მარიამ დადიანი
მარიამ დადიანი (დ. დაახ.1599-1609 — გ. 1684) — ქართლის დედოფალი, როსტომ ბაგრატიონის ცოლი, ოდიშის მთავრის მანუჩარ დადიანის ასული, ლევან II დადიანის და, ასევე გურიის მთავრის ქაიხოსრო I გურიელის ნახევარდა[1].
მარიამ დადიანი | |
---|---|
კრისტოფორო დე კასტელის მიერ შესრულებული მარიამის პორტრეტი | |
ქართლის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1638 |
მმართ. დასასრული: | 1658 |
წინამორბედი: | ქეთევან აბაშვილი |
მემკვიდრე: | როდამ ორბელიანი |
ქართლის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1659 |
მმართ. დასასრული: | 1675 |
წინამორბედი: | როდამ ორბელიანი |
მემკვიდრე: | თამარ დავითაშვილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1599-დან 1609-მდე |
გარდ. თარიღი: | 1682 |
დაკრძ. ადგილი: | სვეტიცხოველი, მცხეთა |
მეუღლე: |
1.სიმონ II გურიელი 2. როსტომ ქართლელი 3. ვახტანგ V ქართლელი |
შვილები: | ოტია გურიელი |
დინასტია: | დადიანები |
მამა: | მანუჩარ I დადიანი |
დედა: | თამარ ჯაყელი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ხელმოწერა: | |
1621 მისთხოვდა მამია II გურიელის ძეს სიმონს. როდესაც ამ უკანასკნელმა მამია გურიელი მოკლა (1625), ლევან II-მ (მარიამის ძმა) წაართვა მას მარიამი და თავის შვილთან (ოტია) ერთად დადიანის სასახლეში წამოიყვანა. 1634 წელს ირანის შაჰის თანხმობით მარიამი შეირთო ქართლის მეფემ როსტომმა. ეს აქტი მიმართული იყო თეიმურაზ I-ისა და იმერეთის მეფის გიორგი III-ის წინააღმდეგ. როსტომის გარდაცვალების (1658) შემდეგ შაჰის ბრძანებით მიათხოვეს ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს (შაჰნავაზ I).
მარიამი ზრუნავდა მტრების შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შეკეთებასა და შემკობაზე: ხელახლა ააშენა ბოლნისის ეკლესია, განაახლა რუისის ეკლესია და სხვა. აგროვებდა და ამკობდა ქართულ ხელნაწერებს, თავისი ხარჯით ყიდულობდა მტრების მიერ მიტაცებულ ხელნაწერ წიგნებს. მარიამის თაოსნობით 1633-1646 გადაწერილ იქნა „ქართლის ცხოვრების“ კრებული (მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“).
ოჯახი
რედაქტირებამარიამ დედოფალი იყო ასული ოდიშის მთავრის მანუჩარ I დადიანის, რომელიც ტახტზე 1590–1611 წლებში იჯდა. მანუჩარ დადიანის პირველი მეუღლე იყო ნესტან დარეჯან ბაგრატიონი, კახეთის სახელგანთქმული მეფის ალექსანდრე II-ის (1574–1605) ასული, რომლის ხელსაც მას სპარსეთის მრისხანე მბრძანებელი აბას I სთხოვდა. კახეთის მეფემ, რომელსაც საქართველოს მოსისხლე მტერზე თავისი ასულის გათხოვების გაგონებაც არ უნდოდა, ის სასწრაფოდ მიათხოვა ოდიშის მთავარს, შაჰს კი მოუბოდიშა, სანამ ჩემი ასულის ხელს მთხოვდით, ის დადიანზე იქნა დაწინდული და ნუ განმირისხდებითო.[2]
