შალვა მაღლაკელიძე

(გადამისამართდა გვერდიდან მაღლაკელიძე, შალვა)

შალვა მაღლაკელიძე (დ. 2 მაისი, 1893, დიხაშხო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 ნოემბერი, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი და სამხედრო მოღვაწე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.

შალვა მაღლაკელიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1893[1] [2]
დაბადების ადგილი დიხაშხო, ქუთაისის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 1976[1] [2]
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
სამხედრო სამსახურის წლები 1914-1945
წოდება
გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები კავკასიის ფრონტი, წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები
style="margin-bottom:10px;"
style="margin-bottom:10px;"
რკინის ჯვარი (ორდენი)
style="margin-bottom:10px;"
style="margin-bottom:10px;"
რკინის ჯვარი (ორდენი)
style="margin-bottom:10px;"
style="margin-bottom:10px;"
მედალი "War Merit Cross"
style="margin-bottom:10px;"
style="margin-bottom:10px;"
Ostvolk Medal
style="margin-bottom:10px;"
style="margin-bottom:10px;"
სამკერდე ნიშანი "Panzer Assault Badge"

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა და ადრეული წლები

რედაქტირება

შალვა მაღლაკელიძე დაიბადა სოფელ დიხაშხოში (დღევანდელი ვანის მუნიციპალიტეტი), შეძლებული გლეხის, ნიკოს მაღლაკელიძის ოჯახში. იმ დროში გლეხის შვილისათვის განათლების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ მამამისს ფული არ დაუნანებია, რომ მის ვაჟს აზნაურებისა და თავადიშვილების გვერდით ესწავლა. წერა-კითხვა 6 წლის ასაკში სოფლის დიაკვანმა, სერაპიონ ადეიშვილმა შეასწავლა, შემდეგ სოფელ სალხინოს სკოლაში შეიყვანეს. 1904-1905 წლებში სწავლობდა ამაღლების სამასწავლებლო რუსულ სკოლა-პანსიონში, რომელიც ისტორიკოს თედო ჟორდანიას ეკუთვნოდა. გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და სიბეჯითით.

შვილის წარმატებებით ფრთაშესხმულმა მამამ რეპეტიტორებად დაუქირავა ადგილობრივი სტუდენტები: შალვა სანებლიძე, მღვდლის შვილი, მედიკური ფაკულტეტიდან და სალხინოს აზნაური კოლია ლორთქიფანიძე, იურიდიული ფაკულტეტიდან და ქუთაისის კერძო ქართულ გიმნაზიაში ჩააბარებინა. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. აქ თავმოყრილი იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც შემდეგ ცნობილი სწავლულები გახდნენ. მიუხედავად რუსი ჩინოვნიკების აქტიური ჩარევისა გიმნაზიის მოწაფეები მაინც გულმხურვალე პატრიოტებად ყალიბდებოდნენ.

შალვა მაღლაკელიძემ გიმნაზია 1914 წელს დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ყაზანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აპირებდა, მაგრამ განგებამ სულ სხვანაირად ინება. მატარებელში მასთან ერთად მგზავრობდნენ — მისი მეზობელსოფლელი, მოსკოვის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ტიციან ტაბიძე და კიდევ ერთი მოსკოველი სტუდენტი — შალვა ხუნდაძე. ყაზანში წასასვლელად როსტოვში სხვა მატარებელზე გადაჯდომა იყო საჭირო, მაგრამ მეგობრებმა შალვას ამის საშუალება არ მისცეს და ყაზანის ბილეთით მოსკოვში წაიყვანეს. ასე გახდა შალვა მაღლაკელიძე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

1915 წლის მაისში მეორე კურსის სტუდენტი სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს და თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაამწესეს. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში გადაწყვიტა პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტზე ებრძოლა. საკუთარი სურვილით აღმოჩნდა ახალციხის პოლკში. იმედი ჰქონდა, რომ თურქების დამარცხების შემთხვევაში სამაჰმადიანო საქართველოს სამშობლოსთან შემოერთებაში თავის წვლილს შეიტანდა.

კარიერის დასაწყისი და ემიგრაცია

რედაქტირება

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შალვა მაღლაკელიძე დაიშნა საგანგებო რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებისათვის სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე, ახალქალაქი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირობებში, მას მეტად დამოუკიდებელი პოზიცია ეკავა მთავრობისგან და ცდილობდა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებით ემოქმედა. სომხეთ-საქართველოს ომის დროს, მისმა დამოუკიდებელმა ნაბიჯებმა და იმან, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე ტფილისისა და ბორჩალოს არაქართული მოსახლეობა კანონგარეშე გამოაცხადა, ნოე ჟორდანია წყობიდან გამოიყვანა და მაღლაკელიძე დააპატიმრებინა, თუმცა მისი გასამართლება ვერ მოახერხა. მაღლაკელიძის მხარდამჭერებმა იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით მსახურობდა ქუთაისის მაზრის კომისრად, შემდეგ ტფილისის გუბერნიის კომისრად. 1919 წელს დაინიშნა ტფილისის გენერალ-გუბერნატორად, 11 თებერვალს კი ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად.[3]

