ინაიეთ გირეი
ინაიეთ გირეი (ყირიმ. Inayet Geray, عنایت كراى; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1597 — ოსმალეთის იმპერია, 1637) — ყირიმის ხანი 1635–1637 წლებში, გაზი II გირეის მე-3 ვაჟი.
ინაიეთ გირეი | |
---|---|
Inayet Giray | |
ყირიმის მე-20 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1635 |
მმართ. დასასრული: | 1637 |
წინამორბედი: | ჯანიბექ გირეი |
მემკვიდრე: | ბაჰადირ I გირეი |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1597 |
დაბ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
გარდ. თარიღი: | 1637 |
გარდ. ადგილი: | ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | გაზი II გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ბახჩისარაიში, მამამისის, გაზი II გირეის მმართველობის პერიოდში. 1608 წელს, მისი უფროსი ძმის, თოხთამიშ გირეისა და სეფერ გირეის ოსმალეთში მკვლელობის შემდეგ აწგარდაცვლილი გაზი II გირეის ერთგულმა მსახურებმა გადამალეს სუდაკში, საიდანაც მალევე ოსმალეთის სულთანს, აჰმედ I-ს გადასცეს მძევლად. ბიძამისმა, ყირიმის ახალმა ხანმა, სელამეთ გირეიმ სულთანს ინაიეთისა და მისი 2 უმცროსი ძმის, ჰუსამ და საადათ გირეიების გადაცემა მოთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმები მეჰმედ III გირეი-მ მოკლა, პირადი ინტერესების გამო, 1620-იან წლებში ინაიეთი დაეხმარა მას და შაჰინ გირეის ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლებში. ოსმალეთში აღზრდილი ინაიეთი თავის ძმებთან ერთად, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 1635 წელს გააგზავნა სულთან მურად IV-მ ყირიმში ტახტის დასაკავებლად. მან ბაჰადირ I გირეის დამარცხების შემდეგ მიიღო ხანის ტიტული.
მმართველობის დაწყებიდანვე შეეცადა რეფორმების გატარებასა და სტაბილიზაციის პროცესის დაჩქარებას. კალგად და ნურედინად დანიშნა ჰუსამი და საადათი. ის აქტიურად ჩაერთო საგარეო პოლიტიკაში. მონაწილეობა მიიღო ირან-ოსმალეთის ომში, 1636 წელს დაამარცხა დონის კაზაკები, იმავე წელს სამშვიდობო ხელშეკრულებები დადო რუსეთის სამეფოსთან და პოლონეთ-ლიტვასთან.
ინაიეთის დროს მაინც ვერ დასტაბილურდა სახანო, რადგან ხანობის პრეტენდენტი გახდა მანსურების კლანის ბელადი, უზ-თემური, რომელმაც სასტიკად დაამარცხა ყირიმელი თათრების არმია და დიდი საფრთხე შეუქმნა გირეის დინასტიას. პარალელურად, ოსმალეთის სულთანი, მურად IV კავკასიაში გასალაშქრად ინაიეთისგან ჯარის გამოყვანას ითხოვდა. ინაიეთ გირეი საგონებელში ჩავარდა. მაშინვე გაემგზავრა სტამბოლში სულთნისთვის პრობლემების ასახსნელად.
1637 წელს, თოფქაფის სასახლეში მისულმა ინაიეთ გირეიმ სულთანს მოთხოვა მეომრებით დახმარება, რის გამოც მურად IV-მ სიკვდილით დასაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა ყირიმის სახანოს ისტორიაში, როდესაც ოსმალთა სულთანმა ხანი მოაკვლევინა. ამ ფაქტმა დიდი არეულობა გამოიწვია სახანოში, რის გამოც თურქებმა ყირიმის ტახტზე აიყვანეს ოსმალური ორიენტაციის მქონე ბაჰადირ I გირეი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- О. Гайворонский «Созвездие Гераев»
- О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
- Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)