რუსი ელჩების კუზმა სოვინისა და ანდრეი პოლუხანოვის ცნობით, მანუჩარ I დადიანი ნესტან–დარეჯან ბაგრატიონზე 1596 წელს დაქორწინებულა[2]. რუსი ელჩების ამ ცნობაზე და არქანჯელო ლამბერტის ცნობაზე დაყრდნობით ილია ანთელავამ დაადგინა ნესტან–დარეჯან ბაგრატიონსა და მანუჩარ I დადიანის პირმშოს – ლევან II დადიანის დაბადების ზუსტი თარიღი – 1597 წელი[3], რომელიც ნესტან-დარეჯანის გარდაცვალების წელიცაა. რადგან ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ლევანის "შობასვე მოკვდა ნესტან–დარეჯანი"[4]
ნესტან–დარეჯანის გლოვას რომ მორჩა, მანუჩარ დადიანმა, ვახუშტის ცნობით "მოიყვანა ცოლად ქურივი ვახტანგ გურიელისა და ასული ათაბაგისა და იქორწინა მის თანა"[4]. ბერი ეგნატიშვილი კი გვაუწყებს, რომ "მარიამი ნაშობი იყოო ათაბაგის ქალისა"[5]. მარიამ დადიანის დედას, ანონიმი ქართველი მემატიანის ცნობით თამარი რქმევია [6].ამრიგად დადგინდა,რომ მარიამი დადიანის დედა ყოფილა თამარ ჯაყელი, რომელსაც პირველი გარდაცვლილი მეუღლისაგან ვარტანგ გურიელისაგან ჰყოლია ძე ქაიხოსრო I გურიელი. ირკვევა კიდევ ერთი რამ, დედოფალი მარიამ დადიანი და XVII საუკუნის შუა ხანების დასავლეთ საქართველოს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ქაიხოსრო I გურიელი, რომელიც 1639–1658 წლებში იჯდა გურიის სამთავროს ტახტზე [7] და-ძმანი ყოფილან. მანუჩარ დადიანს თამარ ჯაყელისაგან ოთხი შვილი ჰყავდა. ერეკლე, იესე (იოსები), მარიამი და კიდევ ერთი ასული, რომლის სახელი წყაროებს არ შემოუნახავთ (1652 წელს თეიმურაზ I–ის მიერ რუსეთის სახელმწიფოს კარზე გაგზავნილი ელჩების მასალებში აღნიშნულია, რომ ლევან დადიანმა თავისი ერთი და ირანის შაჰს გაუგზავნა, მეორე კი როსტომ ხანს გაუგზავნაო) [8]
უცნობია, იესე იყო უფროსი, ერეკლე, მარიამი თუ მათი საზელდაკარგული და, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მარიამი იყო უფროსი, მისი დაბადების თარიღი 1599 წელს არ გასცდება. ცნობილია, რომ მარიამი სიმონ II გურიელს მიათხოვეს 1621 წელს. ძველ საქართველოში კი 12 წელზე ნაკლები ასაკის გოგოს გათხოვება აკრძალული იყო. ამ წესის გათვალისწინებით მარიამი 1609 წელზე გვიან არაა დაბადებული, ამრიგად მარიამ დადიანი 1599–1609 წლებს შორის უნდა დაბადებულიყო.[9]
ბავშვობა
რედაქტირებამარიამი, ისევე როგორც ყველა სხვა დიდებულის შვილი, უნდა გაეძიძევებინათ რომელიმე თავადის ან აზნაურის სახლში. 1634 წელს შედგენილ მის მზითვებში დასახელებულია მისი "პატიოსანი, სასახელოდ ზრდილი გამდელი ლერწამტანისა[10]
მარიამი ადრე დაობლდა. 1611 წელს, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით "ნადირობისა შინა ხრომან ირმისამან წარიტაცა დადიანი მანუჩარ და მოკლა იგი"[11].
მარიამი და სიმონ გურიელი
რედაქტირება1621 წელს მარიამ დადიანი გურიის მთავრის მამია III–ის ძეს სიმონ II გურიელს მიათხოვეს. ამ ქორწინების ეს თარიღი მითითებულია ერთ–ერთი ქრონიკაში. მარიამს სვიმონ გურიელისაგან ეყოლა შვილი ოტია. ოზურგეთში, გურიელის სასახლეში მარიამი თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ 1625 წელს ის შეაძრწუნა თავისი მეუღლის უღირსმა საქციელმა. სამთავრო გვირგვინზე მეოცნებე სიმონ გურიელმა მოკლა თავისი მამა, მთავარი მამია და სამთავრო ტახტზე თვითონ დაბრძანდა.
