სმოგი
სმოგი (ინგლ. Smog) — ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში.[1] სიტყვა „სმოგი“ ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში და ტერმინების — კვამლისა (ინგლ. Smoke) და ნისლის (ინგლ. Fog) შერწყმის შედეგია.[2] იმ დროს „სმოგი“ იყო ქალაქ ლონდონში გავრცელებული ცნობილი და სერიოზული პრობლემის, ეგრეთ წოდებული „შავი ნისლის“ აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც მძლავრად იყო გამოხატული ბრიტანეთში დაწყებული XIX საუკუნიდან დამთავრებული XX საუკუნის შუა ხანებამდე. სმოგის ასეთი ტიპის წარმოქმნის მიზეზებია: ქალაქში დიდი რაოდენობით ნახშირის წვა; ამასთანავე იგი შეიცავს ნისლის ნაწილაკების ჭვარტლს, გოგირდის ოქსიდებსა და სხვა კომპონენტებს. თანადროული სმოგი, ისეთი, როგორიც მაგ., ქალაქ ლოს-ანჯელესშია გამოხატული, წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ სახეს და წარმოიქმნება ავტომობილთა გამონაბოლქვების, შიდა წვის ძრავისა და საწარმოო აირების გამოყოფის შედეგად.
ტერმინი
რედაქტირებატერმინი „სმოგი“ ხმარებაში შემოვიდა 1905 წელს, როდესაც გამოქვეყნდა ჰენრი ანტუან დე ვოს სტატია „კვამლი და ნისლი“, დაწერილი ჯანმრთელობის პუბლიკური კონგრესისათვის. ფოტოქიმიური სმოგი აიღწერა 1950-იან წლებში. იგი არის ატმოსფეროში მზის შუქის, აზოტის ოქსიდებისა და მფრინავი ორგანული ნივთიერებების ქიმიური რეაქცია. აღნიშნული მავნე ნაერთები, რომლებიც ატმოსფეროს აბინძურებენ, შეიცავს:
ფოტოქიმიური სმოგი
რედაქტირებაყველა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება, როგორც წესი, მეტად რეაქტიულია და ჟანგვას ექვემდებარება. ფოტოქიმიური სმოგი თანამედროვე ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. გვხვდება ყველა თანამედროვე ქალაქში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის ავტომობილთა სიუხვე, მზიანი, თბილი და მშრალი კლიმატი. გადაადგილდება ქართან ერთად, რის გამოც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეჩხრად დასახლებულ რაიონებზე. ყველაზე მავნებელი სმოგი წლის თბილ პერიოდშია, მზიან უქარო ამინდში. ყველა მსხვილი მეგაპოლისების სერიოზული პრობლემაა.
სმოგი ამცირებს ხილვადობას, აძლიერებს მასალების და ნაგებობების კოროზიას, დამღუპველად მოქმედებს მცენარეებზე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაზიანება, პირღებინება, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და საერთო მოთენთილობა. ინტენსიური და ხანგრძლივი ფოტოქიმიური სმოგი შეიძლება დაავადებათა და სიკვდილიანობის ზრდის მიზეზი აღმოჩნდეს. სმოგის გავლენას განსაკუთრებით განიცდიან ქალაქები: ათენი, ლონდონი, ლოს-ანჯელესი, მეხიკო, სანტიაგო, მოსკოვი, თეირანი, ჰონკონგი, პეკინი. ჩინეთში ზოგჯერ იმდენად ბინძურდება ჰაერი, რომ უმაღლესი ცათამბჯენებიც კი არ ჩანს.[3]
ყველაზე მნიშვნელოვანია სმოგის ორი ტიპი, დაკავშირებული ჰაერის დაბინძურებასთან ტრანსპორტის გამონაბოლქვით, და დაკავშირებული ჰაერის დაბინძურებასთან ჭვარტლითა და ბოლით, რომლებიც შეიცავენ გოგირდის ორჟანგს. პირველი ტიპის სმოგის (ლოს-ანჯელესის ტიპის სმოგის) წარმოქმნის პროცესის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფოტოქიმიური რეაქციები, მეორე შემთხვევაში (ლონდონის ტიპის სმოგი) ფოტოქიმიური რეაქციები შეიძლება მონაწილეობდნენ სმოგის წარმოქმნაში, მაგრამ მათი მონაწილეობა არ არის აუცილებელი.[3]
ზემოქმედება ჯანმრთელობაზე
რედაქტირებასმოგი წარმოადგენს არაერთი ქალაქის სერიოზულ პრობლემას და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.[4] მიწისპირა ოზონი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი და ნახშირბადის ოქსიდი განსაკუთრებით საშიშია ხანშიშესული ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის და იმათთვის, ვისაც აქვს გულისა და ფილტვების პრობლემა.[5] შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ანთება, ფილტვების მუშაობის უნარის დაქვეითება, სუნთქვის მოშლა, ხველა და სხვ. სმოგი ამასთანავე იწვევს თვალისა და ცხვირის გაღიზიანებას, რასაც მოჰყვება ცხვირისა და ყელის დამცავი გარსის გაღიზიანება და ამოშრობა. როდესაც ოზონის დონე მაღალია ხშირია ადამიანთა ჰოსპიტალიცაზიის შემთხვევები.[6]
ოზონი, როგორც ძლიერი მჟანგველი, აზიანებს სამშენებლო მასალებს, ავტომანქანების რეზინის დეტალებს, მცენარეებს და სხვ. უარესდება ახალშენი ნერგების გადარჩენა, ზიანდება ფოთლები და მცირდება მცენარეების დაავადებებისადმი მდგრადობა. ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა: ნახშირწყალბადები, მხუთავი აირი, აზოტის ჟანგეულები, გოგირდის ნაერთები, ალდეჰიდები, მური, და სხვ.[3] სმოგი წარმოიქმნება თითქმის ყველა კლიმატურ პირობებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი რაოდენობით გროვდება დაბინძურებული ჰაერი, განსაკუთრებით აღსანიშნავია გეოლოგიური აუზები, რომლებიც შემოფარგლულია მთებითა და ბორცვებით.
