ალექსანდრე II (კახეთის მეფე)

კახეთის მეფე (1574-1605)
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრე II (კახეთი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე II.

ალექსანდრე II (დ. 1527 — გ. 12 მარტი, 1605) — კახეთის მეფე 1574–1601, 1602–1605 წლებში. ლევან მეფის ძე.

ალექსანდრე II
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1574
მმართ. დასასრული: 1601
წინამორბედი: ლევანი
მემკვიდრე: დავით I
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1602
მმართ. დასასრული: 12 მარტი, 1605
წინამორბედი: დავით I
მემკვიდრე: კონსტანტინე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1527
დაბ. ადგილი: გრემი
გარდ. თარიღი: 1605
გარდ. ადგილი: ძეგამი
მეუღლე: თინათინ ამილახვარი,
თამარი[1]
შვილები: 1.ერეკლე
2.დავით I
3.გიორგი
4.კონსტანტინე I
5.როსტომი
6.ანა
7.ნესტან-დარეჯანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ლევანი
დედა: თინათინ გურიელი
ხელმოწერა:

მოღვაწეობა

რედაქტირება

ალექსანდრემ ლევან კახთა მეფის სიკვდილის შემდეგ ნახევარძმებთან — ელიმირზონ და ხოსრო მირზასთან, რომლებიც იყვნენ „ნაშობნი შამხალის ქალისანი“, ბრძოლით მოიპოვა კახეთის ტახტი. „იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სპანი მრავალნი და მოიკლნეს ელიმირზონ და ხოსრო მირზა ორივენი ძმანი“, — გვაუწყებს ბერი ეგნატაშვილი[2].

ალექსანდრე მეფეს არჩილი ახასიათებს, როგორც მოწყალეს, ღვთის მოშიშს, მტერთა მძლეველსა და ნადირობის მოტრფიალეს. იგი თეიმურაზის პირით გვამცნობს:

პაპა ჩემი ჯდა ხელმწიფედ კახეთს ღვთისგან წყალობით,

მშვიდი, მოწყალე, მდაბალი, რჯულზედ ერთობ მკრძალობით;

ქვრივთა, ობოლთა შემბრალე, არ იყო მათზედ ძალობით,

კვლავ მშვილდოსანი უსახო, ცხენ-მალე, მშვილდ-ფიცხელობით (211).

პაპის ჩემისა ქებასა ვერ ვიტყვი მე ერთხელადა,

ღვთის მოშიში და მორწმუნე, იგ არ თუ იყო ხელადა;

მტერთა მძლეველი, ძლიერი, ლომი მიაჩნდა მელადა,

მუდამ მას ჟინად ნადირ-სრვა აერო ერთობ ხელადა (212)[3].

ცნობილია, რომ XVI საუკუნის დამდეგიდან გაჩაღებული ირან-ოსმალეთის ომის მთავარ ასპარეზს ამიერკავკასია წარმოადგენდა. ალექსანდრე ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა ირანსა და ოსმალეთთან. ალექსანდრე მეფემ სცადა ოსმალეთი კახეთის პოლიტიკური გაძლიერების მიზნით გამოეყენებინა, ამიტომ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა იმ პირობით, თუ ხონთქარი ქართლს თბილისითურთ მისცემდა. ეს შეთანხმება არ მოხდა და ოსმალეთის დამპყრობლური ზრახვები საქართველოს მიმართ ალექსანდრესთვის აშკარა იყო, მაგრამ ალექსანდრე მეფემ ჭკვიანი პოლიტიკით იმას მიაღწია, რომ კახეთის შიგნით არ შემოუშვა ოსმალო დამპყრობელი, მხოლოდ მცირეოდენ ხარკს უხდიდა ხონთქარს ყოველწლიურად.