ამის გამგონე ლევან მეორე დადიანმა ჯარი შეჰყარა და გურიაში შეიჭრა. ლევან II დადიანისათვის სიმონ გურიელის მიერ მამის მოკვდინება შესაშნიშნავი საბაბი იყო თავისი პოლიტიკური მიზნის – გურიის სამთავროს დამორჩილების განსახორციელებლად. სიმონ გურიელი თავისი ლაშქრით ლანჩხუთთან შეება ოდიშის მთავარს, რომელმაც ის სასტიკად დასაჯა:"დასწუა თუალნი" და თავისი და მარიამი წაიყვანა. გურიის მთავრად კათალიკოსი მალაქია გურიელი დასვა, თანამოსაყდრედ კი, როგორც ჩანს მარიამის ძმა (დედის მხრიდან) ქაიხოსრო გურიელი დანიშნა.
წყაროებში არ შემონახულა ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ აფასებდა მარიამ დადიანი თავისი ძმის, ლევანის ესოდენ სისასტიკეს, მაგრამ თავისი ქმრის შემაძრწუნებელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისეთ სათნოს, როგორც მარიამი იყო, შეუძლებელია მამისმკვლელ მეუღლესთან სარეცლის გაყოფის სურვილი ჰქონოდა. ასე იყო თუ ისე, ლევანმა მარიამი ქმარს გაჰყარა და სამეგრელოში წაიყვანა.
შვიდი წელიწადი ცხოვრობდა ამის შემდეგ მარიამი ზუგდიდში, თავისი ძმის სასახლეში და სევდასა და კაეშანს შვილის მცირე წლოვანი ოტია გურიელის აღრზდაში კლავდა.
გადედოფლება ქართლში
რედაქტირება1632 წლის მიწურულს ირანის შაჰმა სეფი I–მა (1629–1642) ქართლის სამეფო ტახტი მის კანონიერ მემკვიდრეს, გამაჰმადიენებულ ქართველ უფლისწულს როსტომ ბაგრატიონს (1565–1658) უბოძა.
ეს ნიჭიერი, ენატკბილი და ამავე დროს ცბიერი და შორსმჭვრეტელი ბრძენკაცი ჯერ კიდევ მანასპის (ყულის ჯარის) სარდალი გახდა[12], შემდეგ კი ისპაჰანის ტარუღაც (მოურავიც) შეიქმნა[13]. უფლისწული როსტომი, რომლის მაჰმადინური სახელი ხოსრო–მირზა იყო, მას შემდეგ რაც 1629 წელს თავისი ხელქვეითი ათასიანი ლაშქრის დახმარებით ირანის ფადიშაჰად შაჰ-აბას დიდი შვილიშვილი შაჰ–სეფი I (1629–1642) დასვა, შაჰის შემდეგ მეორე პირად იქცა მის საბრძანებელში. იმ ხანად სამსახურში მყოფი ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯაძის (1626–1694) ცნობით, "ერანის საქმე როსტომ მეფეს ეკითხვოდა"[14] ქართული წყაროების ცნობების სისწორეს ადასტურებს სპარსელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში (1561–1634), რომელიც წერს. რომ "როსტომ ხანი.. უმაღლეს ხარისხამდე ამაღლდაო"[15].კარმელიტების ქრონიკის ცნობითაც შაჰ–სეფის უახლოეს პირებს შორის ისპაჰანის ტარუღა ხოსრო–მირზაც ყოფილა [16]
როსტომ მეფისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს მის მიერ გაცემული საბუთებიდანაც. "ჩემი ძმა ქართლის ვალი[17] როსტომ ხანი" – აი, ასე მოიხსენიებს მას შაჰი არაერთ საბუთში [18]
თავის გამახელმწიფებელ ქართველ უფლისწულს შაჰ–სეფიმ მალე გადაუხადა პატივისცემა: ტახტიდან გადაყენებული ურჩი მეფის თეიმურაზ I–ის ნაცვლად ქართლის სამეფო გვირგვინი მას უბოძა. ეს მოხდა 1631 წლის 3 ნოემბერს.
