საფო მგელაძე

ქართველი პოეტი და ბელეტრისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგელაძე.

საფო მგელაძე საფო მგელაძე-გიგინეიშვილი (დ. 1894, ჯურუყვეთი — გ. 1936, თბილისი) — ქართველი პოეტი, ბელეტრისტი.

საფო მგელაძე
დაბადების თარიღი 1894
დაბადების ადგილი ჯურუყვეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1936
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია ვაკის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
Magnum opus ლიანა ლორდია

ბიოგრაფია

რედაქტირება

საფო მგელაძე დაიბადა 1894 წელს, გურიაში, სოფელ ჯურყვეთში, აზნაურ იოსებ გიგინეიშვილისა და ქრისტინე კანდელაკის ოჯახში. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი დიდი ინტერესით. ხუთი წლისას ასწავლეს წერა-კითხვა. ექვსი წლისა მიიყვანეს სოფლის სკოლაში. რვა წლისამ დაწერა პირველი ლექსი. 1908 წელს გამოაქვეყნა ლექსი „საქართველო“ ჟურნალ „საქართველოში“, ხოლო ორი ლექსი აკაკის იუბილის გამო ჟურნალ „ფასკუნჯში“. ორივე ჟურნალს რედაქტორობდა ვალერიან გუნია.

 
„...მშობლებს აჩემებული ჰქონდათ, ერთი შვილი გვყავს და ამას ვერ მოვიშორებთო. მართლაც, სოფლის ორი კლასი დავამთავრე, თორმეტი წლის ბავშვი სახლში დამსვეს, ჩამაცვეს კუდიანი კაბა და გარეთ აღარ მიშვებდნენ. გაიარა თუ არა სამმა წელიწადმა, დაიწყო ჩვენს სახლში სოფლის მაჭანკლების მისვლა-მოსვლა. მათი დანახვა ჭირივით მეზარებოდა, ვინ იცის, სად არ ვიმალებოდი. ერთ წელიწადს, როგორც იქნა, მოვითმინე ყველაფერი, მერე ავიღე იოდით სავსე შუშა და დედას ტირილით ვუთხარი: თუ ქალაქში არ წამიყვანთ და არ მასწავლით, ეხლავე თავს მოვიწამლავ-მეთქი. ჩემმა მუქარამ გაჭრა. მე და დედაჩემი რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისს გავემგზავრეთ. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ბედნიერების დღეები... დედის ავადმყოფობამ მალე ისევ დაგვაბრუნა სოფელში. აქ კიდევ ბევრი უსიამოვნება შემხვდა. დღე არ გავიდოდა, რომ სოფლის ბიჭებს ბარათი არ გამოეგზავნათ. ერთი მოტაცებითაც კი მემუქრებოდა. ამან გვაიძულა, გადავსულიყავით ოზურგეთში საცხოვრებლად. სწორედ აქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს“

საფო ცოლად მიათხოვეს საკმაოდ უფროსი ასაკის კაცს, ვლადიმერ მგელაძეს. ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ოჯახური ცხოვრება მთავარი დაბრკოლება შეიქნა საფოს სამწერლო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. საფოს 2 შვილი ჰყავდა (მისი ერთი შვილი - შუშანა მგელაძე - საბავშვო პოეტი იყო). მისი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთ „სამშობლოში“, ჟურნალ „ხმა ქართველი ქალისაში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“, 1920-იან წლებში კი „ტრიბუნასა“ და „მშრომელ ქალში“

1922 წელს ოჯახი თბილისში გადასახლდა. საფოს წიგნები ამ დროს უკვე ცნობილი იყო და ის მწერალთა კავშირის წევრიც იყო. იყო ქალთა ჟურნალ „ჩვენი გზის“ თანამშრომელი. 1927 წელს გამოსცა პოემა „ბახმარო“. 1928 წელს გამოსცა რომანი „ლიანა ლორდია“.„ლიანა ლორდია“ იმ დროის ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა. ამ რომანმა მწერალ ქალს „სიყვარულის წიგნის ოსტატის“ და „ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის“ სახელი დაუმკვიდრა. 1931 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული „პრელუდია“, 1935 წელს გამოსცა რომანები „ქარიშხლის ფრთებზე“ და „გზადაგზა“, 1940 წელს „თხზულებანი“, 1968 წელს კი „რჩეული“, რომელშიაც შევიდა მწერლის რომანები და მოთხრობები. .

თბილისში საფო მგელაძის სახლი მთაწმინდის ძირში ქართველი ხელოვანების თავშეყრის ადგილი იყო. აქ სტუმრობდა საფოს მეგობრები: ლადო ასათიანი, მარიჯანი, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, ალიო მირცხულავა, ტიციანი და სხვები. საფო მგელაძე განსაკუთრებით მეგობრობდა კატო მიქელაძესთან.

საფომ პოეზიით დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით: „გურული ქალი“, „ეწერელი ქალი“, „მუშა ქალი“, „სანი“. გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: „კავკასიონი“, „ჩვენი გზა“, „ტრიბუნა“, „კომუნისტი“, „ხმა ქართველ ქალისა“; ჟურნალებიდან: „ლიტერატურული საქართველო“, „პროლეტარული მწერლობა“, „ლომისი“, „ქართული მწერლობა“, „მნათობი“.

საფოს პოეზია გამოირჩევა ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „იებს ამბორიც გამოჰყვა თანა“, „მე მაშინ მოვალ“, „წარწერა ჭადრაკზე”, „მოკვდი და ისევ შემიყვარდები” და სხვა. მოქალაქეობრივი გულისტკივილი ისმის საფო მგელაძის ლექსებში: „დამოუკიდებელი საქართველო”, „აჭარა”, „ბაგრატის ტაძრის ნანგრევები”, „ჩემი ერი”, „თუში” და მრავალი სხვა.

საფო განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებს შორის. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვენი მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ.

 
„ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელში, როგორც მწერალს. ის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებს. არ მიიღებ? ისე გაგსრესს, როგორც ჭიას. ვინა ვარ მე დღეს? ხელოსანი, რომელიც დაკვეთებს იღებს? სად არის ხელოვანი? საღათას ძილით სძინავს... თქვენ გგონიათ ადვილია ამგვარი მუშაობა? მე დავიღალე. სამჯერ გადავაკეთე ჩემი „გზა და გზას” მესამე ნაწილი, რათა იგი მისაღები გამეხადა. მეც თვითონ ვირღვევი , ვმცირდები, ვწვრილმანდები. მე მწამდა ლოზუნგი „ხელოვნება ხელოვნებისათვის” , მაგრამ შეიძლება ასეთი ლოზუნგის მატარებელმა მწერალმა დღეს იარსებოს?!“

გურიაში ყოფნის დროს საფო ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაუზიანდა. საფოს ოპერაციას გადაჰყვა 42 წლის ასაკში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ლიანა ლორდია, მწერალთა კავშირის მაღაზიის გამოცემა, 1928;
  • ქარიშხლის ფრთებზე, თბილისი, 1933;
  • რჩეული, თბილისი, 1968;
  • ლექსები, პოემები, ლიანა ლორდია, ქარიშხლის ფრთებზე, სოხუმი, 1991

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება