ირან-ოსმალეთის ომი (1623-1639)
ირან-ოსმალეთის ომი (1623-1639) | |||
---|---|---|---|
ირან-ოსმალეთის ომების ნაწილი | |||
თარიღი | 1623 - 17 მაისი, 1639 | ||
მდებარეობა | მესოპოტამია, სამხრეთი კავკასია | ||
შედეგი | ზუჰაბის ხელშეკრულება,ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ოსმალეთის იმპერიამ დაიბრუნა სეფიანთა მიერ წართმეული ერაყი, აღმ. სომხეთი და სამცხე-საათაბაგოს ნაწილი. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ირან-ოსმალეთის ომი (1623-1639) — მეოთხე და ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა ირანს შორის. წარიმართა არაბული ერაყისა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიების მისათვისებლად. ომი იყოფა 2 ეტაპად: 1623-1629- შაჰ-აბას I -ის გარდაცვალებამდე და 1632-1639 - მურად IV-ის აღზევებიდან დასასრულამდე.
წინა ისტორია
რედაქტირებაოსმალეთის იმპერიის ძლიერებას ნელ-ნელა ბოლო ეღებოდა. გაუთავებელმა აჯანყებებმა და უშედეგო ომებმა იმპერია დაასუსტა. შაჰ-აბას I-მა ისარგებლა ამით და 1618 წლისათვის დაიბრუნა ოსმალების მიერ წართმეული ტერიტორიები კავკასიასა და ირანში. დიდ მოგოლთა იმპერიის დამარცხების შემდეგ კი მოძლიერებულმა სეფიანთა იმპერიამ განაახლა ომი ქაოსში მოცულ ოსმალეთთან.
მიმდინარეობა
რედაქტირებაპირველი ეტაპი (1623-1629)
რედაქტირება1623 წელს ოსმალეთის სულთანი მუსტაფა I ქიოსემ სულთნის მომხრეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და ის მისი ძმის, აჰმედ I-ის 11 წლის ვაჟით, მურად IV-ით შეცვალეს. იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში დაიწყო აჯანყებები. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა აბაზა მეჰმედ-ფაშას ამბოხი, რომლის ჩახშობაც 1628 წლამდე ვერ მოხერხდა. ქვეყანას სათავეში რეალურად ქიოსემ სულთანი ედგა. თურქების დასუსტებით აბასმა კიდევ ერთხელ ისარგებლა და 1623 წლის ნოემბერში 45 000 კაციანი არმია დაძრა მესოპოტამიისკენ. 1624 წლის 14 იანვარს ბაღდადი აიღო და ისპაჰანში გაბრუნდა. იმავე წლის ბოლოსათვის სეფიანების არმიამ გიორგი სააკაძის სარდლობით მთლიანი არაბული ერაყის დაპყრობა მოახერხა. მას იმ წელსვე ჰქონდა შანსი სომხეთი დაეპყრო, მაგრამ ჯარისკაცების ამბოხის გამო გეგმები ჩაეშალა. ირანის შაჰს გიორგი სააკაძემ მალევე "უღალატა". მან დაიწყო ქართველთა ამბოხი, რომელმაც შედეგად გამოიღო სეფიანთა არმიის დასუსტება.
1625-1626 წლებში ირანი კახეთისა და ქართლის სამეფოებთან გავარვარებულ ომებში იყო ჩართული. ოსმალებმა ისარგებლეს ირანის მოუცლელობით, აღმოსავლეთ ფრონტის მეთაურად ექრემ ჰუსრევ-ფაშა დანიშნეს და კავკასიაში გაილაშქრეს, თუმცა უშედეგოდ. 1626 წელს სამცხესთან მათი წინსვლა ბექთაშ-ხან გურჯიმ შეაჩერა. სპარსელებმა მალევე დაიკავეს სამცხე-საათაბაგოს ნაწილი. 1628 წლის მარტში სეფიანები გადავიდნენ შეტევაზე. მაისისთვის მათ როსტომ ხან-სააკაძის სარდლობით აიღეს ერევანი, ივლისში ვანის ციხე, ხოლო აგვისტოს ბოლოს, ჰელეს ციხის აღების შემდეგ, დაამარცხეს ოსმალთა 35 000 კაციანი ლაშქარი. ოსმალების ეს დამარცხება გამოიწვია ექრემ ჰუსრევ-ფაშასა და ჰაფიზ აჰმედ-ფაშას შორის არსებულმა კონფლიქტმა. 1629 წელს ოსმალები დაძრა დამატი ჰალილ-ფაშამ არზრუმიდან, თუმცა შაჰ-აბასმა მას მალევე გზა გადაუკეტა და თითქმის გაუწყვიტა არმია. შაჰი იმავე წელს გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი შვილიშვილი, სეფი I.
მეორე ეტაპი (1634-1639)
რედაქტირება1629 წლიდან ომი პრაქტიკულად შეჩერდა. მხოლოდ მცირე შეტაკებები მოხდა სომხეთის ტერიტორიაზე, რომლებშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მარტო 2 უმნიშვნელო ციხე-სიმაგრის დაკავება მოახერხეს. 1632 წელს 20 წლის მურად IV-მ ხელში აიღო აბსოლუტური ძალაუფლება. გარკვეული რეფორმებისა და კანონების გამოცემის შემდეგ, მან 1634 წელს შაჰ-სეფის ომი გამოუცხადა და დაიძრა სომხეთის დასაპყრობად. წლის ბოლოსთვის მან ერევანი აიღო, ხოლო მისმა ვეზირმა, ღაზი ჰუსეინ-ფაშამ ყარსისა და არზრუმის დაკავება მოახერხა. პირველი ლაშქრობიდან მალევე მურადი სტამბოლში დაბრუნდა. მას ერევანში მცირე რაოდენობის ჯარისკაცებით დაკომპლექტებული გარიზონი ჰქონდა დატოვებული. ამით ისარგებლეს სეფიანებმა და 1635 წლის 20 მარტს მირზა მუჰამად სარუ თაქის სარდლობით ისევ აიღეს ერევანი.
იმავე წლის სექტემბერში ოსმალები მოულოდნელად დაესხნენ თავს სომხეთს. სეფიანებს არმიის უმეტესი ნაწილი ყანდაარისკენ ჰყავდათ დაძრული დიდ მოგოლთა ფადიშაჰის, შაჰ-ჯაჰანის შემოსევის გამო. ოსმალებმა სომხეთი მეორედ დაიპყრეს და 1636 წლისათვის ჯაყელების დახმარებით მთლიანი სამცხე-საათაბაგო დაიბრუნეს. იმავე წელს ბაირამ-ფაშას სარდლობით აიღეს თავრიზი და ირანის აზერბაიჯანის პროვინცია. ჯერი ერაყზე და მის ერთ-ერთ წამყვან ისლამურ ქალაქზე, ბაღდადზე მიდგა. ამის შემდეგ ომი პრაქტიკულად აღარ გაჩერებულა. 1637 წელს ქემანქეშ მუსტაფა-ფაშამ მოსული დაიკავა, გაძარცვა, დაარბია ქალაქი და მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა. პარალელურად ოსმალები სირიაში შევიდნენ თაიარ მეჰმედ-ფაშას სარდლობით და აიღეს სპარსელების მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები. სულთანმა შაჰს დაზავება და ერაყის უბრძოლველად გადაცემა მოთხოვა. სეფი I მტკიცე უარზე იდგა. ოსმალებმა განაგრძეს წარმატებული ლაშქრობა და ჰამადანი დაიკავეს.
1638 წელს მურად IV 40,000 ქვეითითა და 20,000 მხედრით დაიძრა ბაღდადისკენ. სეფიანებს არმიის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ჰყავდათ გამაგრებული. მათ თურქები ერაყში მარტივად შემოუშვეს, სამაგიეროდ სოფლები და ქალაქები გადაწვეს მტრისთვის სურსათის მოსასპობად. ოსმალებმა 1600 კილომეტრი 197 დღეში, ელვისებურად გაიარეს. სურსათი თავრიზიდან მიიღეს, მდინარე ევფრატთან მათ შეუერთდა ყირიმის ხანის, ბაჰადირ I გირეის 15 000 კაციანი არმია. ოსმალებმა 15 ნოემბერს დაიწყეს ბაღდადზე ალყა, რომელიც 40 დღემდე გაიწელა. ბაღდადის მმართველი ბექთაშ-ხან გურჯი უძლური აღმოჩნდა და ქალაქი მალევე მიატოვა. 1638 წლის 25 დეკემბერს ოსმალებმა ქალაქი აიღეს და მისი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. გამარჯვებულმა სულთანმა შაჰს დამცინავი წერილი მისწერა და დაზავებისკენ მოუწოდა. მიუხედავად წარმატებისა სულთანმა დიდი ხარჯი და მსხვერპლი გაიღო ამ ომის წარმატებით დასრულებისთვის. ბოლო ლაშქრობაში მან დაკარგა 2 დიდი ვეზირი: ბაირამ-ფაშა და თაიარ მეჰმედ-ფაშა.
საბოლოოდ, 1639 წლის 17 მაისს იმპერიებს შორის დაიდო ზუჰაბის იგივე ყარს-შირვანის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოსმალეთმა დაიბრუნა შაჰ-აბას I-ის მიერ დაპყრობილი არაბული ერაყი, სომხეთი, სამცხე-საათაბაგოსა და იმერეთის სამეფოს ნაწილი და ანატოლიის რამდენიმე ბეილიქი. ამ გამარჯვებამ ავტორიტეტი აუმაღლა მურად IV-ს მთელს იმპერიაში და „ბაღდადის დამპყრობლის“ სახელით შევიდა ისტორიაში.
ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული ეს ხელშეკრულება არ დარღვეულა 1730 წლამდე, მაშინ როცა სეფიანებმა თამაზ II-ისა და ნადირ-შაჰის სარდლობით შეუტიეს ოსმალეთის მიერ დაკავებულ კავკასიას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Cooper, J. P. (1979). The New Cambridge Modern History, Volume IV: The Decline of Spain and the Thirty Years War, 1609–48/59. CUP Archive. ISBN 978-0521297134.
- Faroqhi, Suraiya (2006). The Cambridge History of Turkey: The Later Ottoman Empire, 1603–1839. Cambridge University Press. ISBN 9780521620956.
- Finkel, Caroline (2006). Osman's Dream: The Story of the Ottoman Empire 1300–1923. London: John Murray. ISBN 978-0-7195-6112-2.
- Holt, P. M. (1978). The Central Islamic Lands from Pre-Islamic Times to the First World War. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521291356.
- Newman, Andrew J. (2006). Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire. I.B.Tauris. ISBN 9781860646676.
- Roemer, H. R. (1986). „The Safavid Period“, The Cambridge History of Iran, Vol. 6: The Timurid and Safavid Periods. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 189–350. ISBN 0521200946.
- Savory, Roger (2007). Iran Under the Safavids. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9780521042512.