაკეთობები რეგიონში ფართოდ იყო გავრცელებული.

ძვ. წ. 2500 წლისთვის წყნარი ოკეანის სანაპიროებზე, გვატემალაში, ვითარდებოდა პატარა დასახლებები, როგორებიცაა ლა-ბლანკა, ოკოსი, ელ-მასაკი, უხუჰტე და სხვა, რომლებშიც ნაპოვნია გვატემალის უძველესი კერამიკა. ძვ. წ. 2000 წლიდან წყნარი ოკეანის სანაპიროებზე დიდი რაოდენობით ჩნდება მეთუნეობის ნაკეთობები. გათხრები მეტყველებს იმაზე, რომ მაღალმთიანი რაიონები დროებითი ხიდები იყო წყნარი ოკეანის სანაპიროების წინარეკლასიკურ სოფლებსა და უფრო გვიანდელ პეტენის აუზის ქალაქებს შორის. მონტე-ალტოში, ესკინტლის დასახლების სიახლოვეს, ნაპოვნია გიგანტური ქვის თავები და ღიპიანი ფიგურები (ესპ. Barrigones), რომლებიც თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 1800 წლით[1].

 
წინარეკლასიკური ერის რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლება ცენტრალური მექსიკისა და მექსიკის ყურის ველებზე.

ძვ. წ. 1500 წლისთვის დასავლეთის კულტურები დაეცა და სხვა ხალხებთან ასიმილირდა. ამგვარი გაერთიანებების შედეგად მეხიკოს ველზე წარმოიქმნა ტლატილკოს კულტურა, ხოლო მექსიკის ყურის სანაპიროზე — ოლმეკების კულტურა. ოლმეკებმა ექსპანსიის გზა აირჩიეს, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა შეექმნათ მონუმენტური არქიტექტურული ნამუშევრები სან-ლორენსოსა და ლა-ვენტაში. გარდა ამისა, ოლმეკებმა ვაჭრობა დაიწყეს, როგორც თავიანთი ტერიტორიის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შორეულ დასახლებებთან, რომლებიც მდებარეობდა თანამედროვე შტატების, გერეროსა და მორელოსის ტერიტორიებზე, ასევე გვატემალასა და კოსტა-რიკაში. ოლმეკების გავლენა შეიმჩნეოდა სან-ხოსე-მოგოტეს დასახლებაში, ოახაკის დაბლობზე, თუმცა, წინარეკლასიკური ეპოქის შუა ფაზაში ის მონტე-ალბანის ზეგავლენის ზონაში შევიდა. ამავდროულად, ბახიოში ყვაოდა ჩუპიკაროს კულტურა, ოლმეკებში კი დაცემის პერიოდი დაიწყო.

 
წინარეკლასიკური ეპოქის ტიპური ქანდაკება ცენტრალური მექსიკიდან, ჰგავს ტლატილკოს კულტურის „ლამაზმანებს“

მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს, რომლებიც შუა წინარეკლასიკურ პერიოდში მოხდა, შეიძლება მივაწეროთ პირველი დამწერლობათა სისტემებისა და ვიგეზიმალური სისტემის წარმოქმნა ოლმეკების ტერიტორიის ცენტრში, მაიას ინდიელების მიერ მირადორის აუზში და საპოტეკების მიერ მონტე-ალბანში. ამ პერიოდში შეინიშნებოდა საზოგადოების ძლიერი სტრატიფიკაცია. ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრებს შორის კავშირებმა შედეგად მოიტანა რეგიონალური ელიტების ამაღლება, რომლებიც აკონტროლებდნენ ბუნებრივ რესურსებსა და გლეხებს. ამგვარი სოციალური დიფერენციაცია დამყარებული იყო გარკვეული ცოდნის ფლობაზე, როგორებიცაა, მაგალითად, ასტრონომია, დამწერლობა და კომერციის საფუძვლები. შუა წინარეკლასიკურ პერიოდში ასევე გაჩნდა ურბანიზაციის საწყისები, რომლებიც ახასიათებდა კლასიკურ ეპოქას. მაიას ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ნაკვე (ძვ. წ. 1000 წელი), ელ-მირადორი (ძვ. წ. 650 წელი), სივალი (ძვ. წ. 350 წელი) და სან-ბართოლო, ფლობდა კლასიკურ მონუმენტურთან მსგავს არქიტექტურას. ელ-მირადორი თავის დროს წარმოადგენდა მაიას უდიდეს ქალაქს. არსებობს მოსაზრება, რომ დაახლოებით 100 წლისთვის მაიას ცივილიზაციამ განიცადა დაცემა და კლასიკურ ეპოქაში, 250 წლისთვის, კვლავ აღსდგა. ზოგიერთი ქალაქი, როგორებიცაა ტლატილკო, მონტე-ალბანი და კუიკუილკო, წინარეკლასიკური ეპოქის მიწურულს აყვავების პერიოდს განიცდიდა. ოლმეკების რაოდენობა კი შემცირდა და მათ თავიანთი გავლენა დაკარგეს.

წინარეკლასიკური ეპოქის მიწურულს პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა რეგიონისადმი გადავიდა მეხიკოს ველის დასახლებაში. ტესკოკოს ტბის გარშემო, ქალაქად იქცა რამდენიმე სოფელი, როგორებიცაა ტლატილკო და კუიკუილკო.

ტლატილკო წარმოადგენს იმ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს. მის მცხორვებლებს მოჰყავდათ სიმინდი და თევზაობდნენ ტესკოკოს ტბაში. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ის დააარსეს და დაასახლეს თანამედროვე ოთომის ხალხის წინაპრებმა. ქალაქი მდებარეობდა ტესკოკოს ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე და ფლობდა მყარ კავშირებს დასავლეთის კულტურებთან. კუიკუილკო იკავებდა ახუსკოს მთიანი რაიონის ფერდობებს და აკონტროლებდა ვაჭრობას მაიას უბნებში, ოახაკასა და მექსიკის ყურის სანაპიროებზე. ამ ერების დაპირისპირება დამთავრდა ტლატილკოს დაცემით მაშინ, როდესაც ოახაკის ველზე მდებარე მონტე-ალბანმა ოლმეკებისგან კულტურულად დაშორება დაიწყო, მათი მიღწევების გამოყენებითა და კულტურის შევსებით. გვატემალის სამხრეთ სანაპიროზე კამილჰუიუს დასახლება ვითარდებოდა იმ მიმართულებით, რომელიც მოგვიანებით მაიას კლასიკური კულტურა გახდა, თუმცა ცენტრალური მექსიკისა და ყურის ხალხებთან კავშირები თავდაპირველადვე წარმოადგენდა თავიანთ კულტურულ მოდელებს. გარდა დასავლეთისა, სადაც განვითარდა საბადოსებური საფლავების ტრადიცია, მესოამერიკის ყველა რეგიონში იზრდებოდა ქალაქების სიმდიდრე, ხორციელდებოდა მონუმენტების აგების საკმაოდ რთული სქემები. სწორედ ამ დროს აიგო კუიკუილკოს მრგვალი პირამიდა, მონტე-ალბანის ცენტრალური მოედანი და მთვარის პირამიდა ტეოტიუაკანში.

დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში კუიკუილკო მიატოვეს და მექსიკის აუზის მბრძანებლობა ტეოტიუაკანის ხელში გადავიდა. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ეგრეთ წოდებულმა „ღმერთების ქალაქმა“ გააერთიანა ძალაუფლება და ამგვარად გახდა პირველი ათასწლეულის მესოამერიკის მთავარი ქალაქი და შემდეგი შვიდი საუკუნის წამყვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

ოლმეკები

 
ოლმეკების კულტურის რაიონი

მრავალი წლის განმავლოვაში ოლმეკების კულტურა განიხილებოდა, როგორც მთელი მესოამერიკის კულტურის მშობელი. ოლმეკებმა უზარმაზარი ზეგავლენა იქონიეს მთელი რეგიონის განვითარებაზე, თუმცა ბოლო დროს ვარაუდობენ, რომ ეს კულტური წარმოადგენდა მისი თანამედროვე ხალხების ერთობლივი მოღვაწეობის შედეგს და საბოლოოდ აყვავდა ვერაკრუსისა და ტაბასკოს სანაპიროენზე. ოლმეკების ეთნიკური ერთიანობა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. ლინგვისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანთრპოლოგებისა და არქეოლოგების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ოლმეკები იყვნენ ან ოტო-მანგური ენების, ან (რაც უფრო სავარაუდოა) თანამედროვე სოკეს ხალხის წინაპრები (მიხე-სოკური ოჯახები), რომლებიც ჩიაპასისა და ოახაკის ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ. თუ დავუჯერებთ მეორე ჰიპოთეზას, სოკეს ტომებმა ყურის ვაკეებში არსებული დიდი ცენტრების დაგნრევის შემდეგ სამხრეთისკენ მოახდინეს მიგრაცია. წარმომავლობის მიუხედავად, ოლმეკური კულტურის ეს მატარებლები ძვ. წ. 8000 წელს სანაპიროზე გადასახლდნენ და სანაპირო რაიონებში შეიჭრნენ, რომლებიც პროტო-მაიანური ხალხებით იყო დასახლებული. ეს ფაქტი აგრეთვე ხსნის უასტეკების ჩრდილო-ვერაკრუსიდან გამოყოფას სხვა მაიანური ხალხებისგან, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ იუკატანისა და გვატემალის ტერიტორიებზე.

რეგიონის განვითარების განმსაზღვრელი მახასიათებლების გაჩენის თვალსაზრისით ოლმეკები მესოამერიკის ისტორიაში ეტაპად ითვლებიან. ამგვარ განსაკუთრებულობებს შორისაა: სახელმწიფოს ორგანიზაცია, 260-დღიანი რიტუალური და 365-დღიანი საერო კალენდრების შემუშავება, დამწერლობის პირველი სისტემა და საქალაქო დაგეგმვა. ამ კულტურის ჩასახვა და განვითარება დაიწყო დაახლოებით ძვ. წ. XIV საუკუნეში და გრძელდებოდა ძვ. წ. XII საუკუნემდე. ცენტრალურ რეგიონში ძირითადი ქალაქები იყო ლა-ვენტა, სან-ლორენსო-ტენოჩტიტლანი და ტრეს-საპოტესი. თუმცა, მთელს მესოამერიკაზე გაბნეულია მტკიცებულებები იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ქალაქები ოლმეკებმა დაიპყრეს, განსაკუთრებით მდინარე ბალსასის აუზში, სადაც მდებარეობდა ქალაქი ტეოპანტეკუანიტლანი. ეს დასახლება საკმაოდ იდუმალია, რადგან თარიღდება მექსიკის ყურის სანაპიროებზე მდებარე მთავარ დასახლებებზე რამდენიმე საუკუნით უფრო ადრე, რის გამოც წარმოიქმნა წინააღმდეგობები და ჰიპოთეზა, რომ ოლმეკების კულტურა სწორედ ამ რეგიონში შეიქმნა.

 
ოლმეკური თავი, ლა-ვენტა

ოლმეკების კულტურის ცნობილ ძეგლებს შორისაა — კოლოსალური ქვის თავები, რომლებიც გაკეთებულია მონოლითური ნაწილებისგან. ისინი სიმაღლეში 3 მეტრს აღწევენ, წონაში კი — რამდენიმე ტონას. ოლმეკების ქვის კვეთის ეს შედევრები განსაკუთრებულად შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მესოამერიკაში ლითონური ინსტრუმენტების ნაკლებობა იყო და რომ ეს თავები რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული იმ ადგილს, სადაც მოიპოვებდნენ ბაზალტს, რითიც ისინია გაკეთებული. ამ მონუმენტების დანიშნულება უცნობია, ზოგიერთი ავტორი ვარაუდობს, რომ ეს იყო მესოამერიკული ბურთის თამაშის ცნობილი მოთამაშეების ან ოლმეკების მმართველი ელიტის გამოსახულებები. ოლმეკები, ასევე, ცნობილნი არიან მწვანე ქვებზე კვეთით (ნებისმიერი ვულკანური სახეობა, რომელსაც მწვანე ფერი აქვს).

ოლმეკების კულტურის დანგრევის ზუსტი მიზეზები უცნობია. მაიას გავლენის ქვეშ მყოფი წყნარი ოკეანის სანაპიროების სამხრეთში მდებარე ქალაქებმა, ტაკალიკ-აბახმა (ძვ. წ. 800), ისაპამ (ძვ. წ. 700) და ჩოკოლამ (ძვ. წ. 600), ასევე კამინალჰუიუმ (ძვ. წ. 800), რომლებიც გვატემალის ცენტრალურ მაღლობზე მდებარეობდა, იმ მიმართულებით დაიწყო განვითარება, რომელიც საბოლოოდ მაიას კლასიკური კულტურა გახდა. დაახლოებით ძვ. წ. 300 წელს, პეტენის აუზში განვითარება დაიწყო მაიას კლასიკური პერიოდის დიდმა ქალაქებმა, როგორებიცაა ტიკალი, უაშაკტუნი და სეიბალი.

ძვ. წ. 100 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის დაწყებამდე, კუიკუილკოს ჰეგემონია ველისადმი შემცირდა. კუიკუილკოს დაკნინებისთანავე დაიწყო ტეოტიუაკანის მნიშვნელობის ზრდა და შემდგომი ორი საუკუნის განმავლობაში ის მთელი ცენტრალური მექსიკის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი გახდა.

კლასიკური ეპოქა

 
კლასიკური ეპოქის მნიშვნელოვანი დასახლებები ძვ. წ. 500 წლისთვის
 
მონტე-ალბანის ცენტრალური მოედანი, რომელიც ააგეს ოახაკის ველზე
 
მეორე ტაძარი, ტიკალი, გვატემალა

კლასიკური ეპოქა მესოამერიკაში ახ. წ. 250 წლიდან 900 წლამდე გრძელდებოდა და სამ პერიოდად იყოფოდა: ადრეული (250-500 წწ), შუა (550-700 წწ) და გვიანდელი (700-900 წწ). ადრეული პერიოდი ხასიათდება ტეოტიუაკანის დომინირებით, რომელშიც ტესკოკოს ტბის აუზის 200 000 მაცხოვრებლიდან 80% ცხოვრობდა. ტეოტიუაკანი ექსპანსიური პოლიტიკის მატარებელი იყო, რამაც ის ჩრდილოეთ მესოამერიკის ძირითადი სავაჭრო გზების კონტროლირებამდე მიიყვანა. კლასიკური ეპოქის სხვა მსხვილი ცენტრები იყო მონტე-ალბანი, კამინალჰუიუ, სეიბალი, ტიკალი და კალაკმული, მათ შორის წინააღმდეგობა მრავალწლიან ომებში გადაიზარდა. კლასიკური ეპოქის დროს გრძელდებოდა ურბანიზაციის პროცესი, რომელიც წინარეკლასიკური ეპოქის მიწურულს დაიწყო. მთლიანობაში, მესოამერიკის ისტორიის ეს პერიოდი ხასიათდება ხელოვნების, მეცნიერების, ქალაქების, არქიტექტურისა და სოციალური წესრიგის მაღალი დონით.

