ჯესი ნორმანი
ჯესი ნორმანი (ინგლ. Jessye Norman; დ. 15 სექტემბერი, 1945, ოგასტა, ჯორჯიის შტატი ― გ. 30 სექტემბერი, 2019, ნიუ-იორკი) ― ამერიკელი საოპერო მომღერალი,[5][6] დრამატული სოპრანო. ასრულებდა ფართო სპექტრის ნაწარმოებებს და არ იყო შეზღუდული რომელიმე ვოკალური ტიპის რეპერტუარით.[7][8] ვოკალურად და ვიზუალურად შთამბეჭდავი მომღერალი მოღვაწეობდა როგორც საოპერო, ისე საკონცერტო და კამერულ სცენებზე. დაკავშირებული იყო ისეთ როლებთან, როგოროცაა ბარტოკის ივდითი, ბეთჰოვენის ლეონორა, ბერლიოზის კასანდრა და დიდონი, ბიზეს კარმენი, გლუკის ალცესტე, იანაჩეკის ემილია, მოცარტის გრაფინია ალმავივა, პულენკის მადამ ლიდუანი, პერსელის დიდო, შტრაუსის არიადნე, სტრავინსკის იოკასტა, ვერდის აიდა და ვაგნერის ზიგლინდე, კუნდრი და ელიზაბეტი.
ჯესი ნორმანი | |
---|---|
ჯესი ნორმანი, 2014 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | Jessye Norman |
დაბ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1945 |
დაბ. ადგილი | ოგასტა, ჯორჯია, აშშ |
გარდ. თარიღი | 30 სექტემბერი, 2019 (74 წლის) |
გარდ. ადგილი | მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] [2] [3] [4] |
საქმიანობა | საოპერო მომღერალი (სოპრანო) |
ჯესი ნორმანი ვიკისაწყობში |
The New York Times-ის მუსიკალურმა კრიტიკოსმა, ედუარდ როტშტაინმა მის ხმას „ბგერის დიდი სასახლე“ უწოდა, რომელსაც გააჩნდა „უზარმაზარი განზომილებები, რომლებიც... უჩვეულო ხედებად იშლება. იგი მოიცავს მზით განათებულ ოთახებსაც, ვიწრო დერეფნებსაც და ბნელ დარბაზებსაც. მის ნორმანი დიდებულად სუფევს ამ სამეფოში და მისი ვიზუალური მხარეც მისივე ვოკალური მასშტაბების შესაფერისია“.[7]
სხვადასხვა დროს ნორმანი სწავლობდა ჰოვარდის უნივერსიტეტში, პიბოდის ინსტიტუტში და მიჩიგანის უნივერსიტეტში. მისი კარიერა ევროპაში დაიწყო, როცა 1968 წელს, მიუნხენში, ARD-ის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მიიღო კონტრაქტი ბერლინის დოიჩე ოპერში. მისი საოპერო დებიუტი იყო ელიზაბეტი ვაგნერის ტანჰოიზერში, რის შემდეგაც მილანის ლა სკალაში ვერდის აიდა შეასრულა. 1982 წელს შედგა მისი დებიუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის ოპერაში, იოკასტას როლით სტრავინსკის ოპერიდან ოიდიპოს მეფე და დიდოს როლით პერსელის დიდო და ენეასიდან. მოგვიანებით, მთავარი პარტიები შეასრულა ბევრ სხვა ცნობილ საოპერო თეატრში, მათ შორის, მეტროპოლიტენის ოპერაში, ჩიკაგოს ლირიკულ ოპერაში, პარიზის ოპერაში და ლონდონის სამეფო ოპერაში. 1986 წელს იმღერა რონალდ რეიგანის მეორე ინაუგურაციის ცერემონიაზე და დედოფალ ელისაბედ II-ს 60 წლის იუბილეზე. 1989 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რევოლუციის 200 წლისთავზე მარსელიეზა შეასრულა, იმღერა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის გახსნაზე, ხოლო 1997 წელს – ბილ კლინტონის მეორე ინაუგურაციაზე.
ნორმანს შესრულებული და ჩაწერილი ჰქონდა შუბერტის, ბრამსის, შოსონის, პულენკის, მალერის, შტრაუსის და სხვათა ნაწარმოებები. 1984 წელს მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო სოლო კლასიკური ვოკალის კატეგორიაში, ეს იყო პირველი მის მიერ მოპოვებული 5 გრემიდან.[8] გარდა რამდენიმე საპატიო დოქტორობისა და სხვა ჯილდოებისა, მოპოვებული ჰქონდა გრემის ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისთვის (Grammy Lifetime Achievement Award) და ხელოვნების ეროვნული მედალი. იყო ბრიტანეთის სამეფო მუსიკალური აკადემიის წევრი.[6]
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაადრეული ცხოვრება და მუსიკალური განათლება
რედაქტირებაჯესი მეი ნორმანი დაიბადა ოგასტაში, ჯორჯიას შტატში.[9] მამა, საილას ნორმანი სადაზღვევო აგენტი იყო, ხოლო დედა, ჯეინი კინგ-ნორმანი, სკოლაში ასწავლიდა.[10] იგი მათი ხუთი შვილიდან ერთ-ერთი იყო. ოჯახში ბევრი მოყვარული მუსიკოსი იყო: დედა და ბებია პიანისტები იყვნენ, ხოლო მამა ადგილობრივ გუნდში მღეროდა. დედის დაჟინებით, ფორტეპიანოს შესწავლა ადრეულ ასაკშივე დაიწყო.[5] დადიოდა ჩარლზ ტ. უოკერის დაწყებით სკოლაში და მუსიკალური ნიჭი ადრევე გამოავლინა – 4 წლის ასაკში, მაუნტ კავალრის ბაპტისტურ ეკლესიაში გოსპელებს მღეროდა.[10] აქ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორი მომღერალი ქალის – მისის გოლდენის და სისტერ ჩაილდსის სიმღერამ.[11] 7 წლის ასაკში პირველ ვოკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც მესამე ადგილი მოიპოვა მხოლოდ იმიტომ, რომ საგალობელში „ღმერთი შენზე იზრუნებს (God Will Take Care of You)“ რამდენიმე სიტყვა დაავიწყდა. მოგვიანებით, ინტერვიუში თქვა: „ვფიქრობ, მან მართლაც იზრუნა ჩემზე. ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა სიტყვები გადამავიწყდა.“[8]
