საქართველოს ლეიბორისტული პარტია

(გადამისამართდა გვერდიდან სლპ)

საქართველოს ლეიბორისტული პარტია — მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში. 1995 წლიდან დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტიაა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი
გენერალური მდივანი გიორგი გუგავა
ისტორია
დაფუძნდა 1995
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
საკრებულოები
3 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები          
შტაბ-ბინა ივ. ჯავახიშვილის ქ. 88, თბილისი, საქართველო
labour.ge

პარტია 1995 წელს დააფუძნა შალვა ნათელაშვილმა. ყველაზე დიდ წარმატებებს ლეიბორისტულმა პარტიამ მიაღწია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1998 და 2002 წლებში. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 7 % და ვერ გადალახა 7 %-იანი ბარიერი, მაგრამ პარლამენტში შეიყვანა 2 მაჟორიტარი (ბორჯომში გაიმარჯვა ნოდარ გრიგალაშვილმა, თიანეთში-თამაზ მეჭიაურმა). 1999 წლის მონაცემებით პარტიას 90 ათასი წევრი ჰყავდა, აქედან აქტიური - 15 ათასი. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ 16 დეპუტატი გაიყვანა თბილისის საკრებულოში. ლეიბორისტებმა დედაქალაქის საკრებულოში ჩამოაყალიბეს ფრაქცია „ლეიბორისტი“. ფრაქციას თავჯდომარეობდა გიორგი გუგავა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის საკრებულოში 16-დან 6 დეპუტატის შენარჩუნება მოახერხა.

ლეიბორისტულმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი ვარდების რევოლუციას. პარტია 2004 წელს ბევრმა წევრმა დატოვა (15 %-17 %) და მისმა პოპულარობამ იკლო. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა მხოლოდ 6,01 % მიიღო და 7 %-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მიუხედავად ამისა, პარლამენტში მაინც იყო 4 მაჟორიტარი დეპუტატით წარმოდგენილი. პარტიის ისტორიაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო.

2005 წლის მარტში პარტიას შეუერთდა დემოკრატიული სახალხო კავშირი ნესტან კირთაძის მეთაურობით. 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ლეიბორისტული პარტია თანამშრომლობდა ოპოზიციურ პარტიებთან პარტია „თავისუფლებასთან“, „ახალ მემარჯვენეებთან“, კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან. 2006 წლის თვითმმართველობების არჩევნებში საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა 6,42 %, მაგრამ მანდატების ანგარიშგასაწევი რაოდენობა ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ მოიპოვა.

2007 წელს ლეიბორისტები იყვნენ წევრები ოპოზიციური გაერთიანებისა ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო და მასთან ერთად მართავდნენ ნოემბრის აქციებს. მაგრამ ამის შემდგომ გამოეყვნენ მას და 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინეს შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა. პარტიის ლიდერმა მიიღო ხმათა 6,49 %. დაახლოებით ისეთივე შედეგი მიიღეს ლეიბორისტებმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მათ 6 მანდატი მიიღეს. ლეიბორისტულმა პარტიამ, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ბრალი დასდო ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში. მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით მათ უარი არ თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე, თუმცა ბოიკოტი გამოუცხადეს მას. ლეიბორისტული პარტია მონაწილეობდა 2009 წლის აპრილსა და მაისში წარმოებულ საპროტესტო აქციებში, რომლის მიზანიც მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო, თუმცა არ იყო მისი ორგანიზატორი და პარტიის ლიდერების განცხადებით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებდა მასზე.[1]

პარტია არ მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 1,24% და ვერ მოიპოვა ვერცერთი მანდატი. 2013 წლის 1 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და პარტია დატოვეს.[2] 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიამ დააყენა ლიდერის, შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა. ნათელაშვილი გავიდა მეოთხე ადგილზე, მიიღო ხმათა 2,88%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო 1% და გადალახა ბარიერი. დეპუტატის მანდატი მოიპოვა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, მაგრამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. 2022 წლის 15 თებერვალს პარლამენტმა შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.[3]

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება

პარტია მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ტრადიციული კულტურული ღირებულებების და ცხოვრების წესის განმტკიცება-შენარჩუნებას. ამასთან, მიაჩნია, რომ დაცული უნდა იქნეს ყველა სხვა რელიგიური დენომინაციის უფლებები.

საგარეო ურთიერთობები

რედაქტირება

საგარეო პოლიტიკაში ლეიბორისტული პარტია გამოდის საქართველოს მიერ ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის წინააღმდეგ, პარტია გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რისო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხრეა.

ეკონომიკა

რედაქტირება

საშინაო პოლიტიკაში ლეიბორისტული პარტიის მიზნებია უფასო ჯანმრთელობის დაცვა, უფასო განათლება და უფასო სოციალური მომსახურება. ასევე აქტიურად აყენებს კომუნალური გადასახადების შემცირებისა და სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვილი მოსამსახურეების სოციალური დაცვის საკითხებს. პარტია ეწინააღმდეგება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და მიწის პრივატიზაციას. პარტია ითხოვს უკანონოდ პრივატიზებული საწარმოების ნაციონალიზაციასა და მცირე და საშუალო ბიზნესის სუბსიდირებას. ლეიბორისტული პარტია ერთადერთი მემარცხენე ძალაა საქართველოში. პარტიის შექმნა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში სოციალურად დაუცველი ფენის წარმოქმნამ განაპირობა. პარტია წარმოადგენს მძიმე სოციალურ პირობებში ჩავარდნილი საშუალო კლასის ინტერესებს. ამიტომაც, პარტიის ელექტორატი, ძირითადად, ხანდაზმულია.

ორგანიზაციული სტრუქტურა

რედაქტირება

პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და შიდა ურთიერთობებს წესდება არეგულირებს. ის 1995 წელს მიიღეს; მცირედი ცვლილებები 1998 და 2002 წლებში განიცადა, თუმცა საბაზისო პრინციპები თითქმის არ შეცვლილა. ლეიბორისტული პარტია სხვა პარტიებთან შედარებით საკმაოდ მარტივი ორგანიზაციული სტრუქტურით გამოირჩევა. პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი რგოლი ცენტრალური ოფისია; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი პარტიის ყრილობასა და პოლიტიკურ კომიტეტზე მიიღება.

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოვალეობას წარმოადგენს: წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტიკური კომიტეტის არჩევა. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური კომიტეტი, რომელიც 25 წევრისგან შედგება. მას ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა და ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბოს. კომიტეტის ყოველდღიურ საქმიანობას ბიურო და მდივნები წარმართავენ. უმაღლესი შიდაპარტიული თანამდებობა პარტიის თავმჯდომარეობაა. იგი წარმოადგენს პარტიას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ და ხელს აწერს პარტიის ოფიციალურ დოკუმენტებს. მას ასევე შეუძლია მართოს პარტიის ფინანსური სახსრები და ქონება.

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობების ბაზისი პირველადი ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო უბნების მიხედვით იქმნება და იმ შემთხვევაში არსდება, თუ უბანში პარტიას სამი აქტივისტი მაინც ჰყავს. მას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. მისი მთავარი ფუნქციაა ახალი წევრების გაწევრიანება, აგიტაცია-პროპაგანდა და პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ წევრების ინფორმირება. საშუალოდ 8-12 პირველადი ორგანიზაცია ერთ საკურატორო ზონაში ერთიანდება.

ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების მთავარი რგოლი რაიონული ორგანიზაციებია. ისინი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე პარტიული მუშაობის წარმართვას ხელმძღვანელობენ. რიონულ ორგანიზაციები აერთიანებენ პირველად ორგანიზაციებსა და საკურატორო ზონებს. რაიონულ ორგანიზაციის თავმჯდომარეს პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პოლიტიკური კომიტეტი. პარტიის წევრები იხდიან საწევრო გადასახადს, რაც 30 თეთრს შეადგენს. შემოსავალი თანაბრად ნაწილდება რაიონულ და ცენტრალურ ოფისებს შორის.

1997 წლიდან არსებობს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და გამოიცემა ბიულეტენი „ლეიბორისტი“. პარტიის ძირითადი სტრუქტურული ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქალთა საბჭო. ქალთა საბჭო, ანუ პედაგოგთა საბჭო, ძირითადად, სკოლებისა და ბაგა-ბაღის მასწავლებლებს აერთიანებს. მათი მთავარი მოვალეობა მრავალშვილიან დედათა, სოციალურად დაუცველ ოჯახთა აღწერა და პრობლემების შესწავლაა.

პარტია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI). ამ ორგანიზაციის მიერ დაარსებულ საარჩევნო მენეჯერთა აკადემიაში გადიან გადამზადებას ლეიბორისტული პარტიის აქტივისტები. პარტია ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ვესტმინსტერისა და ალფრედ მოზერის ფონდების, ასევე დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. პარტია ესწრაფვის სოციალისტურ ინტერნაციონალსა და ევროპელ სოციალისტთა პარტიასთან გაერთიანებას.

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება

საპარლამენტო

რედაქტირება
 
პარტიის მიერ მიღებული ხმები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
1999 140 595 7,02
2 / 235
ახალი ოპოზიცია
2003 229 900 12,04
20 / 235
  18 ოპოზიცია
2004 89 981 6,01
4 / 150
  16 ოპოზიცია
2008 132 092 7,44
6 / 150
  2 ოპოზიცია
2012 26 621 1,24
0 / 150
  6 გარესაპარლამენტო
2016 55 208 3,14
0 / 150
  0 გარესაპარლამენტო
2020 19 314 1,00
1 / 150
  1 ოპოზიცია
2024 15 103 0,73
0 / 150
  1 გარესაპარლამენტო

საპრეზიდენტო

რედაქტირება
არჩევნები კანდიდატი ხმები % შედეგი
2008 შალვა ნათელაშვილი 128 589 6,49 მეოთხე ადგილი
2013 შალვა ნათელაშვილი 46 984 2,88 მეოთხე ადგილი
2018 შალვა ნათელაშვილი 59 651 3,74 მეოთხე ადგილი

ადგილობრივი

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2006 6,55
2014 48,862 3,45
2017 49,130 3,27
17 / 2 043
2021 24,329 1,38
3 / 2 068
  14

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი: „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“ CIPDD, 2006 ISBN 90-5972-113-6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. აპრილის აქციები ორგანიზატორი პარტიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-26. ციტირების თარიღი: 2009-08-07.
  2. https://www.interpressnews.ge/ka/article/228213-leiboristuli-partiis-politikuri-komitetis-cevrebi-shalva-natelashvils-gaemijnen
  3. https://1tv.ge/news/parlamentma-kakha-kuchavas-badri-jafaridzes-elene-khoshtariasa-da-shalva-natelashvils-sadeputato-uflebamosileba-sheuwyvita/