ტომ იორკი
ტომას (ტომ) ედვარდ იორკი (ინგლ. Thomas Edward Yorke; დ. 7 ოქტომბერი, 1968, ველინბურგი, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი არის Radiohead-ისა და Atoms for Peace-ის წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების ძირითადი ავტორი, გამორჩეული ვოკალური შესრულებისას ფალცეტოს გამოყენებით. როგორც მულტი-ინსტრუმენტალისტი, ძირითადად უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე, ისევე, როგორც სინთეზატორზე, ბას-გიტარაზე და ელექტრონულ მოწყობილობებზე, როგორიც არის სემპლერი, დრამ-მანქანა და სხვები. Radiohead-ის გვიანდელ ალბომებზე მის ინსტრუმენტებში მითითებულია ლეპტოპი. 1990-იან წლებში იორკი ცნობილი იყო, როგორც როკ-მუსიკოსი, მაგრამ Radiohead-ის 2000 წლის ალბომით Kid A მისმა შემოქმედებამ ელექტრონული მუსიკას მოიცვა. მას გამოცემული აქვს ორი სოლო ალბომი, The Eraser (2006) და Tomorrow's Modern Boxes (2014). მუსიკის გარდა, იორკი პოლიტიკური აქტივისტია, იბრძვის ადამიანთა უფლებების და ეკოლოგიის დასაცავად და საომარი მოქმედებების წინააღმდეგ.
ტომ იორკი | |
---|---|
ტომ იორკის გამოსვლა Radiohead-თან | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ტომას ედვარდ იორკი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | სისი ბაკბაკი[1] |
დაბ. თარიღი | 7 ოქტომბერი, 1968 |
დაბ. ადგილი | Wellingborough |
წარმოშობა | ველინბურგი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, არტ-როკი, ელექტრონული მუსიკა, ექსპერიმენტული როკი |
საქმიანობა | მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, მხატვარი, აქტივისტი, მოცეკვავე, დიჯეი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, ბას-გიტარა, სემპლერი, დრამ-მანქანა, სეკვენსერი, ლეპტოპი, პერკუსია, ორგანი, დასარტყმელი საკრავები, ფირსაკრავი |
აქტიური | 1985-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | XL |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Gibson SG Fender Jazzmaster Gibson Hummingbird Fender Telecaster Deluxe Gibson ES-330 Epiphone Casino Rhodes-ის ფორტეპიანო | |
ხელმოწერა | |
საიტი | radiohead.com |
ტომ იორკი ვიკისაწყობში |
2002 წელს ჟურნალმა Q იორკი დაასახელა მუსიკაში რიგით მეექვსე ყველაზე გავლენიან ფიგურად[2], ხოლო Rolling Stone-მა Radiohead - 73 პოზიციაზე ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში. Blender-ისა და MTV2-ის 2005 წლის გამოკითხვაში ყველა დროის უდიდესი მომღერლების შესახებ იორკმა დაიკავა მე-18 პოზიცია.[3] 2008 წელს იგი Rolling Stone-ის ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერლის იაში 66-ე ადგილს იკავებდა.[4] 2012 წელს იორკი და Radiohead გამოჩნდნენ Rolling Stone-ის გარეკანზე და დასახელდნენ „ყველა დროის ყველაზე ექსპერიმენტულ ჯგუფად“.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებატომ იორკის ცხოვრება დაბადებიდანვე ტრაგედიით დაიწყო. მას ხუთი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მოუხდა ადრეულ ასაკში, რათა მარცხენა პარალიზებული თვალის კორექტირება მომხდარიყო, რაც დეფექტად დაჰყვა მას. მომღერლის განცხადებით, ბოლო ოპერაცია ცუდად ჩატარდა, რამაც მხედველობა თითქმის დაუკარგა მარცხენა თვალში; მართალია ხელოვნური კუნთის ჩასმის შემდეგ იორკმა თვალი გაახილა, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი დარჩა (ქუთუთოს დაბლა დაწევის გამო მისი მარცხენა თვალი ვიწროდ მოჩანს).
