ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარი მუზეუმი. დაარსდა 1978 წელს, ხოლო 1998 წელს პირველად გაიხსნა მუზეუმის ექსპოზიცია. მუზეუმში გახსნილია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ისტორიული წარსულის ამსახველი გამოფენა. მუზეუმში რვა ათასზე მეტი ექსპონატია.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
42°06′00″ ჩ. გ. 42°02′00″ ა. გ. / 42.10000° ჩ. გ. 42.03333° ა. გ. | |
დაარსდა | 1978 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ლანჩხუთი |
სტატუსი | ისტორიული |
ექსპონატი | 8 848 |
ვიზიტორები | 900 |
ექსპონატები
რედაქტირებაარქეოლოგიის განყოფილებაში გამოფენილია სოფელ ჯურუყვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, კვირისთავები, საფხეკები, IV ათასწლეულის მეორე ნახევრის ჭოლიპას ნამოსახლარში მოპოვებული მასალა. კოლხური კულტურის პერიოდის (II ათასწლეულის II ნახევარი და I ათასწლეული) იარაღები, კოლხური ცულები შუხუთიდან, კოლხური კერამიკა სუფსიდან, VI–IV საუკუნეების იმპორტული შავლაკიანი თიხის ჭურჭელი, სინოპური ამფორები.
მუზეუმში აგრეთვე წარმოდგენილია ფეოდალური ხანის ნივთები. განსაკუთრებით აღსანიშნავია VI ს-ის ბრინჯაოს ჯვარი და ბოლნური ჯვრის გამოსახულების ფილა, რომელიც სოფელ ღრმაღელის ეკლესიის გაწმენდისას აღმოძნდა. მუზეუმში წარმოდგენილია გვიანფეოდალური ხანის სოფელ ჯიხანჯირში „ნასტეფნარის“ გორაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა: XVI–XVII საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და XVII–XIX საუკუნეების თიხის ჩიბუხები.
მუზეუმში ინახება ლაპიდარული წარწერა ქვაზე სოფელ ეწერიდან. ქვა წარწერით „ქრისტე შეიწყალე იოანე ბერი“ 1960-იან წლებში აღმოჩნდა სოფელ ეწერში. წარწერა შესრულებულია კუთხოვანი ასომთავრულით, რომელშიც ნუსხურიც ურევია.
ეთნოგრაფიის დარბაზში წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღები, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები, მარნის მოწყობილობა და სხვ.
მუზეუმში აგრეთვე წარმოდგენილია გურულ თავად-აზნაურთა ფოტოგამოფენა: გურიელები, თავდგირიძეები, მაჭუტაძეები, შალიკაშვილები, ტუსკიები, ჭყონიები, ჟორდანიები, ბაჟუნაიშვილები, გუგუნავები, თავართქილაძეები, გიგინეიშვილები და სხვ. ასევე გამოფენილია გურული ცხენოსნების მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა ევროპასა და ამერიკაში. წარმოდგენილია მწერლების ეგნატე ნინოშვილისა და საფო მგელაძის ფოტომასალა და ნაწარმოებები.
მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრ ემიგრანტთა, ნოე ჟორდანიასა და ნოე ცინცაძის ფოტომასალა და ნივთები. ასევე ლანჩუთიდან მეორე მსოფლიო ომში წასულთა პირადი ნივთები და სამკუთხა ბარათები.