ლანჩხუთი

ქალაქი საქართველოში, გურიის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ლაშისღელე)

ლანჩხუთი — ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამი საჯარო და ერთი სამრევლო სკოლა, თეატრი. გამოდის ორი გაზეთი: „ლაჩხუთი+“ და „ჰო და არა“, მოქმედებს მუნიციპალური ბიბლიოთეკა.

ქალაქი
ლანჩხუთი

ქალაქის ხედი სოფელ შუხუთიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′15″ ჩ. გ. 42°02′10″ ა. გ. / 42.08750° ჩ. გ. 42.03611° ა. გ. / 42.08750; 42.03611
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1961
ცენტრის სიმაღლე 25 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6395[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,2 %
სომხები 1,0 %
რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 494
საფოსტო ინდექსი 2800
ოფიციალური საიტი lanchkhuti.gov.ge
ლანჩხუთი — საქართველო
ლანჩხუთი
ლანჩხუთი — გურიის მხარე
ლანჩხუთი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მ. ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,8 °C, იანვარში 4,2 °C, ივლისში 23 °C, ნალექებია 1980 მმ წელიწადში.

ქალაქი დაშორებულია თბილისიდან 274 კმ-ით, ბათუმიდან 85 კმ-ით, ფოთიდან 42 კმ-ით. ლანჩხუთში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12.

ლაშისღელე

რედაქტირება

ლაშისღელე, იგივე ლაშე 1908 წელს ცალკე სოფლადაა აღრიცხული მოსახლეობით 618 ადამიანი. საბჭოთა პერიოდში ლანჩხუთის საქალაქო საბჭოში შედიოდა სოფელ ლაშისღელის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მდინარეების — ლაშისღელესა და საჭინკლეს შორის, ზღვის დონიდან 80 მ., ლანჩხუთის ცენტრიდან 1 კმ. ამჟამად ლაშისღელე ცალკე სოფლად აღარ მოიხსენიება.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ლეგენდის თანახმად სალაშქროდ მიმავალ თამარ მეფეს ლანჩხუთის ტერიტორიაზე მისვლამდე ცხენებს ხუთი ლანჩის გამოცვლა დასჭირდა და ამის მიხედვით თითქოსდა ეს დასახელებაც აქედან მომდონარეობს.

ლანჩხუთის ეტიმოლოგია მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შეხედულებით, რომელიც შემდეგ გაიმეორა და განავრცო ზურაბ ჭუმბურიძემ, ქალაქის სახელი უკავშირდება მეგრულ-ჭანურ სიტყვა ჩხუ-ს (ჩხოუ-ს), რაც ძროხას ნიშნავს. ამრიგად, ლანჩხუთი აღნიშნავს საძროხეს.[2]

სხვა მოსაზრება ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილის ციტატას ლანჩხუთის შესახებ:[3]

 
„...აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთს სამხრით წამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად...“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

მისი მიხედვით ტიპონიმის თავდაპირველი ძირი იყო „ჩქუ“ და არა „ჩხუ“. „ჩქუ“ მეგრულად სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩანს“. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლანჩქუთი, იგივე ლანჩხუთი ნიშნავს „სამზერს“, „გადასახედს“. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ უწინდელი სოფელი ლანჩქუთი მაღლობში, გურიის ქედზე იყო გაშენებული და მოსახლეობამ ქვევით, დაბლობში მოგვიანებით გადაინაცვლა.[4]

XX საუკუნემდე

რედაქტირება

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. 1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[5] 1874 წლის ოქტომბერში სოფელში საზოგადოების ხარჯით გაიხსნა ორკლასიანი სკოლა[6]1900 წელს გაიხსნა ბიბლიოთეკა.