ცხრა წლის ასაკში, დაბადების დღეზე, ნორმანს რადიო აჩუქეს. მეტროპოლიტენის ოპერის ყოველკვირეული გადაცემების საშუალებით, რომელსაც ყოველ შაბათს, თავისი ოთახის დალაგებისას უსმენდა, მალევე აღმოაჩინა საოპერო სამყარო. დაიწყო მარიან ანდერსონის და ლეონტინ პრაისის ჩანაწერების მოსმენა. ორივე მათგანს ხშირად იხსენიებდა, როგორც შთამაგონებელ ფიგურებს.[10][12] მისთვის ვოკალის პირველი პედაგოგი იყო როზა ჰარის სანდერს კრეკი, რომელიც ა. რ. ჯონსონის უმაღლეს სკოლაში მუსიკის მასწავლებელი იყო.[13] სანდერს კრეკთან ვოკალში მეცადინეობა კერძოდაც განაგრძო ლუსი სი. ლეინის უმაღლეს სკოლაში სწავლის გაგრძელების შემდეგ.[14][15]
ნორმანი ჩრდილოეთ მიჩიგანში, ინტერლოკენის ხელოვნების ცენტრში, სოპერო-საშემსრულებლო პროგრამაზე სწავლობდა.[16] 16 წლის ასაკში, ფილადელფიაში, მარიან ანდერსონის სახელობის ვოკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი ვერ მოიგო, თუმცა მიიღო სრული სტიპენდია ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტისგან.[12] ჰოვარდში სწავლის პერიოდში უნივერსიტეტის გუნდში მღეროდა, იყო სოლისტი ლინკოლნ ტემპლის ეკლესიაში,[17] ვოკალს კი კაროლინ გრანტთან სწავლობდა.[12] 1964 წელს გამა სიგმა სიგმაში გაწევრიანდა.[18]
1965 წელს, 33 სტუდენტ გოგონასთან და ფაკულტეტის 4 მდედრობითი სქესის წევრთან ერთად, დააფუძნა სიგმა ალფა იოტას განყოფილება დელტა ნუ. 1966 წელს მოიგო ხელოვნების და მწიგნობრობის ეროვნული საზოგადოების სასიმღერო კონკურსი.[19] 1967 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა ბალტიმორის პიბოდის კონსერვატორიაში, მოგვიანებით კი, ენ-არბორში, მიჩიგანის უნივერსიტეტის მუსიკის, თეატრის და ცეკვის სკოლაში განაგრძო, სადაც, 1968 წელს, მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამ პერიოდში ვოკალურ მომზადებას ელიზაბეტ მანიონთან და პიერ ბერნაკთან გადიოდა.[20] მოგვიანებით მჭიდროდ თანამშრომლობდა ვოკალის პედაგოგ სილვია ოლდენ ლისთან, რომელიც კეთლინ ბეტლის და მარიან ანდერსონის მასწავლებელიც იყო.[21]
ადრეული კარიერა (1968-1979)
რედაქტირებაუმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ნორმანი, ბევრი სხვა ახალგაზრდა მუსიკოსის მსგავსად, თავის დასამკვიდრებლად ევროპაში წავიდა. 1968 წელს მოიგო ARD-ის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი მიუნხენში, მას შემდეგ, რაც შეეწინააღმდეგა ჟიურის ერთ-ერთი წევრის გადაწყვეტილებას, რომლითაც კონკურსის წესები საგანგებოდ, მეორე ტურის დროს შეიცვალა, რაც, სავარაუდოდ, რასობრივად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.[22] მომდევნო წელს მიიღო სამწლიანი კონტრაქტი ბერლინის დოიჩე ოპერთან. აქ მისი სადებიუტო სპექტაკლი ვაგნერის ტანჰოიზერი იყო, სადაც ელიზაბეტის პარტია შეასრულა.[12] იმდროინდელმა კრიტიკოსებმა იგი შეაფასეს, როგორც „უდიდესი ხმა გერმანელი სოპრანოს, ლოტე ლემანის შემდეგ“.[23]
ნორმანი გერმანულ და იტალიურ საოპერო კომპანიებთან თანამშრომლობდა და ხშირად პრინცესების ან სხვა დიდგვაროვანის როლში გამოდიოდა, რადგან განსაკუთრებით კარგად ახერხებდა დიდებული და მბრძანებლური სახეების შექმნას. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, მისი უჩვეულოდ დიდი სიმაღლე და გამორჩეული აღნაგობა იყო, უმეტესწილად კი, მისი მდიდარი და ძლიერი ხმა. გააჩნდა განსაკუთრებულად ფართო დიაპაზონი, რომელიც ქალის ხმის ყველა რეგისტრს მოიცავდა, კონტრალტოდან დაწყებული მაღალი დრამატული სოპრანოს ჩათვლით.[10] 1970 წელს, ფლორენციში, შედგა მისი იტალიური დებიუტი ჰენდელის დებორაში. 1971 წელს პირველად გამოვიდა Maggio Musicale-ზე, სადაც შეასრულა სელიკას როლი მეიერბერის ოპერაში აფრიკელი (L'Africaine).[12] იმავე წელს, ბერლინის ფესტივალზე შეასრულა გრაფინია ალმავივას როლი მოცარტის ფიგაროს ქორწინებაში. გრაფის როლს დიტრიხ ფიშერ-დისკაუ ასრულებდა.[12] აღნიშნული ოპერა ჩაწერა კიდეც BBC Orchestra-სთან ერთად, სერ კოლინ დეივისის დირიჟორობით. ეს ჩანაწერი მონტრეს ჩანაწერების საერთაშორისო ჯილდოს კონკურის ფინალისტი გახდა, რამაც ნორმანის ცნობადობა ეროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაზარდა.[12]
1972 წელს პირველად გამოჩნდა ლა სკალაში, მთავარი როლით ვერდის აიდაში. იმავე წელს, შედგა მისი დებიუტი ლონდონში, ქოვენთ გარდენში, სადაც შეასრულა კასანდრას როლი ბერლიოზის ტროელებიდან.[12] აიდას პარტია იმავე წელს ოპერის საკონცერტო ვერსიაშიც შეასრულა ჰოლივუდ-ბოულში, ამ სცენის 50 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ფართოდ გადაიცემოდა რადიოთი და ტელევიზიით.[24] ამას ვაგნერის მუსიკის კონცერტი მოჰყვა ტენგლვუდის მუსიკის ფესტივალზე ლენოქსში, მასაჩუსეტსში, ხოლო შემდეგ იყო ტურნე ქვეყნის მასშტაბით, რის შემდეგაც ნორმანი ევროპაში დაბრუნდა. მოკლე ხნით დაბრუნდა აშშ-ში 1973 წელს, როცა ნიუ-იორკში თავისი პირველი კონცერტი ჩაატარა „დიდი შემსრულებლების“ სერიის ფარგლებში, ლინკოლნის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის ელის ტალის სახელობის დარბაზში.[12]
