სიმონ ჯანაშია

ქართველი ისტორიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯანაშია, სიმონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანაშია.

სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია (დ. 26 ივლისი [ ძვ. სტ. 13 ივლისი], 1900, სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა, — გ. 5 ნოემბერი, 1947, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

სიმონ ჯანაშია
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1900(1900-07-26)
დაბ. ადგილი მაკვანეთი, ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1947(1947-11-05) (47 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინის ორდენი, სტალინური პრემია და ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამამისი ნიკოლოზ ჯანაშია (1872-1918) იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და ეთნოგრაფი; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში ჰამუთ-ბეის ფსევდონიმით. 1918 წელს სიმონ ჯანაშიამ დაამთავრა ქალაქ სოხუმის რეალური სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილ მეცნიერთა — ივანე ჯავახიშვილის, იოსებ ყიფშიძის, აკაკის შანიძის, გიორგი ახვლედიანის და სხვათა ხელმძღვანელობით მიიღო საფუძვლიანი ისტორიულ-ფილოლოგიური და საენათმეცნიერო მომზადება. ჯავახიშვილის წარდგინებით დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1924 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ახალგაზრდობის წლები ჯანაშიამ ძირითადად აფხაზეთში გაატარა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ნიკოლოზ ჯანაშია. 1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოღვაწეობდა. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭომ დოცენტად აირჩია, ხოლო 1935 წელს არჩეულ იქნა უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად.

1936-1937 წლებში ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში. 1936-1941 წლებში ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. 1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და მისი ორი — ისტორიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. 1941-1943 წლებში ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს.

ჯანაშია უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის პრობლემებს. მის შრომებში სრულიად ახლებურადაა გაშუქებული ქართველთა ეთნოგენეზის, კლასებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ფეოდალიზმის გენეზისის საკითხები. ჯანაშიამ შეიმუშავა საქართველოს ისტორიის ახლებური, მეცნიერულად დამუშავებული პერიოდიზაცია. მან პირველმა გამოყო საქართველოს ისტორიაში პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი. ჯანაშიას თვალსაზრისით, პირველყოფილი თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის შუა ხანიდან იწყება და ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანაში ყალიბდება პირველი ქართული სახელმწიფოები — კოლხეთის სამეფო (ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნე) და ქართლის (იბერიის) სამეფო (ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნე). ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან უკვე იწყება ფეოდალიზმის ხანა საქართველოში. X საუკუნეში მთავრდება ადრინდელი ფეოდალიზმის ეტაპი და იწყება მოწიფული, ანუ განვითარებული ფეოდალიზმის ეტაპი.

მეცნიერის აზრით, მართალია, ანტიკური ხანის ქართულ სახელმწიფოებში, კოლხეთისა და ქართლის სამეფოებში, მონათმფობელური წყობილება არსებობდა, მაგრამ მონურ შრომას უმთავრესად სატაძრო მეურნეობებსა და ქალაქებში იყენებდნენ. მიწისმოქმედთა ძირითადი მასა კი სასოფლო თემებში გაერთიანებული პირადად თავისუფალი მწარმოებლების სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ფეოდალური ურთიერთობა საქართველოში მას უშუალოდ გვაროვნული წყობილების დაშლის საფუძველზე შექმნილად მიაჩნდა („საქართველოს ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე“, 1937; „ფეოდალური რევოლუცია საქართველოში“, 1935; „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 საუკუნის დამდეგამდე“, 1936).

ჯანაშიამ ახალი ეტაპი შექმნა ქართველთა ეთნოგენეზის პრობლემის კვლევაში ივანე ჯავახიშვილის შემდეგ: წამოაყენა და დაასაბუთა მოსაზრება წინა აზიის მონათესავე სამყაროში კულტურული და სახელმწიფოებრივი ცენტრების სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადანაცვლებისა და ქართველთა ავტოქთონობის შესახებ; დაადგინა პირველი ქართული სახელმწიფოების სოციალური ბუნება („თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი“, 1937; „უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სინათლეზე“, 1940; „ქართველთა წარმომავლობის საკითხისათვის“, „აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს უძველესი კულტურულ-პოლიტიკური ცენტრების საკითხისათვის“, შრომები, ტ. 2, 1952). ჯანაშიამ საფუძვლიანად განიხილა ქართველი ერის ჩამოყალიბების პრობლემა, უარყო ლიტერატურაში გამოთქმული თვალსაზრისი, რომ ქართველი ერი XIX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა.