ამ ეპოქის ქალაქები გამოირჩეოდა მრავალეროვანი მოსახლეობით, რამაც საბოლოოდ გამოიწვია სხვადასხვა ენებისა და კულტურის მქონე ხალხების თანაცხოვრება. რეგიონალურ პოლიტიკურ ელიტებს შორის ალიანსები გამყარდა, განსაკუთრებით აშკარად ეს გამომჟღავნდა ტეოტიუაკანის მოკავშირეებში. ასევე მყარდებოდა სოციალური დიფერენციაცია — ადამიანების მცირე ჯგუფი მართავდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მოსახლეობა იძულებული იყო გადაეხადა გადასახადები და მონაწილეობა მიეღო საზოგადოებრივი ნაგებობების შენებაში, როგორებიცაა საირიგაციო სისტემები, რელიგიური შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ქალაქების ზრდა ვერ მოხერხდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების ტექნიკების გაუმჯობესებისა და სავაჭრო კავშირების გამყარების გარეშე, რომლებშიც მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მესოამერიკის მცხოვრებლები, არამედ შორეული ოაზისამერიკის ხალხებიც.

კლასიკურ ეპოქაში მესოამერიკულმა ხელოვნებამ თავისი განვითარების პიკს მიაღწია. განსაკუთრებით გამოირჩევა მაიას სტელები სამეფო ოჯახების ცხოვრების სცენებით, ძვირფასად მოხატული კერამიკა და ფრესკები, ასევე მუსიკა[2]. ტეოტიუაკანში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს არქიტექტორებმა — ამ ქალაქში გამოვლინდა აგებითი პირამიდების კლასიკური სტილი, რომლებიც ზემოთ საფეხურებით ადის. ეს სტილი განმეორდება და სახეშეცვლილად გავრცელდა მთელს მესოამერიკაში, მაგალითად, საპოტეკების დედაქალაქ მონტე-ალბანსა და ქალაქ კამინალჰუიუში, გვატემალაში. ასწლეულების მერეც კი, ტეოტიუაკანიდან ხალხის წასვლიდან დიდი ხნის შემდეგ, პოსტკლასიკური ეპოქის ქალაქები შენობების აგების იმავე სტილს მისდევდა, განსაკუთრებით ტულა, ტენოჩტიტლანი და ჩიჩენ-იცა.

მოცემულმა პერიოდმა მესოამერიკელ ინდიელებს ასევე უანდერძა მრავალი მეცნიერული მიღწევა. მაიამ გააუმჯობესა კალენდარი, დამწერლობა და ცოდნა მათემატიკაში, მათი განვითარების უმაღლეს წერტილამდე. დამწერლობა გამოიყენებოდა მაიას მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ითვლებოდა კეთილშობილურ საქმედ და მას მხოლოდ მწერლები, მხატვრები და ბერები იყენებდნენ. მაიას დამწერლობის გამოყენებით, სხვა კულტურებმა შეიმუშავეს საკუთარი სისტემები, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ნუნიეს კულტურა ოახაკელ საპოტეკებში, თუმცა ერთადერთი სრულყოფილად ჩამოყალიბებული დამწერლობის სისტემა კოლუმბამდელ ამერიკაში მაიას გააჩნდა. ასტრონომიამ თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა, რადგან გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობაში, ასევე ისეთი მოვლენების საწინასწარმეტყველებად, როგორებიცაა მზისა და მთვარის დაბნელებები, რაც საშუალებას აძლევდა მესოამერიკის ცივილიზაციების მმართველებს ჩვეულებრივი მოქალაქეების თვალში დაემტკიცებინათ თავიანთი ღვთიური წარმომავლობა.

კლასიკური ეპოქის დასრულება ცენტრალურ მექსიკაში დაკავშირებულია გვიანი კლასიკური ეპოქის რეგიონალური ცენტრების დაცემასთან (ზოგჯერ ეწოდება ეპიკლასიკური პერიოდი), დაახლოებით, 900 წლისთვის. მექსიკის ყურის სანაპიროების რაიონში ეს მოხდა 800 წელს ელ-ტახინის დაცემით, მაიას უბნებში — IX საუკუნეში მაღალმთიანი დასახლებების გაუკაცრიელებით, ოახაკაში — 850 წელს მონტე-ალბანიდან ხალხის წამოსვლით.

მესოამერიკის ჩრდილოეთში კლასიკური ეპოქა დამთავრდა ტეოტიუაკანის დაცემით, დაახლოებით, 700 წელს. ამან აყვავების შესაძლებლობა მისცა რეგიონალურ ცენტრებს, რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა სავაჭრო გზებისა და ბუნებრივი რესურსების კონტროლისთვის. გვიან კლასიკურ ეპოქაში რეგიონის პოლიტიკური მოწყობა დანაწევრდა და არც ერთი ქალაქი არ ფლობდა წამყვან პოზიციას. ამ პერიოდში განხორციელდა ხალხების რამდენიმე გადასახლება, რომელიც გამოწვეული იყო არიდოამერიკისა და სხვა ჩრდილოეთის რეგიონებიდან ჯგუფების შემოჭრით, რომლებიც მესოამერიკის დასახლებებს სამხრეთით გადაადგილებას აიძულებდნენ. ახალმოსულ ხალხებს შორის იყო ნაუა, რომლებმაც შედეგად ააგეს პოსტკლასიკური ეპოქის მნიშვნელოვანი ქალაქები — ტულა და ტენოჩტიტლანი. ჩრდილოეთიდან მიგრაციის გარდა, მექსიკის ცენტრში დასახლდნენ სამხრეთის ხალხებიც, რომელთა შორისაც იყვნენ იუკატანიდან მოსული ოლმეკები-შიკალანკა, რომლებმაც დააარსეს კაკაჰტლა და ჰოჩიკალკო.

 
ბრძოლის ამსახველი ფრესკა, კაკაჰტლა, ტლასკალა

მაიას უბნებში ტეოტიუაკანის ყოფილი მოკავშირე, ქალაქი ტიკალი, დაკნინებული იყო დამარცხების შემდეგ, რომელიც დოს-პილასმა და კარაკოლმა მიაყენა (კალაკმულის მოკავშირეები). ამ დაკნინების პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 100 წელი, მოხდა დოს-პილასის, პიედრას-ნეგრასის, კარაკოლის, კალაკმულის, პალენკეს, კოპანისა და იაჰჩილანის ალიანსში გაერთიანება. ის და რეგიონის სხვა ქალაქები ჩაერთო სისხლისმღვრელ ომში, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ტიკალი იაჰხასა და ელ-ნარანხოს მეშვეობით გაანადგურა დოს-პილასმა და კარაკოლმა, შემდეგ ელ-პერუმ და საბოლოოდ კალაკმულმა. ომების დასასრული აღნიშნა იუკნომ-ჩინის შვილის მსხვერპლშეწირვამ 732 წელს ტიკალში, ამ მოვლების პატივსაცემად 740-810 წლებში იგებოდა სამახსოვრო ნაგებობა.

