მუსიკა

(გადამისამართდა გვერდიდან What About Your Friends)

მუსიკა (ბერძ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური ნოტები.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, კილო, მელოდია, ჰარმონია, ფაქტურა. მუსიკა შესაძლოა იყოს ერთხმიენი (მონოდია) და მრავალხმიანი (პოლიფონია, ჰომოფონია, ჰეტეროფონია). მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ (საკრავიერ) და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. მუსიკა შესაძლოა იყოს ეპიკური, ლირიკული, ტრაგიკული, კომიკური, დრამატული ან სხვა შინაარსის.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხმა საკუთარი მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილი, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

მუსიკის წარმოშობა და ისტორია

რედაქტირება

ჰ. სპენსერის აზრით, მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციების საფუძველზე. ჩარლზ დარვინის აზრით მუსიკა წარმოიშვა ნადირ-ფრინველის სასიყვარულო გადაძახილიგან. კ. ბიუხერი მუსიკის წარმოშობის საფუძვლად მიიჩნევდა პირველყოფილი ადამიანის შრომის რიტმს. ჟ. კომაბარიე მუსიკის გაჩენას უკავშირებდა მაგიური შელოცვების რიტუალებს.

მუსიკის წარმოშობის ხანგრძლივ პროცესში განსაკუთრეული მნიშვნელობა ენიჭება პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულ კომპლექსს, ხელოვნების წინა ეტაპს, რომელიც აერთიანებდა მუსიკის, ცეკვის და მეტყველების ელემენტებს. პირვლადი ქაოსური, დიდი დიაპაზონის შემცველი ბგერების რიგი, რომელიც ბუნების ხმების მიბაძვას წარმოადგენდა, შეიცვალა რამდენიმე ტონზე აგებული მყარი და მერყევი ბგერების შემველი თხზულებით. გაჩნდა მუსიკალური საკრავები. პირველყოფილი თემური წყობილების რღვევასთან ერთად მუსიკა ჩამოყალიბდა როგორც ხელოვნების დარგი. ერთმანეთს გამოეყო ხალხური და პროფესიული მუსიკა. პირველი პროფესიონალი მუსიკოსები ეგვიპტეში, ბაბილონში, ჩინეთში, შუმერში, სირიაში, პალესტინაში, ინდოეთში, საბერძნეთში, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში ერთდროულად კომპოზიტორებიც იყვნენ და შემსრულებლებიც. თანდათანობით განვითარდა მეცნიერული აზრი მუსიკის შესახებ. პლატონმა დაიწყო მუსიკის ესტეტიკის შესწავლა, პითაგორამ მუსიკის აკუსტიკისა. პრაქტიკაში დამკვიდრდა ახალი მუსიკალური საკრავები ქნარი, ჩანგი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები.

შუა საუკუნეებში მუსიკალური ცხოვრება ძირითადად ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. განვითარდა ტრუბადურების, ტრუვერებისა და მინეზინგერების ხელოვნება. გაჩნდა პირველი არასტაბილური ანსამბლები. VI-VII საუკუნეებში ჩამოყალიბდა გრიგორიანული ქორალი — მონოდიური მუსიკა, რომელიც შედგებოდა რეჩიტატივისა და გალობისგან. X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში გაჩნდა მრავალხმიანობა, რამაც შეავიწროვა ერთხმიანი მუსიკა. ჩამოყალიბდა ახალი ჟანრები, მოტეტი და მესა. XI საუკუნეში გვიდო დ'არეცოს მიერ გამოგონებულმა ჩაწერის საშუალებებმა შესაძლებელი გახადა მუსიკალური ნაწარმოების ფიქსირება. XIV საუკუნეში საფრანგეთსა და იტალიაში ჩამოყალიბდა ახალი სტილი არს ნოვა. ამავე პერიოდში კიევის რუსეთსა და ნოვგოროდში ვითარდება საკულტო გალობა (ტროპარი, სტიქირი, ჰიმნები), აღმოსავლეთის ქვეყნებში კი მონოდიური ვოკალური და საკრავიერი მუსიკა (მუღამი, მაკამი, რაგა).

აღორძინების ეპოქამ გავლენა იქონია მუსიკაზეც. ხელოვანი გათავისუფლდა ტრადიციული კანონიკური დოგმებისგან. გავრცელდა საოჯახო მუზიცირების ფორმები. უმაღლეს მწვერვალს მიაღწია საუნდო მრავალხმიანობამ, ა კაპელამ, მკაცრი სტილის პოლიფონიამ. შეიქმნა მუსიკალური თეორიული ტრაქტატები. XVI-XVIII საუკუნეებში საერო მუსიკა გახდა საეკლესიოზე მეტად პრიორიტეტული. შექიმნა საოპერო თეატრები, ფილარმონიული საოგადოებები, კონსერვატორიები, დაიწყო ნოტების ბეჭდვა. განვითარდა მუსიკალური საკრავები, ვიოლიონის ოჯახი, 1709 წელს შეიქმნა ფორტეპიანო. გაჩნდა მუსიკალური ჟურნალები. წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა ოპერა, ორატორია, კანტატა. თავისუფალი სტილის პოლიფონიამ მწვერვალს მიაღწია იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებაში. ჩაისახა საკრავიერი კონცერტის ფორმები, ჩამოყალიბდა მაჟორულ-მინორული სისტემა.

განმანათლებლობის ეპოქაში აღსანიშნავია გლუკის საოპერო შემოქმედება, ვენის კლასიკური სკოლის (ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი) როლი. ჩამოყალიბდა სიმფონიის და სონატის ცალკეული ფორმები. აღმავლობა განიცადა ეროვნულმა მუსიკალურმა სკოლებმა რუსეთში (გლინკა), პოლონეთში (შოპენი), უნგრეთში (ლისტი), ჩეხეთში (სმეტანა, დვორჟაკი), ესპანეთში (ალბენისი, გრანადოსი), ნორვეგიაში (გრიგი), ფინეთში (სიბელიუსი). კლასიციზმის შემდეგ დიდ გაქანებას მიაღწია რომანტიზმმა (შუბერტი, შუმანი, მენდელსონი, ვებერი, ბერლიოზი, ვაგნერი). შეიქმნა პრგრამული სიმფონიური მუსიკა (ბერლიოზი, ლისტი). XIX საუკუნის II ნახევარში აღსანიშნავია ვაგნერი, ბრუკნერი, ბრამსის, ვერდის, ბიზეს შემოქმედება. მუსიკაში გაძლიერდა რეალიზმი. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში გაწყდა რომანტიზმის ხაზი, ჩაისახა ექსპრესიონიზმი (შენბერგი), საფრანგეთში ჩამოყალიბდა იმპრესიონიზმი (დებიუსი, რაველი), იტალიაში გაჩნდა ვერიზმი (მასკანის, ლეონკავალოს, პუჩინის ოპერები). რუსეთში განვითარდა „მძლავრი ჯგუფის“ და ჩაიკოვსკის ტრადიციები. საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კლასიკურ მუსიკას საქართველოში (არაყიშვილი, ფალიაშვილი, ბალანჩივაძე, დოლიძე), სომხეთში (კომიტასი, სპენდარიანი), უკრაინაში (ლისენკო, ლეონტოვიჩი), აზერბაიჯანში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში. XIX საუკუნეში გაჩნდა ოპერეტა, მსუბუქი და საესტრადო მუსიკალური ჟანრები.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ამერიკელ შავკანიანთა წიაღში გაჩენილი ჯაზი. 1960-1970 იანი წლებიდან განსაკუთრებით გავრცელდა პოპ-მუსიკა და როკი. XX საუკუნის მუსიკალური ცხოვრებისთვის დამახასიათებელია აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნების მუსიკალური ცხოვრების დაახლოება ევროპულ მუსიკალურ კულტურასთან.

მუსიკის სტილი და ჟანრები

რედაქტირება

ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგი — რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა — სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — შანსონი - ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი

მუსიკის ზოგადი ტერმინები

რედაქტირება

მუსიკალური საკრავები

რედაქტირება

დასარტყმელი საკრავები - ელექტრონული საკრავები - კლავიშებიანი საკრავები - სასულე საკრავებისიმებიანი საკრავებიხემიანი საკრავები

სხვადასხვა

რედაქტირება

მუსიკის დარგის მოღვაწეები

კომპოზიტორიმომღერალიმუსიკოსი

მუსიკალური კოლექტივები

ანსამბლი - ბენდი - დუეტი - კვარტეტი - მუსიკალური ჯგუფი - ორკესტრიტრიო - ქორო

ეროვნული მუსიკა

აზერბაიჯანული მუსიკაარაბული მუსიკაინდური მუსიკაიტალიური მუსიკაქართული მუსიკა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება