სიმფონია № 2 (მალერი)
სიმფონია №2, ასევე ცნობილი, როგორც „აღდგომის სიმფონია“ — გუსტავ მალერის სიმფონია, რომელიც 1888-1894 წლებში დაიწერა და პირველად 1895 წელს შესრულდა. კომპოზიტორის სიცოცხლეში მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ნაწარმოები იყო. ეს იყო პირველი დიდი ზომის ნამუშევარი, რომელშიც ჩამოყალიბებულია კომპოზიტორის ხედვა საიქიო ცხოვრების ხიბლსა და მკვდრეთით აღდგომაზე. ამ მასშტაბურ სიმფონიაში მალერმა კიდევ უფრო განავითარა „შორეული ხმოვანება“ და შექმნა „თვითკმარი სამყარო“, ასპექტები, რომლებიც მის პირველ სიმფონიაშიც იყო მოცემული. ნაწარმოები ოთხმოციდან ოთხმოცდაათ წუთამდე გრძელდება და მოხერხებულობისთვის, მის ტონალობად დო მინორი სახელდება ხოლმე, თუმცა „ახალი გროუვის მუსიკისა და მუსიკოსების ლექსიკონში“ ტონალობად მითითებულია დო მინორი – მი♭ მაჟორი.[1] BBC Music Magazine–ის მიერ 2016 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში დირიჟორებმა მალერის მე-2 სიმფონია ყველა დროის უდიდეს სიმფონიებს შორის მეხუთე ადგილას დაასახელეს.[2]
სიმფონია №2 | |
---|---|
„აღდგომის სიმფონია“ | |
გუსტავ მალერის სიმფონია | |
გუსტავ მალერი | |
მშობ. სახელი | გერმ. Die Auferstehung |
ტონალობა | დო მინორი - მი♭ მაჟორი |
ჟანრი | ვოკალური სიმფონია |
სტილი | გვიანი რომანტიზმი |
დაწერილი | 1888 - 1894, შტაინბახი |
ტექსტი |
|
ენა | გერმანული |
გამოქვეყნებული | 1897 |
გამომცემელი | Friedrich Hofmeister Musikverlag |
ხანგრძლივობა | 80-90 წუთი |
ნაწილები | 5 |
ვოკალი |
|
ინსტრუმენტული შემადგენლობა | სიმფონიური ორკესტრი |
პრემიერა | |
თარიღი | 13 დეკემბერი, 1895 |
ადგილი | ბერლინი |
დირიჟორი | გუსტავ მალერი |
შემსრულებლები | ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი |
შექმნის ისტორია
რედაქტირება1888 წელს მალერმა დაასრულა ერთნაწილიანი სიმფონიური პოემა, სახელად Totenfeier („დაკრძალვის რიტუალები“), რომელიც, მოგვიანებით, მეორე სიმფონიის პირველი ნაწილი გახდა. ამავე წლით თარიღდება მეორე ნაწილის რამდენიმე მონახაზიც. მალერი ხუთი წელი ფიქრობდა, გამოეყენებინა თუ არა Totenfeier რომელიმე სიმფონიის საწყის ნაწილად, თუმცა, ხელნაწერზე მის სათაურში სწორედ „სიმფონია“ აქვს მითითებული. 1893 წელს დაწერა მეორე და მესამე ნაწილი.[3] ფინალი პრობლემატური აღმოჩნდა. მალერი დარწმუნებული იყო, რომ ვოკალური ფინალი უნდოდა, თუმცა, ძალიან კარგად ესმოდა, რომ უცილობელ შედარებებს გამოიწვევდა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასთან – ორივე სიმფონიას ბოლო ნაწილის ცენტრში ქორალი აქვს, ორივეს ფინალი წინა ნაწილებიდან აღებული მასალით იწყება და ზომითაც მათ ბევრად აჭარბებს. შესაფერისი ტექსტის პოვნაც ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდა.[4]
1891 წელს მალერმა ჰამბურგის სახელმწიფო ოპერაში დაიწყო მუშაობა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ქალაქში მეორე უმნიშვნელოვანესი დირიჟორი ჰანს ფონ ბიულოვი იყო, რომელიც სიმფონიურ კონცერტებს ხელმძღვანელობდა. ბიულოვზე, რომელიც კეთილი ბუნებით სულაც არ იყო ცნობილი, მალერმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მას კომპოზიტორის მხარდაჭერა არც მაშინ შეუწყვეტია, როცა ვერ გაიგო და არ მოეწონა Totenfeier, რომელიც მალერმა მისთვის ფორტეპიანოზე დაუკრა. მისი თქმით, Totenfeier-თან შედარებით ვაგნერის „ტრისტან და იზოლდა“ ჰაიდნის სიმფონიასავით ჟღერდა. როცა ბიულოვის ჯანმრთელობა გაუარესდა, იგი მალერმა შეცვალა. მისმა გარდაცვალებამ, 1894 წელს, კომპოზიტორზე ძლიერ იმოქმედა.
დირიჟორის დაკრძალვაზე მან მოისმინა ფრიდრიხ გოტლიბ კლოპშტოკის „აღდგომა“ (Die Auferstehung): „აღდექ, დიახ, შენ კვლავ აღდგები / ჩემო მტვერო“. „ეს მეხის დაცემასავით იყო. – სწერდა მალერი დირიჟორ ანტონ სეიდლს, – და ყველაფერი ჩემთვის ნათელი და გასაგები გახდა.“ მალერმა გამოიყენა კლოპშტოკის ჰიმნის პირველი ორი ლექსი და შემდგომ, თავისი დაამატა, რომელიც უფრო ღიად ეხება გამოხსნას და აღდგომას.[5] 1894 წელს დაასრულა ფინალი და მოახდინა პირველი ნაწილის გაორკესტრების რევიზია, შემდეგ კი სიმღერა Urlicht („პირველქმნილი ნათელი“) ბოლოს წინა ნაწილად ჩასვა. ეს სიმღერა, სავარაუდოდ, 1892 ან 1893 წელს იყო დაწერილი.[3]
მალერმა სიმფონიისთვის თავდაპირველად შეიმუშავა თხრობითი სახის პროგრამა (მისი რამდენიმე ვარიანტი), რომელიც რამდენიმე მეგობარს გააცნო, მათ შორის, ნატალი ბაუერ-ლეხნერს და მაქს მარშალკს; 1901 წლის 20 დეკემბრის დრეზდენის პრემიერისთვის კი პროგრამის სახითაც დაბეჭდა. ამ პროგრამის მიხედვით, პირველი ნაწილი წარმოადგენს დაკრძალვას და სვამს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა „არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?“ მეორე ნაწილი გარდაცვლილის ცხოვრების ბედნიერი დროების გახსენებაა, მესამე წარმოადგენს ცხოვრების, როგორც უმიზნო პროცესის ხედვას, მეოთხე კი მისგან გათავისუფლების სურვილს. მეხუთე ნაწილი, მესამეს ეჭვებთან და პირველის კითხვებთან დაბრუნების შემდეგ, სრულდება მარადიული, ტრანსცენდენტული განახლების იმედით. ამ თემამ შემდგომში მალერის „დედამიწის სიმღერაში“ (Das Lied von der Erde) განიცადა ტრანსფიგურაცია.[6] მოგვიანებით, მალერმა პროგრამის ყველა ვერსია მიმოქცევიდან ამოიღო.
გამოცემა
რედაქტირებანაწარმოები პირველად 1897 წელს, ფრიდრიხ ჰოფმაისტერმა გამოსცა. გამოცემის უფლება შემდეგ იოზეფ ვაინბერგერს გადაეცა, ბოლოს კი Universal Edition-ს, რომელმაც 1910 წელს მეორე გამოცემა დაბეჭდა. მესამე გამოცემა 1952 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მეოთხე, კრიტიკულად რედაქტირებული გამოცემა, 1970 წელს, ორივე Universal Edition-ის მიერ. მალერის სიმფონიების სრული კრიტიკული გამოცემის ფარგლებში, რომელიც გუსტავ მალერის საზოგადოების ძალისხმევით განხორციელდა, სიმფონია კიდევ ერთხელ, ერთობლივად გამოსცა Universal Edition-მა და კაპლანის ფონდმა. მისი მსოფლიო პრემიერა 2005 წლის 18 ოქტომბერს შედგა ლონდონის Royal Albert Hall-ში, სადაც სამეფო ფილარმონიულ ორკესტრს გილბერტ კაპლანი დირიჟორობდა.[7]
ძველი ვერსიები ხელახლა გამოსცა Dover-მა და Boosey & Hawkes-მა. კაპლანის ფონდმა ასევე გამოაქვეყნა ახალი გამოცემა დამატებითი მასალებით 1986 წელს.[8] 1989 წელს გამოიცა ბრუნო ვალტერის მიერ მომზადებული არანჟირება ფორტეპიანოსთვის (ოთხი ხელისთვის).[9]
ინსტრუმენტული შემადგენლობა
რედაქტირებამალერის მე-2 სიმფონია დიდი ზომის ორკესტრისთვისაა განსაზღვრული, ქვემოთ მოცემული შემადგენლობით:
- ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები
- 4 ფლეიტა (ოთხივე ასევე ასრულებს პიკოლოს პარტიას)
- 4 ჰობოი (მე-3 და მე-4 ასევე ასრულებს ინგლისური ქარახსის პარტიას)
- 3 კლარნეტი - სი♭, ლა და დო (მე-3 ასევე ასრულებს ბანის კლარნეტის პარტიას)
- 2 მი♭ კლარნეტი (მე-2 ასევე ასრულებს მე-4 კლარნეტის პარტიას, ორივე - fortissimo-ს დროს, სადაც შესაძლებელია)
- 4 ფაგოტი (მე-3 და მე-4 ასევე ასრულებს კონტრფაგოტის პარტიასაც)
- მეტალის ჩასაბერი ინსტრუმენტები
- 6 ვალტორნა (დამატებით 4 მხოლოდ მე-5 ნაწილიში, ნაწილობრივ სცენის მიღმა)
- 6 საყვირი (დამატებით 4 მხოლოდ მე-5 ნაწილიში, სცენის მიღმა)
- 4 ტრომბონი
- ტუბა
- დასარტყამი ინსტრუმენტები
- 7 ლიტავრა (სამი შემსრულებელი, მე-7 მხოლოდ მე-5 ნაწილიში, ერთი სცენის გარეთ)
- 2 დიდი ბარაბანი (მე-2 მხოლოდ მე-5 ნაწილიში, სცენის მიღმა)
- რამდენიმე მცირე ბარაბანი (მხოლოდ მე-5 ნაწილიში, სცენის მიღმა)
- 2 წყვილი თეფში (მე-2 მხოლოდ მე-5 ნაწილიში, სცენის მიღმა)
- 2 სამკუთხედი (მე-2 მხოლოდ მე-5 ნაწილიში, სცენის მიღმა)
- 2 გონგი (მაღალი და დაბალი)
- 3 დაბალი საორკესტრო ზარი, განსაზღვრული ბგერითი სიმაღლის გარეშე (მხოლოდ მე-5 ნაწილიში)
- გლოკენშპილი
- კლავიშიანი ინსტრუმენტები
- ორღანი (მხოლოდ მე-5 ნაწილიში)
- ვოკალი
- სოლო სოპრანო (მხოლოდ მე-5 ნაწილიში)
- სოლო ალტი (მხოლოდ მე-4 და მე-5 ნაწილიში)
- შერეული გუნდი (მხოლოდ მე-5 ნაწილიში)
- სიმებიანი ინსტრუმენტები
- 2 არფა
- I ვიოლინოები
- II ვიოლინოები
- ალტები
- ჩელოები
- კონტრაბასები (რამდენიმე მათგანი დაბალი C სიმით)
ფორმა
რედაქტირებანაწარმოები, დასრულებული ფორმით, 5 ნაწილისგან შედგება:
I. Allegro maestoso
რედაქტირებაპირველი ნაწილი შემდეგნაირადაა აღნიშნული: Mit durchaus ernstem und feierlichem Ausdruck, რაც გამოხატვის სერიოზულ და ცერემონიულ ხასიათს მოითხოვს. იგი დო მინორშია დაწერილი, მაგრამ რამდენიმე სხვადასხვა კილოში მოძრაობს და სამგლოვიარო მარშს წააგავს:
სტრუქტურის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ სონატურ ფორმაშია. ექსპოზიცია სახეცვლილად მეორდება მე-4-დან მე-15 სარეპეტიციო ნიშნამდე, ისევე, როგორც ამას ბეთჰოვენი აკეთებდა თავის გვიანდელ სიმებიან კვარტეტებში. განვითარებაში მოცემულია რამდენიმე იდეა, რომელიც მოგვიანებითაცაა გამოყენებული, მათ შორის, თემა, რომელიც საგალობელ Dies irae-ზეა დაფუძნებული.
ამ ნაწილიში მალერი რამდენადმე სახეცვლილ ტონალურ სქემას იყენებს. დამხმარე თემა, რომელიც პირველად მი მაჟორშია (ფა♭ მაჟორის ენჰარმონიულ ტონალობაში),[10]
მეორედ დო მაჟორში გვხვდება, ტონალობაში, რომელსაც რეკაპიტულაციამდე არ ველით, სადაც ის თავდაპირველ მი მაჟორშია წარმოდგენილი. სიმფონიის საბოლოო მიზანი მი♭ მაჟორი მხოლოდ მინიშნებულია მე-17 სარეპეტიციო ნიშნის შემდეგ საყვირების თემაში, რომელიც მოგვიანებით, ფინალშიც ბრუნდება.
პარტიტურაში მოცემულია მალერის ინსტრუქცია 5-წუთიანი შესვენების გამოცხადებაზე ამ ნაწილის შემდეგ, რომელსაც დღეს იშვიათად, ან მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებენ. იულიუს ბუთსმა პირადად მიიღო ეს მითითება კომპოზიტორისგან 1903 წელს, დიუსელდორფში სიმფონიის შესრულებამდე,[11] თუმცა, არჩია, ხანგრძლივი პაუზა მეოთხე და მეხუთე ნაწილებს შორის გამოეყენებინა, რისთვისაც მალერისგან ქება დაიმსახურა სწორი ხედვის, მგრძნობიარობის და გამბედაობის გამო.[12]
მალერის მითითების შესრულების პრაქტიკული გზა არის სოლისტების და გუნდის შემოყვანა სცენაზე პირველი ნაწილის შემდეგ. ეს ქმნის ბუნებრივ გამყოფს პირველ ნაწილსა და სიმფონიის დანარჩენ ნაწილებს შორის და მომღერლებიც არ არიან იძულებული, ოც წუთზე მეტ ხანს სცენაზე ისხდნენ. დაახლოებით იგივე მოსაზრებით, მალერის მე-3 სიმფონიის პირველი ნაწილის შემდეგ, ნაწარმოების ხანგრძლივობის გამო რეკომენდებულია (და მითითებულია თავად კომპოზიტორის მიერაც) ნამდვილი შესვენების გამოცხადება, როგორც ოპერის ნაწილებს შორის. მე-2 სიმფონიის მსგავსად, დღესდღეობით ეს რეკომენდაციაც იშვიათად სრულდება.
II. Andante moderato
რედაქტირებამეორე ნაწილი იწყება მითითებით: Sehr gemächlich. Nie eilen. (ძალიან მსუბუქად. აუჩქარებლად.) იგი წარმოადგენს დელიკატურ ლენდლერს ლა♭ მაჟორში,
თუმცა, შეიცავს ორ კონტრასტულ მონაკვეთს შედარებით მუქი შეფერილობის მუსიკით.
ეს ნელი ნაწილი კონტრასტულია მისი წინა და მომდევნო ნაწილებისა და სტრუქტურულად მალერის მთელს შემოქმედებაში ერთ-ერთი უმარტივესია. ის წარმოადგენს ბედნიერი მომენტების გახსენებას გარდაცვლილის ცხოვრებიდან.
III. In ruhig fließender Bewegung (წყნარად მიმდინარე მოძრაობით)
რედაქტირებამესამე ნაწილი არის სკერცო დო მინორში. ის იწყება ლიტავრის ორი ძლიერი, მოკლე დარტყმით,
რომელსაც უფრო მსუბუქი დარტყმები მოჰყვება. ისინი ქმნიან ტემპს ამ ნაწილისთვის, რომელშიც ებრაულ ხალხურ მუსიკაზეც არის მინიშნებები.
ნაწილის ბოლოში არსებულ კულმინაციას მალერი ზოგჯერ „სასოწარკვეთილ ყვირილს“, ზოგჯერ კი „სიკვდილის კივილს“ უწოდებდა.
ეს ნაწილი დაფუძნებულია მალერის მუსიკაზე ლექსისთვის „ანტონ პადუელის ქადაგება თევზების მიმართ“ (Des Antonius von Padua Fischpredigt). იგი ნაწილია სიმღერების ციკლისა „ბიჭუნას ჯადოსნური ბუკი“ (Des Knaben Wunderhorn), რომელსაც კომპოზიტორი თითქმის იმავდროულად წერდა. როგორც მიმოწერიდან ჩანს, მალერს ამხიარულებდა იმის წარმოდგენა, რომ მუსიკის მხიარულ ხასიათში ვინმეს შეიძლება ეგულისხმა, რომ წმ. ანტონ პადუელი მთვრალი იყო, როცა თევზებს უქადაგებდა.[13] 1967-1968 წლებში ეს ნაწილი გამოიყენა ლუჩიანო ბერიომ თავის Sinfonia-ში, როგორც ჩარჩო დასავლური კლასიკური მუსიკის ნიმუშებისგან შედგენილი მუსიკალური კოლაჟის ასაწყობად.