1975 წელს ნორმანი ლონდონში გადავიდა და საოპერო სცენაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, თუმცა, აქტიურად განაგრძობდა საკონცერტო კარიერას და იყო სოლისტი ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა მენდელსონის ელია და ფრანკის ნეტარებანი (Les Béatitudes). ამერიკაში 1976 და 1977 წლებში დაბრუნდა ფართო საკონცერტო ტურნეს ჩასატარებლად, თუმცა, აშშ-ის საოპერო სცენაზე მისი დებიუტი კიდევ მრავალი წელი არ შემდგარა, ვიდრე თავი არ დაიმკვიდრა ევროპის წამყვან საოპერო სცენებსა და ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი, ზალცბურგის ფესტივალი და ექს-ან-პროვანსის ფესტივალი. 1970-იანი წლების განმავლობაში ნორმანმა ევროპაში არაერთი საკონცერტო ტურნე ჩაატარა, რომელთა ფარგლებშიც შეასრულა შუბერტის, მალერის, ვაგნერის, ბრამსის, სატის, მესიანის და რამდენიმე ამერიკელი კომპოზიტორის ნაწარმოებები. ყველა კონცერტს უაღრესად დადებითი კრიტიკული გამოხმაურება ხვდა წილად.[25]
შუა პერიოდი (1980-1989)
რედაქტირება1980 წლის ოქტომბერში ნორმანი საოპერო სცენას დაუბრუნდა მთავარი როლით შტრაუსის ოპერაში არიადნე ნაქსოსიდან (Ariadne auf Naxos), ჰამბურგის სახელმწიფო ოპერაში, 1982 წელს კი შედგა მისი საოპერო დებიუტი შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის ოპერაში, იოკასტას როლით სტრავინსკის ოპერაში ოიდიპოს მეფე და დიდოს როლით პერსელის ოპერიდან.[23] 1983 წელს ამას მეტროპოლიტენის ოპერაში პირველი გამოსვლა მოჰყვა, კასანდრას და დიდოს როლებით ბერლიოზის ტროელებიდან. ეს პერფორმანსი საოპერო კომპანიის 100 წლის საიუბილეო სეზონის ნაწილი იყო. Encyclopædia Britannica-ს თანახმად, „1980-იანი წლების შუა პერიოდისთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული დრამატული სოპრანო იყო მსოფლიოში“.[25] მიიწვიეს რონალდ რეიგანის მეორე ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე 1985 წლის 21 იანვარს, სადაც შეასრულა უბრალო საჩუქრები აარონ კოპლანდის ძველი ამერიკული სიმღერებიდან.[26][27][28] 1986 წელს დედოფალ ელიზაბეტ II-ს 60 წლის იუბილეზე იმღერა.[29] იმავე წელს, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ამერიკული ტურნეს დროს მათთან ერთად შეასრულა შტრაუსის ოთხი უკანასკნელი სიმღერა.[30]
წლების განმავლობაში ნორმანმა რეპერტუარი უფრო ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებებით გააფართოვა. 1988 წელს იმღერა საკონცერტო შესრულება პულენკის ერთაქტიანი ოპერისა ადამიანის ხმა (ფრანგ. La voix humaine), რომელიც ჟან კოქტოს 1930 წელს შექმნილ იმავე სახელწოდების პიესას ეფუძნებოდა.[31] 1980-იან და ადრე 1990-იან წლებში ნორმანმა არაერთი აღიარებული ჩანაწერი შექმნა, მისი ბევრი გამოსვლა ტელევიზიითაც გადაიცა. ოპერის გარდა მისი ჩანაწერები და პერფორმანსები მოიცავდა კლასიკურ სიმღერებს, ლიდებს, ორატორიებს და სხვა. ოთხი უკანასკნელი სიმღერის მისეული ინტერპრეტაცია განსაკუთრებულადაა აღიარებული. დირიჟორ კურტ მასურის ნელი ტემპები დავის საგანია, თუმცა ნორმანის ხმის ბგერითი მახასიათებლები გვიანრომანტიკული გერმანული ლიდებისთვის იდეალური იყო.[10]
ნორმანი ცნობილია არნოლდ შონბერგის გურეს სიმღერების (Gurre-Lieder) და მისივე ერთი ქალის ხმისთვის შექმნილი ოპერის, მოლოდინის (Erwartung) შესრულებით.[10] 1989 წელს მოლოდინი მეტროპოლიტენის ოპერის სცენაზე შეასრულა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამ სცენაზე ერთპერსონაჟიანი ნაწარმოები დაიდგა. ორმაგ წარმოდგენაში ამ ოპერასთან ერთად ბარტოკის ლურჯწვერას სასახლეც შედიოდა, სადაც ნორმანმა ივდითის პარტია შეასრულა. ორივე ოპერა ქვეყნის მასშტაბით გადაიცემოდა. იმავე წელს, ზუბინ მეტას დირიჟორობით, ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად სოლისტის რანგში მონაწილეობდა ორკესტრის 148-ე სეზონის გახსნით კოცერტში, რომელიც PBS-მა პირდაპირ ეთერში გადასცა.[30] მონაწილეობდა ჰონგ-კონგის კულტურის ცენტრის საინაუგურაციო კონცერტში და ჩაატარა კონცერტი ტაივანის ეროვნულ საკონცერტო დარბაზში.[5]
1989 წლის 14 ივლისს ნორმანი მიიწვიეს საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის, მარსელიეზას შესასრულებლად საფრანგეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. აღნიშნული გამოსვლა, რომლის დროსაც ნორმანს აზედინ ალაიას მიერ შეკერილი კოსტიუმი ეცვა, კონკორდის მოედანზე პომპეზური ცერემონიის ფარგლებში შედგა. ცერემონიის დიზაინი ავანგარდისტ ჟან-პოლ გუდს ეკუთვნოდა.[32] ეს მოვლენა იქცა შთაგონებად სამხრეთ აფრიკელი პოეტის, ლორენს მდუდუზი ნდლოვუსთვის, რომელმაც ნორმანს ლექსი მიუძღვნა, სახელწოდებით I Shall Be Heard. ლექსი შესულია კრებულში In Quiet Realm, რომლის წინასიტყვაობაც ნორმანმა დაწერა.[33]