1921 წლის 23 თებერვალს, მას შემდეგ რაც, წითელი არმია საქართველოსკენ დაიძრა, შალვა მაღლაკელიძე აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს რუსეთის IX არმიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. აფხაზეთიდან სამ კვირაში წამოვიდა, ამ დროს მენშევიკური მთავრობა უკვე ბათუმში იყო და საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა, შალვა მაღლაკელიძე ბოლშევიკებთან მოსალაპარაკებლად დატოვეს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, გრიგოლ ლორთქიფანიძესთან და სამხედრო მინისტრთან, პარმენ ჭიჭინაძესთან ერთად.

მას შემდეგ რაც ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ცოლ-შვილთან ერთად მშობლიურ სოფელს შეაფარა თავი. მეუღლე გერმანელი ჰყავდა წარმოშობით ლატვიიდან. მამისეულ სახლში დიდხანს არ გააჩერეს. 1921 წლის 13 მაისს დააპატიმრეს და მომდევნო წლამდე ციხეში ამყოფეს. განთავისუფლების შემდეგ მოახერხა ლატვიაში, ცოლის ნათესავებთან გაღწევა. ოჯახი რიგაში დააბინავა, თვითონ კი, პარიზში მყოფი საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, 1923 წელს პრაღაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. თავად შალვა არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, გიმნაზიის წლებიდანვე კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო.

პრაღაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა დამოუკიდებელი საქართველოს საკონსულო და იქ მცხოვრებ ქართველებს სტიპენდიებს თუ ჯამაგირს ჩეხოსლოვაკიის მთავრობა უხდიდა. მოსკოვის უნივერსიტეტიდან გამოითხოვეს საბუთები, შალვამ ჩააბარა განსხვავებული საგნები და გახდა კანდიდატი, რაც საკმარისი იყო პროკურორობისათვის, მაგრამ არა ადვოკატობისთვის. ერთი წლის დაძაბული მეცადინეობის შემდეგ შალვა მაღლაკელიძემ დაიცვა დისერტაცია და პრაღის უნივერსიტეტი დაამთავრა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით, შემდეგ კი ნაფიცი ვექილი გახდა.

ჩეხოსლოვაკიიდან კვლავ ლატვიაში დაბრუნდა. 1929 წელს, რიგაში, გიორგი შვანგირიძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება "ივერია", რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა. ორგანიზაციას "კავკასიური საზოგადოება" დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსული თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართული საზოგადოება. 1934 წელს შალვა მაღლაკელიძე ოჯახთან ერთად საფრანგეთში დასახლდა და აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრანტულ პატრიოტულ ორგანიზაციებს: "ორნატი", "თეთრი გიორგი", "ქართლოსი". 1938-1945 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი (1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. 1942-1943 წლებში არჩეულ იქნა ბერლინში "ქართული ეროვნული კომიტეტისა" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად. როგორც ეროვნული კომიტეტის წევრი ის უძღვებოდა კავკასიის კომიტეტს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

1941 წლიდან, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე თავისი ვაჟით გაიოზით, რომელსაც ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. გენერალ მიხეილ წულუკიძესთან და პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანთან ერთად იგი ხელმძღვანელობდა მესამე რაიხის ქართულ ლეგიონს, რომელიც 1941 წელს ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად. ლეგიონში იბრძოდა 30 300 ქართველი ემიგრანტი. ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერისა და სს-ის ქვედანაყოფებში. მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბოლშევიზმისგან გათავისუფლებას. 1941 წელს შალვა მაღლაკელიძის ინიციატივით საბრძოლო მოტივაციის ამაღლების მიზნით დაწესდა ქართული ლეგიონის თამარ მეფის ორდენი. 1943 წელს მაღლაკელიძის ნაწილები უკვე კავკასიონთან იმყოფებოდნენ. ლეგიონის საქართველოში შემოსვლისთანავე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. გერმანელებმა საბჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს და ამ გეგმის აღსრულება ვერ მოხერხდა.

 
გენერალი მაღლაკელიძე 1943 წელს

1943 წლის 3 იანვრამდე დაჰყო ქართულმა ჯარმა საქართველოს საზღვრებთან, ყველაზე გვიან დატოვა პოზიციები და ბრძოლით გაიკაფა უკან დასახევი გზა. 1943 წლის ბოლოს პოლონეთში ისევ ყალიბდება ქართული ლეგიონი 7 ბატალიონის შემადგენლობით, რომელთაც საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საბრძოლო დროშები და მიენიჭათ შემდეგი სახელები: "შალვა მაღლაკელიძე", "გიორგი სააკაძე", "მეფე ერეკლე II", "დავით აღმაშენებელი", "თამარ მეფე", "შოთა რუსთაველი", "ილია ჭავჭავაძე". ლეგიონერები, გაიოზ მაღლაკელიძის რედაქტორობით, გამოსცემდნენ გაზეთ "საქართველოს" (1942-1945 წწ.). 1944 წელს, დაბადების 50 წლისთავზე, შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე შალვა მაღლაკელიძე თავმჯდომარეობდა გენერალ ვლასოვის არმიის ეგრედ წოდებულმა "რუსეთის ხალხთა განმათავისუფლებელ კომიტეტში" (конр) შემავალ "კავკასიის კომიტეტს".

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა ამერიკელებს რამდენიმე გენერლის, მათ შორის მაღლაკელიძის, გადაცემა მოსთხოვა. ამერიკელებმა იგი დააპატიმრეს, მაგრამ შვილისა და მეგობრების დახმარებით გენერალმა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ რომში გადასვლა მოახერხა. 1948-1950 წლებში მოღვაწეობდა იტალიაში. აქ მეორედ იქორწინა პოლონეთში დაბადებულ-გაზრდილ ქართველზე, მარიამ ცოტაძეზე, რომელიც რომში სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა. საქართველოში იტალიის ყოფილი ელჩის, ინსაბოტოს დახმარებით, შალვა მაღლაკელიძე გაერთიანდა მასონთა ლოჟაში. მათი რეკომენდაციით სამხედრო მრჩევლად აიყვანა პაკისტანის არმიის გენერალმა აიუბ-ხანმა, რომელიც შემდეგ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა. იტალიელი გენერლის ამადარის გვარით ბატონი შალვა მეუღლესთან ერთად ყარაჩიში გადავიდა საცხოვრებლად. 1950 წელს შეეძინათ ქალიშვილი, თამარი. აიუბ-ხანი მას ძალზე აფასებდა და როცა მისი პაკისტანში ყოფნა სახიფათო გახდა მან პირადად უშუამდგომლა გენერალ ადენაუერთან. 1953 წლის დასაწყისში შალვა მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში ჩავიდა და კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი გახდა.

სამშობლოში დაბრუნება და ბოლო წლები

რედაქტირება

1954 წლის 26 იანვარს მან ვაჟთან, გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად მიუნხენში დააფუძნა "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა". ამავე წელს პაკისტანიდან ჩამოფრენილი გენერლის ცოლ-შვილი საბჭოთა აგენტურამ აეროპორტიდანვე აღმოსავლეთ გერმანიაში გაიტაცა. 1954 წლის 1 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძეც ძალდატანებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ გერმანიაში. ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ საიდუმლოდ, ყალბი პასპორტით, გადმოიყვანეს თბილისში. რამდენიმეჯერ დაჰკითხეს სუკ-ში, ავალებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტებისთვის აგიტაცია გაეწია და საქართველოში ჩამოეყვანა. შემდეგ, ხრუშჩოვის "ლიბერალიზაცია" მასაც შეეხო და თანდათანობით, სპეციალობით სამსახურის დაწყებისა და პასპორტში თავისი ვინაობის ჩაწერის ნება დართეს, ადვოკატურ სარბიელზე ბატონმა შალვამ თავი გამოიჩინა. მან ბრწყინვალედ ჩაატარა მრავალი პროცესი და დიდად გაითქვა სახელი. მაგრამ ერთხელ, როდესაც იგი გამფლანგველების ერთ-ერთ ჯგუფს იცავდა, საქმეებში შემთხვევით აღმოაჩინა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ლეონიდ ბრეჟნევის რეზოლუცია მისივე ხელმოწერით, რომელიც სასამართლოს ფაქტობრივად უბრძანებდა, რათა ერთ-ერთი გამფლაგველისთვის დახვრეტა მიესაჯათ. შალვა მაღლაკელიძემ განგაში ატეხა და ეს საქმე ჩაიშალა, მაგრამ, ამ ფაქტს შედეგად მოჰყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის რეფერენტ როსტომოვის ტელეგრამა მოსკოვში: "არ შიძლება ვანდოთ ადვოკატის ტრიბუნა ფაშისტ გენერალ მაღლაკელიძეს!"

ამ ამბის შემდეგ, შალვა მაღლაკელიძე ადვოკატობიდან გადააყენეს, ისე რომ მცირეოდენი პენსიაც არ დაუნიშნეს, რის გამოც, მოხუცებულობის ჟამს იძულებული იყო რვა თუმნად ემუშავა მწერალთა კავშირის გამომცემლობაში "იურისკონსულტანტად". 1973 წელს გარდაეცვალა მეუღლე. თავად გენერალი 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში, დიდუბის რაიონში, მისამართზე ბათუმის ქ. 29ა-ში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1976 წლის 7 ნოემბერს 83 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 TracesOfWar
  2. 2.0 2.1 MAK
  3. ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 72, ISBN 978-9941-13-712-9.