ამერიკის სამოა
ამერიკის (აღმოსავლეთი) სამოა (ინგლ. American Samoa) — ამერიკის კუნძულოვანი ტერიტორია წყნარ ოკეანეში. მთავარი კუნძულია ტუტუილა, რომელიც შედის სამოას არქიპელაგის შემადგენლობაში. მას აქვს არაინკორპორირებული და არაორგანიზებული ტერიტორიის სტატუსი აშშ-ის შემადგენლობაში (ინგლ. unincorporated and unorganized territory). ოფიციალური ენებია — ინგლისური და სამოური. ქვეყნის მოსახლეობა — 55 519 ადამიანი[1] (2010 წ.). ფართობი — 199 კმ². დედაქალაქია პაგო-პაგო.
ამერიკის სამოა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: ამერიკის სამოას ჰიმნი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პაგო-პაგო 14°17′ ს. გ. 170°42′ დ. გ. / 14.283° ს. გ. 170.700° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, სამოური | |||||
მთავრობა | ამერიკის ტერიტორია | |||||
- | პრეზიდენტი | ბარაკ ობამა | ||||
- | გუბერნატორი | ლოლო ლეტალუ მატალასი მოლიგა | ||||
- | ვიცე-გუბერნატორი | ლემანუ პელეტი მაუგა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 199 კმ2 (212) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 55 519 (196) | ||||
- | სიმჭიდროვე | 277 კაცი/კმ2 | ||||
ვალუტა | ამერიკული დოლარი (USD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-11 | |||||
Internet TLD | .as | |||||
სატელეფონო კოდი | +1 684 |
ტერიტორიას აქვს საზღვაო საზღვარი დასავლეთით სამოასთან, სამხრეთ-დასავლეთით – ტონგასთან, ჩრდილოეთით – ტოკელაუსთან, აღმოსავლეთით კუკის კუნძულებთან, სამხრეთით კი ნიუესთან.
გეოგრაფია
რედაქტირებატერიტორია, რომლის იურისდიქციაშიც შედის 7 სამოას არქიპელაგის აღმოსავლეთი კუნძული, მდებარეობს სამხრეთის განედის 14° და ჩრდილოეთის გრძედის 170°-ზე, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, პოლინეზიის სამხრეთით, ავსტრალიის აღმოსავლეთით და ახალი ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
კუნძულები | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2010) | |
---|---|---|---|
მანუას კუნძულები | |||
ტაუ | 44,31 | 790 | |
ოფუ | 7,215 | 176 | |
ოლოსეგა | 5,163 | 177 | |
ტუტუილას კუნძულები | |||
ტუტუილა | 140,30 | 53 943 | |
აუნუუ | 1,517 | 416 | |
როზე (ატოლი) | |||
როზე | 0,214 | — | |
სუეინსი (კუნძული) | |||
სუეინსი | 1,865 | 17 | |
სულ | 200,584 | 55 519 |
მთლიანი ტერიტორიის ფართობიდან — 200,584 კმ², ხმელეთის ფართობი შეადგენს 199 კმ²-ს.
კუნძული ტუტუილა და მანუას კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, რელიეფით მთიანია, მინდორი კი დაფარულია ხშირი, ცვალებადად ნესტიანი მარადმწვანე ტროპიკული ტყეებით. კუნძულები როზე და სუეინსი — მარჯნის ატოლებია. სასარგებლო წიაღისეულიდან არსებობს პემზის მარაგები.
კლიმატი ტროპიკულია, შერბილებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატებით. წლის საშუალო ტემპერატურაა +26 °C, ივლისის ტემპერატურაა +24 °C, დეკემბრის +32 °C. ნალექები — 3000—4000 მმ წელიწადში. წვიმების სეზონია ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, რომლის დროსაც, განსაკუთრებით ნოემბერში, განსაკუთრებით ხშირია ქარიშხლები. მშრალი («ზამთრის») სეზონია — აპრილი-ოქტომბერი.
კუნძულებზე იგრძნობა მტკნარი წყლის დეფიციტი. ნიადაგი უპირატესად ვულკანური წარმოშობისაა, კუნძულების ცენტრალურ ნაწილში — ქვიანია, სანაპიროს გასწვრივ — სოფლის მეურნეობისათვის ვარგისია. ამერიკის სამოას ეროვნული პარკი შექმნილია ცხოველებისა და მწვანე საფარის დასაცავად.
ისტორია
რედაქტირებაისტორია ევროპელთა ჩამოსვლამდე
რედაქტირებაპირველი ადამიანების ჩასახლება ამერიკული სამოას კუნძულებზე მიახლოებით 2000 ძვ.წ. დაიწყო. პირველი დასახლებები მათ შორის ტო’აგა ონ ოფუ და აოა ონ ტუტუილა სანაპიროს ზოლზე იყო განლაგებული და ტრადიციული პოლინეზიური თიხის ნაკეთობებით და სტილით გამოირჩევიან.[2]
დაახლოებით 1000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სავარაუდოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ხალხთა მიგრაციის დროს, გადმოსახლებულთა შემდეგმა ტალღამ განდევნა იქ უკვე დასახლებული ხალხი, რომლებიც გაიფანტნენ სამოადან აღმოსავლეთით მდებარე კუნძულებზე. ალბათ ამას უკავშირდება სამოური ლეგენდები სამოას კუნძულებზე, როგორც პოლინეზიელების აკვანზე და კუნძულოვან მანუას იმპერიის განსაკუთრებულ როლზე პოლინეზიაში ევროპელების მოსვლამდე.