ბოლო პერიოდი და გარდაცვალება (1990-2019)
რედაქტირება1990-იანი წლების დასაწყისიდან ნორმანი ნიუ-იორკის შტატში, სოფელ კროტონ-ონ-ჰადსონში ცხოვრობდა. განცალკევებით მდებარე მისი სახლი, სახელად თეთრი კარიბჭე, ადრე ტელევარსკვლავ ალენ ფანტს ეკუთვნოდა. 1990 წელს სანქტ-პეტერბურგში, პეტრე ჩაიკოვსკის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მიიღო მონაწილეობა. იმავე წელს პირველად გამოვიდა ჩიკაგოს ლირიკული თეატრის სცენაზე ალცესტეს როლით გლუკის ამავე სახელწოდების ოპერაში. 1991 წელს შვეიცარიის ეროვნული დღის 700 წლისთავის აღსანიშნავ წვეულებაზე იმღერა.[5] იმავე წელს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დირიჟორ ლორენს ფოსტერთან და ლიონის ოპერის ორკესტრთან ერთად გამოვიდა კონცერტზე, რომელიც ცოცხლად იქნა ჩაწერილი.[34] 1992 წელს, მაცუმოტოსთან ახლოს, იაპონიის ალპებში, საიტო კინენის ფესტივალის გახსნით საოპერო წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა (იოკასტას როლით სტრავინსკის ოპერიდან ოიდიპოს მეფე).[30] 1993 წელს მთავარი როლი შეასრულა მეტროპოლიტენის ოპერის სპექტაკლში არიადნა ნაქსოსიდან. 1994 წელს ყოფილი პირველი ლედის, ჟაკლინ კენედი ონასისის დაკრძალვაზე იმღერა.[35][36] 1995 წლის სექტემბერში კვლავ სოლისტის როლში წარსდგა ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ამჯერად კურტ მასური დირიჟორობდა. კონცერტი ორკესტრის 153-ე სეზონის გახსნას ეძღვნებოდა და PBS-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 1996 წელს მეტროპოლიტენის ოპერაში შედგა პრემიერა იანაჩეკის ოპერისა მაკროპულოსის საქმე. მთავარ პარტიას ნორმანი ასრულებდა. პერფორმანსს უაღრესად დადებითი გამოხმურება მოჰყვა.[37]
ნორმანი მონაწილეობდა 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნით ცერემონიალში, ატლანტაში, სადაც შეასრულა Faster, Higher, Stronger. 1997 წლის იანვარში პრეზიდენტ ბილ კლინტონის მეორე ინაუგურაციაზე იმღერა.[5][27] 1998–99 წლების პერფორმანსებიდან აღსანიშნავია კონცერტი კარნეგი-ჰოლში, რომლის უჩვეულო პროგრამა შედგებოდა დიუკ ელინგტონის საეკლესიო მუსიკისგან, რომელიც ჯაზ-კომბოს, სიმებიანი კვარტეტის და ფორტეპიანოსთვის იყო განსაზღვრული. კონცერტში ელვინ ეილის ცეკვის ანსამბლიც მონაწილეობდა. ამავე სეზონში შედიოდა მალერის დედამიწის სიმღერა (Das Lied von der Erde) ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სეიჯი ოზავას დირიჟორობით, მის მშობლიურ ქალაქ ოგასტაში გადაღებული სატელევიზიო გადაცემა და აგრეთვე, საგაზაფხულო საკონცერტო ტურნე, რომლის ფარგლებშიც კონცერტები თელ-ავივშიც გაიმართა. მომდევნო სეზონში კვლავ შეასრულა ელინგტონის საეკლესიო მუსიკა ლონდონში, ვენაში და ევროპის სხვა ქალაქებში. ჩაატარა საზაფხულო ევროპული ტურნეც, რომლის ფარგლებშიც ზალცბურგის ფესტივალშიც მონაწილეობდა.[30]
1999 წელს ქორეოგრაფ და მოცეკვავე ბილ თ. ჯოუნზთან ერთად მონაწილეობდა ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრისთვის მომზადებულ პროექტში, სახელწოდებით How! Do! We! Do! 2000 წელს გამოსცა ალბომი I Was Born in Love with You, რომელშიც მიშელ ლეგრანის სიმღერები შედიოდა. ჩანაწერში, რომელიც ჯაზის მომიჯნავე პროექტად განიხილება, ფორტეპიანოზე ლეგრანი, ბასზე რონ კარტერი, ხოლო დასარტყამ ინსტრუმენტებზე გრეიდ ტეიტი უკრავს. 2001 წლის თებერვალსა და მარტში კარნეგი-ჰოლში კონცერტების სამნაწილიან სერიაში მიიღო მონაწილეობა. ფორტეპიანოზე ჯეიმზ ლივაინი უკრავდა. კონცერტები მნიშვნელოვანი სახელოვნებო მოვლენა აღმოჩნდა. მას თან 80 გვერდიანი პროგრამაც ახლდა, რომელსაც დეივიდ ჰოკნის მიერ შესრულებული ნორმანის პორტრეტი ამშვენებდა. 2002 წელს სინგაპურის ესპლანადის თეატრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.[5]
2001 წლის 28 ივნისს ათენში, ზევსის ტაძარში, ნორმანმა და კოლორატურა სოპრანო კეთლინ ბეტლმა ვანგელისის ოპერა მითოდეა შეასრულეს.[38]
2002 წლის 11 მარტს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილას ორი მომუმენტური სინათლის სვეტის გახსნის ცერემონიალზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა, ნორმანმა America the Beautiful შეასრულა.[39] 2002 წელს ოგასტაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ რიჩმონდის ოლქში ბავშვებისთვის ხელოვნების საპილოტე სკოლის გახსნას დააფინანსებდა. გაკვეთილები წმინდა იოანეს მეთოდისტურ ეკლესიაში 2003 წლიდან დაიწყო. 2004 წლის ნოემბერში შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ნორმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ფილმი, რომლის რეჟისორია ანდრე ჰელერი, ხოლო დამდგმელი ოპერატორი – ოტმარ შმიდერერი, ვენის DOR-Film-ის პროდუქციაა და იგი აღწერს მუსიკას, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, აგრეთვე, შთაგონებებს და ოცნებებს, რომელთაც ნორმანი თავის სფეროში უნიკალურ მოვლენად აქციეს.[40] 2006 წელს თანამედროვე ცეკვების ქორეოგრაფ ტრეი მაკინტაირთან ერთად იმუშავა სპეციალურ წარმოდგენაზე, რომელიც ვეილის ცეკვის ფესტივალის ნაწილი იყო.[5]
2009 წლის მარტში ნორმანის პატრონაჟით ჩატარდა ფესტივალი Honor!, რომელიც აფროამერიკულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. იგი შედგებოდა კონცერტების, საღამოების, ლექციების, დისკუსიების და გამოფენებისგან, რომლებიც კარნეგი-ჰოლში, აპოლოს თეატრში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარში და ნიუ-იორკის სხვა ცნობილ სივრცეებში ჩატარდა.[41]
ამ პერიოდში ნორმანმა საოპერო სპექტაკლებში გამოსვლა შეწყვიტა, სანაცვლოდ კი კონცერტებზე და მუსიკალურ საღამოებზე გადაერთო.[29] იყო სხვადასხვა ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი ან სპიკერი, მათ შორის აღსანიშნავია კარნეგი-ჰოლი, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა, ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ჰარლემის ცეკვის თეატრი, ეროვნული მუსიკალური ფონდი, ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდი, პეინის კოლეჯი, „პარტნიორობა უსახლკაროთათვის“, ოგასტას საოპერო ასოციაცია და სხვები.[30]
2013 წლის მარტში მონაწილეობა მიიღო აპოლოს თეატრის და მანჰეტენის მუსიკის სკოლის მიერ ორგანიზებულ 90-წუთიან მულტიმედიურ შოუში, სახელწოდებით Ask Your Mama, რომლის ავტორიც იყო ლორა კარპმანი და იგი დაფუძნებული იყო ლენგსტონ ჰიუზის ციკლზე Ask Your Mama: 12 Moods for Jazz.[42]
2014 წლის მარტში მონაწილეობდა სონომას სახელმწიფო უნივერსიტეტის გრინის მუსიკალურ ცენტრში ჩატარებულ კონცერტში, რომელიც ამერიკული სტანდარტებისგან შედგებოდა და ეძღვნებოდა ისეთ ფიგურებს, როგორიცაა ჯორჯ გერშვინი, დიუკ ელინგტონი და ელა ფიცჯერალდი. 2015 წელს პიანისტ მარკ მარკჰემთან ერთად კარნეგი ჰოლში წარადგინა პროგრამა, რომელიც უმეტესად გერშვინის, კერნის, როჯერსის და ჰარტის შემოქმედების, აგრეთვე, სატის და პულენკის რამდენიმე სიმღერისგან შედგებოდა.[43]
2018 წლის აპრილში, ოპერისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისვის გლენ გულდის პრიზის მე-12 მფლობელი გახდა.[44]
ნორმანი გარდაიცვალა 2019 წლის 30 სექტემბერს, 74 წლის ასაკში, სინაის მთის წმინდა ლუკას საავადმყოფოში, მაჰეტენზე. გარდაცვალების მიზეზი 2015 წელს ხერხემლის დაზიანების შედეგად მიღებული ინფექციური გართულებები იყო, რამაც რამდენიმე სასიცოცხლო ორგანოს ფუნქციების დარღვევა გამოიწვია.[45]
ჯესი ნორმანის ხელოვნების სკოლა
რედაქტირება2003 წელს, რეიჩელ ლონგსტრიტის ფონდისა და ჯესი ნორმანის პარტნიორობით, ოგასტაში გაიხსნა ჯესი ნორმანის ხელოვნების სკოლა, რომელიც ეკონომიკურად გაჭირვებულ მოსწავლეებს სკოლის შემდგომ საშემსრულებლო ხელოვნების უფასო გაკვეთილებს სთავაზობს. ნორმანი აქტიურად იყო ჩართული პროექტის ყველა ეტაპზე, მათ შორის, სახსრების შეგროვების პროცესში.[46]
მემუარი
რედაქტირება2014 წლის 6 მაისს გამომცემლობა Houghton Mifflin Harcourt-მა გამოსცა ნორმანის მემუარი, სახელწოდებით Stand Up Straight and Sing![47]
საკონცერტო მოღვაწეობა
რედაქტირებაკარიერის დიდ ნაწილს ნორმანი საკონცერტო და კამერულ მოღვაწეობას უთმობდა, სადაც ასრულებდა როგორც კლასიკურ გერმანულ რეპერტუარს, ასევე თანამედროვე ნიმუშებსაც, როგორიცაა შონბერგის გურეს სიმღერები და ფრანგი მოდერნისტების ნამუშევრები, რომელთაც აუცილებლად ორიგინალურ ენაზე მღეროდა.[30] ინტელექტის და არტისტიზმის ეს შეხამება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მომღერლის წარმატებულ საკონცერტო კარიერაში. ინოვაციური საკონცერტო პროგრამების და თანამედროვე მუსიკის ძლიერი მხარდაჭერის გამო სახელი გაითქვა, როგორც „მომღერალმა, რომლის მსგავსიც თაობაში ერთხელ იბადება და რომელიც უბრალოდ, სხვის ნაკვალევს კი არ მიჰყვება, არამედ სიმღერის ისტორიაში საკუთარ ნიშას ქმნის.“[30]
ნორმანმა პირველად შეასრულა ჯუდით უეირის სიმღერების ციკლი ქალი.ცხოვრება.სიმღერა (woman.life.song), რომელიც კარნეგი-ჰოლმა სპეციალურად მისთვის შეუკვეთა. მასში გამოყენებულია ტონი მორისონის, მაია ენჯელოუს და კლარისა პინკოლა ესტესის ტექსტები;[29] შეასრულა დიუკ ელინგტონის საეკლესიო მუსიკა; ჩაწერა ჯაზური ალბომი ჯესი ნორმანი მღერის მიშელ ლეგრანს; იყო სოპრანოს მთავარი პარტიის თანაშემსრულებელი ვანგელისის პროექტში მითოდეა. მოსკოვში რუსულად შეასრულა მუსორგსკის სიმღერები.[10] სხვა პროექტებიდან აღსანიშნავია 1984 წლის ალბომი With a Song in My Heart, რომელშიც შედის სიმღერები ფილმებიდან და მუსიკალური კომედიებიდან,[48] ასევე, 1990 წელს, კარნეგი-ჰოლში გამართული ამერიკული სპირიჩუელსების კონცერტი, სოპრანო კეთლინ ბეტლთან ერთად.[49]
