კამა

(გადამისამართდა გვერდიდან კამა (მცენარე))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კამა (მრავალმნიშვნელოვანი).

კამა (ლათ. Anethum graveolens) — მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. თავის გვარში ერთადერთი სახეობა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, Anethum-ის გვარში 4 სახეობა შედის.[1][2]

კამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  Anethum
სახეობა:  კამა
ლათინური სახელი
Anethum graveolens L., 1753

ველურად გავრცელებულია მცირე აზიაში, ირანში, ჩრდილოეთ ინდოეთსა და ეგვიპტეში. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი ხალხებისათვის, როგორც სამკურნალო და სანელებელი მცენარე. სანელებელ მცენარედ გავრცელდა კულტურაში, შემდეგ კი როგორც გაველურებული და სარეველა — თითქმის მთელ დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. კულტივირებული და გაველურებულია კავკასიაშიც.[3] სიცივის ამტანი, სითბოსა და სინათლის მოყვარულია.[2]

ერთწლოვანი მცენარეა. ღერო ჩვეულებრივ მარტოული, მცირედ დატოტვილი, სიმაღლით 100–150 სმ-ია. ფოთლები ძაფისებრ სეგმენტებად სამ- ან ოთხმაგად ფრთისერგანკვეთილია. მცირე ზომის ყვითელი ყვავილები შეკრებილია ყვავილედში — რთულ ქოლგაში. ნაყოფი ორ ცალთესლიან ნაწილად იშლება, რომლებსაც გვერდებზე ფრთები აქვს.[3]

მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ეთეროვან ზეთს და სპეციფიკური სუნი აქვს. ბალახში მისი შემცველობა 1,5%-ია, ნაყოფში — 2,8–4%. ეთეროვანი ზეთის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მცენარის სუნს განაპირობებს, არის კარვონი, რომლის შემცველობა ნაყოფის ზეთში 60%-მდეა, ბალახში — 16%-მდე. კარვონის გარდა ნაყოფის ზეთში შედის დილაპიოლი (30%), ფელანდრენი და სხვა ნივთიერებები. ბალახში შედის აგრეთვე ფლავონოიდები, კვერცეტინი, კემპფეროლი, იზორამნეტინი, ფურანოქრომონები და კუმარინები, ნაყოფში — ცხიმოვანი ზეთი (20%-მდე). ამას გარდა ნაყოფი შეიცავს ფენოლკარბონის მჟავებს: ფერულმჟავას, ქლოროგენმჟავას, კოფეინმჟავას.[3]

ახალგაზრდა ფოთლებსა და ყლორტებს იყენებენ კერძებში (ნედლს ან გამხმარს),[2] როგორც საკაზმ-სანელებელს და ეთერზეთოვან მცენარეს,[4] აგრეთვე მწნილეულის დასამზადებლად (უკვე შემოსულს). კამა შეიცავს A პროვიტამინს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და სხვა.[4] თესლისგან მიღებული ეთეროვანი ზეთი მრეწველობის მრავალ დარგში გამოიყენება.[2]

ხალხურ მედიცინაში ნაყოფის ფხვნილი და მისი ნაყენი გამოიყენება როგორც აირმდენი, ამოსახველებელი და შარდმდენი საშუალება; ნაყოფის ნახარში — ძუძუთი მკვებავ დედებში ლაქტაციის გასაძლიერებლად, უძილობისას — როგორც დამამშვიდებელი, აგრეთვე ხველის დროს და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ბალახის ნაყენს იყენებენ ჰიპერტონიის დროს, განსაკუთრებით საწყის სტადიებზე.[3]

ითესება ადრეულად, თესლს აპნევენ ან რიგებში თესენ. ღია გრუნტში მწვანე მასის მოსავლიანობა 1–2 კგ/მ²-ია, დახურულში — 2–3 კგ/მ².[2]

  1. Simpson, Michael G. (1 იანვარი, 2010). „8 - Diversity and Classification of Flowering Plants: Eudicots“. Plant Systematics (Second Edition): 275–448. doi:10.1016/B978-0-12-374380-0.50008-7. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Куленкамп А. Ю. Укроп // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 765.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Гаммерман А. Ф., Кадаев Г. Н., Яценко-Хмелевский А. А. Лекарственные растения (Растения-целители) : Справочник. — 3-е изд., перераб. и доп. — М.: «Высшая школа», 1984. — стр. 338–339, 400 c., 150 000 экз.
  4. 4.0 4.1 კამა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 342.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კამა&oldid=4533763“-დან