გურიის გლეხთა მოძრაობის დროს

რედაქტირება

1902 წელს ლანჩხუთის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ ურატაძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი გურიის გლეხთა გამოსვლების დაწყებისა. 1903 წლის გაზაფხულზე, აქტიური ხვნა-თესვის პერიოდში გლეხებმა ბოიკოტი გამოაცხადეს მემამულეების მიწების იჯარით აღებასა და დამუშავებაზე.[7] რევოლუციის პერიოდში გურიის კომიტეტმა შექმნა ლანჩხუთის რაიონი, რომლის წარმოამდგენელი იყო გრიგოლ ურატაძე. 1904 წლის 20 აპრილს პოლიციამ ჩასაფრების შედეგად მოკლა გლეხთა მოძრაობის ორი წევრი. ამას მოჰყვა ხალხმრავალი საპროტესტო მიტინგი და მიტინგის 14 მონაწილის დაპატიმრება. მოგვიანებით ქუთაისის ციხეში მოკლეს ლანჩხუთის ბოქაული მიქიაშვილი. 1905 წლის მარტში ჩატარდა გლეხთა შეხვედრა სულთან კრიმ-გირეისთან მოლაპარაკებების მიზნით. 25 აგვისტოს ლაანჩხუთში გაიმართა შეიარაღებული დემონსტრაცია. 9 სექტემბერს ლანჩხუთში აჯანყებულები თავს დაესხნენ ჩაფრებს.[8] 22 ოქტომბერს აჯანყებულები შეიჭრნენ ლანჩხუთის პოლიციაში და გაიტაცეს იარაღი.[9]

1907-1917 წლებში

რედაქტირება

1907 წლიდან ლანჩხუთის სასწავლებელი სამკლასიანი გახდა. 1912 წელს ლანჩხუთში იდგა წმინდა გიორგისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები. ნათლისმცემლის ეკლესია ქვის იყო და ქვისავე გალავანი ჰქონდა, ხოლო წმინდა გიორგის ეკლესია კი ხით იყო ნაგები. მოქმედებდა ორკლასიანი საქალებო სკოლა. 1916 წელს ლანჩხუთში მოქმედებდა თეატრი. ამავე წლიდან ლანჩხუთის სამკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ

რედაქტირება

1922 წლის 26 მაისს სოფლის ცენტრში გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია.[10] ლანჩხუთი რაიონის ცენტრი გახდა 1930 წელს. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893[11] 3069
1911[12]   4382
1922   2500
1939   4153 1960 2193
1959   6738 3017 3721
1970   7837 3607 4230
1979   6506 2942 3564
1989   9021 4199 4822
2002   7873
2014[1]   6395

ლანჩხუთში დგას ოთხი ეკლესია: ღვთისმშობლის, წმინდა ბარბარეს, იოანე ნათლისმცემლის და წმინდა პანტელეიმონის სახელობისა.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

რედაქტირება

ლანჩხუთში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს. დღესდღეობით მუზეუმში 7886 არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სახვითი ხელოვნების, ეთნოგრაფიული, ბუნების, ისტორიული ექსპონატია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია, ანტიკური ხანის კერამიკა, IV საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, XI საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე, გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები და სხვ.

ქალაქ ლანჩხუთის ისტორიისა და მოსახლეობის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საფეხბურთო კლუბი „გურია“, რომელიც ორჯერ თამაშობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. კლუბი ჩამოყალიბდა 1925 წელს და ერქვა „კიმი“. სახელწოდება „გურია“ გუნდმა ოზურგეთის საფეხბურთო კლუბთან ორთაბრძოლაში მოიპოვა. ერთხელ მოიპოვა საქართველოს თასი, ხოლო ორჯერ დაკავა მეორე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში. ამჟამად კლუბი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

ლანჩხუთის უბან აგარაკში შემორჩენილია ნაეკლესიარი გალავნის ფრაგმენტითა და სამრეკლოთი. ქვის ცილინდრული ფორმის, ოთხი მეტრი. სიმაღლის სამრეკლო ჩატანებულია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაშენია ფლეთილი ქვით.[13]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლანჩხუთში დაიბადნენ:

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ზ. ჭუმბურიძე "რა გქვია შენ?" თბილისი, 1971 წ. გვ. 174.
  3. ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თბილისი. 1941 წ. გვ.174
  4. ღლონტი ლ., ტოპონომიკური ძიებანი I ტ. თბილისი, 1971 წ. გვ. 41
  5. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
  6. დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
  7. ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 11.
  8. ხაჭაპურიძე გ., 1905–1907 წლების რევოლუცია საქართველოში, თბილისი, 1955. — გვ. 112.
  9. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 186, ISBN 978-9941-9458-6-1.
  10. თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 256, ISBN 978-99940-28-77-1.
  11. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  12. Кавказский календарь на 1912 год
  13.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8996