ჩაი (მცენარე)

(გადამისამართდა გვერდიდან Camellia sinensis)

ჩაი, ჩაის ბუჩქი, ჩინური ჩაი ან ჩინური კამელია (ლათ. Caméllia sinénsis) — მარადმწვანე მრავალწლოვანი მცენარე ჩაისებრთა ოჯახისა.

ჩაი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  მანანასნაირნი
ოჯახი:  ჩაისებრნი
გვარი:  კამელია
სახეობა:  ჩაი
ლათინური სახელი
Camellia sinensis (L.) Kuntze, 1887
სინონიმები
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 62037625

ჩაი ძლიერ დატოტვილი ბუჩქია. აქვს ოვალური ან მოგრძო-ოვალური ფოთოლი, რომლის სიგრძე 60-70 მმ-ს, ხოლო სიგანე 35-40 მმ-ს აღწევს. ფოთლის ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა — ღია მწვანე. ყვითელი თეთრი ან ვარდისფერია, სურნელოვანი. ნაყოფი 1-5 თესლიანი კოლოფია, მომწიფებისას იხსნება. მდიდარია ზეთით, ფერად მუქი ყავისფერია. 1000 ცალი დაახლოებით 1 კგ-ს იწონის.

პირობები

რედაქტირება

ჩაი სითბოს და ტენის მოყვარული მცენარეა. იტანს 12-14°C-მდე ხანმოკლე ყინვებს. ტროპიკულ ქვეყნებში ჩაის ვეგეტაცია მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. სუბტროპიკებში ვეგეტაცია მაშინ იწყება, როცა საშუალო სადღეღამისო ტემპერატურა 10°C-ზე (მარტი, აპრილი) მაღალია. ყლორტების ინტენსიური წარმოქმნა კი 17°C-ზე მეტი ტემპერატურის დროს ხდება. ჩაისთვის საუკეთესო ნიადაგია წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი წითელ- და ყვითელმიწები.

გამრავლება

რედაქტირება

ჩაი მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. პლანტაციას აშენებენ 1-2 წლიანი ნერგით, რომელიც გამოჰყავთ სანერგეში. ყვავილობა იწყება მე-4 მე-5 წელს. ნაყოფი წარმოიქმნება ყოველწლიურად. ახასიათებს ჯვარედინი დამტვერვა, რაშიც მონაწილეობენ მწერები (ფუტკარი, ბუზი და სხვ.). მცენარის სრული ფორმირება მე-7 მე-8 წელს მთავრდება. ჩაი ყოველწლიურად ფოთლის იღლიაში საზრდელი კვირტიდან ივითარებს ერთწლოვან პროდუქტიულ ყლორტებს, რომელთა კენწეროები (2-3 ფოთოლი კვირტიანად) — დუყები შეადგენენ მის პროდუქციას. პროდუქტიული ყლორტების ზრდის ხანგრძლივობა 35-65 დღე გრძელდება. მცენარე ცოცხლობს 100 და მეტ წელს. უფრო პროდუქტიულია 10-დან 70-მდე წლისა.

გავრცელება

რედაქტირება

ჩაის კულტურა ცნობილია IV საუკუნიდან. მისი სამშობლოა ჩინეთი, საიდანაც 27 ქვეყანაში გავრცელდა. IX საუკუნეში ჩაი გააშენეს იაპონიასა და კორეაში. ამჟამად მსოფიოში ჩაის მთავარი მწარმოებელი ქვეყნებია ინდოეთი, ჩინეთი, ინდონეზია, შრი-ლანკა, იაპონია. რუსეთში ჩაის პირველი ბუჩქი დარგეს 1814 წელს ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ ყირიმის ნიადაგურ-კლიმატური პირობები არახელსაყრელი აღმოჩნდა ჩაის გასაშენებლად. 1847 წელს საქართველოში შემოიტანეს ჩაის კალმები, რომლებმაც კარგად იხარა ქალაქ ოზურგეთის საცდელ სადგურში. 1864 წელს მიხეილ ერისთავმა სრულიად რუსეთის გამოფენაზე გაიტანა ქართული ჩაი, რომელიც დამზადებული იყო ოზურგეთის მაზრის სოფელ გორაბერეჟოულის მიწის მცირე ნაკვეთზე მოყვანილი ჩაისგან. 1885 წელს ჩაქვში (აჭარა) ა. სოლოვცევმა გააშენა ჩაის პირველი სამრეწველო პლანტაცია. შემდეგ ჩაის პლანტაციები გაშენდა კრასნოდარის მხარეში (1901), აზერბაიჯანში (ლენქორანში, 1912) და სხვ.