მაიას კლასიკური ცივილიზაციის განადგურება ჩრდილოეთ დაბლობებში დაიწყო დაახლოებით 810 წელს ლა-პასიონის სახელმწიფოებიდან, როგორებიცაა დოს-პილასი, აგუატეკა, სეიბალი და კანკუენი, რის შემდეგაც პროცესი გაგრძელდა უსუმასინტის აუზის ქალაქებში, რომლებიც სამხრეთით მდებარეობდა. ესენია: იაშჩილანი, პიედრას-ნეგრასი და პალენკე. გვიანი კლასიკური ეპოქის მიწურულს მაიამ შეწყვიტა გრძელი თვლის კალენდრის წარმოება, მათი მრავალი ქალაქი დაიწვა, მიტოვებულ იქნა და ჯუნგლებით დაიფარა. ამავე დროს სამხრეთ მთიანეთში კამინალჰუიუ აგრძელებდა განვითარებას 1200 წლამდე. ოახაკაში მონტე-ალბანმა მიაღწია თავისი დიდების პიკს დაახლოებით 750 წელს, შემდეგ კი, IX საუკუნეში, ამოუცნობი მიზეზების გამო განადგურდა. იგივე ბედი ეწია სხვა ქალაქებსაც, როგორებიცაა ლა-კემადა ჩრდილოეთით და ტეოტიუაკანი ცენტრალურ რაიონში — ის დაიწვა და მიტოვებულ იქნა. კლასიკური ეპოქის უკანასკნელ საუკუნეში ოახაკას ველისადმი ბატონობა გადავიდა ლამბიტიეკოს ხელში, რომელიც განლაგებული იყო აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში.

ტეოტიუაკანი

 
ხედი ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდიდან კალსაგა-დე-ლოს-მუერტოსზე (მკვდრების გზა)

ტეოტიუაკანი (ნაუატ. ღმერთების ქალაქი) თავის ისტორიას წინარეკლასიკური ეპოქის მიწურულიდან (დაახლოებით 100 წელი) აწარმოებს. მის დამაარსებლებზე ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოთომიმ, რომლებმეც აგრეთვე გავლენა მოახდინეს მეხიკოს ველის ქალაქების კულტურაზე, რომელიც წარმოდგენლი იყო ტლატილკოში. თავდაპირველად რეგიონში უპირატესობის მოსაპოვებლად ტეოტიუაკანი ეპაექრებოდა ოდნავ სამხრეთით მდებარე კუიკუილკოს. ამ დაპირისპირებაში ტეოტიუაკანს დაეხმარა ნავახას მთებში (თანამედროვე იდალგოს შტატის ტერიტორია) არსებული ობსიდიანის მარაგი. ცნობილია, რომ კუიკუილკოს მცხოვრებლების უმეტესობა ტეოტიუაკანში გადასახლდა ვულკან შიტლედან ამოფრქვეული ლავის მიერ სამხრეთის ქალაქის გაანადგურებამდე რამდენიმე წლით ადრე.

რეგიონისადმი ბატონობის მოპოვების შემდეგ, ტეოტიუაკანი წარმატებით განვითარდა და გადაიქცა არა მხოლოდ მესოამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს უდიდეს ქალაქად. ამ პერიოდის განმავლობაში მეხიკოს ველის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტეოტიუაკანში ცხოვრობდა. ქალაქი მთლიანად დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე, ძირითადად მოჰყავდათ სიმინდი, ლობიო და გოგრა. თუმცა პოლიტიკური და ეკონომიკური შემოსავალი დაფუძნებული იყო იმპორტირებულ საქონელზე: ანარანხადოს კერამიკასა, რომელიც პობლანო-ტლაჰკალტეკის ველზე მოჰყავდათ, და იდალგოს მთების ბუნებრივ რესურსებზე. ორივე პროდუქტი ძვირად ფასობდა მთელს მესოამერიკაში და იცვლებოდა ძვირფას ნივთებზე, რომლებიც შორეულ ნიუ-მექსიკოსა და გვატემალაში მზადდებოდა. ამის წყალობით ტეოტიუაკანი მესოამერიკის სავაჭრო ქსელის მთავარი კვანძი გახდა — სამხრეთ-აღმოსავლეთით ის ვაჭრობდა მონტე-ალბანსა და ტიკალთან, მექსიკის ყურის სანაპიროზე — მატაკაპანთან, ჩრდილოეთით — ალტავისტასთან, ხოლო დასავლეთით — ტინგამბატოსთან.

ტეოტიუაკანმა მოაწესრიგა მესოამერიკის ღმერთების პანთეონი, რომელიც ოლმეკების დროს შეიქმნა. მან სათავეში ჩააყენა ღვთაებები, რომლებიც დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობასთან — კეცალკოატლი და ტლალოკი. სავაჭრო კავშირებმა ხელი შეუწყო ამ ღმერთების კულტების გავრცელებას მესოამერიკის სხვა დასახლებებში, რომლებმაც ისინი მიიღეს და გადააკეთეს. თვლიდნენ, რომ ტეოტიუაკანში არ იყო დამწერლობა, მაგრამ დევურგერმა აჩვენა, რომ ტეოტიუაკანური დამწერლობის სისტემა იმდენად პიქტოგრაფიული იყო, რომ ნახატებს ჰგავდა.

ტეოტიუაკანის დაცემა ცენტრალური მექსიკის საზღვრებთან ქალაქ-სახელმწიფოების წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. ვარაუდობენ, რომ მათ განვითარება შეძლეს ტეოტიუაკანის მიერ დომინანტური პოზიციის დაკარგვის მეშვეობით, თუმცა ყველაფერი შეიძლებოდა პირიქით მომხდარიყო — ქალაქებს კაკაჰტლას, ჰოჩიკალკოს, ტეოტენანგოსა და ელ-ტახინს შეეძლოთ იმდენად გაძლიერებულიყვნენ, რომ დაემარცხებინათ ტეოტიუაკანი ველის ცენტრში და გაეთიშათ მისთვის სავაჭრო კავშირები. ეს მოხდა, დაახლოებით 600 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ქალაქში კიდევ ნახევარი საუკუნის განმავლობაში გააგრძელა ცხოვრება, საბოლოოდ ქალაქი განადგურდა და ის დატოვეს მცხოვრებლებმა, რომლებიც ისეთ ადგილებში გადასახლდნენ, როგორებიცაა კულუაკანი და ასკაპოცალკო, რომლებიც ტესკოკოს ტბის სანაპიროებზე იყო განლაგებული.

