გაზი ჰუსეინ-ფაშა

(გადამისამართდა გვერდიდან ღაზი ჰუსეინ-ფაშა)

გაზი ჰუსეინ-ფაშა (თურქ. Gazi Hüseyin Paşa; დ. იენიშეჰირი, 1610 , ოსმალეთის იმპერია — გ. სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია, 1659) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, ეროვნებით თურქი. ნომინალური დიდი ვეზირი 1656 წელს, 7 დღის განმავლობაში.

გაზი ჰუსეინ-ფაშა
Gazi Hüseyin Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 28 თებერვალი , 1656
მმართ. დასასრული: 5 მარტი, 1656
წინამორბედი: ერმენი სულეიმან-ფაშა
მემკვიდრე: ზურნაზენ მუსტაფა-ფაშა
სულთანი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1610
დაბ. ადგილი: იენიშეჰირი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1659
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰუსეინი წარმოშობით ანატოლიელი თურქი იყო. ახალგაზრდობაში მოხვდა სტამბოლში. 1629 წელს გახდა თოფქაფის სასახლის რიგითი მცველი. 1633 წელს სეფიანთა ირანის შაჰმა სეფი I-მა სულთან მურად IV-ს საჩუქრები გაუგზავნა, რომელთა შორის გამოსარჩევი იყო მშვილდი, რომლის გადატეხვაც არავის შეეძლო. სულთანმა 300-მდე ჯარისკაცსა და სახელმწიფო მოხელეს მშვილდის გადატეხვის შანსი მისცა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს ეს ჰუსეინმა მოახერხა და მოიგო სულთნის გული.

კარიერა და აღსასრული

რედაქტირება

„მშვილდის ინციდენტის“ შემდეგ ჰუსეინი დაწინაურდა და დაინიშნა სასახლის მთავარ მცველად, ხოლო 1634 წლიდან მონაწილეობდა ირან-ოსნალეთის ომში. 1635 წელს ოსმალებმა მისი სარდლობით აიღეს ყარსი და არზრუმი. იმავე წელს სულთანმა ის ეგვიპტის ვილაიეთის გუბერნატორად დანიშნა. ჰუსეინის სასტიკი მმართველობა ეგვიპტეში გამოირჩეოდა კორუფციისა და კრიმინალის მოძლიერებით. 2 წელიწადში მისი ბრძანებით 1200 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. ის ხაზინის შესავსებად უკიდურესად სასტიკ მეთოდებსაც კი მიმართავდა, ძარცვავდა სავაჭრო პუნქტებს, არბევდა სოფლებსა და ქალაქებს. მას მალევე გამოუჩნდნენ მტრები. 1637 წელს მურად IV-მ ჰუსეინ-ფაშა გადააყენა და ეგვიპტე სამართავად სულთანზადე მეჰმედ-ფაშას ჩააბარა. თავად ჰუსეინი კი სილისტრიის სანჯაყის მმართველად დაინიშნა. 1638 წელს თავი გამოიჩინა ბაღდადის აღების დროს. 1639 წელს ის კაპუდან-ფაშად დანიშნეს, თუმცა მხოლოდ 3 თვით. იბრაჰიმ I-ის მმართველობის პერიოდში, ჰუსეინი 1642–1644 წლებში რუმელიას განაგებდა. 1645 წლიდან ის ჩაერთო ოსმალეთ-ვენეციის ომში, რომელიც გაიმართა კ. კრეტის დასაპყრობად. 1646 წელს მისი მეთაურობით ოსმალთა ფლოტმა დაიკავა კ. კრეტის ქალაქი - ხანია, რომლის მმართველიც თავადვე გახდა.

ვენეციელების მომძლავრების შემდეგ ოსმალებმა ვერ შეძლეს კუნძულზე გაბატონება და ჰუსეინ-ფაშამ გადაინაცვლა დარდანელის სრუტისკენ, სადაც რამდენიმეჯერ დაამარცხა ვენეციელთა ფლოტი. 1656 წელს მეჰმედ IV-მ მას დედა-ქალაქში უხმო დიდი ვეზირის ბეჭედის მისაღებად. ჰუსეინ-ფაშა ჯერ კიდევ გზაში იყო, როდესაც სულთანმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და დიდი ვეზირის ბეჭედი ზურნაზენ მუსტაფა-ფაშას უბოძა. გაზი-ჰუსეინი უკმაყოფილო დარჩა მისი ნომინალური ვეზირობით. თუმცა ამის მიუხედავად, 1657 წელს სტამბოლში მომხდარი მძვინვარე აჯანყებების დროს მიეხმარა სულთნის არმიას 2000 მეომრით და საზღვაო ბრძოლა გააგრძელა ვენეციელებთან. 1658 წელს მისი მეთაურობით ოსმალეთის გემებმა გააძევეს ვენეციელი ვაჭრები ეგეოსის ზღვიდან. იმავე წელს მეორედ დაინიშნა კაპუდან-ფაშად და ეგეოსის ზღვის გაკონტროლებას შეუდგა. 1659 წელს დიდმა ვეზირმა ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშამ, რომელსაც ეშინოდა ჰუსეინის ავტორიტეტის, იგი დედაქალაქში დაიბარა. ვეზირმა სულთანი ჰუსეინ-ფაშას წინააღმდეგ წააქეზა. მეჰმედ IV-მ მექრთამეობის ბრალდებით ორატორული და სტატეგიული ნიჭის მქონე გაზი ჰუსეინი სიკვდილით დასაჯა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Joseph von Hammer:Osmanlı Tarihi cilt II (condensation: Abdülkadir Karahan), Milliyet yayınları, İstanbul. p 238.
  • Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt III, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 p 139-145