სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

აპოლონ პავლეს ძე ურუშაძე (დ. 1886, ლანჩხუთი — გ. 1961, თბილისი) — ქართველი სტომატოლოგი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1945), სტომატოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეკუთვნოდა აზნაურ ურუშაძეთა (ლანჩხუთი) შტოს. ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ იგორ ურუშაძის მამა.

აპოლონ ურუშაძე

დაიბადა1886
ლანჩხუთი
გარდაიცვალა1961
თბილისი
პროფესიაექიმი
სპეციალიზაცია სტომატოლოგია
კვლევის საგანითერაპიული სტომატოლოგია
ცნობილიანიკოლოზ II-ის პირადი სტომატოლოგი
განათლება პეტერბურგის უმაღლესი კბილ-საექიმო სასწავლებელი
ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი
ჯილდოებინამდვილი სახელმწიფო მრჩეველი - 1915
საქართველოს დამსახურებული ექიმი - 1945

ბიოგრაფია

რედაქტირება

აპოლონ ურუშაძემ დაამთავრა პეტერბურგის უმაღლესი კბილ-საექიმო სასწავლებელი (1907) და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი (1926). 1908-1912 წლებში იყო პროფესორ ზვერჟხოვსკის ასისტენტი და კბილ-საექიმო კურსების ქირურგიული განყოფილების გამგე პეტერბურგში. 1912 წელს მიწვეულ იქნა რუსეთის საიმპერატორო კარზე და 1917 წლის დამდეგამდე იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პირადი ექიმი-სტომატოლოგი. პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1917) იყო პეტერბურგის მთავარი სამხედრო ჰოსპიტლის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი. 1915 წელს მიენიჭა სამოქალაქო საკლასო ჩინი - „Действительный статский советник“ („ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი“), რომელიც ცარისტული რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასი იყო. იმავდროულად, ებოძა გრაფის ტიტული. 1917 წელს არჩეულ იქნა რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრად. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, დამფუძნებელი კრების დათხოვნისთანავე, 1917 წლის დამლევს ურუშაძე დაბრუნდა საქართველოში. თბილისში ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო მოღვაწეობას, ჰქონდა კერძო სტომატოლოგიური კაბინეტი.

1926 წელს ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და იმავე წლიდან იყო თბილისის მის მიერვე დაარსებული პირველი საჩვენებელი სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი. 1930-იდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1937-1948 წლებში იყო თბილისის მის მიერ დაარსებული სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1935-1961 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. 1947 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე აპოლონ ურუშაძე იყო სტომატოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.

ურუშაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სტომატოლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელო „თერაპიული სტომატოლოგია“. მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა 1 სადოქტორო და 12 საკანდიდატო დისერტაცია. იყო 50-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი. აპოლონ ურუშაძე დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკას.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გამოცხადებისთანავე, როგორც საქართველოს ესერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (ესერთა პარტიის წევრი იყო 1917 წლიდან), დაინიშნა თბილისის პოლიციის უფროსად და ამ მოვალეობას ასრულებდა 1920 წლის შუა ხანებამდე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში ურუშაძე იყო მემარჯვენე ესერთა ორგანიზაციის წევრი და აქტიურად თანაუგრძნობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ე. წ. „ჩეკა“) მიერ დაპატიმრებული იყო 1923 წელს.

აღსანიშნავია, რომ 1930–იანი წლების მეორე ნახევარში და 1940–იანი წლების დამდეგს ურუშაძე იყო ევროპაში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ანტიბოლშევიკური პოლიტიკური მოძრაობის, – "პრომეთე"–ს და საფრანგეთში მოქმედი „საქართველოს ეროვნული საბჭოს“ რეზიდენტი საქართველოში. 1951-1952 წლებში იგი დაპატიმრებული იყო საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ. მოგვიანებით (1955) მიიღო სრული რეაბილიტაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟ. "საბჭოთა მედიცინა", N2, თბილისი, 1961, გვ. 65-66.
  • მ. გორგიძე. ქართველები პეტერბურგში (რუს. ენაზე), თბილისი, 1974, გვ. 205-206.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება