რენესანსი

(გადამისამართდა გვერდიდან აღორძინება)
"ათენის სკოლა", რაფაელი
თემები

არქიტექტურა
ცეკვა
ლიტერატურა
მუსიკა
მხატვრობა
ფილოსოფია
მეცნიერება
ტექნოლოგია
ომის ტექნოლოგია

რეგიონები

ინგლისი
საფრანგეთი
გერმანია
იტალია
ნიდერლანდი
ჩრდ. ევროპა
პოლონეთი
ესპანეთი

რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს „ხელმეორედ დაბადებას“; იტალ.: Rinascimento, re- „ხელახლა“ და nascere „დაბადება“), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.

ადამის შექმნა, რენესანსის შესანიშნავი ნიმუშია

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება მისი ერთგვარი „ხელახალი დაბადება“, რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.

ტერმინი „აღორძინება“ გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში (მაგ. ჯორჯო ვაზარი). თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ. ამჟამად ტერმინი „აღორძინება“ გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად (მაგ. IX საუკუნის კაროლინგისეული აღორძინება).

იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაში, პოეზიაში და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია „თანამედროვე“ ეპოქის დასაწყისთან.

მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, იტალია) განვითარების შედეგი. უპირველეს ყოვლისა, ეს განპირობებული იყო ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვით და ბურჟუაზიული იდეალების (მატერიალიზმი) წინ წამოწევით. ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — „რეალური ადამიანი რეალურ გარემოში“.

თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას.

წინაპირობა

რედაქტირება
 
მიქელანჯელოს დავითი რენესანსის თვალსაჩინო მაგალითია

რენესანსი წარმოიშვა შუა საუკუნის ქალაქის კულტურის საფუძველზე. თავისი ბუნებით იგი ანტიფეოდალური იყო. მისი კულტურის სპეციფიკური ნიშნებია: ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, საერო ხასიათი, ანტიკური კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესი (აქედანაა სახელწოდება „აღორძინება“, რომელიც მეცნიერებაშიც დამკვიდრდა XVIII საუკუნიდან).

რენესანსის წინა ეტაპია „პროტორენესანსი“. ეს არის გარდამავალი საფეხური შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე. პროტორენესანსი ჩაისახა მეცამეტე საუკუნის 60-იან წლებში. სხვანაირად მას უწოდებენ „დუჩენტოსა“ და „ტრეჩენტოს“.

შუა საუკუნის ფეოდალურ ზოგიერთ პერიოდში ინტერესი ანტიკური კულტურისადმი ვლინდებოდა ჰუმანისტური ეთიკისა და რეალისტური ხელოვნების სახით, მაგრამ რენესანსი განსაზღვრული იყო XIV-XVI საუკუნეების ევროპის სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური, კერძოდ, ადრინდელი კაპიტალისტური ურთიერთობებით. ამ პერიოდში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტიური, თავისთავადი ადამიანის პიროვნებამ, რომლის იდეალი უკვე ვეღარ თავსდებოდა ფეოდალურ-წოდებრივი ურთიერთობების, საეკლესიო-ასკეტური მორალის და შუა საუკუნეების ტრადიციების ჩარჩოებში. ამან გამოიწვია ღირებულებათა თავისებური გადაფასება, შეხედულებების შეცვლა აწმყოსა და წარსულზე, გააქტივება არსებულ ურთიერთობათა შესაცვლელად. ჰუმანისტებმა დაიწყეს ბრძოლა ადამიანის მოღვაწეობისა და მისი აზრებისადმი დაწესებული საეკლესიო კონტროლის წინააღმდეგ, რაც კონკრეტულად გამოიხატა შუა საუკუნეების მორალის ისეთი საფუძვლის კრიტიკით, როგორიცაა ავტორიტეტები, ტრადიციები და დოგმები. ღირებულებათა ახალ ანტროფოცენტრისტულმა (ბერძნულად antropos - ადამიანი) მოძღვრებამ სამყაროს ცენტრად მიიჩნია ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი და ბუნების ყველაზე სრულყოფილი ქმნილება; ასკეტული, „ზეციური“ ადამიანის მისტიურ იდეალს დაუპირისპირა მიწიერი, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე კანონიერი უფლების მქონე, ყოველმხრივ განვითარებული ადამიანის კულტი. რენესანსი ახალი ისტორიული პირობების შესატყვისად ავსებდა და ასწორებდა ანტიკურ კულტურას. იგი სოციალური შინაარსით აღმავალი, პროგრესული ბურჟუაზიული მოღვაწეობის პროდუქტია, მაგრამ მის კულტურაში იყო მიმდინარეობები, რომლებიც არ თავსდებოდნენ ბურჟუაზიული მსოფლმხედველობის ფარგლებში (მაგ. ტ. მორისა და ტ. კამპანელას უტოპიური სოციალიზმი, კამპანელას უტოპიური სოციალიზმი, დემოკრატიული მოვლენები ლიტერატურასა და ხელოვნებაში და სხვა). რენესანსის პერიოდში შეიქმნა მსოფლიო კულტურის ფასდაუდებელი შედევრები. რენესანსის იდეების უშუალო მემკვიდრეები არიან XVIII საუკუნის განმანათლებლობის მოღვაწეები. რენესანსის კულტურა განუყოფელია ჰუმანისტური მსოფლმხედველობისა და ახალი ფილოსოფიისგან. ამ პერიოდში ძლიერდება ოპოზიცია სქოლასტიკის, ფილოსოფია ცდილობს თავი დააღწიოს „ღვთისმეტყველების მსახურის“ როლს. ყველაზე ადრე ასეთი ოპოზიციური სულისკვეთება გამოვლინდა ეთიკაში, გვიანდელ სტოიციზმისა და ეპიკურეიზმის (იხ. ეპიკურე) იდეების აღორძინების სახით (მაგალითად პეტრარკასა და ლ. ვალასთან). გვიან (XV საუკუნის მეორე ნახევარში) ბიზანტიური მეცნიერების წყალობით ჰუმანისტები უფრო სრულად გაეცნენ პლატონს, არისტოტელეს და სხვა ძველი ბერძენი ფილოსოფოსების შრომებს, რამაც არსებითი როლი ითამაშა რენესანსის ეპოქის ფილოსოფიის განვითარებაში. თვალსაჩინო იყო პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის იდეების გავლენა. მათი აღორძინების ცენტრი იყო პლატონის აკადემია ფლორენციაში (დაარსდა 1459). მთავარი პროპაგანდისტები იყვნენ მ. ფიჩინო და პიკო დელა მირანდოლა. პლატონის ფილოსოფია ამ დროისთვის ხდება სქოლასტიკურ არისტოტელიზმთან ბრძოლის საშუალება. ამ ბრძოლის ცენტრი იყო პადუის უნივერსიტეტი (იტალია). ხოლო მისი მოთავე - პ. პომპონაცი. მის მიერ „ორმაგი ჭეშმარიტების“ თეორიის დაცვამ და სულის უკვდავების რელიგიური გაგების კრიტიკამ ხელი შეუწყო ფილოსოფიის და მეცნიერების ნაწილობრივ განთავისუფლებას ღვთისმეტყველების მეურვეობისაგან.

რენესანსის ეპოქის უდიდესი მონაპოვარია რელიგიური დოგმებისგან თავისუფალი ბუნების ფილოსოფია (ნატურფილოსოფია). განსაკუთრებით განვითარდა იგი XVI საუკუნის იტალიასა და გერმანიაში (პარაცელსუსლი, კარდანო, ტელეზიო, კმაპანელა, ბრუნო). ბუნების ფილოსოფიის მრავალი იდეა წამოაყენა XV საუკუნეში კარდინალმა ნიკოლოზ კუზანელმა, რომლის ეპოქის ნატურფილოსოფია სამყაროს კანონებს მიიჩნევს შინაგან ბუნებრივ კანონზომიერებად. ნატურფილოსოფოსების აზრით, ღმერთი გარეგანი, ზებუნებრივი ძალა კი არ არის, არამედ შინაგანი მიზეზია, თვით სამყარო წარმოადგენს ცოცხალ გასულიერებულ, ცვალებად (ბრუნოს აზრით, უსასრულო) ორგანიზმს, ხოლო ადამიანი - მის ნაწილს. ნიკოლოზ კუზანელისა და ჯორდანო ბრუნოს შრომებში მოცემულია დიალექტიკური აზროვნების მრავალი ნიმუში (მაგალითად დაპირისპირებულთა იგივეობის ცნება). სამყაროს მთლიანი სურათის შექმნაში რენესანსის ეპოქის ფილოსოფოსებს ხელს უშილიდა მეცნიერების განვითარებისდ აბალი დონე, რის გამოც ისინი ხშირად მიმართავდნენ პოეტურ სახეებს, ანთროპომორფისტულ ანალოგიების (ანტროფომორფიზმი) და მისტერიულ თეუროიებს (კაბალა, მაგია, ასტროლოგია, ალქიმია და სხვა). სწორედ ეს განასხვავებს რენესანსის ეპოქის აზროვნებას უფრი გვიანდელი, მკაცრად მეცნიერული და სისტგემური აზროვნებისგან.