მაია კლასიკურ ეპოქაში

 
მაიას ხალხებისა და მათი ძირითადი ქალაქების განლაგება

მაიას ინდიელები მესოამერიკის ყველაზე ცნობილი და განვითარებული კულტურის დამაარსებლები იყვნენ. ზოგიერთი მკვლევარი, როგორიცაა მაიკლ კოუ, თვლის, რომ მაიას კულტურა სრულიად განსხვავდება მის დროინდელი სხვა კულტურებისგან. თუმცა მაიას კულტურის ბევრი ასპექტი სხვა ხალხებისას ჰგავს, მათ შორის ორი კალენდრის გამოყენება, თვლის ვიგეზიმალური სისტემა, სიმინდის მოყვანა, გარკვეული მითები, როგორებიცაა ხუთი მზის შესახებ, ფრთიანი გველისა და წვიმის ღმერთ ჩააქის თაყვანისცემა.

 
ბარელიეფი, პალენკეს მუზეუმი, ჩიაპასი

მაიას კულტურა ჩაისახა გვატემალის მაღლობებზე კამინალჰუიუს დასახლების განვითარებასთან ერთად შუა წინარეკლასიკური ეპოქაში. რამდენიმე მკვლევრის აზრით, კერძოდ კი დოქტორ რიჩარდ ჰანსენისა (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და დოქტორ სატურნოს (ვინდერბილტის უნივერსიტეტი) აზრით, პირველი ნამდვილი პოლიტიკური სახელმწიფო მესომაერიკაში დააარსა ელ-მირადორში, ნაკბეში, სივალსა და სან-ბართოლოში (მირადორის აუზი პეტენში), ასევე ტაკალიკ-აბახში (წყნარი ოკეანის სანაპიროების ვაკე რაიონები). თუმცა არქეოლოგიური მტკიცებულებები ირწმუნება, რომ მაიას არასდროს ჩამოუყალიბებია ერთიანი იმპერია და გაერთიანებულნი იყვნენ მცირე ჯგუფებში, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთს ებრძოდნენ. ლოპეს აუსტინი და ლოპეს ლუხანი ამტკიცებდნენ, რომ წინარეკლასიკური მაიასთვის დამახასიათებელი იყო აგრესიული ბუნება. სავარაუდოდ, მათი საბრძოლო ხელოვნება ამ უბანში ტეოტიუაკანისაზე უკეთესი იყო და დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ ისინი მშვიდობიანი, ღვთისმოშიში ხალხი იყო. ამგვარ თვალსაზრისს ემხრობოდნენ XX საუკუნის შუა წლების ისეთი მაიანისტები, როგორებიცაა სილვანუს მორლი და ჯონ ერიკ სინეი ტომპსონი. მოგვიანებით ნაპოვნი იქნა მტკიცებულებები (მაგალითად, ფრესკები ბონამპაკში) იმისა, რომ მაია ატარებდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვასა და რიტუალურ კანიბალიზმს.

ძვ. წ. 1000 წელს მაიას ჰქონდა დამწერლობა, კალენდარი და პატარა დასახლებები — უძველესი ძეგლები იპოვეს მაიას რეგიონის დასახლებებში. ძველად არქეოლოგები თვლიდნენ, რომ მაიას ქალაქები მხოლოდ ცერემონიალური ცენტრების როლს ასრულებდნენ, ხოლო ჩვეულებრივი ხალხები სოფლებში ცხოვრობდნენ. თუმცა, უფრო გვიანდელმა გათხრებმა აჩვენა, რომ მაიას დასახლებებში იყო ისეთივე საქალაქო სამსახურები, როგორებიცაა ტიკალში (სადაც აყვავების პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 400 ათასს აღწევდა), კოპანში, ასევე სადრენაჟო სისტემები, აკვედუკები და გზების საფარველი (საკბე), რომლებიც მსხვილ ცენტრებს შორის იყო აგებული წინარეკლასიკურ ეპოქაში. ამგვარი დასახლებების დაარსება ემყარებოდა ძლიერ სტრატიფიცირებულ საზოგადოებას, რომელსაც განაგებდა არისტოკრატიული კლასი, რომელიც ერთდროულად იყო პოლიტიკური, საბრძოლო და რელიგიური ელიტა.

ელიტა აკონტროლებდა სოფლის მეურნეობას და, როგორც მთელს მესოამერიკაში, აკისრებდა დაბალ კლასებს გადასახადებს, რომლებიც მას მათი ძალაუფლებისა და სოციალური იერარქიის დამამტკიცებელი საზოგადო მონუმენტების აგების საშუალებას აძლევდა. ადრეულ კლასიკური ეპოქაში, დაახლოებით 370 წელს, მაიას ელიტას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ტეოტიუაკანთან და შესაძლოა, ტიკალი, ამ პერიოდის მაიას ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო ტეოტიუაკანისა, რომელიც ვაჭრობას აკონტროლებდა მაღალმთიან რაიონებსა და ყურის სანაპიროების იქით. საბოლოოდ, სავარაუდოდ ძლიერმა გვალვამ, რომელმაც ცენტრალური ამერიკა IX საუკუნეში განგმირა, მას მოყოლილმა შიმშილობამ, ასევე შიგა ომებმა გამოიწვია აჯანყება და მაიას პოლიტიკური სისტემის განადგურება. ბევრი ქალაქი მიტოვებულ იქნა და მათ შესახებ აღარავის ახსოვდა XIX საუკუნემდე, როდესაც უძველესი მაიას შთამომავლებმა ჯუნგლებში მოიყვანეს ამ დასახლებების გამანადგურებელი ევროპელი და ამერიკელი მკვლევარები.

პოსტკლასიკური ეპოქა

 
მისტეკების კულტურის მოხატული ჭურჭელი, ნაპოვნია შაიაკატლანში, პუებლა

პოსტკლასიკური ეპოქა მოიცავს პერიოდს 900 წლიდან ესპანელების მიერ მესოამერიკის დაპყრობამდე, რომელიც მიმდინარეობდა 1521-1697 წლებში. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელია ომების დიდი რაოდენობა. პოლიტიკურმა ელიტებმა, რომლებიც ქურუმების კლასთან იყვნენ დაკავშირებულნი, დაკარგეს ძალაუფლება მებრძოლების ჯგუფის სასარგებლოდ. მებრძოლებმა, თავის მხრივ, ყოველ შემთხვევაში, ესპანელების მოსვლამდე ნახევარი საუკუნით ადრე, დაიწყეს პოზიციების დათმობა ახალი ძლიერი კლასისადმი — პოჩტეკებისადმი. პოჩტეკები იყვნენ ვაჭრები, რომლებმაც პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვეს ეკონომიკური სიძლიერის ხარჯზე.

პოსტკლასიკური ეპოქა იყოფა ორ ფაზად. პირველი — ადრეული პოსტკლასიკური პერიოდი — გრძელდებოდა X საუკუნიდან XIII საუკუნემდე. ამ პერიოდში დომინირებდნენ ტოლტეკები და ტულა. XII საუკუნედან გვიანი პოსკლასიკუტი პერიოდის ნიშნები ჩნდება. ამ დროს გამოჩნდნენ ჩიჩიმეკები — ხალხი, რომელიც ენობრივი თვალსაზრისით ნათესაური იყო ტოლტეკებისა და მეჰიკასი. უკანასკნელნი მეხიკოს ველზე გამოჩნდნენ 1325 წელს, აცტლანიდან ორსაუკუნოვანი მოგზაურობის შემდეგ, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. მესოამერიკის ცივილიზაციების ამ უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ცვლილებები საზოგადეობაში დაკავშირებულია ჩრდილოეთის ხალხების მიგრაციებთან. ეს ხალხები მოვიდნენ ოაზისოამერიკიდან, არიდოამერიკიდან და მესოამერიკის ჩრდილოეთ რაიონებიდან. ჩრდილოელების შემოსვლამ გადაადგილება აიძულა მესოამერიკის ადგილობრივ ხალხებს, რომლებიდანაც ზოგიერთი გადასახლდა ცენტრალურ ამერიკაში.