მესამე გამოკვეთილი პებრიოდი 300-1000 ახ.წ-ით შემოიფარგლება. ყველაზე აღსანიშნავი ცვლილება აღინიშნება თიხის ნაკეთობებიდან ქვის ქანდაკებებზე და იარაღებზე გადასვლაში (პერიოდის დამახასიათებელი ქვის იარაღი - აძე). მხოლოდ ტუტუილას კუნძულზე უკვე 4-6 ქვის კარიერია აღმოჩენილი და ექსპულატაცია XVIII-XIX საუკუნეებამდე მიმდინარეობდა, ევროპელების ჩამოსვლამდე.
ქვის იარაღებზე გადასვლამ გამოიწვია პირველი ტერიტორიული კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობას და კუნძულებს შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში (1000-1700 ახ.წ.) პირველად აშენდა ქვის კედლები და დამცავი შენობა-ნაგებობები ყველა კუნძულის სანაპიროზე, თუმცა მოსახლეობა მშვიდობიანობის პერიოდში მაინც თავდაპირველ საცხოვრებლებში, სოფლებში რჩებოდა რომლების უმეტესობაც დღემდე დასახლებულია.[2]
ისტორია აღმოჩენიდან დღემდე
რედაქტირება1722 წელს სამოას კუნძულები აღმოაჩინა ნიდერლანდელმა იაკობ როგევენმა.
1768 წელს კუნძულებზე ფრანგების ექსპედიციამ ეკიპაჟის 12 კაცი იმსხვერპლა.
პირველი დასახლებები, ვაჭრობა და მისიონერული მისიები კუნძულზე 1830 წელს ბრიტანელი მისიონერის, ჯონ ვილიამსის მოძრაობით დაიწყო.
1878 წელს აშშ-ს ხელისუფლებამ დადო ხელშეკრულება სამოას სამეფოსთან სავაჭრო პრივილეგიაზე და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში არსებული ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელსაყრელი ყურის — პაგო-პაგოს ფლოტის სადგომად გამოყენების უფლებაზე. 1899 წელს აშშ-ს, გერმანიის იმპერიასა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული კონფლიქტის დროს, სამოა გაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად — შესაბამისად გერმანიისა და აშშ-ს ინტერესთა გავლენის სფეროების მიხედვით.
1900 წელს აშშ-ს გადაეცა კუნძულები ტუტუილა და აუნუუ, 1904 წელს — მანუას კუნძულები, ხოლო 1925 წელს ანექსირებული იქნა კუნძული სუეინსი. გერმანიის სამოა (დასავლეთ სამოა) 1920 წელს ახალ ზელანდიის მმართველობის ქვეშ გადავიდა, რომელიც 1962 წელს გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1948 წელს შემოტანილი იქნა თვითმმართველობის ელემენტები. 1951 წლამდე აღმოსავლეთი სამოა იმართებოდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ. პაგო-პაგოში სამხედრო-საზღვაო ბაზების დაკეტვის შემდეგ ტერიტორიის მართვა გადაეცა შინაგან საქმეთა დეპარტამენტს, რომელიც ნიშნავს გუბერნატორებს ამერიკის სამოაში.
ბოლო ათწლეულებში კუნძულები ტურისტულ ღირშესანიშნაობად ჩამოყალიბდნენ და მეთევზეობის და კონსერვების ქარხნების ინდუსტრიის ძირითადი ნაწილი უკავიათ.
1960 წელს მიღებულ იქნა ტერიტორიის პირველი კონსტიტუცია. 1977 წელს გაიმართა გუბერნატორის პირველი არჩევნები. ძირითადი პოლიტიკური პარტიებია — დემოკრატიული და რესპუბლიკური.
სახელმწიფო მოწყობა
რედაქტირებაამერიკის სამოა არაინკორპორირებული და არაორგანიზებული ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიაა აშშ-ის შემადგენლობაში (ინგლ. unorganized and unincorporated territory) შინაგან საქმეთა დეპარტამენტის კუნძულების საქნეთა განყოფილების უწყებაში (ინგლ. Department of Insular Affairs). აშშ-ის პრეზიდენტი ტერიტორიაზე აღჭურვილია სუვერენიტეტის უფლებით, ასევე არის ადგილობრივი კონსტიტუციის გარანტი. აშშ-ის მთავრობა ახდენს ამერიკის სამოას დაცვა. ამერიკის სამოას მოსახლეობა მონაწილეობს პრაიმერიზი აშშ-ს რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებში, მაგრამ არ მონაწილეობს აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში. კუნძულებზე აღმასრულებელ ხელისუფლებას 4 წლის ვადით არჩეული გუბერნატორი ფლობს (2013 წლიდან ლოლო ლეტალუ მატალასი მოლიგა), საკანონმდებლო — ორპალატიან ლეგისლატურას (ფონო). ზედა პალატაშია — 18 წევრი, რომელთაც ირჩევენ კლანის ბელადებისაგან (მატაი), ქვედა პალატაში — 20 არჩეული დეპუტატი და ერთი წარმომადგენელი კუნძულ სუეინსიდან ხმის უფლების გარეშე. დელეგატი ამერიკის სამოადან ხმის უფლების გარეშე წარდგენილია აშშ-ის კონგრესის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. ამერიკის სამოას მოსახლეობა ითვლება ამერიკელებად სახელმწიფო კუთვნილების მხრივ (ინგლ. nationality), მაგრამ არ ითვლებიან აშშ-ის მოქალაქეებად. ამერიკის სამოას დიპლომატიური ურთიერთობები ამერიკის ხელისუფლების სფეროა.
ცნობილი კონგრესმენები
რედაქტირება- ენი ფალეომავაეგა — აშშ-ის კონგრესის დელეგატი ხმის უფლების გარეშე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ამერიკის სამოას საარჩევნო ოლქიდან კონგრესის არჩევნებში ფართო უფლებამოსილებით (1988 წლიდან).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაამერიკის სამოა ადმინისტრაციულად დაყოფილია სამ ოლქად (ინგლ. district) და ორ «არაორგანიზებულ» ატოლად. ოლქები, თავის მხრივ, იყოფა 14 საგრაფოდ (ინგლ. county). საგრაფოები კი დაყოფილია 74 რაიონად (ინგლ. village).
ოლქები
რედაქტირება№ | ოლქების დასახელება | კუნძულები | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[1] ად. (2010) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | აღმოსავლეთის ოლქი | აუნუუ, ტუტუილა (ნაწილი) | 67,027 | 23 030 | 343,59 |
2 | დასავლეთის ოლქი | ტუტუილა (ნაწილი) | 74,781 | 31 329 | 418,94 |
3 | მანუა | ოფუ-ოლოსეგა, ტაუ | 56,697 | 1143 | 20,16 |
4 | როზე (არაორგანიზებული) | როზე | 0,214 | დაუსახლებელი | — |
5 | სუეინსი (არაორგანიზებული) | სუეინსი | 1,865 | 17 | 9,12 |
სულ | 200,584 | 55 519 | 276,79 |
საგრაფოები
რედაქტირებამოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის რაოდენობა: 1980 წელს — 32 297 ადამიანი, 1990 წელს — 46 773 ადამიანი, 2000 წელს — 57 291 ადამიანი. ხოლო 2010 წელს — 55 519 ადამიანი, აქედან: კაცები — 28 164, ქალები — 27 355. შეფარდება: 103,0 კაცი 100 ქალზე.[1]. მოსახლეობის სიმჭიდროვე 276,79 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე (2010 წელს).
ასაკობრივი სტრუქტურა 2010 წლისათვის: 14 წლამდე — 35,0 % (19 425 ადამიანი, აქედან: კაცები — 10 101; ქალები — 9324); 15-დან 64 წლამდე — 60,9 % (33 827 ადამიანი, აქედან: კაცები — 16 970; ქალები — 16 857); 65 წელზე უფროსი — 4,1 % (2267 ადამიანი, აქედან: კაცები — 1093; ქალები — 1174)[1].
განვითარებადი ქვეყნებისადმი დამახასიათებელი კვლავწარმოების სტრუქტურა, მნიშვნელოვან მიგრაციულ კლებასთან ერთად: ბუნებრივი ზრდა — 19,2 % (შობადობა — 23,3 %, სიკვდილიანობა — 4,1 %), მიგრაციული კლება — 0,7 %, საერთო ზრდა — 1,2 % (2009 წელს). დაახლოებით 85 000 სამოელი ცხოვრობს აშშ-ს სხვადასხვა შტატებში და ჰავაიში. მოსახლეობის საშუალო ასაკი — 23,1 წელი. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 73,7 წელი (კაცები — 71 წელი, ქალები — 77 წელი). ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულია კუნძული ტუტუილა, განსაკუთრებით მისი სამხრეთ-დასავლეთი დაბლობი ნაწილი (440 ადამიანი ერთ კმ²-ზე).
ეთნიკური შემადგენლობა: სამოელები — 89 %, ტონგელები — 4 %, ევროპელები და ამერიკელები — 2 %, სხვები — 5 % (2000 წელი).
ოფიციალური ენებია — ინგლისური და სამოური (ერთ-ერთი ყველაზე უფრო არქაული პოლინეზიური ენა). მოსახლეობის უმრავლესობა ორენოვანია.
აღმსარებელთა 50 %-ზე მეტი — პროტესტანტია-(კონგრეგაციონალისტები), 30 % — სხვა პროტესტანტული დენომინაციის წარმომადგენლები: (მეთოდისტები, ორმოცდაათიანელები და სხვა.), მოქმედებს მეშვიდე დღის ადვენტისტთა ქრისტიანული ეკლესიების საბჭო. 20 % — კათოლიკები. შენარჩუნებულია ზოგიერთი წარმართული რიტუალები. კუნძულებზე მოქმედებს კათოლიკური და ანგლიკანური საეკლესიო-ადმინისტრაციული სტრუქტურები.
ეკონომიურად აქტიური მოსახლეობა — 30,8 %, უმუშევრობის დონე — 5,2 % (2000 წელი). მოსახლეობა დაკავებულია წარმოებაში (ძირითადად თევზის გადამამუშავებელი და თევზის დასაკონსერვებელი საწარმოები, რომლებშიც კონცენტრირებულია ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 1/3) და მომსახურების სფერო (სადაც მნიშვნელოვნად გამოირჩევა სახელმწიფო სექტორში მომუშავენი — ასევე ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 1/3). 1995 წელს შეიმჩნეოდა დასაქმების შემდეგი სტრუქტურა: სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და სატყეო მეურნეობა — 2,3 %, წარმოება და მშენებლობა — 36,1 %, მომსახურების სფერო — 61,6 %, მათ შორის სოციალური მომსახურება — 21,3 %, სახელმწიფო მართვის სტრუქტურები — 17,2 % (სულ სახელმწიფო სექტორი — 38,5 %).
შეიარაღებული ძალები
რედაქტირებაამერიკის სამოას თავდაცვა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოვალეობაა.
ეკონომიკა
რედაქტირებაამერიკის სამოას მთლიანი შიდა პროდუქტი-ის (მშპ) მოცულობა — 0,5 მილიარდი ამერიკული დოლარი. (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (მუპ), 2000 წელი). ფულადი ერთეული — ამერიკული დოლარი. მომსახურების სფეროში — სახელმწიფო მმართველობის და სამომსახურეო სფეროს მნიშვნელოვანი წილი, ტურიზმი განვითარებულია არასათანადოდ. სამი ბანკი და ამდენივე არასაბანკო ფინანსური დაწესებულება. წარმოების ძირითადი დარგია — თევზის მრეწველობა (თინუსის გადამუშავება (მისი ძირითადი მომწოდებლები არიან ამერიკელი, სამხრეთ კორეელი და ტაივანელი მეთევზეები) და მისი დაკონსერვება; მსხვილ კომპანიებში გადამუშავება და დაკონსერვება ერთდროულად ტარდება). განვითარებულია ხელსაქმეობა. მცირე მასშტაბებში მიმდინარეობს პემზის მოპოვება. მოჰყავთ ანანასი, ბანანი, ქოქოსის პალმა (ნედლეული კოპრას წარმოებისათვის), ბოსტნეული კულტურები, ნესვის ხე, პურის ხე. მიწის 90 %-ზე მეტი თემურ სარგებლობაშია. დამუშავებულია მიწის — 5 %, დროებით დათესილია მიწის — 10 %. ავტოგზები — 150 კმ, 200 კმ — მეორეხარისხოვანი გზები. საზღვაო კავშირებია აშშ-ს, იაპონიის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის პორტებთან. მუშაობს ტაფუნას საერთაშორისო აეროპორტი (პაგო-პაგოდან 11 კმ-ში). მოქმედებს 15 000 სატელეფონო ხაზი (2001 წელი) და თანამგზავრული კავშირის სადგური.
ამერიკის სამოას ექსპორტი — 346,3 მილიონი ამერიკული დოლარი. (საექსპორტო კვოტა — 69,3 %), 96 % — კონსერვირებული თინუსი, იმპორტი — 505,9 მილიონი ამერიკული დოლარი, 44 % (2000 წელი) — ნედლი თევზპროდუქტები (თინუსი), ნავთობი და ნავთობპროდუქტები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სატრანსპორტო საშუალებები. შეიმჩნევა სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო. საგარეო ვაჭრობა ორიენტირებულია აშშ-ზე (საქონელბრუნვის 80 %, იმპორტის 56 % და თითქმის მთელი ექსპორტი), სხვა მთავარი სავაჭრო პარტნიორებია (იმპორტის მოცულობით) — ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფიჯი, სამოა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ჩინეთი.
მოსახლეობის ცხოვრების დონე
რედაქტირებამშპ-ს საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე — 8000 ამერიკული დოლარია (მუპ, 2000 წელი). ოჯახთა 56 %-ს აქვს შემოსავალი აშშ-ს ოფიციალურ საცხოვრებელ მინიმუმზე ნაკლები.
განათლება
რედაქტირებამოსახლეობის უფროსი ასაკის 97 %-ს მიღებული აქვს განათლება. სავალდებულოა 12-წლიანი განათლება. 59 მოსამზადებელი, 32 საწყისი და 9 საშუალო სკოლა (1996 წელი). ერთი კოლეჯი — American Samoa Community College.
აღზრდა ადრეულ ასაკში
რედაქტირებაზრდის პროცესში სამოელი ბავშვები „ნაწილდებიან“ ჯგუფებში, რომლებშიც გაერთიანებული არიან სხვებთან სისხლით ნათესაობის, საცხოვრებელი ადგილის, სოციალური მდგომარეობის, სქესისა და რწმენის მიხედვით. ბავშვი სწავლობს, თუ რას უნდა მოელოდეს ამა თუ იმ ჯგუფისგნ და როგორ შეინარჩუნონ ეს ურთიერთობა. ამ ცოდნიდან მოდის სამოური საზოგადოების სოციალური კომპეტენცია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პრინციპებისა და სტრუქტურების შეცნობას ძალიან დიდი დრო სჭირდება, სამოელი ბავშვები ამას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. სამოას ხალხი ამას იმით ახერხებს, რომ მაი ბავშვები ყოველთვის იმყოფებიან იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც განსხვავებული სოციალური სტატუსი აქვთ. ამ ხალხთან დიალოგის შედეგად ბავშვები იცნობენ სხვადასხვა ტიპის ხალხს.
სამოას ხალხისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ სტატუსს. ისინი ბავშვობიდანვე იწყებენ ამ სტატუსების აღქმას: როდესაც სამოა შედის ვინმესთან კონტაქტში, ის მაშინვე იწყებს საკუთარი სტატუსის სხვებთან შედარებას. მსგავსი ტიპის აღზრდის შედეგად, სამოელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან ვის ვისთვის რისი თქმა შეუძლია, მაგრამ აღზრდის ეს სტილი არ ითვალისწინებს ბავშვების სოციალურ ჩარჩოში მოქცევას, პირიქით, უზრუნველყოფს სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორის კავშირს.
ამასთან ერთად, სამოელი ბვშვები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან იმას, რომ უნდა დაემორჩილონ უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ხალხს. ისინი პატარაობიდანვ ხვდებიან ისეთი ხალხის გარემოცვაში, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ და პატივს სცემენ სოციალურად მათზე ზემოთ მდგომთ. სამოას კულტურაში ძალიან დიდ როლს თამაშობს სხვებს მიმართ პატივისცემა.
სამოელ ბავშვებს ზრდიან ისეც, რომ მათ ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. პატარაობიდანვე მათ იციან, რომ ოჯახი მათგან უმცროსი და - ძმაზე ზრუნვას მოითხოვს. 3-4 წლისთვის ისინი უკვე მზად არიან მოუარონ თავიანთ და-ძმას.[3]
სამოური ენა
რედაქტირებარადგანაც სამოას ხალხისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ სტატუსსა და სწორ სალაპარაკო ტონს, ისინი ბავშვობიდანვე საუბრის სტრუქტურას სოციალურ ჩარჩოებში აღიქვამენ. სამოასთვის მიღებულია ენის, როგორც სოციალური ინსტრუმენტის, გამოყენება.
ჩვეულებრივი ნომინატივ-აკუზატივის სტრუქტურის მქონე ენებისგან განსხვავებით, სამოას ენაში გარდამავალი და გარდაუვალი ნომინატივის სტრუქტურაში წინადადების სხვადასხვა კატეგორიას მიეკუთვნება.