მის მეფობაში განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქალაქები (გრემი, ძეგამი). კახეთის სამეფოს ალექსანდრე II-ს დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან (კახეთიდან უცხოეთში გაჰქონდათ დიდძალი აბრეშუმი, ღვინო, ენდრო, კაკალი), ალექსანდრე II რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოღვაწეობდა. თავდაპირველად ირანის ვასალად აღიარებდა თავს, ხოლო 1578-იდან ოსმალეთის მოხარკე გახდა. ოსმალეთს არ აკმაყოფილებდა კახეთის ვასალური დამოკიდებულება და კახეთზე თავდასასხმელად აქეზებდა შამხლის ქვეშევრდომ მთიელებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყანას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ალექსანდრე II რუსეთთან კავშირში ხედავდა. 1587 გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს კავშირის შესახებ. 1589 ალექსანდრე II-მ რუსეთის მეფისაგან მიიღო მფარველობის ოფიციალური დადასტურება — "წყალობის სიგელი".

რუსეთ-კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირანის შაჰს აბას I-ს, მაგრამ იმხანად ოსმალეთთან ბრძოლაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მტრობას არ ამჟღავნებდა, თუმცა ფარულად კახეთზე გადამწყვეტ თავდასხმას ამზადებდა და ოსტატურად აღვივებდა ინტრიგას ალექსანდრე II-ის კარზე. 1601 ოქტომბერში ალექსანდრე II შვილმა, დავითმა, აიძულა ბერად აღკვეცილიყო და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1 წლის შემდეგ, 1602 წლის 2 ოქტომბერს, დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და ალექსანდრე II ტახტს დაუბრუნდა.

1603 ნოემბერში შაჰ-აბასი ერევნის ციხეს შემოადგა და ქართლ-კახეთის მეფეები დაიბარა. ალექსანდრე II დიდხანს ყოყმანობდა და მხოლოდ 1604 აპრილში ეახლა შაჰს, შაჰმა იგი უკან 1605 დააბრუნა, შირვანზე გალაშქრება დაავალა და ყიზილბაშთა ჯარით თან გამოაყოლა მისი გამაჰმადიანებული შვილი, შაჰის კარზე გაზრდილი კონსტანტინე-მირზა.

კახეთში ჩასულმა ალექსანდრე II-მ შეიტყო რუსეთის ჯარის შამხალზე სალაშქროდ წამოსვლა. რუსეთის ელჩები (მ. ტატიშვილი, ა. ივანოვი) ამ ლაშქრობაში კახეთის ჩაბმას მოითხოვდნენ. ამის გამო, მიუხედავად კონსტანტინე-მირზას დაჟინებული მოთხოვნისა, ალექსანდრე II შირვანზე გალაშქრებას არ ჩქარობდა. 1605 წლის 12 მარტს ქ. ძეგამში, მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს ყიზილბაშებმა კონსტანტინე-მირზას ბრძანებით დახოცეს ალექსანდრე II, გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისლები.

ურთიერთობა რუსეთთან

რედაქტირება

ოსმალეთის იმპერია და რუსეთი კავკასიაში უკვე XVI საუკუნის შუა წლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა ამავე საუკუნის ორმოციან წლებში. როდესაც ოსმალეთმა კავკასიაში გასაბატონებლად ჩრდილოეთ კავკასიის დაუფლებაც სცადა. ამ პერიოდში განახლდა რუსეთ-კახეთის ურთიერთობები.

ოსმალეთთან მეტოქეობაში რუსეთი იმიერ და ამიერ კავკასიაში მოკავშირეებს ეძებდა. რუსეთის წარმომადგენლებმა აღადგინეს კახეთთან ურთიერთობები რომლებიც 1570-იან წლებში გაწყდა.

1585 წელს რუსეთის მეფე თეოდორემ ალექსანდრე კახთა მეფეს თავისი ელჩის, დანილოვის ხელით სიგელი გამოუგზავნა. რუსეთის მეფე კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა კახეთს. მაშინდელ ვითარებაში ალექსანდრე II-ს ეს ყველაფერი საუკეთესოდ ეჩვენა. სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა ჩრდილო კავკასიელების თავდასხმები კახეთზე. ალექსანდრეს მიაჩნდა რომ რუსეთი ამ ყველაფრის მოგვარებაში დაეხმარებოდა. მეფემ დარბაისლებთან მოითათბირა და დანილოვს საპასუხო ელჩობა გააყოლა.

1586 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრეს ელჩები მეფე თეოდორეს წარუდგნენ. კახეთის მეფე რუსეთის მეფისგან მფარველობას ითხოვდა. ეს მფარველობა შემდგომში უნდა გამოხატულიყო. რუსეთს კახეთი ყველა მტრისგან უნდა დაეცვა, რუსეთს მდინარე თერგზე ციხესიმაგრეები უნდა აეგო და უნდა გაეხსნა კახეთისკენ მიმავალი გზა რომელიც დაღესტანზე გადიოდა. ალექსანდრე II-ის წინადადება რუსეთში ხელსაყრელად ეჩვენათ.

1587 წელს ალექსანდრე მეფემ თავისი შვილებით და დარბაისლებით ფიცი დადო რუსეთის მეფის ერთგულებაზე, 1589 წელს კი რუსეთის მეფემ მას წყალობის სიგელი გამოუგზავნა, სადაც დადასტურებული იყო როგორც „ხელდების“, ისე „მფარველის“ უფლება-მოვალეობანი.

რუსეთთან ასეთი დაახლოების გამო ალექსანდრე II-ს ურთიერთობები გაუფუჭდა ოსმალეთთან და ირანთან. ალექსანდრე რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვდა. რუსეთის ჯარმა დაღესტნის დამორჩილება ვერ შეძლო, შესაბამისად ვერ გაიხსნა თერგ-კახეთის გზა. 1604 წელს რუსეთის მეფემ საგანგებო რაზმი გამოგზავნა რომელსაც დაღესტანი უნდა დაეპყრო. რაზმმა მხოლოდ დაღესტნის ჩრდილოეთი ნაწილი დაიმორჩილა, ისიც დროებით. ამიერიდან რუსეთ-კახეთის ურთიერთობა კარგა ხნით შეწყდა.

ოჯახი და შვილები

რედაქტირება

ალექსანდრეს ცოლად ჰყავდა თავად ბარძიმ ამილახვარის ასული თინათინი.

ქალიშვილები

რედაქტირება

ალექსანდრე მეფე და მისი შვილები

რედაქტირება

როსტომი საფიქრებელია, ბავშვობაშივე გარდაიცვალა, რადგანაც იგი მოხსენიებულია ალექსანდრეს შვილებში 1579 წლის სიგელით, შემდეგ კი 1581 წელს გაცემულ სიგელში მისი ხსენება აღარ გვხვდება[4]. არც არჩილი და არც ვახუშტი მას არ ასახელებენ ალექსანდრეს შვილთა შორის.

ვახუშტის ცნობით, უფროსი ვაჟი ერეკლე თრიაყის სმას ყოფილა მიჩვეული, მამას გაქცევია და „წარვიდა წინაშე სულტნისა სტამბოლს“[5], სადაც მალე დაღუპულა. 1590 წელს ალექსანდრეს მისი გაქცეული შვილის სიკვდილის ამბავი მოუტანეს.

ბერი ეგნატაშვილის ცნობითაც „ერეკლე გაუარშივდა ალექსანდრეს და წარვიდა სტამბოლს“, მაგრამ როგორც ჩანს, ერეკლე საიდუმლო მძევალი იყო ოსმალეთის სულთნის კარზე, რადგან 1578 წლიდან ალექსანდრე ოსმალეთის ორიენტაციას ადგა. შემდეგ სპარსეთის შაჰმა მოახერხა ალექსანდრესა და ტყვეობიდან დაბრუნებული ქართლის მეფის სვიმონის შერიგება, ჯვარსა და სახარებაზე დაფიცება, რომ ერთმანეთს დაეხმარებოდნენ და სპარსელებთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. ეს შერიგება 1582 წელს მოხდა. ფაქტია, ოსმალეთის მიმხრობისათვის შაჰმა პასუხი მოსთხოვა ალექსანდრე მეფეს და კახთ ბატონი იძულებული შეიქნა შაჰის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა: იმ წლებში ხარჯის საფასურში, რომელიც ოსმალეთთან მიმხრობის გამო გადახდილი არ ჰქონდა, 3000 ერაყული შაჰური თუმანი გადაეხადა და მცირეწლოვანი კონსტანტინე ბატონიშვილი მძევლად მიეცა შაჰისათვის. ქართული წყაროების ცნობით, ირანის შაჰს „ბატონმან ალექსანდრე გაუგზავნა ძე მისი კონსტანტინე და მრავალი ძღვენი და თავის-მართლება შეუთვალა, რომე ძე ჩემი ერეკლე ჩემად უნებურად წავიდა სტამბოლსო“[6]. არჩილი წყევლა-კრულვას უთვლის იმ დღეს, როცა კონსტანტინე ირანს გაიგზავნა, და ადასტურებს ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობას, რომ ერეკლე მამის უნებურად წავიდა სტამბოლს:

იგიმც დღე დაიწყევლება, როს მამამ მისცა ყაენსა,

იგ მან ეშმაკმა გაზარდა, მით დაამსგავსა კაენსა.

ბოლოს გიამბობ თუ ღვთისას საქმეს იქს როგორ საწყენსა,

მთქმელთა და გამგონთ ორთავე სანაღვლოს ცრემლთა სადენსა (215).


ერეკლე სტამბოლს წავიდა, მამას შემოსწყრა თუ ძმასა,

დიაღ ეწყინა მეფესა, დიდსა ჩავარდა ჭმუნვასა,

თეთრს წვერს იგლეჯდა, გაჰყრიდა, იტყოდა სოფლის მდურვასა,

დედოფალს ვინ შეჰკადრებდა ამბავსა მის საკრულავსა! (216)

ისტორიული წყაროები დავითს ახასიათებენ, როგორც კაცს კადნიერს, მრისხანესა და ამაყს. ხოლო, ბერი ეგნატაშვილის ცნობით, გიორგი იყო „კაცი შვენიერი ხილვითა და კეკლუცი და ყმათათვის კეთილი და უხვი“[7]. იმავეს იმეორებს ვახუშტი: „შვენიერ ჰაეროვანი, უხვი, მშვიდი და ტკბილი ყმათათვის“.

ალექსანდრეს ასული ნესტან-დარეჯანი გათხოვილი იყო მანუჩარ დადიანზე. მას შაჰ-აბასიც სთხოვდა კახეთის მეფეს, მაგრამ ალექსანდრემ დადიანს მიათხოვა და შაჰს ბოდიში მოუხადა, ადრე იყო დანიშნულიო. ნესტან-დარეჯანის ვაჟს - ლევანს ალექსანდრე ზრდიდა.

ალექსანდრეს შვილებში გიორგი რუსული ორიენტაციის ყოფილა, ხოლო შაჰ-აბასი იმედს დავით ბატონიშვილზე ამყარებდა, რომელიც იყო კახეთის ტახტის მემკვიდრე. 1601 წელს ავადმყოფ მამას დავითმა სამეფო ნიშნების გამოგზავნა მოსთხოვა. ალექსანდრემ შვილს სამეფო დროშა, გვირგვინი, სარტყელი და ხმალი გაუგზავნა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XV-XVIIსაუკუნეთა მიჯნაზე“, მის წგნ.:საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ.: 4, თბ., 1967;
  • 'ჯავახიშვილი ივ., „ქართველი ერის ისტორია“, წგნ.: 4 თბ., 1967;
  • ასათიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 292.
  • 'ს.ჯანაშია და ნ.ბერძენიშვილი, „საქართველოს ისტორია“, წგნ. 2, თბ., გამომცემლობა „მეცნიერება“;
  • მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979
  1. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. I, თბ., 1991, გვ. 221
  2. ქართლის ცხოვრება, II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959, გვ. 369
  3. არჩილი, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, ტ. I, თბ., 1937
  4. ქრონიკები, II, გვ. 420
  5. ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, 1973, გვ. 576
  6. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 371
  7. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 381
წინამორბედი:
ლევანი
კახეთის მეფე
1574 - 1605
შემდეგი:
დავით I