კრაისტჩერჩი
კრაისტჩერჩი (ინგლ. Christchurch, მაორ. Ōtautahi) — ქალაქი ახალ ზელანდიაში. კენტერბერის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სამხრეთის კუნძულზე. ინგლისური ენიდან ქალაქის სახელი ითარგმნება, როგორც „ქრისტეს ეკლესია“.
ქალაქი | |
---|---|
კრაისტჩერჩი ინგლ. Christchurch / მაორ. Ōtautahi | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
რეგიონი | კენტერბერი |
კოორდინატები | 43°31′48″ ს. გ. 172°37′13″ ა. გ. / 43.53000° ს. გ. 172.62028° ა. გ. |
დაარსდა | 1848 |
ფართობი | 608 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
მოსახლეობა | 341 469[1] კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 561,63 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+12, ზაფხულში UTC+13 |
სატელეფონო კოდი | 03 |
საფოსტო ინდექსი | 8011, 8013, 8014, 8022, 8023, 8024, 8025, 8041, 8042, 8051, 8052, 8053, 8061, 8062, 8081, 8082 და 8083 |
ოფიციალური საიტი | ccc.govt.nz |
ქალაქის დასახელება მაორულ ენაზე არის ტე ფენუა ო ტე პოტიკი-ტაუტაჰი (მაორ. Te Whenua o Te Potiki-Tautahi), მაგრამ შემოკლებული დასახელება ოტაუტაჰი (მაორ. — Ōtautahi) უფრო ფართედაა გავრცელებული.
გეოგრაფია
რედაქტირებაგეოგრაფიული მონაცემები
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს სამხრეთი კუნძულის აღმოსავლეთი სანაპიროს ცენტრში, კენტერბერის დაბლობზე, მდინარეების ეივონის და ჰიტკოტის პეგასის ყურესთან შეერთების ადგილას. სამხრეთიდან ქალაქი კრაისტჩერჩი შემოფარგლულია პორტ-ჰილსის ვულკანური წარმოშობის ჯაჭვით, ჩრდილოეთიდან — მდინარე ვაიმაკარირით.
კრაისტჩერჩი შედის მსოფლიოს რვა წყვილიდან ერთ-ერთ ქალაქ-ანტიპოდებში, მისი ანტიპოდია გალისიის ქალაქი ლა-კორუნია.
ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში წყალგაყვანილობის სისტემაში არსებული წყლის ხარისხით, რომელიც აქ მოედინება გრძელი წყლის არხებით უშუალოდ სამხრეთი ალპების ეკოლოგიურად სუფთა ფერდოებიდან.
კლიმატი
რედაქტირებაკრაისტჩერჩში და მასთან მიმდებარე რაიონებში ზომიერი ზღვის კლიმატია ჰაერის ტემპერატურით ზაფხულის პერიოდში (დეკემბერი — თებერვალი) +15 °C-დან + 25 °C-მდე და ჰაერის ტემპერატურით ზამთრის პერიოდში (ივნისი — აგვისტო) +5 °C-დან +15 °C-მდე. ზამთარში ღამით ჰაერის ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 0 °C-ზე დაბლა. ქალაქის განსაკუთრებულ მდებარეობასთან დაკავშირებით ზამთრის პერიოდში ქალაქში შესამჩნევად იზრდება სმოგის საერთო ფონი, რომელიც მართალია არ შეედრება სხვა ქვეყნების მსხვილი ინდუსტრიული ქალაქების ანალოგიურ პრობლემებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ახალი ზელანდიის სხვა ქალაქებში.
ისტორია
რედაქტირებაარქეოლოგების მონაცემებით, ამ ადგილების პირველი ადამიანები იყვნენ მოაზე მონადირეები, რომლებიც აქ მოვიდნენ თანდათან გადაშენებადი ნადირის საძებნელად XIII საუკუნეში. ეს პირველად მოსულები, რომელთა სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა, XVI საუკუნეში გაანადგურა ჩრდილოეთის კუნძულიდან მოსულმა მაორის ივიმ („ხალხები“) ვაიტაჰამ. შემდგომი ტომთაშორისი ომების პერიოდში ვაიტაჰას ტომი გაანადგურა ნგატი-მამოეს ივიმ, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ნგაი-ტაჰუმ, რომლებიც ფლობდნენ ამ ტერიტორიას პირველი ევროპელების მოსვლის მომენტში 1840 წელს.
1840 წელს სიდნეიდან ვეშაპის დამჭერების მიერ დაფუძნებულ დასახლებას ჰქონდა სეზონური ხასიათი და გამოიყენებოდა მათი გემების ეკიპაჟის წევრების დასასვენებლად.