ამ დროს მრავალი კულტურული ცვლილება მოხდა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება იყო გავრცელება მეტალურგიისა, რომელიც ნასესხები იყო სამხრეთ ამერიკიდან. როგორც კერამიკის შემთხვევაში, მესოამერიკაში მეტალის დამუშავების პირველი მტკიცებულებები სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იპოვეს. მესოამერიკელები არ იყვნენ დიდად გაწაფულნი ამ ხელობაში და შემოიფარგლებოდნენ სპილენძის ცულებით, ნემსებითა და, რა თქმა უნდა, საიუველირო ნაკეთობებით. უფრო მეტად განვითარებული მეთოდები შეიმუშავებს მისტეკებმა, რომლებმაც შესანიშნავად მოპირკეთებული ნივთების კეთება ისწავლეს. პროგრესი შეინიშნებოდა არქიტექტურაშიც — ლურსმნების გამოყენებამ ტაძრების კედლების შემოკვრის საშუალება წარმოქმნა, გაუმჯობესდა ფრესკები, ფართოდ გავრცელდა სვეტებისა და ქვის სახურავების გამოყენება (რაც კლასიკურ ეპოქაში მაიას პრეროგატივა იყო). სოფლის მეურნეობაში გართულდა ირიგაციის სისტემა. მეხიკოს ველის მიწები, განსაკუთრებით ჩინამპები, ფართოდ გამოიყენებოდა აცტეკების მიერ, რომლებმაც მათ მახლობლად ააგეს ქალაქი, რომელშიც 200 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

 
ჰოჩიმილკოს ჩინამპების თანამედროვე სახე

პოლიტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ადრეული პოსტკლასიკური პერიოდის განმავლობაში საბრძოლო პოლიტიკურმა ელიტებმა დააკანონეს თავიანთი მდგომარეობა რელიგიური რწმენების საკმაოდ რთული სისტემის მიღებით, რომლებსაც ლოპეს ოსტინმა (ესპ. López Austin) „სუიუანიდადი“ (zuyuanidad) უწოდა. ამ სისტემის თანახმად, მმართველმა კლასებმა საკუთარი თავი გამოაცხადეს შთამომავლებად კეცალკოატლისა — ფრთიანი გველის, მესოამერიკული მითოლოგიის ერთ-ერთი შემოქმედი ძალისა და კულტურული გმირის. მათ ასევე გამოაცხადეს, რომ ისინი იყვნენ მითოლოგიური ქალაქის, ტოლანის, მცხოვრებლების მიმდევრები. იმ დროის მრავალი მნიშვნელოვანი ცენტრი უკავშირებდა საკუთარ თავს ამ ადგილს და იწოდებოდნენ ტოლან-შიკოკოტიტლანი, ტოლან-ჩოლოლანი და ტოლან-ტეოტიუაკანი. მიტიური ტოლანი დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდა ტულასთან (იდალგოს შტატი), მაგრამ ენკიკე ფლორესკანო (ესპ. Enrique Florescano) და ლოპეს აუსტინი ამტკიცებდნენ, რომ საამისოდ საფუძვლები არ არსებობდა. ფლორესკანო თვლიდა, რომ ტოლანი იყო ტეოტიუაკანი, ხოლო ლოპეს ოსტინი ტოლანს განიხილავდა, როგორც მესოამერიკული რელიგიური წარმოსახვის პროდუქტს. „სუიუანოს“ სისტემის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა იყო ალიანსების წარმოქმნა სხვა ქალაქ-სახელმწიფოებთან, რომლებსაც აკონტროლებდნენ მსგავსი იდეოლოგიის მქონე ხალხები. ასე მოხდა მაიაპანის ლიგასთან იუკატანში და მისტეკების კონფედერაცია რვა ირმის იაგუარის ბრჭყალთან (ინგლ. Eight Deer Jaguar Claw) ოახაკის მთებში. ადრეული პოსტკლასიკური პერიოდის ეს საზოგადოებები ხასიათდება მებრძლო და მრავალეროვანი მოსახლეობით.

 
ტულური გოლიათები, იდალგოს შტატი

თუმცა, ტულის დაცემამ შეარყია სიმძლავრე სუიუანოს სისტემისა, რომელიც საბოლოოდ განადგურდა მაიაპანის ლიგის დაშლისა და ტულიდან ხალხის წასვლის შემდეგ. ჩრდილოეთიდან მესოამერიკაში მოვიდნენ ახალი ხალხები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ძველი ტოლტეკების შთამომავლები, ფლობდნენ სრულიად განსხვავებულ იდეოლოგიას. უკანასკნელი მოსულები იყვნენ მისტეკები (აცტეკები), რომლებიც დასახლდნენ ტესკოკოს ტბის პატარა კუნძულზე ასკაპოცალკოელი ტეპანეკების მმართველობის ქვეშ. მეჰიკებმა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში დაიპყრეს მესოამერიკის უდიდესი ნაწილი და შექმნეს გაერთიანებული და ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელიც ჰგავდა ტარასკანის სახელმწიფოს მიჩოაკანში. ამ ორიდან ვერც ერთმა სახელმწიფოს ვერ შეძლო მეორის დამოპყრობა, რის შემდეგაც მათ, სავარაუდოდ, ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებაზე. როდესაც ესპანელები მოვიდნენ ახალ მსოფლიოში, მრავალი ერი მზად იყო მათ დასახმარებლად, ოღონდაც განთავისუფლებულიყვნენ აცტეკების ძალაუფლებისგან. თუმცა, ამან მათ არ დაუბრუნა თავისუფლება და საბოლოოდ მესოამერიკის დაპყრობით დასრულდა.

აცტეკები

მესოამერიკის ყველა კოლუმბამდელი ცივილიზაციიდან აცტეკების იმპერია — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცივილიზაციაა თავისი სიმდიდრისა და საბრძოლო ძალების წყალობით, რომლებსაც მან სხვა ხალხების ექსპლუატაციის გზით მიაღწია. ამერიკის ესპანური კოლონიზაციის დროს მრავალი მისიონერი იწერდა ნაუას ხალხების კულტურულ ისტორიას, ამიტომ თანამედროვე ცნობები მათ კულტურაზე უფრო დიდია, ვიდრე კონკისტის ეპოქაში.

აცტეკები მოვიდნენ მესოამერიკის ჩრდილოეთიდან ან დასავლეთიდან. მექსიკის შტატ ნარიარიტის მცხოვრებლებს სჯეროდათ, რომ მითური აცტლანი განლაგებული იყო კუნძულ მეჰკალტიტლანზე. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ მითური კუნძული მდებარეობდა საკატეკასის შტატის ტერიტორიაზე, ან ნიუ-მექსიკოში. წარმომავლობის მიუხედავად, აცტეკების კულტურული ტრადიციები ძლიერ არ განსხვავდებოდა კლასიკური მესოამერიკისგან. მათ ცენტრალური მესოამერიკის ხალხების მსგავსი თვისებები ჰქონდათ (ძველმა ჩრდილო უტო-ასტეკურმა ხალხებმა შექმნეს ისეთი კულტურები, როგორიცაა ანასაზი, ტეუჩიტლანი და სხვა). აცტეკები საუბრობდნენ ნაუატლზე, რომელიც უფრო ადრე მოსული ტოლტეკებისა და ჩიჩიმეკების მიერ გამოიყენებოდა.