როგორც ერგატიული ენების უმრავლესობაში, ერგატივ - აბსოლუტივის განსხვავებები სამოაში სხვადასხვა წინსართებითაა გამოხატული. გარდამავალ ობიექტს წინ დაერთვის „ე“ თავსართი და გარდაქმნის მას. გარდაუვალი სუბიექტები ამ წესს არ ექვემდებარება.
თავსართები სოციოლინგვისტური ფაქტორებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამგვარ ვარიაციებს საფუძველი ჩაუყარა ამ ენაზე მოსაუბრეთა განსხვავებულმა სოციალურმა სტატუსებმა. იმ შემთხვევაში, თუ სამოელი ესაუბრება ადამიანს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ აკავშირებს, იგი უფრო ხშირად მიმართავს ერგატიული „მარკერი“. ერგატიული მარკერი გამოიყენება: სალიტერატურო მასალის მითითებისას და რადიო გადაცემებში. ახლო ურთიერთობაში ეს თავსართი, ძირითადად, არ გამოიყენება.
კიდვ ერთი თავისებურება სამოას ენის ისაა, რომ გენეტივის ფრაზა ყოველთვის მოყვება არსებით სახელს, რომელსაც ცვლის. გენეტივის დროს გამოყენებადი ნაწილაკებია: „ა“ და „ო“.
ნაწილაკი „ა“ აღნიშნავს პირდაპირ კუთვნილებას და პატრონის პირდაპირ გავლენას ამ არსებით სახელზე, ხოლო ნაწილაკი „ო“ აღნიშნავს არაპირდაპირ გავლენას არსებით სახელზე. „ე“-სთან შედარებით, რაც უფრო არაფორმალურია საუბარი, მით უფრო ხშირად იყენებენ ნაწილაკებს „ო“-სა და „ა“-ს.
სამოას ფონოლოგიის ნაწილი არაა დამოკიდებული სოციალური სიტუაციაზე. ფონოლოგიური რეპერტუარის დიდი ნაწილი გამოიყენება ყველას მიერ, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა.[3]
კულტურა
რედაქტირებასამოელების ტრადიციულ კულტურასთან შესაბამისობაში სოციალური წყობა რეგულირდება სისტემით ფა’ამატაი, რომელშიც სოციალური სტრუქტურის საფუძველია კლანი აიგა — რამდენიმე თაობისგან შემდგარი ოჯახი, ორმატაის ან მატაის (ბელადი) ხელმძღვანელობით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან თაობების შთამომავლობის, მითოლოგიური კონცეპტუალიზაციის, ჩვეულებრივი სამართლის აქტუალობის და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. ტურიზმის ინდუსტრიაში გამოიყენება სამოელების რიგი რიტუალური ვოკალურ-საცეკვაო პრაქტიკა.
გაზეთები: ყოველდღიური სამთავრობო «News bulletin» (ინგლისურ ენაზე, 1800 ეგზ.), «Samoa news» (ინგლისურ და სამოას ენაზე, 4500 ეგზ., 5-ჯერ კვირაში), «Samoa Journal and Advertiser» (ინგლისურ და სამოას ენაზე, 3000 ეგზ., ყოველდღიური). ორი რადიოსადგური და ერთი ტელეკომპანია (18 საათიანი ყოველდღიური მაუწყებლობა ინგლისურ და სამოას ენაზე, ორი არხით).
სამოას სოფელი
რედაქტირებასამოას ყველა სოფელს განაგებს გაერთიანება (ფონო) იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ მატაის წოდება. ყოველ სოფელს აქვს რამდენიმე მატაის წოდება და ყოველ მათგანს აქვს თავისი ინდივიდუალური ისტორია, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ოჯახის შთამომავალთა ჯგუფსა (‘ააიგა პოტოპოტო) და ამ ოჯახის მიწებს. როდესაც ტიტულის მფლობელი კვდება, ოჯახი ირჩევს სხვა წევრს და გადასცემს ამ წოდებას. იშვიათად წოდებას ყოფენ და მისი მფლობელი ორი ადამიანი ხდება. ტიტულის მფლობელი შეიძლება გახდეს ადამიანი ოჯახის მამაკაცების, ისევე როგორც ქალების შთამომავალთა ხაზის (ტამატანე/ ტამეფაფინე) წარმომადგენელი .[3]
ტატაუ
რედაქტირებატრადიციული სამოული ტატუირების ტექნიკა, ტა ტატაუ, სამოური კულტურის განუყოფელი ნაწილია. მას ხშირად შეხვდებით ახალი ზელანდიის სამოას რეზიდენციაში. ტა ტატაუ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ორი მნიშვნელოვანი ინფექციური შემთხვევის მიზეზი. ერთ-ერთმა ადამიანის სიცოცხლეც კი იმსხვერპლა. ეს ორი შემთხვევა სამედიცინო კუთხით გაარჩიეს. მეცნიერებმა ტა ტატაუს პრაქტიკის ისტორიაში დაიწყეს ძებნა ინფექციის გამომწვევი მთავარი ფაქტორების. შემთხვევები, ძირითადად, სანიტარული ნორმების უგულებელყოფამ და დაუდევრობამ გამოიწვია. ტატუირება შეასრულეს გამოუცდელმა პირებმა, რომელთაც არ სურდათ თანამედროვე სამედიცინო პრეპარატების გამოყენება, რათა არ დაერღვიათ ტატუირების. აქამდე სასიკვდილო ინფექციები არ იყო დამახასიათებელი სამოული ტატუირებისთვის.
