ლუნა (კოსმოსური პროგრამა)
„ლუნა“ — სახელწოდება მთვარის კვლევის საბჭოთა პროგრამისა და იმ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების (ასს) სერიისა, რომლებსაც 1959-1976 წლებში უშვებდნენ საბჭოთა კავშირში, ხოლო 2023 წლიდან — რუსეთის ფედერაციაში. ამ სადგურთა მეშვეობით განხორციელდა მთვარისა და მისი მახლობელი კოსმოსური სივრცის კვლევის ვრცელი პროგრამა.
„ლუნა-1“ მსოფლიოში პირველი ასს იყო, რომელიც მთვარისკენ გაუშვეს. რაკეტა-მატარებლის ბოლო საფეხურის მასა იყო 1472 კგ (კონტეინერის — აპარატურიანად 361 კგ). ასს-ზე იყო რადიოაპარატურა, ტელემეტრიული სისტემა, ხელსაწყოები კოსმოსური სხივების, მეტეორული ნაწილაკების, მზის კორპუსკულური გამოსხივებისა და პლანეტათშორისი სივრცის შესასწავლად. „ლუნა-1“-მა მსოფლიოში პირველმა მიაღწია II კოსმოსურ სიჩქარეს. მან 5-6 ათას კმ-ზე გაუარა მთვარეს და 1959 წლის 4 იანვარს იქცა პირველ მზის ხელოვნურ თანამგზავრად. „ლუნა-1“-ის მიერ ჩატარებული დაკვირვებების შედეგად გვაქვს ცნობები დედამიწის რადიაციული სარტყლის შესახებ, მისი მეშვეობით პირველად აღინუსხა მზისიერი ქარის ნაკადები და სხვა.
„ლუნა-2“ გაუშვეს 1959 წლის 12 სექტემბერს. რაკეტა-მატარებლის ბოლო საფეხურის მასა იყო 1511 კგ (კონტეინერის — აპარატურიანად 390.2 კგ). 13 სექტემბერს მან პირველმა მსოფლიოში მიაღწია მთვარეს და დაეშვა წვიმების ზღვის რაიონში. „ლუნა-2“-ის ექსპერიმენტული მონაცემებით გამოირკვა, რომ მთვარეს საკუთარი მაგნიტური ველი და რადიაციული სარტყელი არა აქვს.
„ლუნა-3“ გაუშვეს 1959 წლის 4 ოქტომბერს. რაკეტა-მატარებლის ბოლო საფეხურის მასა იყო 1553 კგ (კონტეინერის — აპარატურიანად 435 კგ). ასს-ზე იყო მდიდარი სამეცნიერო აპარატურა. ასს-მა გაიარა მთვარიდან 6200 კმ მანძილზე, 1959 წლის 7 ოქტომბერს გადაიღო მთვარის უკანა მხარის ფოტოსურათი და გადმოსცა დედამიწაზე.
„ლუნა-4“ — „ლუნა-8“ ასს-ები გაუშვეს 1963-1965 წლებში. მათი საშუალებით დაიხვეწა მთვარეზე სამეცნიერო აპარატურიანი კონტეინერის რბილად დაშვების ამოცანა.
„ლუნა-9“ გაუშვეს 1966 წლის 31 იანვარს 4-საფეხურიანი რაკეტა-მატარებლით. მთვარისკენ ტრაექტორიაზე გაყვანის შემდეგ მისი მასა იყო 1583 კგ. 3 თებერვალს ასს „ლუნა-9“ მსოფლიოში პირველად რბილად დაეშვა მთვარეზე ქარიშხლების ოკეანის რაიონში და გადმოსცა მთვარის ზედაპირის გამოსახულება. ჩატარდა მასთან რადიოკავშირის 7 სეანსი, გადმოიცა სამეცნიერო ინფორმაცია.