აცტლანიდან წასვლა მოხდა XII საუკუნის პირველ ათწლეულებში (1311). გამოთვლები დამყარებულია დოკუმენტებზე, რომელიც ცნობილია, როგორც „მოგზაურობების ზონარი“ (ესპ. Tira de la Peregrinación) ან ბოტურინის კოდექსი, რომელშიც ხალხების მიგრაციის მნიშვნელოვანი მოვლენები იწერებოდა ნაუას კალენდრის მიხედვით. ბევრი ხეტიალის შემდეგ, XIV საუკუნეში, აცტეკები მივიდნენ მეხიკოს ველზე. ისინი მდინარეების პირას (როგორებიცაა კულუაკანი და ტიზაპანი) რამდენიმე ადგილას დასახლდნენ, სანამ მოეწყობოდნენ მეხიკოს კუნძულზე, ტესოსომოკის, ტეჰპანეკასის მეფის, მფარველობის ქვეშ. აცტეკების ნაწილმა მიგრაცია განიცადა შორეული სამხრეთით, თანამედროვე სალვადორის ტერიტორიაზე, და ამგვარად შეიქმნა პიპილების ერი ცენტრ კუსკატლანით. ტენოჩტიტლანი დაარსდა 1325 წელს, როგორც ასკაპოცალკოს მოკავშირე, მაგრამ არანაკლებ ერთი საუკუნის შემდეგ, 1430 წელს, მეჰიკები ასკაპოცალკოს წინააღმდეგ ომში გაერთიანდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანთან და დაამარცხეს მტერი. ამ გამარჯვებას მოჰყვა აცტეკების სამთა კავშირის შექმნა, რომელიც ჩაანაცვლა ძველი გაერთიანება (მოიცავდა კოატლინჩანსა და კულუაკანს), რომელსაც ტეკპანეკასა განაგებდა.

 
მექსიკის დაპყრობა, 1521 წელი

სამთა კავშირის არსებობის ადრეულ სტადიაზე აცტეკები ექსპანსიურ პოლიტიკას მისდევდნენ, რისი მეშვეობითაც მესოამერიკის დიდი ნაწილი დაიპყრეს. მხოლოდ რამდენიმე რეგიონმა შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება: ტლასკალა (ნაუა), მესტიტლანი (ოთომი), ტეოტიტლან-დელ-კამინო (კუიკაპეკები), ტუტუტეპეკი (მისტეკები), ტეუანტეპეკი (საპოტეკები) და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები, რომლებიც ტარასკების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყვნენ. სამტა კავშირის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ტენოჩტიტლანს ხარკს უხდიდა, გადასახადები ფიქსირდებოდა კოდექსში, რომელიც ცნობილია მატრიკულა-დე-ლოს-ტრიბუდოსის (ესპ. Matrícula de los tributos) სახელით. ამ დოკუმენტში უთითებდნენ ყოველი ნივთის ტიპსა და რაოდენობას.

აცტეკების იმპერია 1521 წელს ერნან კორტესის მეთაურობით დაიპყრეს ესპანელებმა, მათი მოკავშირეების, ტლასკალისა და ტოტონაკების, დახმარებით. მესოამერიკის დაპყრობა დასრულდა 1697 წელს, როდესაც ესპანელებმა გაძარცვეს და გადაწვეს ტაიასალი.

შემაჯამებელი ცხრილი

პერიოდი დათარიღება მნიშვნელოვანი კულტურები, ძეგლები, ხალხები მოკლე დახასიათება
პალეოინდიური პერიოდი ძვ. წ. 10000 — ძვ. წ. 3500 ობსიდიანური და პირიტული ნივთები, ისტაპანი მონადირეებისა და შემგროვებლების პერიოდი გრძელდებოდა რეგიონში ადამიანების არსებობის პირველი ნიშნებიდან ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი სოფლის მეურნეობისა და სხვა ტრადიციების დამყარებამდე.
არქაული ეპოქა ძვ. წ. 3500 — ძვ. წ. 1800 სასოფლო სამეურნეო დასახლებები, ტეუაკანი, ნორტე-ჩიკოს კულტურა სოფლის მეურნეობის განვითარება რეგიონში და მუდმივი დასახლებების წარმოქმნა. ამ ეპოქის მიწურულს გაჩნდა მეთუნეობა და ქსოვა.
წინარეკლასიკური ეპოქა ძვ. წ. 2000ახ. წ. 250 უცნობი კულტურა ლა-ბლანკასა და უხუჰტეში, მონტე-ალტოს კულტურა პირველი სახელმწიფოების წარმოქმნა, დიდი ცერემონიალური ნაგებობების აგება ქალაქებში. ოლმეკების ცივილიზაციის განვითარება და აყვავება — ქალაქები სან-ლორენსო-ტენოჩტიტლანი და ლა-ვენტა.

გვატემალისა და მაიას ცივილიზაციის წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონებში კულტურების ადრინდელი პერიოდები (საპოტეკები), მონტე-ალბანის კულტურა). მაიას მნიშვნელოვანი ქალაქები: ნაკბე, ელ-მირადორი, სან-ბართოლო, სივალი და ტაკალიკ-აბახი.

ადრეული წინარეკლასიკური პერიოდი ძვ. წ. 2000ძვ. წ. 1000
შუა წინარეკლასიკური პერიოდი ძვ. წ. 1000ძვ. წ. 400
გვიანი წინარეკლასიკური პერიოდი ძვ. წ. 400ახ. წ. 200
კლასიკური ეპოქა 200900 წლები მაიას კლასიკური ცენტრები, ტეოტიუაკანი, საპოტეკები ტეოტიუაკანი გადაიზარდა მეტროპოლიაში და არსებით გავლენას ახდენს მთელს მესოამერიკაზე. აყვავების პერიოდი მაიას სამხრეთის ქალაქებისა, როგორებიცაა ტიკალი, პალენკე და კოპანი.

ცენტრალურ მექსიკაში კლასიკური ეპოქა დამთავრდა ტეოტიუაკანის დაცემით, დაახლოებით, VII საუკუნეში, მაიას რაიონში კი ის კიდევ რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა. დაახლოებით ამ დროისთვის სამხრეთის ქალაქების უდიდესმა ნაწილმა (განსაკუთრებით ტიკალმა) განიცადა ვარდნის მოკლე პერიოდი, რომელსაც „შუა კლასიკური ეპოქის რღვევას“ უწოდებენ. მაიას ცივილიზაციის განვითარების შემდგომ პერიოდს უწოდებენ „აყვავების ეპოქას“.

XX საუკუნის დასაწყისში ტერმინი „ძველი იმპერია“ ძველი ეგვიპტის მსგავსად გამოიყენებოდა მაიას ცივილიზაციის ამ პერიოდის აღსაწერად.

ადრეული კლასიკური პერიოდი 200600 წლები
გვიანი კლასიკური პერიოდი 600900 წლები
საბოლოო კლასიკური პერიოდი 800900/1000 წლები
პოსტკლასიკური ეპოქა 9001519 წლები აცტეკები, პურეპეჩა, მისტეკები, ტოტონაკები, პიპილები, იცა, კოვოხი, კიჩე, კაკჩიკელი, პოკომამი, მამი

მიმდინარეობს კლასიკური ეპოქის მრავალი დიდი სახელმწიფოს დაცემა. ვინც გარადჩა, მათ შორისაა: ოახაკა, ჩოლულა და იუკატანის მაია (ჩიჩენ-იცა და უშმალი). ამ პერიოდს ზოგჯერ აღწერენ, როგორც ქაოსისა და ომების პერიოდს. გარკვეული დროის განმავლობაში (XI-დან XIII საუკუნემდე) ცენტრალური მექსიკა იმყოფება ტოლტეკების ბატონობის ქვეშ. ჩრდილოეთის მაია რაღაც პერიოდის განმავლობაში გაერთიანებულია მაიაპანის ქვეშ. XV საუკუნის დასაწყისიდან იქმნება აცტეკების იმპერია, რომელმაც თითქმის მთელი რეგიონი დაიპყრო. ამ დროს მესოამერიკაში შემოდიან ესპანელები და იწყება მისი დაპყრობა კონკისტადორების მიერ ადგილობრივი მოკავშირეების დახმარებით.

მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, მაიას ჩრდილოეთი ქალაქების აყვავებას ზოგჯერ „ახალ იმპერიასაც“ კი უწოდებენ. შეიძლება ითქვას, რომ პოსტკლასიკური ეპოქა დამთავრდა 1697 წელს უკანასკნელი ადგილობრივი სახელმწიფოს, ტაიასალის, დაპყრობით.

ადრეული პოსტკლასიკური პერიოდი 9001200 წლები ჩოლულა, ტულა, მიტლა, ელ-ტახინი, ტულუმი, ტოპოჰტე, კომინალჰუიუ, ხოია-დე-სერენი
გვიანი პოსტკლასიკური პერიოდი 12001519 წლები ტენოჩტიტლანი, ცემპოალა, ცინცუნცანი, მაიაპანი, ტიხო, უტატლანი, იშიმპე, მიჰკო-ვიეხო, საკულეუ
კონკისტის შემდეგ 1697 წლამდე ცენტრალური პეტენი: ტაიასალი, საკპეტენი

მესოამერიკული ქრონოლოგია დროში

უსულუტანიკამინალჰუიუალტამირანო Hv24უასტეკებიოლმეკებინორტე-ჩიკოს კულტურამეცკალატეოპანტეკუანიტლანიმონტე-ალბანისან-ხოსე-მოგოტესაპოტეკებიმიჰტეკებიკუიკუილკოტეოტიუაკანიტლაპაკოიატლატილკოჩუპიკუაროს კულტურაკაპაჩის კულტურამატანჩენი
ნიკარაოპიპილიუსულუტანიმაიაპანიჩიჩენ-იცაპალენკეკალაკმულიმაიას ცივილიზაციამაიაპანიტიკალიუასტეკებიელ-ტახინიიოპიცინკომეცკალამიტლალამბიტიეკომონტე-ალბანისაპოტეკებიმიჰტეკებინიუინიემიჰტეკებიტუტუტეპეკიიუკუიტამინასიაცტეკების სამთა კავშირიჩოლულააცტეკებიტოლტეკებიეპი-კლასიკიტეოტიუაკანიტენოჩტიტლანიტულა (მექსიკა)ჰოჩიკალკოჩალჩიუიტესიბახიოპურეპეჩა (ქალაქი)აცტატლანისაბადოსებური საფლავების ტრაიცია


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • სოდი დ., მესოამერიკის უდიდესი კულტურები, თარგმანი ესპანურიდან, Москва, 1985. — გვ. 208 გვ..
  • Carmack, Robert; et al. (1996). The legacy of Mesoamerica: history and culture of a Native American civilization. New Jersey: Prentice Hall. ISBN 0-13-337445-9. 
  • Coe, Michael D. (1996). Mexico: from the Olmecs to the Aztecs. New York: Thames and Hudson. ISBN 0-500-27722-2. 
  • Fernández, Tomás; and Jorge Belarmino (2003). La escultura prehispánica de mesoamérica. Barcelona: Lunwerg Editores. ISBN 84-9785-012-2. 
  • de la Fuente, Beatrice (2001). De Mesoamérica a la Nueva España. Oviedo, Spain: Consejo de Comunidades Asturianas. ISBN 84-505-9611-4. 
  • Gamio, Manuel (1922). La Población del Valle de Teotihuacán: Representativa de las que Habitan las Regiones Rurales del Distrito Federal y de los Estados de Hidalgo, Puebla, México y Tlaxcala, 2 vols. in 3, Mexico City: Talleres Gráficos de la Secretaría de Educación Pública. 
  • Kirchhoff, Paul (1943). „Mesoamérica. Sus Límites Geográficos, Composición Étnica y Caracteres Culturales“. Acta Americana. 1 (1): 92–107.
  • Kuehne Heyder, Nicola; and Joaquín Muñoz Mendoza (2001). Mesoamérica: acercamiento a una historia. Granda, Spain.: Diputación Provincial de Granada. 
  • López Asutin, Alfredo; and Leonardo López Luján (1996). El pasado indígena. Mexico: El Colegio de México. ISBN 968-16-4890-0. 
  • Palerm, Ángel (1972). Agricultura y civilización en Mesoamérica. Mexico: Secretaría de Educación Pública. ISBN 968-13-0994-4. 
  • de Sahagún, Bernardino; Arthur J. O. Anderson and Charles E. Dibble (eds.) (1950-82). Florentine Codex: General History of the Things of New Spain, 13 vols. in 12, Santa Fe: School of American Research. ISBN 0-87480-082-X. 
  • Wauchope, Robert (ed.) (1964-76). Handbook of Middle American Indians, 16 vols., Austin: University of Texas Press. 
  • Weaver, Muriel Porter (1993). The Aztecs, Maya, and Their Predecessors: Archaeology of Mesoamerica, 3rd ed., San Diego: Academic Press. ISBN 0-01-263999-0. 
  • West, Robert C.; and John P. Augelli (1989). Middle America: Its Lands and Peoples, 3rd ed., Englewood Cliffs, N.J.: Prentice Hall. ISBN 0-13-582271-8. 
  • Wolf, Eric Robert (1967). Pueblos y culturas de Mesoamérica. Bilioteca Era. 
  • Duverger, Christian (1999): Mesoamérica, arte y antropología. CONACULTA-Landucci Editores. Paris. ISBN 970-18-3751-7.
  • Miller, Mary Ellen. (2001). El arte de mesoamérica. «Colecciones El mundo del arte». Ediciones Destino. Barcelona, España. ISBN 84-233-3095-8.
  • Several Authors. (1996) «Historia General de Guatemala» ISBN 84-88522-07-4.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. კოლუმბამდელი მაგნიტური სკულპტურები დასავლეთ გვატემალაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-09. ციტირების თარიღი: 2013-03-01.
  2. მაიას ხელოვნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-05. ციტირების თარიღი: 2013-03-05.