სამოაში ტატუირების ნიმუშები გვხვდება მეთხუთმეტე საუკუნიდან. ტატუირება, როგორც ხელოვნება, რომელიც მთელ პოლინეზიაშია გავრცელებული, სწორედ სამოაში ჩამოყალიბდა, გავრცელდა და დღემდე შემორჩა, მიუხედავად იმისა რომ მისიონერული ცენზურა ედო. ტატაუ არის ტატუირებადი მოტივებია, რომლებიც სხეულზე აისახება. ტატუს მხატვრები არიან გამოცდილები და მათ ტუფუგატა ტა ტატაუს სახელით იცნობენ. ტატუირების პროცესს ტა ტატაუ ჰქვია. სამოელ მამაკაცებს, თითქმის, მთელი სხეული ტატუებით აქვთ დაფარული: მუხლებიდან კისრამდე არიან მოხატულები. ხალხის ამ მასას „პეა“-ს უწოდებენ. ტატუირება აუცილებელი რიტუალია არალგაზრდა სამოელისთვის. ტატუირება ერთგვარი ზრდასრულ ასაკში შესვლის მომენტია. ტატუირებული ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ. ახლგაზრდას, რომელსიც სხეულს მოიხატავს იწვევენ აუმაგაში (ახალგაზრდა კაცების სოციუმში). აუმაგაში მატაის ემსახურებიან.
ქალები რომლებიც ტატუს იკეთებენ არიან მალუები. მიუხედავად იმისა, რომ ტატუირება ყველასთვის ნებადართულია, ქალებისთვის ტატუ ბარძაყზეა დასაშვები, ისინი წელის ქვედა მხარესა და მარჯვენა ხელსაც იხატავენ. ხელსაწყოები, რომელსაც ტუფუგა ტა ტატაუ-ები იყენებენ, დამზადებულია ოსტატურად. კარგი ტატუს გასაკეთებლად საჭიროა ხელსაწყოების საკმაოდ დიდი კომპლექტი. ყველაზე ჩვეულებრივი კომპლექტი შედგება: ტატუს სავარცხლების, ხის ჯოხის, ნემსისა და საღებავი პიგმენტების პალიტრისგან. ფორმა და ფუნქცია ამ იარაღების, დროთა განმავლობაში, თითქმის არ შეცვლია, მაგრამ ჰიგიენამ და ზრუნვამ ზოგი მასალა შეცვალა. სავარცხელი, როგორც წესი, გარეული ტახის ეშვის პატარა ნატეხისგან მზადდება. ეს ნატეხი ძალიან ბასრია. როგორც წესი ამ სავარცხელს კუს ბაკანსა და ქოქოსის ბუსუსებს უმაგრებდნენ. დღეს ეს კომპონენტები რადიკალურად შეიცვალა. დღესდღეობით კუს ბაკანი და ქოქოსის ბუსუსები პლასტმასის ნაწილებმა ჩაანაცვლა, რაც ყოველი გამოყენების წინ სტერილიზაციის საშუალებას იძლევა. ამ ინსტრუმენტებს ტატუს გაკეთების შემდეგ უხეშ ნაჭერში ახვევენ. ამ ნაჭერს კი პანდანუსუს ხის გულში ინახავენ. დღეს პლასტმასის კონტეინერები ხელმისაწვდომია და ამიტომ ზოგმა ოსტატმა პანდანუსუს ხის ძებნას თავი დაანება. პიგმენტს ურევენ კუკუის ხის ნაყოფს, წყალსა და ნავთს.
ტრადიციულ ტატუირების პროცესი გაჟღენთილია წეს-ჩვეულებებით. ახალგაზრდები ამ რიტუალისთვის ემზადებიან. პროცესი ახალგაზრდის ხალიჩაზე დაწოლით იწყება. ეს ტუფუგა ტა ტატაუს ასისტენტი კანის იმ არეს უწელავს ახალგარდას სადაც ტატუირება უნდა დაიწყოს ოსტატმა. შემდეგ ოსტატი სავარცხელზე პიგმენტს გადაიტანს. ბასრ ნემსს პიგმენტი გადააქვს კანზე. ერთ ადგილზე ბევრჯერ გადააქვთ პიგმენტი რომ კანის ფენებში კარგად ჩაჯდეს და არ წაიშალოს. ეს პროცესი სისხლდენას იწვევს და პიგმენტი კანში მარტივად ხვდება. ამ დროს ასისტენტი სისხლს წმენდს, რათა ოსტატმა კონცენტრაცია არ დაკარგოს და მარტივ პირობებში იმუშავოს. პროცესი იქამდე გრძელდება სანამ ახალგაზრდა ტკივილს უძლებს. ერთი სესია მიყოლებით რამდენიმე დღე გრძელდება და ხშირად პეგმენტის ასათვისებლად ახალგაზრდებს დიდი დრო სჭირდებათ, შესაბამისად სესიებს შორის რამდენიმე დღიან შუალედს აკეთებენ ხოლმე. 1920-იანებში ანტისეფსის უქონლობის გამო წარმოიშვა სეფსის მცირე პრობლემები. შეხორცების პროცესის გასამარტვებლად ქოქოსისგან დამზადებულ ბლანტ სითხეს უსვამდნენ კანზე. როგორც წესი გადახდა პროცედურის შემდეგ ხდება. პროცედურა დამთავრებულად ითვლება როცა ქოქოსის რძეს ან კრვერცხის გულს გადააქცევენ ახალგაზრდას. ეს პროცესი ხელახლა დაბადებას აღნიშნავს.[4]
რელიგია
რედაქტირებაძველი რელიგია
რედაქტირებაამერიკის სამოას ტრადიციულ რელიგია, პოლინეზიური ტიპისაა, და მსგავსად სხვა განშტოებებისა პოლითეისტურია. ასევე ახასიათებს მრავალი კულტი და სხვადასხვა სახის აკრძალვები ანუ ტაბუები.
პოლინეზიური ტანგაროას ვერსია ამერიკულ სამოაზე - ტაგალოად მოიხსენიებენ. იგი იყო დიდი ღმერთი, აღქმული კუნძულების, მათზე მცხოვრები ხალხის და გარშემო ოკეანეებს შემქმნელი. რელიგიაში ასევე ფართოდ არის წარმოდგენილი სტანდარტული ანტიკური მითოლოგიის ელემენტებიც: ადგილობრივები თაყვანს სცემდნენ და რიტუალებს ატარებდნენ გარკვეულ ქვების, თევზების, ნახატებისა და მწერებისთვის.
ადგილობრივების აზრით ნებისმიერ უბედურებასა და მოვლენას წინ გარკვეული კერპის ან კონკრეტული ოჯახის ღმერთის სურვილი უძღვოდა; ოჯახის ღმერთი ნებისმიერი ცხოველი ან არსება შეილება ყოფილიყო, მათ ქცევასა და ყოფას დიდი ყურადღებას აქცევდნენ. სტანდარტული პოლინეზიური სტილის რიტუალები ერთადერთი კავშირის საშუალება იყო კერპებთან და ღმერთებთან რომლებიც მათ ყოველდღიურ არსებობას წარმართავდნენ თავისი სურვილის მიხედვით, რის შედეგადაც რიტუალებს ადგილობრივ ცხოვრებაში და ტრადიციაებში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ.
აღსანიშნავია აგრეთვე ადგილობრივ რელიგიაში ტაულიტუსის - ჯადოქრის როლი. ტაულიტუსი იყო წარმოდგენილი კერპებთან დაკავშირებულ ჯადოქრად და დღესდღეობითაც მოსახლეობის ნაწილს ჯერა, რომ მათ შეულიათ ბოროტი სულების განდევნა და ოჯახის ღმერთებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება.[5]
ტაპუ
რედაქტირებატაპუ პოლინეზიური ტერმინია და ერთდროულად ნიშნავს „წმინდასა“ და „აკრძალულს“. ტაპუ არის ტაბუ, რადგან ასეთ აკრძალვებს ეფუძნება სამოას ხალხის დამოკიდებულება ყველაფრისადმი, მაგალითად: ღმერთების მიმართ დამოკიდებულება, დამოკიდებულება კოსმოსის, გარემოს, სხვებისა და თავიანთი თავის მიმართ. სიტყვა „ტაპუსგან“ მოდის ძალიან ბევრი სიტყვა სამოურ ენაში. მაგალითად:
- ტაპუალა - წმინდა გზა ან ბილიკი
- ტაპუმალამა - წმინდა სინათლე
- ტაპუ’ელე’ელე - წმინდა მიწა
- ტაპუაფანუა - სიწმინდე, რომელიც უკავშირდება მიწას.
- ტაპუნუუ - სიწმინდე, რომელიც უკავშირდება სოფლის დამაარსებლებს.
- ტაპუალიი - წმინდა მმართველი
- ტაპუმანაია - სიწმინდე, რომელიც უკავშირდება მანაიას, რომელიც ტრადიციულ აუმოგას უდგას სათავეში (აუმოგა მამაკაცების ტრადიციული დაჯგუფებაა)
სიტყვა „ტაპუს“ ასეთი სიხშირე იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სიტყვა თავის თავში აერთიანებს ძალიან ბევრ განზომილებას -დაწყებული მიწითა და სინათლით, სოფლის დამაარსებლებით დამთავრებული.
სამოური ფრაზა ვა ტაპუია (რომელიც შეიცავს სიტყვა „ტაპუს“) პირდაპირი მნიშვნელობით აღნიშნავს წმინდა ურთიერთობას ადამიანებსა და გარემოს მიმართ (იქნება ეს ცოცხალი ბუნება თუ - არაცოცხალი). სამოსთვის არსებობს რაღაც დაფარული, სასიცოცხლო ძალა, რომელსაც ადამიანი ვერ აღიქვამს.
სამოურ რელიგიაში ყველანაირი მატერია, იქნება ეს: ადამიანი, წყალი, ცხოველი თუ მცენარე, ეხება ე.წ. ტაგალოაალელაგის. ტაგალოაალელაგი ეწოდებათ არსებებს, რომლებიც არიან ღვთიური წარმოშობის და ერთმანეთს გენეალოგიით უკავშირდებიან. მათ საერთო ბიოლოგიური საწყისი აქვთ. სამოას რელიგიაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანიანები ყველაზე მაღალგანვითარებულ არსებებად არიან მიჩნეული რაც კი ტაგალოას შეუქმნია, ადამიანთა მოდგმასაც ჰყავს უძველესი გენეალოგიური წინაპრები და ვალდებულია პატივი სცეს მათ. ამ გაგებას ეფუძნება სმოას მთელი რელიგია.
ტაპუ და რიტუალები
რედაქტირებატაპუ, როგორც წმინდა ესენცია სამოას რლიგიასა და კულტურაში, გამოიყენება ძალიან ბევრი რიტუალის სახელწოდებაში. ეს რიტუალები ეხება: გარემოს, ცხოველებს, ადამიანებსა და მათ ღმერთებს. სახელწოდება, ასევე, ხაზს უსვამს სარიტუალო პერფორმანსის ხასიათს.
ტაპუ მოიხსენიება ყოველწლიური მსხვერპლშეწირვის რიტუალში, რომლითაც კუნძულ უპოლუს, სოფელ აანას, მკვიდრი მოსახლეობა პატივს მიაგებს რვაფეხას. ამ რიტუალს „ლე ტაპუ ა აანა ი ლე ფეე“ ეწოდება (პირდაპირი თარგმანი - წმინდა მსხვერპლშეწირვა აანის ღმერთ ლე ფეესთვის). ასევე ატუა თავიანთ ღმერთს უწოდებს „ტუპუალეგასე“ (პირდაპირი თარგმანი - ტუპუა, რომელიც არ კვდება ან ტუპუა, მუდმივი გამოცანა). მისიონერების ცნობით, ტუპუალეგასეთი ასევე მოიხსენიებდნენ პლანეტა იუპიტერს. სამოს რელიგიაში პატივს სცემდნენ, როგორც ცხოველებს, ისე ციურ სხეულებს.
აანას მსხვერპლშეწირვა ლე ფეეს პატივსაცემად ცნობილი იყო, როგორც ტაპუ, ხოლო ატუას მსხერპლშეწირვა ტაპუალეგასესთვის „ამოდ“ იწოდებოდა, რაც არასასურველ ტვირთს ნიშნავს. სამოა ამას ისე ხსნის, როგორც წმინდა რიტუალის შემდეგ დაკისრებულ მძიმე ტვირთს.
ტაპუს მნიშვნელობა ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობაში
რედაქტირებაწმინდა ურთიერთობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის გრძელდება იმ ცხოველების იქით, რომლებიც სოფლისა თუ ოჯახის ღმერთის განსხეულებადაა მიღებული. ცხოველებთან ურთიერთობა მოიცავს იმ ცხოველებთან შეხებასაც, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები აქვთ.
სოლოსოლოს სოფლის მოსახლეობას ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ძაღლების მიმართ. ძაღლის მაღალ სულიერ ენერგიაზე მიუთითებს მათი პანაშვიდის რიტუალის სახელწოდება - „ლე მაილე“. რიტუალის სახელწოდებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამოლი ხალხის მსოფლმხედველებაში. სოლოსოლოში რიტულების დროს პერფორმერები ცდილობენ რაც შეიძლება კარგად დაემსგავსონ ძაღლებს თავიანთი საქციელით, სიარულის მანერითა და ხმებით. მათი რწმენით, ასეთი ქმედებით ისინი პატივს მიაგებენ ძაღლებს და მიანიშნებენ იმაზე, რომ ცხოველი თანასწორია ადამიანისა, რადგან ერთი ბუნებრივი საწყისი აქვთ.
ტაპუს როლი ადამიანებისა და მცენარეების ურთიერთობაში
რედაქტირებასამოას ხალხის ყველა სოფელში მიღებულია, რომ როდესაც ადამიანი რაიმე სახით აზიანებს მცენარეს ან კლავს მას, იგი ითხოვს პატიებას. პოლინეზიურ კულტურებს შორის ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია მცენარეებში, ისევე, როგორც ცხოველებში, ტაპუს არსებობა. მაგალითად, არსებობს რიტუალი, რომლის დროსაც ადამიაები პატიებას სთხოვენ ხეს ფოთლების მოწყვეტის გამო. მათ სწამთ, რომ ხეებსაც ახასიათებთ ტკივილის შეგრძნება და ტანჯვა.
ტაპუს მნიშვნელობა ადამიანებისა და არაცოცხალ ბუნებას შორის
რედაქტირებასამოელებს სწამთ, რომ ადამიანი გენეოლოგიურად დაკავშირებულია სხვადასხვა ელემენტებთან. დასავლეთი კულტურებისგან განსხვავებით, სამოა თავის რიტუალებში ცხოველებთან ერთად უსულო საგნებსაც ასახელებს. უსულო საგნებსაც აქვთ ტაპუ და დაკავშირებულები არიან სასიცოცხლო ენერგიით.
ტაპუს მნიშვნელობა ადამიანებისა და კოსმოსის ურთიერთობაში
როდესაც სამოელებს აინტერესებთ, თუ როგორ იცვლება ბუნება სეზონების მიხედვით ისინი აკვირდებიან ციურ მნათობებსა და ცხოველებს. ციურ სხეულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოას კულტურაში, განსაკუთრებით მზეს. ძალიან ბევრი სამოა მიიჩნევს, რომ მზე მათი უძველესი წინაპარია.
თანამედროვე რელიგია
რედაქტირებამისიონერული მისიების ტალღა 1830 წლიდან ლონდონის მისიონერული ორგანიზაციამ დაიწყო და XIX საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. 1846 წელს კუნძულებზე ჩავიდა რომაული კათოლიკური ეკლესიის პირველი მისიონერული ჯგუფი, ხოლო ბოლო მისიონერული ნაკადი 1888 წელს ჩავიდა ამერიკული სამოას კუნძულებზე.
დღეს მოსახლეობის 98% ზე მეტი ქრისტიანობის რომელიმე განშტოების წარმომადგენელია, და რელიგიას ყველაზე დიდი ადგილი უკავია თანამედროვე მოსახლეობის ყოველდღიურ არსებობაში ისევე როგორც ძველ დროში. თითქმის ყველა სოფელშია აშენებული მინიმუმ ერთი ეკლესია და ტრადიციულ ევროპულ რიტუალებთან ერთად, ადგილობრივ გალობას და წესებსაც შეხვდებით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ამერიკის სამოას მოსახლეობის აღწერა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-15. ციტირების თარიღი: 2014-05-18.
- ↑ 2.0 2.1 Leach, H. M. (n.d.). Sir Peter Buck and the Samoans. NEW ZEALAND JOURNAL OF ARCHAEOLOGY
- ↑ 3.0 3.1 3.2 Ochs, E. (1988). Culture and language development: Language acquisition and language socialization in a Samoan village. Cambridge: Cambridge University Press.
- ↑ Porter, C. J., Simcock, E. W., & MacKinnon, C. A. (n.d.). Necrotising fasciitis and cellulitis after traditional Samoan tattooing: Case reports.
- ↑ Craig, R. D. (1989). Dictionary of Polynesian mythology. New York: Greenwood Press