ბოსტნეული კულტურები
ბოსტნეული კულტურები — ბალახოვანი მცენარეები, რომლებსაც საჭმელად იყენებენ. ბოსტნეული კულტურები განეკუთვნება 10 ოჯახს:
- ჯვაროსანნი — კომბოსტო, ჭარხალი, თალგამურა (მიწამხალა), თალგამი, ბოლოკი, თვის ბოლოკი, პირშუშხა, წიწმატი;
- ქოლგოსანნი — სტაფილო, ოხრახუში, ძირთეთრა, ნიახური, ცერეცო;
- გოგრისებრნი — გოგრა, კიტრი, ნესვი, საზამთრო;
- ძაღლყურძენასებრნი — პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ფიზალისი;
- პარკოსნები — ცერცვი, ბარდა, ლობიო;
- შროშანასებრნი — ხახვი, ნიორი, პრასი, ჭლიკვი, ღანძილი, სატაცური;
- რთულყვავილოვანნი — სალათა, არდი, ძირშავა, არტიშოკი, ტარხუნა;
- ჯიჯლაყასებრნი — ჭარხალი, ისპანახი;
- მატიტელასებრნი — რევანდი, მჟაუნა;
- მარცვლოვანნი — ტკბილი სიმინდი.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ ერთწლოვან, ორწლოვან და მრავალწლოვან ბოსტნეული კულტურებს. საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბოსტნეული კულტურები იყოფა 4 ჯგუფად: ფოთლიანები — კომბოსტო, კამა, ოხრახუში, სალათა, ისპანახი და სხვა; ნაყოფიანები — კიტრი, ნესვი, საზამთრო, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, სიმინდი და სხვა; ძირხვენები — თალგამურა, ბოლოკი, თვის ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა; ბოლქვიანნი — ხახვი, პრასა, ნიორი. მრავალწლოვანებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად. ბოსტნეული კულტურები შეიცავს ვიტამინებს, აგრეთვე ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ხახვში, ნიორში, ბოლოკსა და სხვა შემავალ ფიტონციდებს ახასიათებთ ბაქტერიციდული თვისებები. თითქმის ყველა ბოსტნეული ძვირფასი საკონსერვო ნედლეულია. ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობისაა, ბევრი მათგანი სითბოს მოყვარულია და მოითხოვს ნაყოფიერსა და ტენიან ნიადაგს. საქართველოში ბოსტნეული კულტურები ძველთაგანვე ფართოდაა გავრცელებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 482—483.
- Munro, Derek B., Small, E. 1997 Vegetables of Canada. დაარქივებული 2007-12-25 საიტზე Wayback Machine. NRC Research Press, Ottawa ISBN 978-0-660-19503-2