აბაზა მეჰმედ-ფაშა (თურქ. Abaza Mehmed Paşa; დ. 1576 — გ. 23 აგვისტო, 1634, სტამბოლი) — ოსმალეთის პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ქართველი.

აბაზა მეჰმედ-ფაშას პორტრეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი თავის შესახებ ამბობდა: „მე სამოთხის შვილივით აზნაური ვარ, რომლის წარმოშობა უკავშირდება ხელმწიფეთა შთამომავლობასო“. სავარაუდოდ იგი ბავშვობაში მოიტაცეს აფხაზეთიდან და ოსმალეთში გაყიდეს ტყვედ. ამაზე მიუთითებს მისი სახელის შემდგენელი სიტყვა „აბაზა“ (აფხაზი). მან მაჰმადიანობა მიიღო და მალევე დაწინაურდა ოსმალეთის სამეფო კარზე. 1605-1607 წლებში მონაწილეობდა გლეხთა აჯანყებაში ანატოლიაში. დაატყვევეს, მაგრამ ჰალილის (იანიჩართა მეთაური) შუამდგომობით გალელების მეთაურად დანიშნეს. 1617 წელს დანიშნეს მარაშის ბეგლარბეგად, 1620 წელს არზრუმის ფაშობა უბოძეს. 1622 წელს აბაზა მეჰმედ-ფაშამ სულთან მუსტაფა I-ის (1617-1618, 1622-1623 წწ.) წინააღმდეგ დაიწყო აჯანყება, რომელიც 1628 წლამდე გაგრძელდა. აბაზა მეჰმედ-ფაშამ კავშირი გააბა კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან, რომელმაც გადაწყვიტა ჩაება იგი ანტიოსმალურ კოალიციაში. ირანის შაჰმა აბას I-მა მას შესთავაზა თავის მხარეზე გადასვლა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მისი დახმარებით ირანელებმა ოსმალთაგან გაათავისუფლეს ახალციხე. სულთნის დავალებით 1628 წელს დაატყვევეს და სტამბოლში გააგზავნეს. სულთანმა მურად IV-მ შეიწყალა და ბოსნიის ოლქის გამგებლად დანიშნა, შემდეგ კი ციხესიმაგრე ოჩაკოვის უფროსად. 1633 წელს აბაზა მეჰმედ-ფაშამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის წინააღმდეგ ომში. ბოლოს, სასახლის კარის პოლიტიკური ინტრიგების შედეგად, 1634 წლის 23 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
  • ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, წგნ. 2, თბ., 1986