1848 წელს ლონდონში დაარსდა კენტერბერის ასოციაცია კენტერბერის არქიეპისკოპოსის ჯონ სამნერის თავჯდომარეობით, რომლის მიზანი იყო ანგლიკანური კოლონიის დაარსება ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე. იმავე წლის 27 მარტს შეირჩა მომავალი დასახლების სახელწოდება — კრაისტჩერჩი. ეს დღე ითვლება ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად, თუმცა რეალურად კოლონისტების ოთხიდან ერთმა გემმა ღუზა ჩაუშვა ქალაქის უბეში მხოლოდ 1850 წლის 16 დეკემბერს. სულ გემებმა ინგლისიდან ჩამოიყვანეს 792 გადმოსახლებული[2].
დასახლება სწრაფად ვითარდებოდა, 1856 წლის 31 ივლისს მას (პირველს ახალ ზელანდიაში) ოფიციალურად მიენიჭა ქალაქის სტატუსი, ხოლო 1863 წელს აქ გაიხსნა ქვეყანაში პირველი რკინიგზა მგზავრთა გადასაყვანად — Ferrymead Railway, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
2010 წლის 4 სექტემბერს 7.1 მაგნიტუდის ძალით, 10 კმ სიღრმეზე ქალაქში და კენტერბერის ცენტრალურ რეგიონში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც ქალაქს მოუტანა სერიოზული ზარალი და მოსახლეობამ მიიღო მცირე ტრავმები. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
2011 წლის 22 თებერვალს, დღისით ქალაქში მოხდა ძლიერი მიწისძვრა 6.3 მაგნიტუდის ძალით, 5 კმ სიღრმეზე, რომლის ეპიცენტრიც ქალაქის ცენტრთან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე 2010 წლის მიწისძვრაზე უფრო ნაკლები იყო, ეპიცენტრის ქალაქთან სიახლოვემ და ხანგრძლივობის ინტენსივობამ გამოიწვია დამანგრეველი შედეგები. დაღუპულთა რაოდენობამ 185 ადამიანს მიაღწია[3]. ეს მიწისძვრა გახდა ყველაზე ძლიერი 1931 წლის შემდეგ. ქალაქის აღდგენაზე ახალი ზელანდიის მთავრობა გეგმავდა გამოეყო 14 მილიარდი დოლარი.
2011 წლის 13 ივნისს მოხდა ორი მიწისძვრა 5.6 მაგნიტუდის ძალით 9 კმ სიღრმეზე და 6.3 მაგნიტუდის ძალით 6 კმ სიღრმეზე. ამ ორ მიწისძვრას მოჰყვა მხოლოდ შენობების დაზიანება.
2011 წლის 23 დეკემბერს მოხდა 5,8 მაგნიტუდის ძალის მიწისძვრა, სიღრმით 4,7 კმ, რომლის ეპიცენტრიც მდებარეობდა ქალაქიდან 26 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით. 80 წუთის შემდეგ მიწისძვრა განმეორდა ანალოგიურ ადგილას 6.0 მაგნიტუდის ძალით. ამ მიწისძვრებმა გამოიწვია მხოლოდ შენობა-ნაგებობების უმნიშვნელო დაზიანება.
2012 წლის 2 იანვარს ქალაქში კვლავ მოხდა ორი მიწისძვრა. პირველად ხუთი წუთის ინტერვალში მოხდა ორი მიწისძვრა 5.1 და 4.2 მაგნიტუდის ძალით, ხოლო მეორედ, უფრო ძლიერი მოხდა პირველი მიწისძვრიდან ოთხსაათნახევრის შემდეგ, 5.5 მაგნიტუდის ძალით, რამაც გამოიწვია პრობლემები ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებაში და გამოიწვია 10 000 შენობის მცირე დაზიანება[4].
2010 წლის 4 სექტემბრიდან 2014 წლის 3 სექტემბრამდე კენტერბერის რეგიონში 3.0 მაგნიტუდის ძალაზე უფრო ძლიერი მიწისძვრები სულ დაფიქსირდა 4558 ჯერ[5]
მოსახლეობა
რედაქტირებაახალი ზელანდიის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით კრაისტჩერჩის მოსახლეობა 2013 წელს შეადგენდა 341 469 ადამიანს, ხოლო აგლომერაციის — 379 ათასს, რის გამოც იგი სამხრეთი კუნძულის ყველაზე დიდი და ქვეყანაში მეორე (ოკლენდის შემდეგ) ქალაქია, ამასთან კრაისტჩერჩის აგლომერაცია ქვეყანაში მესამეა (ოკლენდის და უელინგტონის შემდეგ).
ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური ჯგუფები | 2001 (%) | 2001 (მოსახლეობა)[6] | 2006 (%) | 2006 (მოსახლეობა)[7] |
---|---|---|---|---|
ევროპელები | 89,8 | 291 594 | 75,4 | 255 366 |
წყნარი ოკეანის კუნძულებიდან წამოსულები | 2,4 | 7713 | 2,8 | 9465 |
აზიის ქვეყნებიდან წამოსულები | 5,5 | 17 703 | 7,9 | 26 631 |
მაორები | 7,2 | 23 421 | 7,6 | 25 725 |
არაბები/ლათინოამერიკელები/შავკანიანები | n/a | n/a | 0,8 | 2862 |
სხვები | 0,6 | 2073 | 0,1 | 114 |
'ახალზელანდიელები' | n/a | n/a | 12,9 | 43 671 |
სულ | 324 666 | 338 748 |
ქალაქელთა 86 % სახლში ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქის და რეგიონის ეკონომიკის ძირითადი დარგებია სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. უკანასკნელ წლებში ქალაქში აქტიურად დაიწყო განვითარება მაღალტექნოლოგიური და მეცნიერების შემცველი დარგების საწარმოებმა, მათ შორის ბიოტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფის გამოგონებებით. ამის ერთ-ერთი მიზეზია ქალაქში არსებული სამი უნივერსიტეტი (კენტერბერის უნივერსიტეტი, ლინკოლნის უნივერსიტეტი, ოტაგოს უნივერსიტეტი).
ქალაქში ისეთი დიდი (ახალი ზელანდიის მასშტაბით) კომპანიების შტაბ-ბინებია განლაგებული, როგორებიცაა PGG Wrightson (სოფლის მეურნეობა, ბიოტექნოლოგია), Tait Electronics (ელექტრონიკა) და Jade (პროგრამული უზრუნველყოფა).
ХХ საუკუნის პირველ ნახევარში კრაისტჩერჩი იყო ახალი ზელანდიის ორიდან ერთ-ერთი ძირითადი სამრეწველო ცენტრი (ოკლენდთან ერთად), ქალაქში მუშაობდა ტექსტილის, ფეხსაცმლის და მეტალურგიის ბევრი საწარმო, მაგრამ 1990-იანი წლების ბოლოსთვის პრაქტიკულად ყველა მათგანი გადაიტანეს ჩინეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.
ტრანსპორტი
რედაქტირებაკრაისტჩერჩს ემსახურება კრაისტჩერჩის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: CHC, ICAO: NZCH) მგზავრთა გადაყვანით 5,56 მილიონი ადამიანი წელიწადში (2013 წელი, ქვეყანაში მეორე ოკლენდის აეროპორტის შემდეგ). რეგულარული ავიარეისები სრულდება ახალი ზელანდიის ყველა ძირითად ქალაქში, ასევე ბრიზბენში, პერთში, სიდნეიში, ბანგკოკში, სინგაპურში, ნანდიში, მელბურნში, დუბაიში, გოლდ-კოსტში და ტოკიოში.
საზღვაო პორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ-თანამგზავრ ლიტელტონში ქვეყანაში მეორეა (ოკლენდის პორტის შემდეგ) ტვირთბრუნვით და კრუიზური რეისების მგზავრთა რაოდენობით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს საავტობუსო მარშრუტების Metro-ს ქსელს და ერთ ტრამვაის ხაზს ქალაქის ცენტრში, რომელსაც ძირითადად იყენებენ ტურისტები.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2013 Census Usually Resident Population Counts – Statistics New Zealand. Stats.govt.nz. ციტირების თარიღი: 4 November 2013.
- ↑ Canterbury Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-29. ციტირების თარიღი: 2015-01-27.
- ↑ «Official quake toll rises to 185»
- ↑ Earthquake (2 January 2012) Stuff: Earthquake swarm rattles Christchurch, 2 January 2012
- ↑ Canterbury Aftershocks. Info.geonet.org.nz. ციტირების თარიღი: 11 January 2015.
- ↑ 2001 Regional Summary დაარქივებული 2007-03-08 საიტზე Wayback Machine. , Statistics New Zealand
- ↑ 2006 Regional Summary დაარქივებული 2011-06-10 საიტზე Wayback Machine. , Statistics New Zealand