IV. „Urlicht“
რედაქტირებამეოთხე ნაწილი, Urlicht („პირველქმნილი ნათელი“) იწყება აღნიშვნით: Sehr feierlich, aber schlicht (ძალიან სერიოზულად, მაგრამ უბრალოდ). ისიც სიმღერაა „ჯადოსნური ბუკიდან“, რომელსაც ალტი მღერის და ასრულებს ფინალის შესავლის ფუნქციას. სიმღერა, რომელიც შორეულ, რე♭ მაჟორის ტონალობაშია, გამოხატავს ამქვეყნიური წუხილისგან გათავისუფლების სურვილს და პირდაპირ გადადის ფინალურ ნაწილიში.
V. Im Tempo des Scherzos (სკერცოს ტემპში)
რედაქტირებაფინალი ყველაზე ხანგრძლივია და ჩვეულებრივ, ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდება. დაყოფილია ორ დიდ ნაწილად. პირველი ნაწილი ინსტრუმენტული და ძალზედ ეპიზოდურია, შეიცავს ბევრ სხვადასხვა კილოს, ტემპსა და ტონალობას, ხოლო მასალის უდიდესი ნაწილი ემყარება წინა ნაწილებს. მიუხედავად ამისა, მიჰყვება სონატის ზოგად პრინციპებს, ახალი თემები მეორდება და იცვლება. მეორე ნაწილი გუნდის შემოსვლით იწყება და მისი ფორმა გამოყენებული ტექსტითაა ნაკარნახევი.
ნაწილს ხსნის მოზრდილი შესავალი, რომელიც იწყება „სასოწარკვეთილი ყვირილით“, რომელიც მესამე ნაწილის კულმინაციას წარმოადგენდა. მას მოსდევს მშვიდი შემოსვლა თემისა, რომელიც, მოგვიანებით, საგუნდო ნაწილის სტრუქტურულ ელემენტად იქნება გამოყენებული
და ვალტორნების გამოძახილი სცენის მიღმა.
პირველი თემატური ჯგუფი იმეორებს Dies irae-ს თემას პირველი ნაწილიდან, შემდეგ კი შემოჰყავს „აღდგომის“ თემა, რომელზეც გუნდი პირველ ფრაზას მღერის.
მეორე თემა წარმოადგენს გრძელ საორკესტრო რეჩიტატივს, რომელიც სოლო ალტის მუსიკაა საგუნდო სექციაში.
ექსპოზიცია სრულდება პირველი თემატური ჯგუფის გამეორებით. ეს ხანგრძლივი შესავალი გვაცნობს რამდენიმე თემას, რომელიც ფინალის საგუნდო ნაწილში მნიშვნელოვანი გახდება.
განვითარების სექციას, რომელებსაც დაფდაფები და გონგები იწყებენ, მალერი „მკვდართა მარშს“ უწოდებდა ხოლმე. გარდა Dies irae-ს და აღდგომის თემებისა, ამ ნაწილში აგრეთვე ეპიზოდურად მოცემულია სხვა თემებიც, ძირითადად ადრინდელ მასალაზე დაყრდნობით. რეკაპიტულაცია კვეთს მარშს და მასში პირველი თემატური ჯგუფი მხოლოდ ნაწილობრივაა გამეორებული. საორკესტრო რეჩიტატივი მთლიანად არის გამეორებული და ამჯერად, მასში ჩართულია მეტალის ჩასაბერები და პერკუსია სცენის მიღმიდან (რასაც ზოგი აპოკალიფსის შვიდ საყვირთან აკავშირებს). ამას მივყავართ კულმინაციასთან, რომლის შემდეგაც შესავლის თემა მეორდება, ვალტორნების გამოძახილს კი ქორალის სექცია შემოჰყავს.
ტონალურად, პირველი, ინსტრუმენტული ნაწილი ფა მინორშია. შესავლის შემდეგ, რომელშიც ორი სხვა ტონალობაცაა მოცემული წინა ნაწილებიდან, პირველი თემატური ჯგუფი მთლიანად ფა მინორშია წარმოდგენილი, ხოლო მეორე - სუბდომინანტურ სი♭ მინორში. პირველი ჯგუფის გამეორება დომინანტურ დო მაჟორშია. განვითარების სექცია რამდენიმე ტონალობაში მოძრაობს, მათ შორის, მედიანტურ ლა♭ მაჟორში და პარალელურ ფა მაჟორში. პირველი ნაწილისგან განსხვავებით, მეორე თემის რეკაპიტულაცია, როგორც მოსალოდნელია, ტონიკაში ხდება. შესავლის გამეორება კი თემატურადაც და ტონალურადაც მეორე დიდ ნაწილზე გადასვლაა, რომელიც სოლ♭ მაჟორში იწყება.
გუნდი პირველი ნახევრის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ შემოდის.
საგუნდო სექციაში წინა ნაწილების თემებია გამოყენებული და მისი სტრუქტურა, ძირითადად, ტექსტს ემყარება. ქვედა სი♭, რომელიც ბანის საგუნდო პარტიაში ოთხჯერ გვხვდება, სტანდარტულ კლასიკურ რეპერტუარში ყველაზე დაბალი ვოკალური ნოტია. მალერის მითითებით, ბანები, რომლებსაც ამ ნოტის სიმღერა არ შეუძლიათ, უმჯობესია ჩუმად იყვნენ, ვიდრე ოქტავით მაღლა იმღერონ. პირველ ორ ლექსს ინსტრუმენტული ინტერლუდია მოჰყვება. ალტოს და სოპრანოს სოლო, „O Glaube“,
რომელიც ზემოხსენებული რეჩიტატივის მელოდიაზეა დაფუძნებული, წინ უძღვის მეოთხე ლექსს, ხოლო მეხუთე ორი სოლისტის დუეტს წარმოადგენს. პირველი ორი ლექსი სოლ♭ მაჟორშია, სოლოები და მეოთხე ლექსი სი♭ მინორში (რომელშიც რეჩიტატივის მელოდია თავდაპირველად გაჟღერდა), ხოლო დუეტი - ლა♭ მაჟორში. საბოლოო მიზანი, მი♭ მაჟორი, დო მინორის პარალელური მაჟორი, სოლისტების შემდეგ გუნდის შემოსვლისას მიიღწევა, სიტყვებზე „Mit Flügeln“,
თუმცა რვა ტაქტის შემდეგ მუსიკა სოლ მაჟორში ინაცვლებს (კადანსის გარეშე).
მი♭ მოულოდნელად ბრუნდება ტექსტით „Sterben werd' ich um zu leben“ და ნამდვილი კადანსიც ბოლო ლექსის სუსტ დროზე იწყება, სადაც აქამდე მდუმარე ორღანი შემოდის (აღნიშვნით volles Werk, მთლიანი ორღანი). გუნდისთვის მოცემულია მითითება mit höchster Kraft (უმაღლესი ძალით). ინსტრუმენტული კოდა ამავე ტონალობაშია და თან დიდი ზარების რეკვა ახლავს. მალერმა ამ მიზნით ნამდვილი საეკლესიო ზარებიც კი შეიძინა, რადგან სხვა საშუალებებით მიღებულმა ხმოვანებამ არ დააკმაყოფილა. ამ ნაწილის შესახებ ის წერდა: „დაძაბულობა, რომელიც ფინალურ კულმინაციამდე იზრდება ისეთი უზარმაზარია, რომ ახლა, როცა უკვე დასრულდა, არც კი ვიცი, როგორ დავწერე.“[14]
ტექსტი
რედაქტირებაშენიშვნა: ქვემოთ მოცემული ტექსტი გადმოთარგმნილია სიტყვა-სიტყვით, სტრიქონების შესაბამისად, რიტმის და მეტრის გაუთვალისწინებლად.
მეოთხე ნაწილი
რედაქტირებაგერმანულად
Urlicht
O Röschen rot!
Der Mensch liegt in größter Not!
Der Mensch liegt in größter Pein!
Je lieber möcht' ich im Himmel sein.
Da kam ich auf einen breiten Weg:
Da kam ein Engelein und wollt' mich abweisen.
Ach nein! Ich ließ mich nicht abweisen!
Ich bin von Gott und will wieder zu Gott!
Der liebe Gott wird mir ein Lichtchen geben,
Wird leuchten mir bis in das ewig selig Leben!
—Des Knaben Wunderhorn
ქართულად
პირველქმნილი ნათელი
ო, პატარა წითელო ვარდო!
ადამიანი უდიდეს გაჭირვებაშია!
ადამიანი უდიდეს ტკივილშია!
ნეტავ, ზეცაში ვიყო.
ფართო გზაზე აღმოვჩნდი,
როცა პატარა ანგელოზი მოვიდა და ჩემი უკან გაბრუნება სურდა.
არა! არ დავანებებდი ჩემს უკან დაბრუნებას!
