ნოე ცინცაძე
ნოე ცინცაძე (დ. იანვარი, 1887, ლანჩხუთი — გ. 23 სექტემბერი, 1978, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განათლების მინისტრის მოადგილე.
ნოე ცინცაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 აპრილი, 1886 |
დაბადების ადგილი | ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 23 სექტემბერი, 1978 |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
განათლება | მოსკოვის უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | რსდმპ (1903-1917) საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მამა | კონსტანტინე ცინცაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა სასულიერო სემინარიაში, სდაც სხვა სემინარიელებთან ერთად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და 1903 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. სემინარიის დამთავრების შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგის განხრით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1905-1907 წლებში მოსკოვში გაასამართლეს ადმინისტრაციული წესით, პოლიტიკური საბაბით.
1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის სექტემბრამდე იყო მათემატიკის პედაგოგი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. იმავე წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, 1919 წლის 5 აპრილს დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ. დამფუძნებელ კრებაში იყო საფინანსო-საბიუჯეტო, ხელოვნებისა და განათლების კომისიების წევრი. აქტიურად მუშაობდა სასკოლო რეფორმის საკითხებზე. მას უკავშირდება რუსული სკოლების ქართულით ჩანაცვლება, მათი მომარაგება ქართულეოვანი სახელმძღვანელოებით, რამდენიმე ათეული ახალგაზრდის გაგზავნა ევროპაში სასწავლებლად და სხვა ინიციატივები.
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დააპატიმრა „ჩეკამ“ 1921 წლის 14 აგვისტოს კიკეთში. 12 დეკემბერს მიუსაჯეს 6 თვით პატიმრობა, მოთავსებული იყო მეტეხის ციხეში. 1922 წლის 2 ივნისს პატიმრობა გაუხანგრძლივეს განუსაზღვრელი ვადით. 1922 წლის 9 ოქტომბერს ხელისუფლებამ პოლონეთში გააძევა პოლიტპატიმართა 62-კაციანი ჯგუფი, საიდანაც ისინი ლადო ახმეტელის დახმარებით გადანაწილდნენ საფრანგეთსა და გერმანიაში. 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან ცხოვრობდა საფრანგეთში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ის ემიგრაციაში მყოფი ეროვნული მტავრობისგან განცალკევებით იდგა. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1]
პოლიტიკურად ხელახლა გააქტიურდა 1950-იან წლებში. 1952 წლის 16 ოქტომბერს მიუნხენში შეიქმნა ანტიბოლშევიკური ცენტრში, რომელშიც ქართული სექციის მუდმივი წარმომადგენელი გახდა ნოე ცინცაძე. 1953 წლიდან აქტიურად იყო ჩართული „„რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის მუშობაში. 1974 წლის 16 ივლისს ცინცაძის ხელმძღვანელობით ჰარვარდის უნივერსიტეტს 30 წლის ვადით შესანახად გადაეცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივი. გარდაიცვალა 1978 წლის 23 სექტემბერს, დაკრძალეს 29 სექტემბერს ლევილის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 512.
- ხვადაგიანი ი, „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 449-451, ISBN 978-9941-0-9318-0.
- დაუშვილი რ., ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბილისი, 2007
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.