ირანის მბრძანებელმა ქართლში მიმავალ როსტომ მეფეს ყიზილბაშთა დიდძალი ლაშქარიც აახლა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ბეგლარ-ბეგ როსტომ ხან-სააკაძის მთავარსარდლობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა როსტომ მეფის ქართლის ტახტზე დასმა და ყიზილბაშ სელიმ ხანისათვის გადაცემა [19] როსტომს თან მოჰყვებოდა შაჰის კარზე შაჰის კარზე მყოფ ერთგულ ქართველ დიდებულთა მთელი ამალა. როსტომ მეფე საქართველოსაკენ 1632 წლის 1 დეკემბერს დაიძრა. 1633 წლის დამდეგს უკვე ყარაბაღში იყო, 1633 წლის 18 თებერვალს კი თბილისში შემოვიდა და ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა.[20].
1626 წლიდან ქართლში მცხოვრები იტალიელი კათოლიკე მისიონერის პიეტრო ავატაბილის ცნობით, "ახალი მეფე ჯერ ქართლში არ იყო ჩასული, რომ უკვე დადიანის, ანუ ოდიშის (მთავრის) დაზე დაქორწინებას ცდილობდა" და ამ საქმეზე დესპანს დესპანზე აგზავნიდა [21]
სხვა წყაროების ცნობით კი ცნობილია, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე როსტომ მეფეს ცოლად შეურთავს ქეთევან გურჯასპის ასული აბაშიშვილი[22].
სწორედ ამის შემდეგ დაქორწინებულა როსტომ მეფე მარიამ დადიანზე. "მოუკვდა როსტომ მეფეს ცოლი პირველი და დაემზახლა ლევან დადიანსა და ამან მოსცაო დაი თვისი მარიამ" - გვაუწყებს ვახუშტი ბაგრატიონი[23]. ქართლში გამეფებისთანავე როსტომ მეფე თავისი მონაპოვრის განმტკიცებაზე ზრუნვას შეუდგა. მის მეფობას იმერეთში თავის სიძესთან თავშეფარებული თეიმურაზ I-ის სახით ნიადაგ საშიშროება ემუქრებოდა. ამიტომ საჭირო იყო ძლიერი მოკავშირის შოვნა. ასეთი კი შორსმჭვრეტელ როსტომ მეფეს სამეგრელოს დაუდეგარი და პატივმოყვარე მთავარი ეგულებოდა. მან ლევან II დადიანს "სამოყვარო მოციქულები" გაუგზავნა თბილელი ეპისკოპოსის ელისე საგინაშვილის (1628-1659) მეთაურობით, რომელმაც სამეგრელოს მბრძანებელს მისი დის დასაწინდი "დაწესებული ნიშანი" მიართვა[24]. ლევან II ძლიერ გაახარა ამ წინადადებამ, რადგან როსტომ მეფის მოკავშირეობა მასაც არანაკლებ სჭირდებოდა იმერეთის სამეფოს ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლაში.
სამეგრელოს მთავარმა ქართლის მეფეს თავისი დესპანები აახლა სახელგანთქმული მოღვაწის, გამოცდილი დიპლომატის, ნიკოლოზ (ნიკიფორე) ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილის (1585-1657) მეთაურობით. 1633 წლის ზაფხულში დადიანის დესპანები ქართლში ჩასულან.
როსტომ მეფე ირანის შაჰთან მაცნე აფრინა, მარიამ დადიანზე დაქონრწინების შესახებ თავისი განზრახვა აცნობა. შაჰ-სეფიმ როსტომ მეფეს დადიანთან დაკავშირება მოუწონა, რადგან მასაც კარგად ესმოდა ამ კავშირის პოლიტიკური სარგებლიანობა. შაჰმა შირვანის ბეგლარ-ბეგ ფარუხაძის ხელით როსტომ მეფეს საქორწილო საჩუქრები გამოუგზავნა. წაინასწარი შეთანხმებისამებრ ქართლის მეფე და სამეგრელოს მთავარი ბაღდათთან მდებარე კაკას ხიდზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. როსტომ მეფე დიდი ლაშქრით, რომელშიც ქათიბ ჩელების (1609-1657) ცნობით 30 000 მეომარი ყოფილა. ოცხეს დაბანაკდა, ლევან II დადიანმა კი თავის დასთან, მარიამთან ერთად "დიდი ლაშქრით" საჩხეიძოში დასცა კარავი.