ხმა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ნორმანი დრამატულ სოპრანოდ მიიჩნეოდა, იგი ხშირად ასრულებდა როლებს, რომლებიც, ტრადიციულად, სხვა ტიპის ხმებისთვის იყო განსაზღვრული. სტუდენტობიდან მოყოლებული დიდი სიფრთხილით არჩევდა რეპერტუარს და მასწავლებელთა რჩევებზე და მენეჯერების მოთხოვნებზე წინ თავის ინსტინქტებსა და ინტერესებს აყენებდა. კარიერის დასაწყისში ამის გამო დოიჩე ოპერის მენეჯმენტთან პრობლემებიც ჰქონდა. ჯონ გრუენს ნიუ-იორკ თაიმსიდან უთხრა: „რაც შეეხება ჩემს ხმას, მისი კატეგორიზაცი შეუძლებელია და მე ეს მომწონს, რადგან ვასრულებ ისეთ რამეებს, რაც შეიძლება დრამატულ, მეცო ან სპინტო კატეგორიებს ეკუთვნოდეს. იმდენი განსხვავებული სახის მუსიკა მომწონს, რომ ერთი რომელიმე დიაპაზონით თავი არასოდეს შემიზღუდავს.“[50]
ზოგიერთი ვოკალის კრიტიკოსის მოსაზრებით, ნორმანი იყო არა დრამატული სოპრანო, არამედ სოპრანოს იშვიათი ტიპი, რომელსაც „ფალკონი“ ეწოდება. „ფალკონი“ ტემბრულად მეცო-სოპრანოს უახლოვდება, ხოლო ტესიტურულად - დრამატულ სოპრანოს. „ფალკონის როლები“ ისეთ როლებს ეწოდება, რომლებიც მეცოების ნაცვლად სოპრანოებისთვის დაიწერა და მათ ხშირად ლირიკული მეცოები ასრულებენ. ტერმინი ფრანგი მომღერლის, კორნელი ფალკონის სახელიდან მომდინარეობს. ამის გამო, ფანები, დირიჟორები და კრიტიკოსები ნორმანს თამამად მოიხსენიებდნენ როგორც სოპრანოდ, ისე მეცო-სოპრანოდ. 23 წლის ასაკში, კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა საკუთარ ხმას, ნორმანმა უპასუხა: „სამტრედეები მხოლოდ მტრედებისთვისაა კომფორტული“.[51]
წლების განმავლობაში ნორმანის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ თვისებად მისი ტექნიკური სრულყოფილება ითვლებოდა. კარნეგი-ჰოლში ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტის მიმოხილვაში ნიუ-იორკ თაიმზის კრიტიკოსი ალენ ჰიუზი წერს: „ნორმანს დღესდღეობით ერთ-ერთი უმდიდრესი ხმა აქვს და როგორც დახვეწილ მსმენელებს მოეხსენებათ, მისი პერფორმანსები ყოველთვის უზადოდ არის მომზადებული, როგორც მუსიკალურად, ისე სხვაგვარადაც“.[52] იმავე დარბაზში კიდევ ერთ გამოსვლას იმავე გაზეთის კრიტიკოსი, ბერნარდ ჰოლანდი ასე გამოეხმაურა: „რომ შეკრიბოთ ყველაფერი, რასაც ჯესი ნორმანი, როგორც მომღერალი, კარგად აკეთებს, მიღებული ჯამი გადააჭარბებდა ნებისმიერ სოპრანოს, რომელიც დღეს პუბლიკის წინაშე გამოდის. მის ნორმანის კონცერტებზე ბგერების გამოცემა, ფერთა მანიპულაცია, სიტყვათა პროექცია და მუსიკალური ინტერპრეტაცია ფანატიკური დახვეწილობით კეთდება.“ [53]
რჩეული პარტიები
რედაქტირებასაოპერო როლები
რედაქტირება
|
|
|
ორატორიები და პარტიები საორკესტრო ნაწარმოებებიდან
რედაქტირება- (ბერგი), ღვინო
- (ბერგი), შვიდი ადრეული სიმღერა, ალტენბერგის სიმღერა, ახალგაზრდობის სიმღერები[54]
- (ბერლიოზი), ზაფხულის ღამეები[54]
- (ბერლიოზი), კლეოპატრას სიკვდილი, კლეოპატრა
- (ბერლიოზი), რომეო და ჯულიეტა, სოლისტი
- (ბრამსი), სიმღერები[54]
- (ბრამსი), გერმანული რეკვიემი
- (ბრამსი), ალტის რაფსოდია[54]
- (ბრუკნერი), Te Deum
- (შოსონი), ლექსი სიყვარულსა და ზღვაზე, op. 19[54]
- (შოსონი), Chanson perpétuelle, op. 37[54]
- (დებიუსი), უძღები შვილი და ქალწული-რჩეული
- (დუპარი), მელოდიები
- (ფრანკი), ნეტარებანი[54]
- (ჰენდელი), დებორა, დებორა
- (მალერი), დედამიწის სიმღერა
- (მალერი), ბიჭუნას ჯადოსნური საყვირი[54]
- (მალერი), მგზავრის სიმღერა[54]
- (მალერი), Kindertotenlieder[54]
- (მალერი), სიმფონია №2 „აღდგომა“, სოლისტი[54]
- (მალერი), სიმფონია №3, სოლისტი[54]
- (პულენკი), მელოდიები[54]
- (რაველი), შეჰერეზადა[54]
- (რაველი), Deux mélodies hébraïques
- (რაველი), Chansons madécasses
- (სატი), მელოდიები
- (შონბერგი), ბრეტლის სიმღერები[54]
- (შონბერგი), მოლოდინი[54]
- (შონბერგი), გურეს სიმღერები
- (შუბერტი), სიმღერები[54]
- (შუბერტი), Erlkönig[54]
- (შუმანი), Frauen-Liebe und Leben, op. 42[54]
- (შუმანი), Liederkreis, op. 39[54]
- (რ. შტრაუსი), ოთხი უკანასკნელი სიმღერა (Philips, 1983)[54]
- (რ. შტრაუსი), სიმღერები ფორტეპიანოსთან ერთად[54]
- (ტიპეტი), ჩვენი დროის შვილი[54]
- (ვაგნერი), ვეზენდოკის სიმღერები[54]
- (ვერდი), რეკვიემი
- (ვოლფი), სიმღერები[54]
წყაროები
რედაქტირება- Braun, William R. (July 2014). „Books: Stand Up Straight and Sing!“. Opera News. 79 (1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-02. ციტირების თარიღი: 2019-10-09.