ტომის მამა ქიმიური დანადგარების გამყიდველი იყო, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა. საბოლოოდ, იორკები ოქსფორდშირში დასახლდნენ. შვიდი წლის ტომს პირველი გიტარა აჩუქეს და მანაც ჯგუფის Queen გიტარისტ ბრაიან მეის საშემსრულებლო სტილით შთაგონებულმა როკ-ჯგუფის შექმნა განიზრახა. ათი წლის ასაკში იგი პირველად შეუერთდა ჯგუფს ებინგდონის ვაჟთა საჯარო სკოლაში — ადგილას სადაც იგი მომავალი Radiohead-ის წევრებს — ედ ო’ბრაიენს, ფილ სელუეის, კოლინ გრინვუდსა და მის უმცროს ძმას — ჯონის შეხვდა.
ჯგუფს, რომელსაც On A Friday დაარქვეს (სახელწოდება დაკავშირებულია კვირის იმ ერთადერთ დღესთან როდესაც ბიჭებს სკოლის მუსიკალურ დარბაზში რეპეტიციის უფლება ჰქონდათ) მათივე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ტერენს გილმორ-ჯეიმსი აძლევდა სტიმულს. იორკის თქმით, სკოლის აუტანელი გარემოს გავლენისგან მხოლოდ მუსიკალური განყოფილება იცავდა, რომელშიც არაერთი საათი გაუტარებიათ მომავალი Radiohead-ის წევრებს დაუღალავ რეპეტიციებსა და ვარჯიშში. დასაწყისში ტომი მხოლოდ გიტარას უკრავდა და კომპოზიტორობაში ხელოვნდებოდა. ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლისას (ოქსფორდი), სახვითი ხელოვნებისა და ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე, იორკი პარალელურად დიჯეიდ მუშაობდა ერთ-ერთ კლუბში, სადაც რამდენიმე ჯგუფთან ერთად დუეტშიც უკრავდა. ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მეორე კურსზე იგი პირველად გაეცნო კომპიუტერულ ტექნიკას და აქვე შეხვდა ჯგუფის მომავალ დიზაინერს სტენლი დონვუდს. სტენლისთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას იორკი ხშირად ხმარობს მეტსახელებს (მაგ:. „თეთრი შოკოლადის ფერმა“ და „თჩოკი“). წლების შემდეგ იორკმა სწორედ დონვუდთან ერთად მოიპოვა გრემი ალბომის საუკეთესო ყდისთვის.
19 წლის ასაკში იორკი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. თავად ტომი უვნებლად დარჩა, მისმა მეგობარმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სწორედ ამას უკავშირდება იორკის ფობია მანქანების მიმართ, რაც ცხადად ჩანს სიმღერებში „Airbag“, „Killer Cars“ და „Stupid Car“. ჯგუფი On A Friday 1991 წელს განახლა, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაფანტულმა წევრებმა სწავლების კურსი დაასრულეს, რის შედეგადაც ჯგუფის სახელწოდება შეცვალეს — Radiohead და ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI კონტრაქტს ხელი მოაწერეს.
Radiohead
რედაქტირებაRadiohead-ის პირველი წარმატება სიმღერამ „Creep“ მოუტანა (სადებიუტო ალბომი Pablo Honey), რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, „Creep“ ექსეტერის უნივერისტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად Radiohead დაჩრდილა. ტომი გრძნობდა როგორ ჰიტდებოდა მისი შექმნილი სიმღერა, მაგრამ გრძნობდა იმასაც, რომ ამით არაფერი ემატებოდა Radiohead-ს პროფესიული თვალსაზრისით. ეს განწყობა მან კარგად გამოხატა შემდგომ ალბომში The Bends სადაც სიმღერების შინაარსი ყოველგვარი სიყალბის გარეშე ასახავს გარემოს, რომელშიც Radiohead-ს უწევდა ცხოვრება. იორკი თანდათან უახლოვდებოდა საზოგადო თემებს, რაც კარგი წინაპირობა იყო იმისთვის რომ უფრო მეტი ყურადღებით მოპყრობოდნენ მისი ჯგუფის შემოქმედებას.