იმერეთის მეფემ გიორგი III-მ იმ მიზნით, რომ ჩაეშალათ მისთის ესოდენ საშიში პოლიტიკური ქორწინება, თავის სიმამრ მეფე-ყოფილ თეიმურაზთან ერთად გადაწყვიტა თავს დასხმოდა მექორწილეებს. მათ მრავალრიცხოვანი ლაშქრით სამეგრელოს მთავარს გზა გაუჭრეს. გიორგი მეფე "ცოტა კაცის" თანხლებით ოდიშართა ლაშქრის დასაზვერავად წავიდა. მაგრამ მისმა ერთ-ერთმა მხლებელმა მტერს შეატყობინა მეფის ამ წინდაუხედავი საქციელის შესახებ. ლევან დადიანმაც არ დააყოვნა, ანაზდეულად თავს წაადგა რამდენიმე კაცის ანაბარად დარჩენილ მეფე გიორგის და დაატყვევა[25].
მარიამი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე
რედაქტირება1634 წელს, ქართლში გადედოფლებისთანავე მარიამ დადიანმა, როსტომ მეფისაგან დამოუკიდებლად სამეფო და სათათრო გადასახადებისაგან გაათავისუფლა სათბილელოს გლეხები, რაც სავსებით უჩვეულო ქართული ფეოდალური სამართლისათვის.
მარიამ დედოფალი იმთავითვე, მეფის ხელისუფლების მოზიარე გახდა, ის მეფის უფლებებით აღიჭურვა.ასევე, როგორც ჩანს, მარიამ დადიანი, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო მაჰმადიან, მოხუც მეფესთან ქორწინების, როდესაც მიხვდა, რომ თავისი ძმის, ლევან დადიანის დაძალებას დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ქორწინების პირობად სახელმწიფოს მართვის საქმეში მეფის უფლებამოსილების ნაწილის გადმოცემა (ანუ თანამოსაყდრეობა) მოითხოვა. რომტომ მეფემ, რომელსაც ლევან II დადიანთან პოლიტიკური მოკავშირეობა ტახტის შესანარჩუნებლად ჰაერივით სჭირდებოდა, სადედოფლოს ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა[26].
მარიამ დედოფლის ადგილის გასარკვევად ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცოხვრებაში ფრიად მნიშვნელოვანია იმ მოვლენის შეფასება, რომელიც მოჰყვა 1658 წელს როსტომ მეფის გარდაცვალებას. XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში შედგენილი ქრონიკა "ცხოვრება საქართველოისა" გვაუწყებს:
„ქორონიკონს: ტმზ: მეფე რომტომ მიიცვალა ტფილისს ქალაქსა. ტირილი აღარც დედოფალს დასცალდა, აღარც ქართველთა. საშვებად ერთი-ორი დღე იტირეს. როსტომ მეფე თათრებმა ციხეში შეიტანეს, იქიდან ყუმს გაგზავნეს დასამარხათ. ჯემალ ხან უწინვე აქ მოსულიყო და დედოფალს ყაენის რაყამი შემოუგზავნა:"ხელმწიფის ბრძანება არისო" ციხეში შეიყვანა და ყაენთან უნდოდათ წაყვანა" [27]“
|