„ლუნა-10“ — პირველი ასს, რომელიც მთვარის ხელოვნურ თანამგზავრად (მხთ) იქცა. გაუშვეს 1966 წლის 31 მარტს, მასა მთვარისკენ ფრენისას იყო 1582 კგ. მთვარის თანამგზავრის ორბიტაზე — 240 კგ. აპარატურა 56 დღე-ღამე მუშაობდა. მოეწყო 219 რადიოსეანსი. მიღებულ იქნა ინფორმაცია მთვარის გრავიტაციული ველის, აგრეთვე მთვარის ქანების ზოგიერთი თვისების შესახებ. საერთაშორისო ავიაციის ფედერაციამ საბჭოთა მეცნიერები, კონსტრუქტორები და მუშები ამ ასს-ის შექმნისათვის საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.
„ლუნა-11“ აგრეთვე მთვარის ხელოვნურ თანამგზავრად (მხთ) იქცა. გაუშვეს 1966 წლის 24 აგვისტოს. მასა მხთის ორბიტაზე 1640 კგ. „ლუნა-11“-მა გააგრძელა „ლუნა-10“-ს მიერ დაწყებული კვლევა. იმუშავა 38 დღე-ღამე.
„ლუნა-12“ მესამე მთვარის ხელოვნური თანამგზავრი. გაუშვეს 1966 წლის 22 ოქტომბერს. მასა მხთის ორბიტაზე 1148 კგ. იარსება 85 დღე-ღამეზე მეტი.
„ლუნა-13“ — მეორე ასს, რომელიც რბილად დაეშვა მთვარეზე. გაუშვეს 1966 წლის 21 დეკემბერს. დაშვება მოხდა 24 დეკემბერს ქარიშხლების ოკეანის რაიონში. მიღებულ იქნა ცნობები მთვარის გრუნტის ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესახებ. დედამიწაზე გადმოიცა მთვარის ლანდშაფტის 5 პანორამა.
„ლუნა-14“ — მეოთხე მთვარის ხელოვნური თანამგზავრი. გაუშვეს 1968 წლის 7 აპრილს. ასს-მ დააზუსტა მთვარის მასა, ფორმა, გრავიტაციული ველი და სხვა.
„ლუნა-15“ — გაუშვეს 1969 წლის 13 ივლისს. მხთ-ის ორბიტაზე გადასვლის შემდეგ გამოკვლეულ იქნა სხვადასხვა სანავიგზაციო და მთვარის ზედაპირის სხვადასხვა რაიონში დაშვების სისტემები. 52-ჯერ შემოუარა მთვარე ირგვლივ, შემდეგ ჩაირთო სამუხრუჭო დანადგარი და დაეცა მთვარეზე.
„ლუნა-16“ — ასს, რომელმაც პირველმა იფრინა ტრასაზე — დედამიწა-მთვარე-დედამიწა. გაუშვეს 1970 წლის 12 სექტემბერს. გავიდა სელენოცენტრულ ორბიტაზე (მთვარის ზედაპირიდან დაშორება 110 კმ), შემდეგ გავიდა მცირეპერისელენიუმიან ორბიტაზე და 20 სექტემბერს დაეშვა მთვარეზე ნაყოფიერების ზღვის რაიონში. სპეციალურმა მოწყობილობამ შეაგროვა გრუნტი და 24 სექტემბერს უზრუნველყო მისი ჩამოტანა დედამიწაზე. მთვარეზე დაშვებისას ასს-ის მასა შეადგენდა 1880 კგ-ს. დასაშვებ საფეხურს ჰქონდა საკუთარი რაკეტული ძრავა, საწვავი და საყრდენები ამორტიზატორებისათვის.
„ლუნა-17“ — გაუშვეს 1970 წლის 10 ნოემბერს. 17 ნოემბერს მთვარეზე მიიტანა სამეცნიერო ლაბორატორია, მთვარის თვითმავალი აპარატი — „ლუნოხოდ-1“.
„ლუნა-18“ — გაუშვეს 1971 წლის 2 სექტემბერს. იგი ასრულებდა მანევრებს მთვარისახლო ნავიგაციისა და მთვარეზე დაშვების პროცესთა დასახვეწად. 11 სექტემბერს დაეშვა ნაყოფიერების ზღვის ახლოს მთიან ადგილას. რთული რელიეფის პირობებში დაშვება არახელსაყრელი გამოდგა.
„ლუნა-19“ — მეექვსე მთვარის ხელოვნური თანამგზავრი. გაუშვეს 1971 წლის 28 სექტემბერს. მისი საშუალებით შეისწავლებოდა მთვარის გრავიტაციული ველი. დედამიწაზე გადმოსცა მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები.
„ლუნა-20“ გაუშვეს 1972 წლის 14 თებერვალს. გადავიდა მთვარის ირგვლივ წრიულ ორბიტაზე (სიმაღლე 100 კმ). 21 თებერვალს დაეშვა მთიან რაიონში ნაყოფიერებისა და კრიზისების ზღვას შორის. გაბურღა მთვარის ქანები და 25 თებერვალს ნიმუში ჩამოიტანა დედამიწაზე.
„ლუნა-21“ გაუშვეს 1973 წლის 8 იანვარს. რბილად დაეშვა მოწმენდილობის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირას და მიიტანა სამეცნიერო ლაბორატორია „ლუნოხოდ-2“.
„ლუნა-22“ გაუშვეს 1974 წლის 29 მაისს. გადავიდა ჯერ წრიულ, შემდეგ კი ელიფსურ სელენოცენტრულ ორბიტაზე. ჩაატარა მთვარის ზედაპირის ტელეგადაღება მაღალი გარჩევით. 11 ნოემბერს გადავიდა გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე და გააგრძელა პროგრამით გათვალისწინებული კვლევა.
„ლუნა-23“ გაუშვეს 1974 წლის 28 ოქტომბერს. 6 ნოემბერს რბილად დაეშვა მთვარეზე კრიზისების ზღვის სამხრეთ ნაწილში. არახელსაყრელ რელიეფზე დაშვების გამო კვლევის პროგრამა შეიკვეცა, ხოლო 9 ნოემბერს შეწყდა.
„ლუნა-24“ გაუშვეს 1976 წლის 9 აგვისტოს. 18 აგვისტოს რბილად დაჯდა მთვარის ზედაპირზე. საბურღმა მოწყობილობამ გაბურღა მთვარის ქანები და გრუნტის ნიმუშები ასს-მა 1976 წლის 22 აგვისტოს დედამიწაზე ჩამოიტანა.
„ლუნა-25“ — რუსეთის, მთვარის პროგრამის პირველი ასს. გაუშვეს 2023 წლის 11 აგვისტოს. რაკეტა მატარებელმა სადგური წარმატებით გაიყვანა მთვარის ტრაექტორიაზე, ხოლო 16 აგვისტოს — მთვარის ორბიტაზე. 19 აგვისტოს, წინასწარი მონაცემებით, მამოძრავებელი სისტემის იმპულსის რეალური პარამეტრების გამოთვლილიდან გადახრის გამო, სადგურმა დატოვა ორბიტა და ჩამოვარდა მთვარის ზედაპირზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
- Г. А. Аванесов, А. В. Бережков, Р. В. Бессонов, С. В. Воронков, Б. С. Жуков, А. Э. Зубарев, М. И. Куделин, А. В. Никитин, И. В. Полянский, А. А. Форш, Я. Д. Эльяшев. Служебная телевизионная система КА Луна-25 // Астрономический вестник : журнал. — 2021. — № 6. — С. 601—617. — doi:10.31857/S0320930X21060013.
- Митрофанов И. Г., Зелёный Л. М., Третьяков В. И., Калашников Д. В. Луна-25: первая полярная миссия на Луну // Астрономический вестник : журнал. — 2021. — Т. 55, № 6. — С. 497—508. — doi:10.31857/S0320930X21060098.