ყოფილი სსრკ და საქართველო

რედაქტირება

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სსრკ-ში ჩაის კულტურა სწრაფად განვითარდა. 1976 წელს ჩაის პლანტაციების ფართობი იყო 76,8 ათასი ჰექტარი, ჩაის ფოთლის საერთო მოსავლიანობა 375 ათასი ტონა, ხოლო საშუალო მოსავლიანობა დაახლოებით 50 /ჰა. მეჩაიეობის ისტორიაში პირველად სსრკ-ში მიიღეს სელექციური ჩაის ჯიში-პოპულაციები — ქართული 1, ქართული 2, ჯიში-კლონი კოლხეთი (ქ. ბახტაძე) და სხვ. ჩაის აღნიშნული ჯიშები 25-60 %-ით აღემატება არასელექციურ ჯიშებს. 1976 წელს სსრკ-ში დარაიონებული იყო ჩაის 9 ჯიში.

სსრკ-ში ჩაის ფართობი ყოველწლიურად იზრდებოდა. 1984 წელს 80,7 ათას ჰექტარს შეადგენდა, ხოლო ნედლეულის მოსავალი — 616,9 ათას ტონაზე მეტს. სკკპ და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის სექტემბრის დადგენილებაში „სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების წარმოების გადიდებისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის შემდგომი დაჩქარებული განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ჩაის ხარისხოვანი ფოთლის მოსავალი 1985-1990 წლებში 700 ათას ტონას მიაღწევდა.

კულტივაცია

რედაქტირება

ჩაის პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგს ხნავენ (აპლანტაჟებენ) 45 სმ სიღრმეზე. ჩაის თესვამდე 1-2 წელს ატარებენ ნიადაგის ე. წ. გაკულტურების ღონისძიებებს. დათესვის შემდეგ ნიადაგისა და ბუჩქის შემდგომი მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, სარეველების მოსპობას, ვარჯის ფორმირებას და სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშნელოვანის ჩაის ბუჩქის გასხვლა. ამით მთავრდება ბუჩქის ფორმირება და იწყება ჩაის ფოთლის კრეფა პლანტაციაში. ნიადაგის განოყიერების მიზნით შეაქვთ აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი და სხვა სასუქები. ეფექტურია სიდერაცია. ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული იყო პლანტაციების გაშენები შპალერული წესი. სრულმოსავლიანია 8-10 წლის პლანტაცია. საქართველოში ჰექტარზე ჩაის ხარისხოვანი ფოთლის საშუალო მოსავალი 8,5 ტ, აზერბაიჯანში 4,5 ტ, კრასნოდარის მხარეში 5 ტ, შპალერული გასხვლის დროს ნასხლავი მასალა ჰექტარზე 5-6 ტ, მძიმე გასხვლისას 50-60 ტ აღწევს.

დაავადებები და მავნებლები

რედაქტირება

ჩაის კულტურას შედარებით დიდ ზიანს აყენებს შემდეგი დაავადებები: ბაქტერიული კიბო, ყავისფერი და რუხი ლაქიანობა, ცერკოსეპტორიოზი; მავნებლებიდან გამოირჩევიან: წაგრძელებული ბალიშა ცრუფაროსანა, ფაროსანები (აზიური ფაროსანა), ჩაის ბუგრი, ჩაის ჩრჩილი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Camellia sinensis (L.) Kuntze is an accepted name. The Plant List (2010). Version 1. Published on the Internet; http://www.theplantlist.org/. Royal Botanic Gardens, Kew and Missouri Botanical Garden (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-28. ციტირების თარიღი: 2013-09-24.