მაგრამ მარიამ დედოფალი არ გაჰყვა. მან შაჰთან საჩუქრებით დატვირთული პაპუნა ციციშვილი აფრინა დესპანად [28] და ირანის ხელმწიფეს როსტომ მეფის გარდაცვალება აუწყა. ამასთან, როგორც ირკვევა, შაჰს წერილიც მისწერა. თუ რას თხოვდა მარიამ დედოფალი ირანის შაჰ აბას II-ს პაპუნა ციციშვილის ხელით გაგზავნილ წერილში, კარგად ჩანს დიდვაზირისადმი როსტომ მეფის გარდაცვალებისთანავე, 1658 წელს მიწერილი წერილიდან. მარიამი თურმე შაჰნავაზ მეფის (ვახტანგ V-ის) დედობის ბოძებას ითხოვდა. ე.ი. სურდა დარჩენილიყო სადედოფლო ტახტზე, როგორც დედა."პაპუნა სარდალი ადრე მოსულიყო, ყაენს სწყენოდა როსტომ მეფის სიკვდილი, დედოფლისა დიაღ ბევრი დედაკაცობა უამბო... როსტომ მეფემ თავისი საბატონო ცოცხალმაც იმას მისცაო და ანდერძითაც მუხრანის ბატონს უანდერძაო" - წერს "ცხხოვრება საქართველოისას" უცნობი შემდგენელი.[29]
თვითონ მარიამ დედოფალი დიდვაზირს 1658 წელსვე წერდა: როდესაც როსტომ მეფე გარდაიცვალა, ჩვენის მხლებლებით და დარბაისლებით ციხეში შევედი "ყაენის წყალობის მლოდნელი ვიყავიო", თქვენი და როსტომ მედის მეგობრობის ამბავი ვიცოდი და თქვენი იმედი მქონდაო. ამასთან, აცნობებდა, რომ როსტომ მეფის გარდაცვალების გამო "მრავალს კაცს გული გასცუდებოდა", მაგრამ ჩვენი იმედი დიდი ჰქონდათო[30]
მარიამ დედოფალს იმედი ჰქონდა, რომ შაჰი მის თხოვნას დააკმაყოფილებდა და დატოვებდა ქართულის დედოფლად მეფის უფლებით, მაგრამ ცოტა ხანში საფარვერდიბეგს მისთვის რაყამი [31] ჩამოუტანია, რომლითაც ქართულის მეფედ შაჰნავაზი (ვახტანგ V) იყო დამტკიცებული. შაჰის ბრძანებით შაჰნავაზს მარიამ დედოფალი ცოლად უნდა შეერთო. ამ გზით მარიამი სადედოფლო ტახტს ინარჩუნებდა. მარიამ დედოფალს ამ აუცილებელი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა მოუხდა.
მარიამ დედოფალი უაღრესად მოქნილი პოლიტიკოსი და დახვეწილი დიპლომატი იყო. თეიმურაზ I-ისა და მის მომხრეთა რადიკალიზმი ირანთან ურთიერთობის საკითხში საქართველოსთვის მიუღებლად მიაჩნდა, რადგან მან კახეთი და ნაწილობრივ ქართლიც განადგურების პირას მიიყვანა. პატარა ქართლ-კახეთს სპარსელ დამპყრობთა განდევნა იმხანად ხმლით არ შეეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი ირანი აჩრდილიღა იყო შაჰ-აბას დიდის დროინდელი ძლევამოსილი სპარსეთის სახელმწიფოსი, მას მაინც შესწევდა ძალა ჩვენი პატარა და სისხლისაგან დაცლილი ქვეყნის განადგურებისა. ასეთ ვითარებაში მარიამს აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა ირანის შაჰის მოჩვენებითი ყმადნაფოცობის და მორჩილების გზით მეტნაკლები მშვიდობიანობის მიღწევა, რაც საშუალებას იძლეოდა ქვეყნის იავარქმნილი მეურნეობის აღდგენისა, მოსახლეობის მომრავლებისა, ვაჭრობა-ხეოსნობის აღორძინებისა,ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერებით, ქრისტიანული სარწმუნოების, როგორც ქართველობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ზნეობრივი საყრდენის განმტკიცებისა და აღორძინების გზაზე მდგარი ეროვნული კულტურის განვითარებისათვის ხელშეწყობისა.
მხოლოდ ამგვარი, მოქნილი პოლიტიკის ცხოვრებაში გატარებას შეეძლო ეხსნა საქართველო მოსალოდნელი დაღუპვისაგან. ეს პოლიტიკური ხაზი, რომლის შემუშავებაშიც როსტომ მეფესთან ერთად დიდი წვლილი მარიამ დედოფალსაც ედო, ირანისთვის მისაღები იყო, რადგან თავის გავლენას ქართლ-კახეთზე ინარჩუნებდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აბესალომ ტუღუში, ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბილისი, 1992. გვ 6
- ↑ 2.0 2.1 ილია ანთელავა, ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 34
- ↑ ილია ანთელავა, ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 36
- ↑ 4.0 4.1 ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 823
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ, 1959, გვ 419
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ, 1959 წ. გვ 532
- ↑ აბესალომ ტუღუში, XVII საუკუნის გურიის მთავართა ქრონოლოგიის გარკვევისათვის.
- ↑ გ. პაიჭაძე, მასალები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1625–1653),"საისტორიო მოამბე"ტ. I, თბ. 1965 გვ. 44
- ↑ აბესალომ ტუღუში, ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბილისი, 1992, გვ. 7
- ↑ ს. ბარნაველი, დადიანის ასულის მარიამის მზითვის წიგნი, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XVIII–B. თბ. 1962
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ. IV. თბ. 1973, გვ. 816
- ↑ კ.კუცია, კავკასიური ელემენტი სეფინთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე "მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, თბ. 1963, გვ 68
- ↑ კ. კუცია, ისპაჰანის ქართველი ტარუღები, (1618–1722), კრ. "მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, II, თბ. 1972 გვ. 93–95
- ↑ ფარსადან გორგიჯაძე, ისტორია „საისტორიო მოამბე“, წ.II,ტფ 1925. გვ. 238
- ↑ ისკანდერ მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვიდებელი ისტორიის გაგრძელება. ცნობები საქართველოს შესახებ. ქართული თარგმანი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა, თბ. 1981 გვ.64
- ↑ A. Cronicle of the Carmelites in persia and the Papal mission of the XVII–th and XVIII-TH centuries, I London, 1939,p. 279
- ↑ ვალი, ისეთი ყმადნაფიცი ქვეყნის მმართველს ეწოდებოდა ირანში, რომელსაც მემკვიდრე მბრძანებლები განაგებდნენ და არა შაჰის მიერ დანიშნული უცხო ტომელი ხანები. ვალის საბრძანებლოს შემოსავალი ირანის სახელმწიფოს სალაროში არ შედიოდა
- ↑ სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნსაცავებში, წ. I თარგმნა. ვ. ფურცელაძე თბ. 1961 გვ.48
- ↑ ფარსადან გორგიჯანიძე. ისტორია, "საისტორიო მოამბე" წ. II ტფ. 1925, გვ. 240
- ↑ გულქან ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში თბ. 1987, გვ. 40
- ↑ დონ პიეტრო ავატაბილე, წერილები საქართველოზე. იტალიურიდან თარგმნა... ბეჟან გირეგაძე,, თბ. 1997, გვ.27
- ↑ გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება. XVII საუკუნის 30-90-იან წლებში (წიგნში საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.IV თბ. 1972) გვ. 317 [მკვდარი ბმული]
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფო-საქართველოსა, "ქართლის ცხოვრება" ტ. IV. თბ. 1973 წ. 440
- ↑ ფარსადან გორგიჯანიძე. ისტორია, „საისტორიო მოამბე“, წ. II ტფ. 1925, გვ 241
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფო-საქართველოსა. "ქართლის ცხოვრება" ტ. IV. თბ. 1973.
- ↑ აბესალომ ტუღუში, ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბილისი, 1992. გვ 19
- ↑ ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა), გიული ალასანია. თბ. 1980 წ. გვ.109
- ↑ ჟან შარდენი, მოგზაურობა. ფრანგულიდან თარგმნა მზია მგალობლიშვილმა. თბ. 1975. გვ. 313
- ↑ ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა), გიული ალასანია. თბ. 1980 წ. გვ.109
- ↑ დ. ჟღენტი, ქართლის დედოფალ მარიამის როლი სახელმწიფოს გამგებლობაში. ჟ. "მაცნე" 1985. №1 გვ. 107–108
- ↑ წყალობის სიგელი
ლიტერატურა
რედაქტირება- აბესალომ ტუღუში, ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბ., 1992