- Dobrin, Peter (September 30, 2019). „Jessye Norman was a superstar globally, but Philadelphia gave her an American stage debut“. The Philadelphia Inquirer. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- Henahan, Donal (January 21, 1973). „Jessye Norman – "People Look at Me and Say Aida"“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- Henahan, Donal (February 20, 1988). „Music: La Voix Humaine“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- Langer, Emily (October 1, 2019). „Jessye Norman, acclaimed operatic soprano, dies at 74“. The Washington Post.
- Letterman, David (November 21, 2014). „Late Show with David Letterman“. CBS.
- (2014) „Jessye Norman“, The 20th Century Go-N: Dictionary of World Biography. Routledge, გვ. 2769–2772. ISBN 978-1-317-74060-5.
- (2007) The Cambridge Companion to Greek and Roman Theatre. Cambridge University Press, გვ. 324. ISBN 978-1-139-82725-6.
- Millington, Barry (October 1, 2019). „Jessye Norman obituary / One of the great sopranos of the 20th century who bewitched audiences with her powerful stage presence“. The Guardian. ციტირების თარიღი: February 23, 2020.
- Stevenson, Joseph. (2020) Jessye Norman / Biography. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
- Wakin, Daniel J.; Cooper, Michael (September 30, 2019). „Jessye Norman, Regal American Soprano, Is Dead at 74“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- Jessye Norman discography. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
- Jessye Norman At Notre Dame – A Christmas Concert / Foster (1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2020. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
- Jessye Norman, Grammy-winning star of opera, dies at 74 (October 1, 2019). ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- Boston Symphony Orchestra concert program, Subscription Series, Season 118 (1998–1999), Week 6 (October 31, 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2020. ციტირების თარიღი: February 23, 2020.
- Remembering Jessye Norman (2019). ციტირების თარიღი: February 23, 2020.
- Jessye Norman / Biography. Decca Classics. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2019. ციტირების თარიღი: February 5, 2020.
- Battle · Norman / Spirituals in Concert. Deutsche Grammophon (1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 1, 2019. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
- Jessye Norman. Grammy Awards. ციტირების თარიღი: February 5, 2020.
- „Jessye Norman, Grammy-winning opera star, dies at age 74“. The Guardian. Associated Press. September 30, 2019. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- Jessye Norman To Receive Radcliffe Medal. The Harvard Gazette (May 29, 1997). ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- Honorary Degrees. The Harvard Gazette (2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2017. ციტირების თარიღი: October 1, 2019.
- Jessye Norman. Howard University (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 24, 2016. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- Chapter History. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2021. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
- „14 Untypical Star Appearances at Lincoln Center / Jessye Norman / Bill T. Jones (New Visions) 1999“. The Score. Lincoln Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2020. ციტირების თარიღი: February 23, 2020.
- Performances with Jessye Norman Metropolitan Opera archives]. Metropolitan Opera. ციტირების თარიღი: February 23, 2020.
- Live from Lincoln Center (September 20, 2019). ციტირების თარიღი: February 23, 2020.
- Celebrated opera singer Jessye Norman dies, aged 74. Radio France Internationale (October 1, 2019). ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- Celebrated opera singer Jessye Norman dies, aged 74. Radio France Internationale (October 1, 2019). ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- „Salzburger Festspiele: Nachruf zum Tod von Jessye Norman“. Tabulara (გერმანული). October 1, 2019. ციტირების თარიღი: February 23, 2020.
- „Opernsängerin: Legendäre Sopranistin Jessye Norman gestorben“. Die Zeit (გერმანული). October 1, 2019. ციტირების თარიღი: October 1, 2019.
რეკომენდებული ლიტერატურა
რედაქტირება- Gates, Henry Louis, and Evelyn Brooks Higginbotham (eds) (2004), "Norman, Jessye" African American Lives, New York: Oxford University Press, pp. 629–631, ISBN 0-19-516024-X
- With a Song in My Heart. Deutsche Grammophon (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 1, 2019. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯესი ნორმანი საიტზე Discogs
- Jessye Norman School for the Arts
- ჯესი ნორმანის ბიოგრაფია და ინტერვიუ, American Academy of Achievement
- ჯესი ნორმანი (სოპრანო), ბახის კანტატების ვებსაიტი
- რომნალდ ბლუმი: ჯესი ნორმანის გახსენება Jessye Norman remembered as force of nature at Met memorial / Thousands filled the Metropolitan Opera House on Sunday for a celebration of the soprano, who died Sept. 30 at 74. pressherald.com November 25, 2019
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.nytimes.com/2019/09/30/obituaries/jessye-norman-dead.html
- ↑ Smith J. C. Notable Black American Women
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African Musicians — Greenwood Publishing Group, 1982.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Jessye, Kham.com.tw. დაარქივებული January 7, 2008, საიტზე Wayback Machine.
- ↑ 6.0 6.1 „Jessye Norman, Grammy-winning opera star, dies at age 74“. The Guardian. Associated Press. September 30, 2019. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Daniel J. Wakin and Michael Cooper (September 30, 2019). „Jessye Norman, Regal American Soprano, Is Dead at 74“. The New York Times.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Emily Langer (October 1, 2019). „Jessye Norman, acclaimed operatic soprano, dies at 74“. The Washington Post.
- ↑ „Jessye Norman, American soprano superstar who combined a sumptuous voice with a majestic stage presence – obituary“. Telegraph. October 1, 2019. ციტირების თარიღი: October 1, 2019.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 Jessye Norman Biography, AllMsic.com.
- ↑ William R. Braun (July 2014). „Books: Stand Up Straight and Sing!“. Opera News. 79 (1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-02. ციტირების თარიღი: 2019-10-09.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 12.7 12.8 Donal Henahan: "Jessye Norman—'People Look at Me and Say Aida'", The New York Times, January 21, 1973.
- ↑ „Notable deaths in 2009“. The Augusta Chronicle. December 31, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 2, 2019. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
- ↑ Jessye Norman's Biography, Last.fm.
- ↑ As recounted by Norman during her appearance on Late Show with David Letterman (broadcast November 21, 2014).
- ↑ Jessye Norman. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 1, 2019. ციტირების თარიღი: October 1, 2019
- ↑ "After 149 Years, A Historic Black Church In Shaw Closes Its Doors", The Kojo Nnamdi Show, WAMU, October 2, 2018.
- ↑ Chapter History დაარქივებული 2021-04-25 საიტზე Wayback Machine. howard.edu
- ↑ Past Winners დაარქივებული December 10, 2007, საიტზე Wayback Machine. , National Society of Arts and Letters.
- ↑ Jessye Norman დაარქივებული January 7, 2008, საიტზე Wayback Machine. , UXL Newsmakers.
- ↑ „Sylvia Olden Lee, 86, Vocal Coach to Kathleen Battle, Jessye Norman & Marian Anderson“. Opera News. April 20, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 2, 2019. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
- ↑ W. Ralph Eubanks (October 2, 2019). „Jessye Norman was a diva whose voice could not be denied“. CNN.
- ↑ 23.0 23.1 Jessye Norman დაარქივებული December 19, 2007, საიტზე Wayback Machine. , Inspired Minds.
- ↑ Marc Swed (October 2, 2019). „Appreciation: Why Jessye Norman was more than a great voice. Much more“. Los Angeles Times.
- ↑ 25.0 25.1 Jessye Norman, African American World, PBS. Article by Encyclopaedia Britannica.
- ↑ The 50th Presidential Inauguration, Ronald W. Reagan, January 21, 1985. U.S. Senate. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2019. ციტირების თარიღი: ნოემბერი 1, 2019.
- ↑ 27.0 27.1 Merry, Stephanie (January 12, 2017). „Inauguration performances weren't always so contentious: Highlights from the last 75 years“. The Washington Post. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- ↑ Kettle, Martin (October 1, 2019). „"A majestic figure in every sense" – stars remember Jessye Norman“. The Guardian. Associated Press. ციტირების თარიღი: October 1, 2019.
- ↑ 29.0 29.1 29.2 "Jessye Norman (born 1945)" დაარქივებული 2012-10-13 საიტზე Wayback Machine. , New Georgia Encyclopedia.
- ↑ 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 30.5 30.6 Jessye Norman (Soprano), Bach Cantatas Website
- ↑ Norman, Jessye Biography, Enotes.com.
- ↑ Pour Jack Lang, Jessye Norman était le "symbole même de cette France de l'universalité que nous voulions célébrer" (in French) francetvinfo.fr
- ↑ Lawrence Mduduzi Ndlovu, "In Quiet Realm" South Africa: Write-On Publishing, 2018 ISBN 978-0-6399359-5-9
- ↑ Jessye Norman At Notre Dame – A Christmas Concert / Foster დაარქივებული 2020-10-24 საიტზე Wayback Machine. arkivmusic.com
- ↑ Goldman, John J.; Jackson, Robert L. (May 24, 1994). „Kennedy's Widow Recalled as a 'Blessing' to Family, Nation“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- ↑ Minzesheimer, Bob (May 9, 2014). „Jessye Norman sings her way from Georgia to world stage“. USA Today. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- ↑ Holland, Bernard (January 13, 1996). „Opera Review; Art, in the End, Transcends“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- ↑ Gelder, Lawrence (June 27, 2001). „Footlights“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- ↑ Jessye Norman, Grammy-Winning Opera Singer, Dies at 74 variety.com September 30, 2019
- ↑ About Jessye Norman დაარქივებული January 7, 2008, საიტზე Wayback Machine. , The Jessye Norman School of the Arts, Rachel Longstreet Foundation.
- ↑ Carnegie Hall presents Honor! A Celebration of the African American Cultural Legacy, Curated by Jessye Norman. Carnegie Hall. ციტირების თარიღი: September 30, 2019
- ↑ Michael Giola, "Ask Your Mama, With Jessye Norman and Nnenna Freelon, Plays the Apollo March 23", Playbill, March 23, 2013.
- ↑ William R. Braun. „Jessye Norman & Mark Markham; NEW YORK CITY, Carnegie Hall, 2/14/15“. Opera News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-02. ციტირების თარიღი: 2019-11-19.
- ↑ "Jessye Norman awarded the Twelfth Glenn Gould Prize" დაარქივებული 2018-04-14 საიტზე Wayback Machine. , April 13, 2018.
- ↑ Fekadu, Mesfin. Jessye Norman, the International Opera Star, Dead at 74.
- ↑ Brackett, Charmaign (November 5, 2012). „Opera stars will sing for Jessye Norman School of the Arts fundraiser“. The Augusta Chronicle. ციტირების თარიღი: July 2, 2013.
- ↑ Brown, Jeffrey (May 30, 2014). „How opera legend Jessye Norman learned to 'Stand Up Straight and Sing'“. PBS NewsHour. ციტირების თარიღი: September 30, 2019.
- ↑ Jessye Norman / With a Song in My Heart დაარქივებული 2019-10-01 საიტზე Wayback Machine. Deutsche Grammophon
- ↑ Battle · Norman / Spirituals in Concert დაარქივებული 2019-10-01 საიტზე Wayback Machine. Deutsche Grammophon
- ↑ John Gruen: An American Soprano Adds the Met to her Roster The New York Times, September 18, 1983
- ↑ "Opera singer Jessye Norman" დაარქივებული 2017-06-25 საიტზე Wayback Machine. , Tavis Smiley, season 7, episode 370 (podcast).
- ↑ Allen Hughes: Recital: Jessye Norman The New York Times, 24 November 1983
- ↑ Bernard Holland: Recital: Jessye Norman Sings The New York Times, 12 April 1982
- ↑ 54.00 54.01 54.02 54.03 54.04 54.05 54.06 54.07 54.08 54.09 54.10 54.11 54.12 54.13 54.14 54.15 54.16 54.17 54.18 54.19 54.20 54.21 54.22 54.23 54.24 54.25 Jessye Norman AllMusic