1997 წელს ჩაწერილმა ალბომმა OK Computer მასმედიის თითქმის ყველა საშუალების ყურადღება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა რომ OK Computer-მა ჯგუფი მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა, მანვე დააჩქარა დეპრესია, რომელიც პოპოულარობის შედეგად დაეუფლა ტომ იორკს. დერპრესიის კლინიკური ნიშნები კარგად წარმოჩნდა Radiohead-ზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „Meeting People Is Easy“. იორკმა ბევრ ინტერვიუში აღნიშნა, თუ როგორ სძულდა ის „მითური“ სტატუსი, რომელიც სტერეოტიპად დაჰყვებოდა ყველა როკ-მომღერალს — მასზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა მედიის მომაბეზრებელი ინტერესი სხვადასხვა სახის შოუს, იგივე დადგმული სპექტაკლის მიმართ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული Radiohead-ის ყოველი წევრი გრძნობდა თუ როგორ ხდებოდა საზოგადოებისთვის მათი პიროვნება გაცილებით უფრო საინტერესო, ვიდრე მათ მიერ შექმნილი ხელოვნება; და რაც ყველაზე მეტად იყო სამწუხარო — ისინი იძულებული იყვნენ იმ გარემოში ეცხოვრათ, რომელსაც ყველაზე დიდი ზიზღით აკრიტიკებდნენ.
დაგროვილმა პროტესტის გრძნობამ სტილის რადიკალურად შეცვლისკენ უბიძგა იორკს თავისივე მეგობრებთან ერთად, რაც შემდგომში ალბომების Kid A და Amnesiac (2000—2001) სახით წარმოუდგა მუსიკალურ სამყაროს. ხელოვნების საზღვრების გაფართოებამ, რაც ელექრონიკის, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის სინთეზში გამოიხატა, კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა Radiohead-ს. თუმცა-ღა მათ გვერდით იყვენენ ისინიც, ვინცRadiohead-ის ადერეულ სტილს იწონებდა და ალტერნატიული/ბრიტპოპ მიმართულებისკენ მოუწოდებდა საყვარელ ჯგუფს, ისევე როგორც ბრიტანული ბენდები Coldplay, [Travis] და Muse აკეთებდნენ. იორკი დღემდე არავის უგდებს ყურს და მხოლოდ თავისი პრინციპებით მოქმედებს. მისი იდეოლოგია და ის დამახასიათებელი ასპექტები, რომლებიც პერიოდულად თანსდევენ, ყოველთვის კვალს ტოვებს Radiohead-ის განვითარების თითოეულ ეტაპზე. თავად ჯგუფის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთ ხელოვნებასთან ერთად იზრდებოდნენ; იორკმაც ცხოვრებისეული გამოცდილების დიდი ნაწილი სწორედ სტუდიური სესიებისა და ცოცხალი კონცერტების მსვლელობისას მიიღო. შედეგად, ბოლო ალბომში Hail to the Thief მომღერალი უკვე იმ შეშფოთებას ასახავს, რაც თავისი შვილების მომავალთან დაკავშირებით აწუხებს. ეს ნამუშევარი დღემდე ვერ იშორებს იარლიყს, რომელიც მას ბუშის საწინააღმდეგო პროპაგანდასთან აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტომმა ბევრჯერ უარყო ალბომის პოლიტიკური სარჩული.
იორკი ირწმუნება, რომ მას არასოდეს მოუსმენია Radiohead-ის ალბომებისთვის ჩაწერის შემდეგ: „მათს მოსმენას მხოლოდ მაშინ გავბედავ როცა ნორმალურ სამყაროში ვიცხოვრებთ. მე მეშინია მათი. მირჩევნია რაღაც ახალი გავაკეთო და შემდეგ დავივიწყო ის, რათა სხვა სიახლის შექმნა დავიწყო.“
სოლო ნამუშევრები
რედაქტირებატომ იორკის სოლო-ალბომი The Eraser (2006 წლის ივლისი), რომლის პროდიუსერიც ნაიჯელ გოდრიჩი და დიზაინერი სტენლი დონვუდი იყო, გაცილებით მეტ გასაქანს იძლევა ელექტრონიკაში და მელოდიურობის ხაზსაც არ კარგავს. იორკმა ალბომის გამოშვებისთანავე უარყო ხმები მისი ჯგუფიდან წასვლის თაობაზე: „არ გინდათ ბოდვა ჩემი მოღალატეობის თუ რაღაც სისულელეების შესახებ, რაც ყველაფერ ამ ბლა ბლა ბლას გამოიწვევს… ყველაფერი მათი [Radiohead-ის წევრების] ნება-სურვილით მოხდა.“ The Eraser-მა #3 ადგილს მიაღწია ბრიტანულ ჩარტში. აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მეორე გახდა, რის შემდეგაც ირლანდიურ ჩარტშიც კი თავისი პოზიცია დაიმკვიდრა — #9. ალბომი ნომინირებულ იქნა მერკურის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, სადაც ჯგუფთან Arctic Monkeys დამარცხდა. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე როგორც „წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი.“
მუსიკალური ხედვა
რედაქტირებატომ იორკის ვოკალურ მახასიათებლებში მისი მაღალი ფალცეტია აღსანიშნავი, რაც ყველაზე კარგად გამოხატულია სიმღერებში „Fake Plastic Trees“, „Paranoid Android“ და „Like Spinning Plates“; ასევე მისი უნარი აიღოს მაღალი აკორდები — „Creep“, „Exit Music (For a Film)“ „Let Down“. ალბომის The Bends ჩაწერაზე დიდი გავლენა მოახდინა ჯეფ ბაკლის კონცერტმა, რომლის ხილვის შემდეგ წარმოქმნილმა შთაბეჭდილებამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა ტრეკში „Fake Plastic Trees“. მიუხედავად ამისა, იორკი თავის ხმას ლამაზად სულაც არ მიიჩნევს და ამბობს რომ მისი ვოკალი „საოცრად დამჟავებულია.“ ცოცხალი კონცერტების დროს ხშირად მიმართავს სხვადასხვა სტილს — ტრეკის „Paranoid Android“ შუა ნაწილი, სადაც ბოლო ხმაზე გაჰყვირის, ასევე ნახევრად-მოლაპარაკე ხმა სიმღერებში „Myxomatosis“ და „A Wolf at the Door“. იორკის საშემსრულებლო სტილის კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი სიტყვების „ჩაყლაპვაა“, რაც ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის ლირიკის გაგებას. ალბომებს Kid A და Amnesiac არ დართვიათ ოფიციალური სასიმღერო ტექსტი — ეს მსმენელის ფანტაზიას გასაქანს აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოიდგინოს მათში შესული სიმღერები.
იორკი მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ელექტრო გიტარას, აკუსტიკურ გიტარას და პიანინოს იყენებს; ასევე შეუსრულებია დოლისა და ბას-გიტარის პარტიები. ტომმა, ისევე როგორც Radiohead-ის წევრთა უმრავლესობამ, ნოტების კითხვა არ იცის. მისი თქმით, ნებისმიერი ცდა, ნოტებით დაეკრა, სრულიად უნაყოფო აღმოჩნდა მისთვის. მას არაერთხელ ირონიულად მოუხსენებია საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობა პიანინოსა და გიტარაზე — „რომ იცოდეთ რა საცოდავად ვუკრავ პიანინოზე. სულ ტომ უეითსის სიტყვები მახსენდება, თუ როგორ თქვა მრავალი წლის წინ — კომპოზიტორობისკენ მხოლოს იმ ინსტრუმენტების არცოდნამ მიბიძგა, რომელზედაც ვუკრავდიო. ჩემთვის ეს ყველაფერი დიდ სიახლეს წარმოადგენს — ამიტომაც გადავვარდი კომპიუტერებსა და სინთეზატორებში — წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავუკრა ინსტრუმენტებზე.“ ალბომში Kid A იორკს ელექტრონული ელემენტების შემოტანისას პროგრამირებულ „ბითებსა“ და „სემპლერზე“ მოუწია მუშაობა. ამასთან დაკავშირებით აღნიშნა კიდეც რომ კუსტიკურ გიტარაზე უკეთ „ლეპტოპზე“ დაკვრა ეხერხებოდა. სოლო-ალბომშიც ტრადიციულ პიანინოსა და გიტარასთან ერთად იგივენაირ ხერხებს იყენებს.
რაც შეეხება მუსიკალურ გავლენას, ტომ იორკის სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშეს ჯაზ-კომპოზიტორმა და ბასისტმა ჩარლზ მინგესმა და ნეილ იანგმა, ასევე მომღერალმა სკოტ უოლკერმა. ელექტრონიკის მხრივ, ჯგუფმა Can. ადრეული Radiohead-ის და, კერძოდ, იორკის შემოქმედებაზე გავლენა ჰპოვეს ჯგუფებმა Joy Division, Magazine, Elvis Costello, The Smiths და Sonic Youth. სტუდენტობის დროინდელი მომღერლის კუმირები კი იყვნენ Pixies და R.E.M.
პირადი ცხოვრება/აქტივიზმი
რედაქტირებატომ იორკს ჰყავს ძმა — ენდი — ჯგუფის Unbelievable Truth ექს-ვოკალისტი. ამჟამად ტომი ოქსფორდის ცენტრში ცხოვრობს თავისივე მეგობარ გოგონასთან რეიჩელ ოუენთან (ინგლ. Rachel Owen) ერთად. რეიჩელი ხელოვნების ისტორიაში დოქტორის ხარისხს ფლობს და ტომთან ორი შვილი — ნოე (ინგლ. Noah დაიბადა 2001 წელს და მიეძღვნა Radiohead-ის ალბომი Amnesiac) და აგნესა (ინგლ. Agnes დაიბადა 2004 წელს და მიეძღვნა იორკის სოლო-ალბომი The Eraser) ჰყავს.
იორკი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ეკოლოგიურ ორაგანიზაციათა ქსელურ გაერთიანებაში Friends of the Earth და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისთვის იბრძვის. 2005 წლიდან იგი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. ასევე ცნობილია როგორც ანტი-გლობალისტი, რომელიც სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობებისთვის იბრძვის. მისი ანტი-გლობალისტური იდეოლოგია ადამიანის უფლებათა დაცვაში ვლინდება, სადაც მეტწილად ომების დამანგრეველი შედეგების წინააღმდეგ ქადაგებს. ამ მიზნით Radiohead-მა მონაწილეობა მიიღო ტიბეტის გათავისუფლებისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტში (1998—1999) და საერთაშორისო ამინისტიის იუბილეზე (2000). იორკი საერთაშორისო ორგანიზაციის Friends of the Earth წამყავნი სახეა და მის მასშტაბურ პროექტში „The Big Ask“ მიიღო მონაწილეობა. ამავე პროექტის ფარგლებში მან თავისი წვლილი შეიტანა საქველმოქმედო კონცერტში (2006), რომელსაც ბრიტანული პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ, (მათ შორის იყო „ტორების“ ლიდერი დეივიდ კამერონი, ვისაც იორკმა თავის დროზე მხარი არ დაუჭირა). ბრიტანული საზოგადოება იორკმა მაშინ განაცვიფრა როდესაც ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის — ტონი ბლერის — მიწვევას კლიმატური პრობლემების განსახილველად უარით შეხვდა, იმ მიზეზით რომ „ბლერი არ ფლობდა სრულფასოვან ინფორმაციას ეკოლოგიურ საკითხებზე“.
ბუნების დაცვისადმი სწრაფვა იორკის ცხოვრების სტილშიც შესამჩნევია — იგი დიდი ხანია რაც ვეგეტარიანელია. მისი ბოლოდროინდელი განცხადება ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას უკავშირდება, იგი, მისივე თქმით, მუსიკალური ინდუსტრიის დამსახურებაცაა, ამიტომ Radiohead ტურნეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს თუ ნახშირბადის გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდება.
დისკოგრაფია
რედაქტირებაRadiohead
რედაქტირება- Pablo Honey (1993)
- The Bends (1995)
- OK Computer (1997)
- Kid A (2000)
- Amnesiac (2001)
- Hail to the Thief (2003)
- In Rainbows (2007)
- The King of Limbs (2011)
სოლო
რედაქტირება- The Eraser (2006)
- Tomorrow's Modern Boxes (2014)
Atoms for Peace
რედაქტირება- Amok (2013)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Eraser: იორკის სოლო-ალბომის გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pelly, John. (2 September 2014) Thom Yorke Confirms That He Was Sisi BakBak, Mysterious SBTRKT Remixer. Pitchfork. ციტირების თარიღი: 9 September 2014.
- ↑ „Bono is most powerful music star“. London: Dailymail.co.uk. ციტირების თარიღი: 17 October 2011.
- ↑ Blender Magazine's 22 Greatest Voices. Amiannoying.com. ციტირების თარიღი: 17 October 2011.
- ↑ „100 Greatest Singers of All Time“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 21 February 2009.