დამატი ჰალილ-ფაშა
დამატი ჰალილ-ფაშა (თურქ. Damat Halil Paşa; დ. 1570 — გ. 5 აგვისტო, 1629) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი ორჯერ; 1616-1619 და 1626-1628 წლებში, სულთნების აჰმედ I-ის, მუსტაფა I-ის, ოსმან II-ისა და მურად IV-ის მმართველობის პერიოდში.
დამატი ჰალილ-ფაშა | |
---|---|
Damat Halil Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 ნოემბერი, 1616 |
მმართ. დასასრული: | 18 იანვარი, 1619 |
წინამორბედი: | ქარა მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ქარა მეჰმედ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 დეკემბერი, 1626 |
მმართ. დასასრული: | 6 აპრილი, 1628 |
წინამორბედი: | ჰაფიზ აჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ექრემ ჰუსრევ-ფაშა |
სულთანი: |
აჰმედ I, მუსტაფა I ოსმან II, მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1570 |
გარდ. თარიღი: | 5 აგვისტო, 1629 |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადამატი ჰალილ-ფაშა იყო სომხური წარმოშობის. იგი 1570 წელს დაიბადა. პირველი მნიშვნელოვანი თანამდებობა მან 1607 წელს მიიღო, როცა გახდა თოფქაფის სასახლის მთავარი კარისკაცი.
1609 წელს იგი ოსმალეთის საზღვაო ფლოტის მეთაურად, ანუ კაპუდან-ფაშად დაინიშნა. ფლოტის მართვასთან ერთად, მას ალჟირის გამგებლობაც დაევალა. ჰალილმა თითქმის მთელი მისი მოღვაწეობა ზღვაში მაროკოელებისა და ესპანელების ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა.
ის ამ თანამდებობიდან მოხსნეს, მაგრამ 1613 წელს კვლავ დაინიშნა ფლოტის გამგებლად. 1616 წელს ის სულთანმა დედაქალაქში იხმო და ქარა მეჰმედ-ფაშას ნაცვლად დიდ ვეზირად დანიშნა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აჰმედ I მოულოდნელად გახდა ავად და გარდაიცვალა, ხოლო ოსმალეთის იმპერიის ტახტი მის სულიერად დაავადებულ ძმას, მუსტაფა I-ს ერგო. მუსტაფამ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში მართა იმპერია. ის იანიჩარების აჯანყების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდეს და აჰმედის მცირეწლოვანი შვილი, ოსმან II აიყვანეს.
ამასობაში მიმდინარეობდა ირან-ოსმალეთის ომი. რაზმს სათავეში სწორედ ჰალილი ედგა. მან 1617 წლის ზამთარი დიარბაქირში გაატარა. გაზაფხულზე კი წინ სვლა განაგრძო და უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში დაამარცხა შაჰ-აბასის არმია. ამ დამარცხების შემდეგ ირანმა და ოსმალეთმა დადეს სერავის ხელშეკრულება.
როცა ჰალილი უკან დაბრუნდა, ოსმალეთის ტახტზე უკვე ოსმანი იჯდა. მან მშვიდად დაიწყო ოსმალეთის მართვა, მაგრამ 1619 წლის 18 იანვარს დიდი ვეზირი კვლავ ქარა მეჰმედ-ფაშა გახდა. ჰალილ-ფაშა კი მესამედ დანიშნეს კაპუდან-ფაშად.
ოსმანის ბრძანებით ჰალილმა ვენეციის ფლოტს შეუტია. ორ წლიანი მმართველობის შემდეგ, ჰალილს კვლავ შესთავაზეს დიდი ვეზირის პოსტი, მაგრამ მან უარი განაცხადა. სწორედ ამავე წელს ჩამოაგდეს ოსმან II ტახტიდან და კვლავ მუსტაფა დააბრუნეს. ერთი წლის შემდეგ ტახტი მურად IV-მ დაიკავა.
1626 წლის 1 დეკემბერს ის მეორედ გახდა დიდი ვეზირი და ეს პოსტი 1628 წლის 6 აპრილამდე შეინარჩუნა. დამატი ჰალილ-ფაშა გარდაიცვალა 1629 წლის 5 აგვისტოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Danişmend, İsmail Hâmi (1971) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi, say..
- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.370-373