სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

ავთანდილ ურუშაძე (დ. 1890, ქ. ლანჩხუთი, საქართველო — გ. 21 მაისი, 1955, სტამბოლი, თურქეთი) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი.

ავთანდილ ურუშაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1890
დაბადების ადგილი ქ. ლანჩხუთი
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი, 1955
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
კუთვნილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჯარის სახეობა სახალხო გვარდია
სამხედრო სამსახურის წლები 1914— 1924
წოდება უნტერ-ოფიცერი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
აგვისტოს აჯანყება
ჯილდოები წმინდა გიორგის ჯვარი
კავშირი მახარობელ ურუშაძის შთამომავალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა დაბა ლანჩხუთში, აზნაურის ოჯახში. მამამისი, არსენ ურუშაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და გურიაში გაზეთ „ივერიას“ გამავრცელებელი.

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

ავთანდილ ურუშაძემ 1909 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. 1910 წელს იგი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. სამხედრო სკოლის დამთავრებისთანავე, 1914 წელს მიიღო რუსეთის არმიის კავალერიის უნტერ-ოფიცრის ხარისხი და გაწვეულ იქნა პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე. გამოჩენილი სიმამაცისთვის დაიმსახურა წმ. გიორგის ორი ჯვარი და რამდენიმე მედალი.

1918 წლის დამდეგს ურუშაძე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლის ზაფხულში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახალხო გვარდიის შექმნის შესახებ. ურუშაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო სახალხო გვარდიის ჩამოყალიბებაში. იგი აირჩიეს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ლანჩხუთის სარაიონო შტაბის თავმჯდომარედ. ამის შემდეგ ლანჩხუთის გვარდია მისი მეთაურობით აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. იმავდროულად, ურუშაძე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის სამხარეო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921-1924 წლებში, ურუშაძე ეწეოდა აქტიურ პარტიზანულ საქმიანობას გურიაში. სერგო მათითაიშვილთან ერთად იგი სათავეში ედგა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (იგივე „პარიტეტული კომიტეტი") დაქვემდებარებაში მყოფ გურიის რაზმს, რომელიც ტყეს აფარებდა თავს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მათითაიშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა გურიის რაზმს და 5 დღის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა წითელ არმიას. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თანამებრძოლთა ჯგუფთან ერთად დასტოვა საქართველო.

ემიგრაციაში

რედაქტირება

1924 წლის დამლევს ურუშაძე სტამბოლიდან მარსელში ჩავიდა. საფრანგეთში ცხოვრობდა იგი 1941 წლამდე, მსახურობდა ოდენკურში, პეჟოს საავტომობილო ქარხანაში, ავტომობილების გამომცდელად. პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, იყო რა სათვისტომოს გამგეობის წევრი. გარდა ამისა, იგი შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს შემადგენლობაში.

1941 წელს ურუშაძემ დატოვა საფრანგეთი. იგი გადავიდა გერმანიაში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეების ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის, მიხაკო წერეთლის, ალექსანდრე ნიკურაძის, გრიგოლ რობაქიძის, შალვა მაღლაკელიძის და სხვათა თაოსნობით შექმნილი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტის“ განკარგულებაში. მათი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიისგან. შალვა მაღლაკელიძის თაოსნობით გერმანიის ვერმახტის „ქართული ლეგიონის" შექმნისთანავე ურუშაძე ჩაირიცხა ამ ლეგიონში. მისი თაოსნობით და აქტიური მონაწილეობით 1941-1942 წლებში გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა 300-მდე ქართველი სამხედრო ტყვე. 1942 წლის დამლევს ლეგიონის სარდლობამ და ქართული სამოკავშირეო კომიტეტის ხელმძღვანელობამ მას მისცა საგანგებო დავალება, რაც ითვალისწინებდა ჯგუფთან ერთად თურქეთის მხრიდან საქართველოში შესვლას. ჯგუფის მიზანი იყო მოსახლეობაში აგიტაციისა და ახსნა-განმარტებითი საქმიანობის გაშლა ხალხისთვის იმის განსამარტავად, თუ რა მიზანს ისახავდნენ ვერმახტის ქართული ლეგიონი და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. ამ მიზნით ურუშაძე ჩავიდა სტამბოლში. ქართული ემიგრაციისა და ქართული ლეგიონის მიზნებს არ ეწერა ხორცშესხმა. გეგმის ჩაშლის შემდეგ ურუშაძე დარჩა თურქეთში. სანდრო მენაღართან ერთად იგი ხელმძღვანელობდა თურქეთის ქართულ სათვისტომოს და აქტიურად იღვწოდა თურქეთის ქართველებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისათვის.

ავთანდილ ურუშაძე გარდაიცვალა სტამბოლში, 65 წლის ასაკში. დაკრძალულია იქვე, შიშლის ბერძნულ სასაფლაოზე.

ავთანდილ ურუშაძეს ჰყავდა მეუღლე ვარვარე (გოგუცა) ჩხაიძე და სამი შვილი: ვახტანგი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა, ტარიელი (1922-1972) და ფრიდონი (პაწიკო) (1924-2010). 1951-1953 წლებში მისი ოჯახი, რომელიც საბჭოთა კავშირში დარჩა, შუა აზიაში გადაასახლეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება