გიგანტური აბედა (ლათ. Meripilus giganteus) — სოკოს სახეობა მერიპილუსის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას.

გიგანტური აბედა

გიგანტური აბედა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აბედასნაირნი
ოჯახი:  მერიპილუსისებრნი
გვარი:  მერიპილუსი
სახეობა:  გიგანტური აბედა
ლათინური სახელი
Meripilus giganteus (Pers.) Karst. (1882)

საჭმელი სოკოა. გამოიყენება მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები, როგორც შემწვარი, ისე მოხარშული. პარაზიტი სოკოა. იზრდება ფოთლოვან, უპირატესად მუხასა და წიფელზე, იშვიათად წიწვოვან ხეებზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შეიძლება აერიოს საჭმელად ვარგის სოკოებში როგორებიცაა „ფოთლოვანი აბედა და ძერანა.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1794 წელს როგორც Boletus giganteus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ფინელმა მიკოლოგმა პიტერ ადოლფ კარსტენმა 1882 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus multiplex Dill. (1719)
  • Boletus giganteus Pers. (1794)
  • Polyporus giganteus (Pers.) Fr. (1815)
  • Merisma giganteum (Pers.) Gillet (1878)
  • Cladomeris giganteus (Pers.) Quél. (1886)
  • Grifola lentifrondosa Murrill (1904)
  • Polyporus lentifrondosus (Murrill) Murrill (1912)
  • Polypilus giganteus (Pers.) Donk (1933)
  • Grifola gigantea (Pers.) Pilát (1934)

ნაყოფსხეული დიდი ზომისაა, დიამეტრი 50-150-სმ-მდე აღწევს, სიმაღლე 50-90 სმ, ხოლო წონა 70 კგ-მდე. ნაყოფსხეული შედგება ძირში ერთმანეთთან შეზრდილი მარაოსებრი ქუდებისგან, რომელთა დიამეტრი 10-50 სმ-ს, ხოლო სისქე 1-3 სმ-ს აღწევს. ზედაპირი დაფარულია სხვადასხვა ზომის რადიალური ზონებით. გლუვია, ხავერდოვანი და ტალღოვანკიდიანი. ფერი — ჩალისფრიდან მუქყავისფრამდე.

ჰიმენოფორი — მილებიანი, წვრილფორიანი, მჭიდროდ განლაგებული, 3-5 მილაკი ერთ მილიმეტრზე, რომელთა შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია. კრემისფერია, ხელის დაჭერისას მუქდება.

რბილობი — ხორცოვანი და თეთრი. გადატეხვისას ჯერ წითლდება და შემდეგ თანდათან მუქდება. მოგვიანებით უხეში და მაგარია. განსაკუთრებული სუნის გარეშე.

სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — ელიფსური, გლუვი, ერთი ცხიმოვანი წვეთით. 5—6.5x4.5—6 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან სახეობებზე და მის ფესვებზე. მონოგრაფიის „ევროპის პოლიპორისნაირნი“ ავტორებზე, ლეიფ რაივარდენსა და რობერტ ლ. ჯილბერტსონზე დაყრდნობით, გიგანტური აბედა უპირატესად იზრდება მუხასა და წიფელზე. აგრეთვე — ნეკერჩხალი, წაბლი, ცხენის წაბლა, მურყანი, არყი, აკაკი, თხილი, ევკალიპტი, დაფნა, ცვილიანა, ჭადარი, ვერხვი, ქლიავი, მსხალი, ცაცხვი, თელა და სხვა.[3]

გიგანტურ აბედას აქვს ცირკუმბორეალური გავრცელება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ფართოდ არის გავრცელებული მთელს ევროპაში, გვხვდება საქართველოშიც. გავრეცელების არეალი მოიცავს აგრეთვე აზიას, კერძოდ ირანსა და თურქეთს.[4] ბევრ სახელმძღვანელოში შეცდომით არის მითითებული ის ფაქტი, თითქოს გიგანტური აბედა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, რაც გამოწვეულია ადგილობრივ მონათესავე სახეობასთან Meripilus sumstinei მსგავსებით. გიგანტური აბედა ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი არ არის.[5][6]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გამოყენება

რედაქტირება

წარსულში გიგიანტური აბედა უხეში რბილობისა და მომჟავო გემოს გამო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნეოდა.[7] თუმცა უფრო თანამედროვე წყაროებში იგი საჭმელ სოკოდ არის მოხსენიებული.[8][9] საკვებად რეკომენდებულია ახალგაზრდა ეგზემპლარები, რადგან მოგვიანებით მისი რბილობი მაგრდება. მგრძნობიარე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა.[10] გიგანტური აბედა მეტად წააგავს სახეობებს, Grifola frondosa-ს,[3] Cerioporus squamosus-სა და Meripilus sumstinei-ს. ეს უკანასკნელი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022, ISBN 978-9941-8-4547-5.
  • Schmidt O. (2006). Wood and Tree Fungi: Biology, Damage, Protection, and Use. Berlin: Springer. ISBN 978-3-540-32138-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. C. H. Persoon: „Neuer Versuch einer systematischen Eintheilung der Schwämme”, în: „Neues Magazin für die Botanik”, vol. 1, Editura Ziegler, Zürich 1794, p. 108
  2. P. A. Karsten: „Rysslands, Finlands och den Skandinaviska halföns hattsvampar” în: „Bidrag till kännedom af Finlands Natur och Folk”, vol. 37, Editura Finska Litteratur-Sällskapets, Helsingfors 1882, p. 33
  3. 3.0 3.1 Ryvarden L. (1993). European Polypores (Part 2). Oslo, Norway: Lubrecht & Cramer Ltd. pp. 395–97. ISBN 978-82-90724-12-7.
  4. Niemela T, Uotila P. "Lignicolous macrofungi from Turkey and Iran." (1977). Karstenia 17(1): 33–9.
  5. Missouri Mycological Society Voucher Specimens: Meripilus giganteus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-23. ციტირების თარიღი: 2008-11-09
  6. Larsen, Michael J; Lombard, Frances F (1988). „The Status of Meripilus giganteus (Aphyllophorales, Polyporaceae) in North America“. Mycologia. 80 (5): 612–21. doi:10.2307/3807709. JSTOR 3807709.
  7. Bondartsev AS. (1953). The Polyporaceae of the European USSR and Caucasia. Akad. Nauk SSSR Bot. Inst. Komarova. [In Russian, translated by Israel Prog. Sci. Transl.] Jerusalem, 1971. 725 pp.
  8. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. pp. 300–1. ISBN 978-1-55407-651-2.
  9. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuides. p. 421. ISBN 978-0-7627-3109-1.
  10. Meripilus giganteus (Pers.) P. Karst. - Giant Polypore. „First Nature“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2024.