ლონდონი
რედაქტირებაჰაერის დაბინძურებით შეწუხებულმა ედუარდ I-მა 1306 წელს აკრძალა ქვანახშირის წვა ქალაქ ლონდონში. 1661 წელს ინგლისელმა მწერალმა ჯონ ივლინმა ნახშირის წვის ნაცვლად შემოგვთავაზა სურნელოვანი ხეების გამოწვა, რამეთუ მას მიაჩნდა, რომ იგი შეამცირებდა ხველებას. XIX-XX საუკუნეებში ბრიტანეთში გრძელდებოდა სმოგის მძიმე ეპიზოდები. 1952 წელს ქალაქ ლონდონში დაფიქსირდა მეტად ძლიერი სმოგი, რომელმაც 12000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.[7] გაგრძელდა 4 დღე, 5 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე. თავდაპირველად ადამიანთა სიკვდილიანობას გრიპის ეპიდემიას მიაწერდნენ. 1956 წელს გაერთიანებულ სამეფოში მიიღეს კანონი ეგრეთ წოდებული „სუფთა ჰაერის“ შესახებ, რომელიც ძალაში მხოლოდ 1964 წლამდე დარჩა.
აშშ
რედაქტირებააშშ-ის ფართო საზოგადოებისთვის სმოგის შესახებ ცნობილი გახდა 1933 წელს, როდესაც გამოქვეყნდა წიგნი „Stop That Smoke“. განსაკუთრებითი ინტენსიურად სმოგი გამოხატულია ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში. მაგ., 1953 წელს ნიუ-იორკში სმოგის შედეგად დაიღუპა 170-260 ადამიანი.[8]
სანტიაგო
რედაქტირებასანტიაგო ქალაქ მეხიკოსთან ერთად სმოგის სერიოზულ პრობლემებს განიცდის. ანდებსა და ჩილეს სანაპირო ქედს შორის მოქცეულ ხეობაში იჭრება დაბინძურების ზონა. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სანტიაგო ამ თვალსაზრისით იმყოფება სავალალო მდგომარეობაში.
თეირანი
რედაქტირება2005 წლის დეკემბერში ირანის დედაქალაქ თეირანში მოხდა ძლიერი სმოგი, რის გამოც საჭირო გახდა სკოლებისა და სახელმწიფო დაწესებულებების დახურვა. სმოგის შედეგად საავადმყოფოში 1600-მდე კაცი გადაიყვანეს.[9]
მოსკოვი
რედაქტირება2002 წლის აგვისტოში ტორფის ხანძრის შედეგად მოსკოვის ოლქი ძლიერი ნისლის ქვეშ მოექცა, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა. 2010 წელს სიტუაცია ისევ განმეორდა.
საქართველო
რედაქტირებასაქართველოში ატმოსფერული დაბინძურების მდგომარეობა არსებითად განსხვავდება ატმოსფეროს დაბინძურებისგან განვითარებულ ქვეყნებში. უხარისხო საწვავის გამოყენება, რელიეფის, ჰაერის მასების დინამიკისა და მიკროკლიმატური პირობების თავისებურებები, ტექტონიკური რღვევების არსებობა და სხვა შეიძლება იწვევდეს ფოტოქიმიური სმოგის წარმოშობას, რომლის კომპონენტები არსებითად განსხვავდება ანალოგიური სმოგისგან განვითარებულ ქვეყნებში.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სმოგი“ ვიკისაწყობში.
- სმოგი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ფოტოქიმიური სმოგი – ინფორმაცია (ინგლისური)
- სმოგი – ინფორმაცია (ინგლისური)
- სმოგი – ინფორმაცია (ინგლისური)
- სმოგი – ინფორმაცია (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უცხო სიტყვათა ლექსიკონი
- ↑ Schwartz Cowan, Ruth (1997). A Social History of American Technology. Oxford University Press. ISBN 978-0-19-504605-2.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის შრომები[მკვდარი ბმული]
- ↑ EPA: Half of USA breathing illegal levels of smog
- ↑ Airnow.gov დაარქივებული 2008-01-17 საიტზე Wayback Machine. , "Who is most at risk from ozone?"
- ↑ CWAC.net დაარქივებული 2012-11-30 საიტზე Wayback Machine. , Ozone in Wisconsin
- ↑ Historic smog death toll rises — BBC
- ↑ Radford.edu დაარქივებული 2011-02-05 საიტზე Wayback Machine. , Environmental History Timeline: 1940-1960
- ↑ „Hundreds treated over Tehran smog“. BBC News. 2005-12-10. ციტირების თარიღი: 2006-08-03.