რენესანსის ეპოქისთვის ნიშანდობლივია ბუნებისმეცნიერების დარგში მოპოვებული დიდი წარმატებები, ახლი შეხედულებები საზოგადოებასა და მის ისტორიაზე, სახელმწიფოსა და სამართალზე (ნ. მაკიაველი, ჟ. ბოდენი), რელიგიისადმი ახლებული (სკეპტიკური ან ინდიფერენტული) დამოკიდებულება, ახალი, ჰუმანისტური ისტორიოგრაფიის შექმნა (ლ. ბრუნი, ნ. მაკიაველი, ს. ფრანკი), ისტორიულ მოვლენათა ბუნებრივი მიზეზების ძიება. რენესანსის ეპოქაში უპირატესი მნიშვნელობა მაინც გამოჩენილი ადამიანების ნებისყოფასა და მისწრაფებებს ენიჭებოდათ.

ჰუმანისტური იყო რენესანსის ეპოქაში აღზრდის პედაგოგიური იდეები, რომელთა პრაქტიკაში დაფუძნება გულისხმობდა აღზრდის შუა საუკუნეების სქოლასტიკური სისტემის კრიტიკას. ამ იდეებმა დიდი გავლენა იქონია აღზრდისა და სწავლების თეორიისა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებაზე (ერაზმ როტერდამელი, ფ. რაბლე, მ. მონტენი და სხვა).

რენესანსი ლიტერატურაში

რედაქტირება

იტალიაში აღორძინების ეპოქას, მისი განვითარების შესაბამისად, სხვადასხვა სახელწოდება აქვს. პირველ ეტაპს (XIV საუკუნე) ეწოდება ტრეჩენტო, მეორეს (XV საუკუნე) - კვატროჩენტო, მესამეს (XVI საუკუნე) - ჩინკვეჩენტო, ტრეჩენტოს პირველი წარმომადგენელია დანტე, ამ ეპოქის ყველაზე ტიპური გამოვლინება კი ფრანჩესკო პეტრარკასა და ჯოვანი ბოკაჩოს შემოქმედებაა. „სტიქიური რეალიზმი“, როგორც სინამდვილის ასახვის მეთოდი, თანდათან ხდება რენესანსული ხელოვნების ერთ-ერთი სპეციფიკის სტილური ნიშანი.

რენესანსი არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში

რედაქტირება

რენესანსის ხანის კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებას. რენესანსის ხანის მხატვრულმა პრინციპებმა მეტნაკლები ძალით იჩინა თავი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ ხანას მიეკუთვნება მხატვრული კულტურის უამრავი შესანიშნავი ძეგლი. ახალი ხელოვნება ყალიბდება შუა საუკუნეების ფეოდალურ მხატვრულ კულტურასთან ბრძოლაში. იგი თავს აღწევს შუა საუკუნეების რელიგიურ დოგმატიზმსა და სქოლასტიკას. ჩნდება ღრმა ინტერესი რეალური სამყაროსადმი, ადამიანისადმი, რწმენა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობისა. ხელოვნების უმთავრეს საგნად იქცევა ადამიანი, მისი ფიზიკური სილამაზე, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე. ჰარმონიულად განვითარებული, ჰეროიზებული ადამიანი ეპოქის იდეალია.

რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში

რედაქტირება

რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ანტიკური თეატრალური ხელოვნების გავლენით. რენესანსული თეატრის ყურადღების ცენტრში მოექცა ძლიერი პიროვნება, მისი სულიერი სამყარო. მსახიობის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო ძლიერი ვნებები, ეპიკური ძალა. ახალი თეატრალური ესთეტიკა შემსრულებლისაგან მოითხოვდა დრამატული ნაწარმოების აზრის წვდომას, რთული და მრავალმხრივი ხასიათების წარმოსახვას. ყოველივე ამან განაპირობა რენესანსის ეპოქის თეატრალური ხელოვნების რეალიზმის თავისებურებანი: სინამდვილის წინააღმდეგობათა ასახვა, ხალხური ხელოვნების ტრადიციების განვითარება, სიცოცხლის დამამკვიდრებელი პათოსი, ტრაგიკულისა და კომიკურის, პოეტურისა და ბუფონურის შერწყმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნატო გენგიური, ქანდაკება, თბილისი, 2006. გვ.69-71. ISBN 99940-65-71-8;
  • Brotton, Jerry, The Renaissance: A Very Short Introduction ISBN 0-19-280163-5;
  • Burckhardt, Jacob (1878), The Civilization of the Renaissance in Italy, trans S.G.C Middlemore, republished in 1990 ISBN 0-14-044534-X;
  • Burke, P, The European Renaissance: Centre and Peripheries ISBN 0-631-19845-8;
  • Искусство раннего Возрождения — М: Искусство, 1980. — 257 с.;
  • История искусства: Ренессанс — М: Издательство АСТ, 2003. — 503 с.;
  • Яйленко Е. В.', Итальянское Возрождение — ОЛМА-ПРЕСС, 2005. — 128 с.;
  • М.Л.Андреев', Инновация или реставрация: казус Возрождения // Вестник истории, литературы, искусства. М.: Наука. Т. 1, 2005, с. 84-97.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება