ჯონათან „ჯონი“ რიჩარდ გაი გრინვუდი (ინგლ.Jonathan "Jonny" Richard Guy Greenwood დაიბადა 1971 წლის 5 ნოემბერს, ოქსფორდში, ინგლისი) — ბრიტანული როკ-ჯგუფის Radiohead-ის წამყვანი გიტარისტი. ჯონი მულტი-ინსტრუმენტალისტია და გიტარის გარდა უკრავს ვიოლინოზე, პიანინოზე, საქსოფონზე, ქსილოფონზე, ორღანზე, ონდეს მარტენოტზე, ბანჯოსა და ჰარმონიკაზე. ის Radiohead-ის ბას-გიტარისტის კოლინ გრინვუდის უმცროსი ძმაა.

ჯონი გრინვუდი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონათან რიჩარდ გაი გრინვუდი
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1971 (1971-11-05) (53 წლის)
დაბ. ადგილი ოქსფორდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, არტ-როკი, ელექტრონული მუსიკა, ექსპერიმენტული როკი, კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბას-გიტარა, ელექტრონული ფორტეპიანო, ფორტეპიანო, სინთეზატორი, ალტი, დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, გლოკენშპილი, მარტენოს ტალღები, სემპლერი, მელოტრონი, ბანჯო, ორგანი, სელესტა, აკორდიონი, ჰარმონიკა, ჩამწერი
აქტიური 1985–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი XL, TBD, Sanctuary, Nonesuch
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Telecaster Plus
Fender Starcaster
Gibson Les Paul
მარტენოს ტალღები
საიტი radiohead.com
ჯონი გრინვუდი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრინვუდს უნივერსიტეტი ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც On A Friday-მ კონტრაქტი დადო ხმის ჩამწერ სტუდიასთან EMI (1991). იგი Radiohead-ის ერთადერთი წევრია, რომელსაც პროფესიული განათლება აქვს მიღებული რაიმე ინსტრუმენტზე (კონკრეტულად კი ვიოლინოზე ბავშვობის ასაკში), თუმცა ასევე ერთადერთია რომელსაც დიპლომი არ აუღია უნივერსიტეტის მიტოვების გამო.

ჯონი გრინვუდის გავლენა Radiohead-ის შემოქმედებაზე თვალნათელია, გამომდინარე იქიდან რომ ის, ტრადიციულად, ჯგუფის წამყვანი გიტარისტის როლში გვევლინება. გარკვეული პერიოდის გამავლოაბაში გრინვუდი სამკლაურს ატარებდა დაძაბულობისგან გამოწვეული დაზიანების გამო, რაც მისი “აგრესიული” სტილის საშემსრულებლო ოსტატობით იყო განპირობებული. სამკლაურს დღესაც ხშირად ატარებს – მისივე თქმით “ეს თითების გადახვევას ჰგავს კრივის მატჩის წინ”.

ჯონი გრინვუდი ტომ იორკთან ერთად დიდ გავლენას ახდენს Radiohead-ის რეპერტუარზე. მუსიკა, რომელიც ალბომების OK Computer და Hail to the Thief ბოლო ტრეკებშია, (“The Tourist” და “A Wolf at the Door”) სწორედ გრინვუდის შექმნილია. ტომ იორკის თქმით, სიმღერა “Just” ერთგავრ პაექრობას წარმოადგენს მის ვოკალსა და ჯონის გიტარას შორის – რომელი უფრო მაღალი აკორდის აღებას მოახერხებს. მისი პროფესიული უნივერსალურობის ნათელი დადასტურება ონდეს მარტენოტის გამოყენებაა სიმღერებში “The National Anthem” და “How to Disappear Completely” (ალბომი Kid A). სიმღერა “Where I End and You Begin” ალბომიდან Hail to the Thief ეძღვნება “ონდესის” ერთ-ერთი პიონერის ჯინ ლორიოდის ხსოვნას.

სოლო ნამუშევრები და მიმდინარე პროექტები

რედაქტირება

2003 წელს გრინვუდმა გამოუშვა თავისი სოლო ალბომი Bodysong რომელიც წარმოადგენს საუნდტრეკს ამავე სახელწოდების ფილმისთვის (რეჟის. სიმონ პიუმელი). ალბომში ბასის პარტია ჯონის ძმის – კოლინის მიერაა შესრულებული. 2004 წლის მაისში გრინვუდს მუშაობა შესთავაზეს ბი-ბი-სი-ს კომპოზიტორად, რამაც მას შესაძლებლობა მისცა კლასიკური ორკესტრის, პიანინოსა და ონდეს მარტენოტის გამოყენებით შეექმნა მუსიკა. მისი ნამუშევრებია: Smear, Piano for Children და Popcorn Superhet Receiver. Smear-ის პრემიერა 2004 წელს შედგა, რასაც მალევე მოჰყვა ჯონის ახალი ნამუშევარი (2005 წლის აპრილი, ბი-ბი-სი რადიო 3-ის დაკვეთით) რომელიც ბი-ბი-სი-ს სიმფონიურმა ორკესტრმა ლონდონში შეასრულა. 2006 წლის ბრიტანეთის კომპოზიტორთა დაჯილდოებაზე ჯონი გრინვუდი სწორედ კომპოზიციისთვის “Popcorn Superhet Receiver” იქნა დაჯილდოვებულ “რადიო 3”-ის მსმენელთა მიერ(შექმნილია პოლონელი კომპოზიტორის – პენდერეკის ნაწარმოების “Threnody for the Victims of Hiroshima” გავლენით).

გრინვუდისა და იორკის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს სიმღერა “Arpeggi”, რომელიც Radiohead-ისთვის დაიწერა და ლონდონისა და არაბეთის (ნაზარეთის) სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად იქნა შესრულებული ეზერის ფესტივალზე (2005 წლის მარტი). შემდგომში ტრეკი გადააკეთეს და ჯგუფის ფორმატს მიუსადაგეს.

დაბ-რეგეის მოყვარულმა გრინვუდმა Trojan Records-თან თანამშრომლობით გამოუშვა კრებული “Jonny Greenwood Is The Controller” (2007 წლის მარტი). ეს კომპანიის ბოლოდროინდელი არჩევანია, მას შემდეგ რაც დი ჯეი სპუკი და დონ ლეთსი ჩაწერეს. კომპანიამ გრინვუდს სიმღერების გრძელი სია წარუდგინა, რომელთაგანაც მან 17 ტრეკი ამოარჩია, რაზეც თავად უნდა შეესრულებინა პარტიები. კრებულის სახელწოდება მოდის პირველი ტრეკიდან “Dread Are The Controller” (შემსრულებლი: ლინვალ ტომფსონი). ალბომი მოიცავს სხვადასხვა მუსიკოსთა ტრეკებს: დერეკ ჰარიოტი, გრეგორი ისააკსი, ჯგუფი The Heptones და სხვ.

მუსიკალური ხედვა

რედაქტირება

ჯონი გრინვუდზე უდიდესი გავლენა ჯაზმა იქონია. ეს კარგად შეიმჩნევა ალბომებში Kid A და Amnesiac, სადაც ჯონი უსაზღვრო მუსიკალურ თავისუფლებას მიმართავს, იყენებს რა კლასიკურ და თანამედროვე ჯაზს. ამ მუსიკალური მიმართულებიდან მისი კერპები ლი მორგანი და მაილს დეივისი არიან. მისი საყვარელი ლეიბლი არის “Mo'Wax”. იგიც, ისევე როგორც Radiohead-ის დანარჩენი წევრები, ჯგუფს Can და პოლონელ კომპოზიტორ პენდერეკის ეთაყვანება. მიუხედავად ჯონის განცხადებისა, რომ მას არ მოსწონს ჯგუფის Pink Floyd ადრეული შემოქმედება, მისი ერთ-ერთი საყვარელი ალბომი არის “Meddle”. გრინვუდისთვის ყველა დროის საყვარელ მუსიკალურ ნამუშევარს წარმოადგენს ოლივიე მესიეს “Turangalila Symphony” – გიგანტური პარტია ორკესტრისა და ონდეს მარტენოტისთვის, რაც მან თინეიჯერობის ასაკში შეამჩნია. ჯონი დაბ-რეგეის დიდ მოყვარულადაც ითვლება. ამ მხრივ მასზე გავლენა მოახდინეს ლი პერიმ, ლინვალ ტომპსონმა, ჯონ ჰოლტმა და ჯგუფმა The Heptones.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

გრინვუდი დაქორწინებულია შარონა გრინვუდზე (ინგლ. Sharona Greenwood), რომელთანაც ჰყავს ვაჟი თამირი (ინგლ. Tamir. დაიბადა 2002 წელს და მიეძღვნა ალბომი Hail to the Thief) და გოგონა ომრი (ინგლ. Omri დაიბადა 2005 წელს).

სამკლაურის გარდა, გრინვუდს ჯგუფის დანარჩენი წევრებისგან თმის ვარცხნილობა გამოარჩევს. მისი შავი სწორი თმა ერთ მხარეს უფრო გრძლადაა ჩამოშვებული და მთლიან სახესაც უფარავს. კონცერტების დროს ხშირად ატარებს მაისურს, ადამიანის პიქოგრამით, რომლის თავიდანაც ხმოვანი ტალღები გამოდის, რაც ალბათ ჯგუფის სახელის ინტერპრეტაციაა – “რადიო თავი”. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ჯონი დალტონიკია და წითელსა და მწვანეს ერთმანეთისგან ვერ არჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონი გრინვუდი ჯგუფის ყველაზე სიმპათიურ და მოდურ წევრადაც ითვლება, ის ძალიან მორცხვია, თითქოს ხმის ამოღებაც ეუხერხეულბა. როგორც წესი, ყველაზე ნაკლებ ინტერვიუებს იძლევა Radiohead-ის სხვა წევრებთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით ჯგუფის ფანებს შორის გავრცელდა ხუმრობა, რომელიც ჯონის სიმღერისკენ მოუწოდებს, ის კი აცხადებს რომ არასოდეს იზამს ამას. თუმცა 2006 წლის ტურის განმავლობაში მან რამდენიმეჯერ შეასრულა ბექ-ვოკალის პარტია Radiohead-ის მეორე გიტარისტთან – ედ ო’ბრაიენთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: