ოძრხე

(გადამისამართდა გვერდიდან ოცხე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოძრხე (მრავალმნიშვნელოვანი).

ოძრხე, ოძრახე — ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი), დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოცხისწყლის მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას.

„ცხოვრება ქართუელთა მეფეთას“ („ქართლის ცხოვრება“) თანახმად, ოძრხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ყოფილა. დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს, ოძრხოსს. მეფე ფარნავაზის დროიდან (ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) სამცხისა და აჭარის ერისთავის რეზიდენცია იყო. მეფე ვახტანგ გორგასლის (V საუკუნე) სიკვდილის შემდეგ — სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენცია. VIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ოძრხეს უკვე აღარ ჰქონდა ადრინდელი მნიშვნელობა. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV-მ გავლენიან ფეოდალს — სულა კალმახელს უბოძა. 1191 წელს თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულმა ფეოდალებმა გადაწვეს. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა; იყო ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის, ახალციხის ლივის, ერთ-ერთი ნაჰიეს ცენტრი, შემდგომში — მცირე დაბა. უფრო გვიან გაუკაცრიელდა. ციხის სიგრძეა დაახლოებით 50 მ, სიგანე 15 მ. აქვს 2 მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი. მდინარე ოძრხისწყლის ქვემოთ კარგი სამიწათმოქმედო რაიონია, რომელიც ადრიდანვე იყო ათვისებული. აქ რამდენიმე ნამოსახლარი გორაა, რომელთაგან ერთს ზადენ-გორა ჰქვია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ. 1, თბ., 1968