ღმერთისგან ვარ და ღმერთთან უნდა მივიდე!
მოსიყვარულე ღმერთი მცირედ ნათელს მომანიჭებს,
რომელიც გამინათებს გზას იმ მარადიულ, ნეტარ ცხოვრებაში!
მეხუთე ნაწილი
რედაქტირებაNote: პირველი ორი სტროფი მალერმა ფრიდრიხ გოტლიბ კლოპშტოკის ლექსიდან „აღდგომა “(Die Auferstehung) აიღო,[15] დანარჩენი კი („O glaube“-დან) თავად დაამატა.
Original German
Aufersteh'n, ja aufersteh'n
Wirst du, Mein Staub,
Nach kurzer Ruh'!
Unsterblich Leben! Unsterblich Leben
wird der dich rief dir geben!
Wieder aufzublüh'n wirst du gesät!
Der Herr der Ernte geht
und sammelt Garben
uns ein, die starben!
— ფრიდრიხ კლოპშტოკი
O glaube, mein Herz, o glaube:
Es geht dir nichts verloren!
Dein ist, ja dein, was du gesehnt!
Dein, was du geliebt,
Was du gestritten!
O glaube
Du wardst nicht umsonst geboren!
Hast nicht umsonst gelebt, gelitten!
Was entstanden ist
Das muss vergehen!
Was vergangen, auferstehen!
Hör' auf zu beben!
Bereite dich zu leben!
O Schmerz! Du Alldurchdringer!
Dir bin ich entrungen!
O Tod! Du Allbezwinger!
Nun bist du bezwungen!
Mit Flügeln, die ich mir errungen,
In heißem Liebesstreben,
Werd' ich entschweben
Zum Licht, zu dem kein Aug' gedrungen!
Sterben werd' ich, um zu leben!
Aufersteh'n, ja aufersteh'n
wirst du, mein Herz, in einem Nu!
Was du geschlagen
zu Gott wird es dich tragen!
— გუსტავ მალერი
ქართულად
აღდეგ, დიახ, აღდეგ,
ჩემო მტვერო,
მოკლე დასვენების შემდეგ!
უკვდავი სიცოცხლე! უკვდავ სიცოცხლეს
მოგცემს ის, ვინც მოგიხმო.
ხელახლა აყვავებისთვის იყავი დათესილი!
მოსავლის უფალი მოდის
და გვაგროვებს, როგორც თავთავებს,
ჩვენ, ვინც მოვკვდით.
გჯეროდეს, ჩემო გულო, გჯეროდეს:
არაფერია შენთვის დაკარგული!
შენია, დიახ, შენი, რაც გსურდა,
შენია, რაც გიყვარდა,
რისთვისაც იბრძოდი!
გჯეროდეს,
შენ არ დაბადებულხარ არაფრისთვის!
არ გიცხოვრია, არ დატანჯულხარ არაფრის გამო!
რაც შეიქმნა,
უნდა მოკვდეს,
რაც მოკვდა, უნდა აღდგეს!
შეწყვიტე კანკალი!
მოემზადე სიცოცხლისთვის!
ო, ტკივილო, რომელიც ყველაფერს კვეთ,
მე შენ დაგისხლტი!
ო, სიკვდილო, ყველაფრის დამპყრობელო,
ახლა შენ ხარ დაპყრობილი!
ფრთებით, რომელიც თავად მოვიპოვე,
სიყვარულის სასტიკ ბრძოლაში,
მაღლა ავფრინდები,
სინათლისკენ, რომელიც ჯერ თვალს არ უხილავს!
მოვკვდები, რათა ვიცოცხლო.
აღდეგ, დიახ, აღდეგ,
ჩემო გულო, ერთ წამში!
ის, რისთვისაც იტანჯებოდი,
ღმერთთან მიგიყვანს!