საქართველოს ისტორიის კონკრეტული მასალის გათვალისწინებით, აჩვენა რომ ერის ნიშნები ქართველებს ჰქონდათ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, გარდა ეკონომიკური ერთობისა, რაც ბურჟუაზიულ ეპოქაში იქმნება, საერთო ეროვნული ბაზრის შექმნასთან ერთად. ჯანაშიამ საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიასთან, არაბთა სახალიფოსთან, განსაზღვრა არაბთა მფლობელობის ეტაპები საქართველოში, ბიზანტიასთან ურთიერთობის ფორმები („არაბობა საქართველოში“, 1936). რამდენიმე ნაშრომში საგანგებოდაა განხილული დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორია და წარმოჩენილია კოლხეთის, ეგრისის და აფხაზთა სამეფოების ისტორიის ცალკეული პერიოდები [„აფხაზთა სამეფოს წარმოშობის დროისა და ვითარების შესახებ“, შრომები, ტ. 2; 1952 (რუსულ ენაზე); კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, თსუ შრომები, 1941, ტ. 18 და სხვა].

მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ჯანაშიას გვიანდელ ფეოდალიზმის ისტორიაშიც (იხ. „ვახუშტი ქართული ფეოდალიზმის შესახებ“, „შეხედულება ფეოდალური აღზრდისა და განათლების შესახებ და მათი წესები XVII საუკუნის საქართველოში“, ტ. 2, 1952). ჯანაშია საგანგებოდ იკვლევდა საკუთრივ აფხაზეთის ისტორიას, აფხაზეთსა და აფხაზეთის როლს და ადგილს საქართველოს ისტორიაში („უზენაესი ღვთაების აფხაზური სახელწოდების ფორმისათვის“, 1923-1924; „აფხაზთა სამეფოს ისტორიიდან“, შრომები, ტ. 2, 1952; „გიორგი შერვაშიძე, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1939, ნაკვ. 3 და სხვა).

მრავალფეროვანია ჯანაშიას, როგორც ენათმეცნიერის, სამოღვაწეო სფერო. იგი მოიცავს ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისა და ნორმალიზაციის, ქართული კულტურულ-ისტორიული ტერმინების, გვართა და გეოგრაფიულ სახელთა გავრცელების, ისტორიის, წარმოებისა და ეტიმოლოგიის, აგრეთვე ქართველურ ენათა მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ისტორიულ-გენეტიკური ურთიერთობის საკითხებს. ჯანაშიამ საფუძველი ჩაუყარა აფხაზეთ-ადიღურ ენათა მეცნიერულ შესწავლას ჩვენში. მისი დიდი დამსახურებაა სვანურ ენაში ადიღურ ენათა (კერძოდ, ყაბარდოულის) ფენის გამოყოფა და სვანურ ბრუნებაში ადიღური სისტემის დადგენაში.

ჯანაშიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია საქართველოს ისტორიულ წყაროთა გამოცემის, უცხოური წყაროების ცნობების ქართულად თარგმნის თუ მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის ხაზით. არაერთი ნაშრომი მიუძღვნა მან ქართული კულტურის ისტორიას, ისტორიული გეოგრაფიის საკითხებს. ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებებს საქართველოში. 1940 წლიდან ის სათავეში ჩაუდგა მცხეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ არქეოლოგიურ სამუშაოებს. მოპოვებული ახალი მასალის ანალიზი აისახა მის შრომებში და „საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში“. 1943 წელს ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის ავტორობით (რედაქტორი სიმონ ჯანაშია) გამოვიდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე. 1926 წლიდან ჯანაშია წლების მანძილზე კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის კურსს, ლექციებს საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობაში, საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს, ატარებდა სპეციალურ კურსებსა და სემინარებს. ჯანაშიას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია.

ჯანაშია ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მუშაობას. იყო სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯიდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. სსრკ სახელმწიფო პრემიის ორგზის (1943, 1947) ლაურეატი. სიმონ ჯანაშიას სახელობისაა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, ერთ-ერთი ქუჩა თბილისში, დაწესებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჯანაშიას სახელობის პრემია. 1947 წელს რეჟისორებმა ირაკლი კანდელაკმა და შალვა ჩაგუნავამ გადაიღეს კინონარკვევი „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ხსოვნას“. სიმონ ჯანაშია დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.[1] სიმონ ჯანაშიას ვაჟიშვილი ნიკოლოზ (ლაშა) ჯანაშია (1931-1982) აგრეთვე ისტორიკოსი იყო.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

თხზულებები

რედაქტირება
  • შრომები, ტ. 1-4. თბ., 1949-1968.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორთქიფანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 537.
  • მესხია შ., საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევარი, თბ., 1960;
  • ხოშტარია ე., აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, წგნ.: სიმონ ჯანაშია (1900-1947). ბიობიბლოგრაფია, შემდგ. მ. ბარკავა, ე. დოლიძე, თბ., 1976;
  • Шанидзе А. Г., Бердзенишвили Н. А., Читая Г. С., Памяти акад. С. Н. Джанашиа, "Вестник Академии наук", 1948, № 12.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სიმონ ჯანაშია (1900-1947). Geonecropol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი, 2019. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2022.