პრემიერები
რედაქტირება- მსოფლიო პრემიერა (მხოლოდ პირველი სამი ნაწილი): 4 მარტი, 1895, ბერლინი, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით და თავად კომპოზიტორის დირიჟორობით.[16]
- მსოფლიო პრემიერა (სრული):13 დეკემბერი, 1895, ბერლინი, კომპოზიტორის დირიჟორობით.[17]
- პრემიერა ბელგიაში: 6 მარტი, 1898, ლიეჟი, 'Nouveaux Concerts', დირიჟორი სილვიან დიუპუი. ეს იყო პირველი შესრულება გერმანიის გარეთ.[18]
- 1963 წლის 23 ნოემბერს, პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის მეორე დღეს, აღდგომის სიმფონია ლენარდ ბერნსტაინის დირიჟორობით ნიუ-იორკის ფილარმონიულმა და ნიუ-იორკის Schola Cantorum-მა პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემაში შეასრულეს. ეს სიმფონიის პირველი სატელევიზიო შესრულება იყო.[19]
პრემიერა საქართველოში
რედაქტირებამალერის მე-2 სიმფონიის პრემიერა საქართველოში 2019 წლის 8 სექტემბერს, წინანდლის პირველი მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე შესრულდა. სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოყალიბებულ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს იტალიელი დირიჟორი, ჯანანდრეა ნოზედა ხელმძღვანელობდა. სოლისტები იყვნენ ინგ ფანგი და ქეთევან ქემოკლიძე [20]
პარტიტურა
რედაქტირებაორიგინალი ხელნაწერი პარტიტურა მალერის ქვრივმა ვილემ მენგელბერგს გადასცა 1920 წელს გამართულ მალერის ფესტივალზე, რომელიც მენგელბერგმა ამსტერდამის Concertgebouw Orchestra-სთან ერთად ჩაატარა. 1984 წელს ის მენგელბერგისგან გილბერტ კაპლანმა შეიძინა, რომელიც ამ სიმფონიას სამოყვარულო დონეზე დირიჟორობდა.[8]
2016 წლის 29 ნოემბერს აღნიშნული პარტიტურა ლონდონის სოთბის აუქციონზე 4.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც მუსიკალურ ხელნაწერში გადახდილ ყველაზე მაღალ ფასს წარმოადგენს. ოთხ პრეტენდენტს შორის გამარჯვებულმა მყიდველმა ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.[21]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Gustav Mahler", in New Grove, Macmillan, 1980
- ↑ https://www.theguardian.com/music/2016/aug/04/beethoven-eroica-greatest-symphony-vote-bbc-mozart-mahler
- ↑ 3.0 3.1 Steinberg 1995, p. 285.
- ↑ Steinberg 1995, pp. 290–291.
- ↑ Steinberg 1995, p. 291.
- ↑ Symphony No. 2 in C minor (Resurrection). Kennedy Center for the Performing Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 19, 2008. ციტირების თარიღი: 2008-06-24.
- ↑ Mahler Premiere. classicalsource.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 29 November 2016.
- ↑ 8.0 8.1 Gilbert Kaplan (1941-2016). gustav-mahler.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 20 December 2018.
- ↑ Symphony No. 2 (Mahler, Gustav). imslp.org. ციტირების თარიღი: 20 December 2018.
- ↑ Schram, Albert-George. Gustav Mahler: Symphony No. 2 (C minor): A Historical Background and Analysis. Thesis (D.Mus. Arts) University of Washington, 1985.
- ↑ San Francisco Symphony – Program Notes & Articles. sfsymphony.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 29 November 2016.
- ↑ Monthly Calendar – November 2016. kennedy-center.org. ციტირების თარიღი: 29 November 2016.
- ↑ Des Knaben Wunderhorn. kennedy-center.org. ციტირების თარიღი: 20 December 2018.
- ↑ Natalie Bauer-Lechner, Recollections of Gustav Mahler, trans. Dika Newlin, ed. Peter Franklin (New York: Cambridge University Press, 1980), pp. 43–44.
- ↑ Klopstock's Die Auferstehung is not, as is commonly believed, one of his Oden, but rather from a set entitled Geistliche Lieder (Spiritual Songs).
- ↑ 1895 Concert Berlin 04-03-1895 - Symphony No. 2 - movement 1, 2 and 3. gustav-mahler.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20-12-2018. ციტირების თარიღი: 20 December 2018.
- ↑ 1895 Concert Berlin 13-12-1895 - Symphony No. 2 (Premiere). gustav-mahler.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20-12-2018. ციტირების თარიღი: 20 December 2018.
- ↑ Henry-Louis de la Grange, Gustav Mahler, vol. 2: Vienna: The Years of Challenge (1897–1904), Oxford: Oxford University Press, 1995, pp. 85–86
- ↑ JFK: The Philharmonic and Leonard Bernstein Respond. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-14. ციტირების თარიღი: 2017-12-13
- ↑ [1] დაარქივებული 2020-08-08 საიტზე Wayback Machine. წინანდლის ფესტივალის 2019 წლის პროგრამა
- ↑ Gustav Mahler £4.5m manuscript breaks record at Sotheby's. bbc.co.uk (29 November 2016). ციტირების თარიღი: 29 November 2016.